"ჩვენი პოლიტიკა ოსტაპ ბენდერის ჭადრაკია და არა ბჟეზინსკის" - კვირის პალიტრა

"ჩვენი პოლიტიკა ოსტაპ ბენდერის ჭადრაკია და არა ბჟეზინსკის"

მიუხედავად იმისა, რომ 12 პუნქტის პირველი პირობა დეპოლარიზაცია და საზოგადოების უდიდესი­ ნაწილის მოთხოვნა, ევროინტეგრაციაა, პოლიტიკურ ძალებს შორის პოლარიზაცია პარლამენტში უკვე ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. რა ზომამდე მივა დაპირისპირება, თუ ასე გაგრძელდა, ამ საკითხებზე­ პოლიტიკის ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე გვესაუბრა:

- "ფეისბუკს" თუ გადაავლებთ თვალს, სიცოცხლე აღარ მოგინდებათ - გინებით,­ შეურაცხყოფით გავსებულია სივრცე. საზოგადოდ, ადამიანები აგრესიულები არიან, მაგრამ ჩვენთან კიდევ ის სპეციფიკაა, რომ არ არის საზოგადოების მოთხოვნა­ სხვაგვარ ქმედებაზე. გვახსოვს სულ ახლო წარსული, როდესაც პოლიტიკოსები ერთმანეთს­ პარლამენტში ეძველბიჭებოდნენ და ეს ჩანდა ეკრანზე. ეკრანზე რომ ჩანდა, ისინიც­ უფრო ენერგიულად ძველბიჭობდნენ... თუკი მკაფიოდ გამოიკვეთება­, რომ საზოგადოებას არ მოსწონს ეს, მაშინ აგრესიულობაც აღარ იქნება პოლიტიკაში. მაგალითად, ამერიკაში პრეზიდენტობის კანდიდატებმა ერთმანეთის შეურა­ცხყოფა რომ დაიწყეს, ორივეს რეიტინგი­ დაეცა, რადგან­ ამერიკელი ამომრჩეველი მიჩვეულია ანალიზს... ოპოზიცია რომ ხარ, ეცადე, პრემიერი რაღაცებში გამოიჭირო, თორემ თუ შეაგინებ, ისიც შეგაგინებს, რადგან­ გინებაზე გინება ბუნებრივი რეაქციაა.

- ინტერპელაციის წესით პრემიერის მოსმენასაც მოჰყვა ინციდენტი...

- რა თქმა უნდა, პრემიერს პასუხი უნდა გაეცა დასმულ კითხვებზე და, თუკი ვერ გასცემდა, მეორე მხარეს ზუსტად ამაზე უნდა ებურთავებინა, მაგრამ არა გინებითა­ და იმის ძახილით, რუსეთისკენ მიდიხარო­. კამათის ყველაზე სუსტი საშუალება აგრესიაა. გაიხსენეთ გამოთქმა, "ზევსო, შენ ბრაზობ, ესე იგი ტყუი". ყველა აგრესიულია და გამოდის, ყველა მტყუანია. მაშინ სადაა სიმართლე? თუ მართალი ხარ, კონსტრუქციულად აჩვენე სიმართლე და ამით პოლიტიკური კულტურის დონეც აიწევს...

ოპოზიცია დესტაბილიზაცი­ისკენ მიდიოდა და, რა თქმა უნდა, გასამტყუნარი იყო. რა დროს დესტაბილიზაციაა!­ ამ დროს ხელისუფლებამ დადო კანონი, რომელმაც ამ დესტაბილიზაციის სურვილს ნავთი დაასხა. ამიტომ არც ერთია პოლიტიკაში გასაჩერებელი და არც მეორე, მაგრამ ჩასანაცვლებელიც რომ არავინ არის? ასეთი კლიმატი რომ არის პოლიტიკაში, ამიტომ არავინ არის ჩასანაცვლებელი, არავის სურს შეურაცხყოფდნენ. ყველასთვის ცნობილმა და აღიარებულმა ბჟეზინსკიმ თავის ნაშრომს "დიდი საჭადრაკო დაფა" დაარქვა, რადგან მიაჩნია, რომ პოლიტიკა ჭადრაკია. ოსტაპ ბენდერმა კი, თუ გახსოვთ, "12 სკამში" ჭადრაკის ჯგუფური თამაში რომ გამართა და ბოლოში წააგო, მოგებულს თავზე დაამხო დაფა თავის­ ფიგურებიანად. ჩვენი პოლიტიკა რომელთან­ არის ახლოს? ოსტაპ ბენდერის ჭადრაკთან თუ ბჟეზინსკის? ჩვენი დღევანდელი პოლიტიკა ოსტაპ ბენდერის ჭადრაკია და არა ბჟეზინსკის. ამიტომ არავის უნდა ამ პოლიტიკაში მოსვლა და, თუ მოვა, იცის, რომ უნდა იბრძოლოს სწორედ ამ მეთოდებით. მაგალითად, თავისი დარგის ძალიან კარგი­ სპეციალისტი­ და საზრიანი ადამიანია ირაკლი კობახიძე, მაგრამ მან მოისხა მანტია და პარტიის წინა ფლანგზე იბრძვის, თანაც იბრძვის აგრესიით. რომ გადაერთოს და სხვა სტილი შემოიტანოს პოლიტიკაში, ყველაფერს დაკარგავს. წესით, ასეთი აგრესიული­ არ უნდა იყოს, მაგრამ აგრესიულმა პოლიტიკურმა კლიმატმა განაპირობა­ მისი ქცევაც. თუ აგრესიული არ იქნება, სუსტი გამოჩნდება, რაც პოლიტიკაში არავის უყვარს. ჩვენდა საუბედუროდ, ქართულ პოლიტიკაში სიძლიერეს აგრესიულობა განაპირობებს. თუ ნახეთ, აგენტების კანონის გაწვევის გამო სოცქსელებში ჰქონდათ ასეთი რეაქცია, აი, "ქართულმა ოცნებამ" თავისი გადაფურთხებული ალოკაო... საბედნიეროდ, ბოლოს ხელისუფლება გონივრულად მოიქცა, უკან დაიხია და რატომ გვაქვს ასეთი რეაქცია, ხომ უფრო აქეზებ აგრესიისკენ, მეორედ ხომ აღარ დაიხევს უკან? ასეთი დამოკიდებულებით ვიღებთ ისეთ პოლიტიკურ სპექტრს, რომლის ყურებაც ჩვენვე არ გვსიამოვნებს. საზოგადოებამ თავისი დამოკიდებულებით უნდა აიძულოს პოლიტიკოსები, რომ ბჟეზინსკის სტილის მოჭადრაკეები იყვნენ და არა ოსტაპ ბენდერის. მათ უნდა მოვთხოვოთ, რომ გველაპარაკონ ნააზრევით და არა ემოციებით.

- დღევანდელი გადასახედიდან 2024 წლის არჩევნებისთვის რა შეიძლება მოხდეს?

- არჩევნებისთვის არ იქნება­ კარგი სიტუაცია, თუკი ისეთივე დარჩა, როგორიც დღეს არის - რეალურად ერთპარტიული იქნება და ეს ქვეყნისთვის კატასტროფაა. ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც დარბის და პროტესტს აცხადებს, ხმებს ვერ აიღებს, არათუ ბარიერს გადალახავს. ამ სტილს "ნაციონალების" ერთ-ერთმა ლიდერმა - დეკანოიძეს ვგულისხმობ - ზურგი შეაქცია და მართალიც იყო, რადგან ამ სტილით პოლიტიკაში ყოფნას აზრი არა აქვს. ქუჩის პოლიტიკა პარლამენტში უკვე სასაცილოა. სხვა სტილის, სოლიდური პოლიტიკაა საჭირო და სავარაუდოა, რომ საზოგადოებაც არჩევანს ამის მიხედვით გააკეთებს. იმედია, გამოჩნდებიან ახალი პარტიები. არც იმას გამოვრიცხავ, არსებულ ოპოზიციურ პარტიებშიც მოხდეს გადაფასება.

რუსა მაჩაიძე