„ჩემი პარტიიდან წასვლის მიზეზი „ნაცმოძრაობაში“ ვანო მერაბიშვილის გააქტიურებაა“
"ნაცმოძრაობასთან" თანამშრომლობის დასრულება კიდევ ერთმა პარლამენტარმა გადაწყვიტა - ამჯერად გუნდიდან წავიდა ხატია დეკანოიძე. ლევან ხაბეიშვილმა დეკანოიძის ეს გადაწყვეტილება უპასუხისმგებლობად შეაფასა და ივანიშვილის წისქვილზე წყლის დასხმაში დაადანაშაულა. "ახლა დაქსაქსვის, გათითოკაცების დრო არ არის და ყველა, ვინც ამბობს, რომ თითქოს რყევაა ოპოზიციურ ველზე, ან თუნდაც აჩვენებს რაიმე პრობლემებს, არ არის კარგი. ეს მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის წისქვილზე ასხამს წყალს". პარტიის დატოვების მიზეზებზე ხატია დეკანოიძე გვესაუბრა:
- ალბათ, რაღაც ეტაპზე უნდა დასრულებულიყო ჩემი და "ნაციონალური მოძრაობის" ურთიერთობა და ეს მომენტი ახლა დადგა. ეს იყო მტკივნეული, მაგრამ სწორი გადაწყვეტილება. მიუხედავად ამისა, არც ერთ ჩემს წუთს არ გავატარებ ისე პარლამენტში და მის გარეთ, რომ არ დავიცვა პოლიტპატიმრები, არ ვიბრძოლო მიხეილ სააკაშვილის ტრანსფერისთვის, მისი გადარჩენისთვის, ნიკა გვარამიას თავისუფლებისთვის. ასევე ჩემთვის უმნიშვნელოვანესია საქართველოს ევროინტეგრაციისთვის ბრძოლა.
- გავრცელდა არაერთი მიზეზი, რაც შეიძლება თქვენი წასვლის მიზეზი ყოფილიყო.
- პარტიიდან ჩემი წასვლის ნამდვილი და მთავარი მიზეზი პარტიის მენეჯმენტთან შეუთანხმებლობა იყო. შეუთანხმებლობის ერთ-ერთი მიზეზი კი "ნაციონალურ მოძრაობაში" ძველი პარადიგმის დაბრუნებაა. მე გუნდში არაერთხელ დავაფიქსირე ჩემი პოზიცია, რომ ახალ რეალობაში, როცა სულ სხვა მოცემულობაა და მრავალი წელია გასული, ძველი პარადიგმით პარტიის მმართველობა არ იმუშავებდა. თუმცა ჩემი პოზიცია გუნდმა არ გაითვალისწინა.
- ძველი პარადიგმის დაბრუნებაში ვანო მერაბიშვილს გულისხმობთ?
- დიახ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რამაც ჩემი უკმაყოფილება გამოიწვია, ეს იყო ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და ყოფილი შს მინისტრის, ვანო მერაბიშვილის, გააქტიურება. აშკარაა, რომ მერაბიშვილი აქტიურად ერევა პარტიის საქმიანობაში. ეს ჩემთვის მიუღებელი იყო.
- ლევან ხაბეიშვილმა თქვენ უპასუხისმგებლობაში დაგადანაშაულათ.
- როგორც ჩანს, ხაბეიშვილისთვის ასე უფრო მარტივი იყო, პარტიიდან წასვლის მიზეზებზე საუბრის ნაცვლად უპასუხისმგებლობაში დაედო ბრალი. მე გულახდილად ვისაუბრე ჩემი თვალით დანახულ პრობლემებზე პარტიის ხელმძღვანელობასთან, მაგრამ მათი პასუხები არ მომისმენია. ვფიქრობ, პარტიის ყველა ლიდერის თვისება უნდა იყოს ინტეგრაცია, ადამიანების შემოკრება, მსჯელობა, მიზეზების გარჩევა. ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთ მოცემულობაში "ნაციონალური მოძრაობა" სუსტდება, ლიდერი კი ამის მიზეზებზე არ ფიქრობს.
ხათუნა ბახტურიძე