„გაჩნდა შანსი იმისა, რომ ქართველი ხალხი ევროპული იდეის გარშემო გაერთიანდეს“
პარტია "ლელოში" ცვლილებებია - ამიერიდან პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ბადრი ჯაფარიძე იქნება, პარტიის გენერალური მდივნის თანამდებობას კი ირაკლი კუპრაძე დაიკავებს. ამ დრომდე "ლელოს" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი იყო, ხოლო გენერალური მდივანი - ბადრი ჯაფარიძე. რას უკავშირდება "ლელოში" ცვლილებები, როგორ ცვლის პარტია პოლიტიკურ სტრატეგიას და რას ფიქრობს ქვეყანაში ბოლოდროინდელ მოვლენებზე, ამის შესახებ ბადრი ჯაფარიძე გვესაუბრა:
- ჩვენი პოლიტიკური გუნდის სტრატეგია გარკვეულწილად შეიცვალა. გადავწყვიტეთ, დავით უსუფაშვილის ძალისხმევა მთლიანად საპარლამენტო მუშაობისკენ იყოს მიმართული. ჩვენ გვინდა საპარლამენტო ჯგუფი მნიშვნელოვნად გავაძლიეროთ. მე ამირჩიეს პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარედ, ირაკლი პარტიის გენერალური მდივანი იქნება. ძალიან კარგი ახალგაზრდაა, ის ახალი თაობის პოლიტიკოსია, ახალი ხედვებითა და ენერგიით.
- ცოტა ხნის წინ თქვენ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ანალენა ბერბოკს შეგხვდით და 12-პუნქტიან რეკომენდაციაზე ისაუბრეთ. თქვენი შეხედულებით, როგორია გერმანელი მინისტრის აზრი 12 რეკომენდაციიდან ყველაზე მნიშვნელოვან საკითხზე, დეპოლარიზაციაზე?
- გერმანია საქართველოს გადამწყვეტი და სტრატეგიული პარტნიორია მთელი მისი ისტორიის და განსაკუთრებით, ბოლო 30 წლის განმავლობაში, ისევე, როგორც საფრანგეთი. მათ საკმაოდ სერიოზული გადაწყვეტილება შეუძლიათ ჩვენთვის ევროკავშირის კანდიდატობის მონიჭებაში. ბუნებრივია, საკითხი შეეხო 12 რეკომენდაციას. ჩვენი პოზიცია ასეთია - ხელისუფლება უკიდურესი აგრესიულობით გამოირჩევა, რაც, ერთი მხრივ, ხელს უშლის დეპოლარიზაციას. თუმცა შეიძლება საკითხს სხვაგვარადაც შევხედოთ, მაგალითად, "ქართული ოცნების" ნაბიჯებმა, რომლებიც რუსული ტიპის მმართველობისკენ არის მიმართული, საზოგადოება გამოაფხიზლა და თითქოს გააერთიანა კიდეც. შეიძლება ითქვას, გაჩნდა შანსი იმისა, რომ ქართველი ხალხი ევროპული იდეის გარშემო გაერთიანდეს.
- ანალენა ბერბოკთან შეხვედრის შემდგომ მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ შეხვედრას ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენელი არ ესწრებოდა, რამაც მას კითხვის ნიშნები გაუჩინა. ხაზარაძემ ასევე აღნიშნა, რომ ვიღაცების აზრით, "ქართული ოცნების" პირობებში არ უნდა მივიღოთ კანდიდატის სტატუსი, რაც მისთვის კატეგორიულად მიუღებელია.
- მამუკას არ უთქვამს, რომ შეხვედრას ოპოზიციის ნაწილი არ ესწრებოდა. მხოლოდ ზოგიერთი პარტიის თავმჯდომარე არ იყო და ეს გაუკვირდა. ჩვენ არც იმას ვამბობთ, რომ რომელიმე კონკრეტულ ოპოზიციონერს არ სურს ქვეყანამ "ქართული ოცნების" პირობებში მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ჩვენ ვამბობთ, რომ ასეთი მიდგომა სწორი არ არის და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ სტატუსის მისაღებად, იმისდა მიუხედავად, იქნება თუ არა "ქართული ოცნება" ხელისუფლებაში. თუმცა გვესმის, რომ დღევანდელი ხელისუფლება არათუ ეროვნული არ არის, არამედ გამოკვეთილად პრორუსულია.
- ასეთ სიტუაციაში შეიძლება იყოს გამოსავალი ვადამდელი არჩევნები?
- არა, გამოსავალი არ არის. ამას "ქართული ოცნება" გამოიყენებს პროპაგანდისთვის, თითქოს ოპოზიცია ხელს უშლის დეპოლარიზაციას და კანდიდატის სტატუსის მიღებას. სულ რაღაც ექვსი თვეა დარჩენილი იმ დრომდე, როდესაც ევროპელი ლიდერები უნდა შეიკრიბონ და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი გადაწყვიტონ. ამ პერიოდში უნდა შევეცადოთ, რომ "ქართული ოცნება" მაქსიმალურ წნეხში ვამყოფოთ როგორც პარლამენტში, ასევე ქუჩაში, როგორც პოლიტიკოსებმა, ასევე საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენელმა. როგორც ე.წ აგენტების კანონი ჩავაგდებინეთ, იქნებ ასეთივე წარმატებით შევასრულებინოთ ევროკავშირის რეკომენდაციები. საზოგადოების დაკვეთაა, რომ მაქსიმალური გავაკეთოთ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად. ჩვენი ამოცანაა შევინარჩუნოთ ერთიანობა და დაველოდოთ ევროპელი ლიდერების გადაწყვეტილებას. შემდეგ საზოგადოება თავად მიიღებს გადაწყვეტილებას.
ხათუნა ბახტურიძე