„ოპოზიცია იმდენად სუსტია, რომ „ქართულ ოცნებას“ სრული კარტ-ბლანში აქვს“
ბოლოდროინდელმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად განსაზღვრული პრიორიტეტი, პოლარიზაციის დასრულება, გადაულახავ სირთულეებთან არის დაკავშირებული. ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ურთიერთბრალდებები და შეურაცხყოფა არათუ შემცირდა, უფრო გახშირდა და ფიზიკურ დაპირისპირებაშიც კი გადაიზარდა. ორიოდე დღის წინ პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის პარლამენტში ინტერპელაციის წესით ვიზიტს დეპუტატებს შორის ლანძღვა-გინება და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. პრემიერი ღარიბაშვილი ირწმუნება, რომ პოლარიზაცია ნებისმიერ დემოკრატიას ახასიათებს, იქნება ეს ამერიკა თუ ევროპის ნებისმიერი ქვეყანა და ვერც ჩვენი ქვეყანა ვერ და არ იქნება გამონაკლისი, მაგრამ ამასთანავე, მიიჩნევს, რომ საქართველოში პოლარიზაციის დასრულება ევროპარლამენტარებს შეუძლიათ. "თუ ევროპას და ევროპარლამენტარებს რეალურად სურთ პოლარიზაციის დასრულება, მათ საქართველოს კანდიდატის სტატუსი უნდა მიანიჭონ - ეს მოხსნის კითხვებს, სპეკულაციებს და დაასრულებს მათ (ოპოზიციის) დესტრუქციულ, რადიკალურ ქმედებებს. ექსტრემისტულ ოპოზიციას მიზეზი აღარ დარჩება, რომ რაიმე ბრალი წაუყენონ ჩვენს ხელისუფლებას", - აცხადებს ღარიბაშვილი. სხვა კონტექსტში, მაგრამ იმავეს ამბობს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. "ხელისუფლების გაუგებარი გადაწყვეტილებებისა და რიტორიკის მიუხედავად, საქართველოსთვის უარის თქმა მეორედ არ შეიძლება - არ შეიძლება რუსეთს გაუჩინო განცდა, რომ საქართველო ისე მჭიდროდ აღარაა დაკავშირებული ევროპასა და ამერიკასთან", - ამბობს ზურაბიშვილი და განმარტავს, რომ კანდიდატის სტატუსზე უარის მეორედ თქმამ შესაძლოა საქართველოს შიდასტაბილურობაზე იმოქმედოს. შესაძლებელია თუ არა ევროპარლამენტარებმა საქართველოში არსებული რთული პოლიტიკური ვითარება გაითვალისწინონ, გამონაკლისი დაუშვან და დათქმებისა და 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების გარეშე მოგვცენ კანდიდატის სტატუსი, მართლაც დაასრულებს თუ არა ეს პოლარიზაციას, ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე პოლიტოლოგი თენგიზ ფხალაძე გვესაუბრება:
- დიახ, პოლარიზაციის დასრულება ნამდვილად არის შესაძლებელი, ოღონდ ამისთვის პოლიტიკური ნებაა საჭირო. პარლამენტში პოლიტიკოსებს შორის სიტყვიერი თუ ფიზიკური კონფლიქტი მხოლოდ და მხოლოდ აღრმავებს დაპირისპირებას. ე.წ. აგენტების კანონპროექტი სხვა არაფერი იყო, თუ არა საზოგადოების ერთი ნაწილის სტიგმატიზაცია. ჩვენი პოლიტიკური ძალები ხელისუფლებაში ყოფნის ან მოსვლის ერთადერთ საშუალებად პოლარიზაციას მიიჩნევენ. ოპონენტის გაშავებასა და დემონიზაციაზე აქვთ აგებული პოლიტიკური დღის წესრიგი. რაც შეეხება პრემიერის განცხადებას, რომ პოლარიზაცია ყველა დემოკრატიულ ქვეყანაშია, ძალიან დიდხანს შეიძლება ამ საკითხზე დავა. "ქართულ ოცნებას" ახასიათებს მანიპულირება. როდესაც ჩვენი დასავლელი პარტნიორები დეპოლარიზაციისკენ მოგვიწოდებენ, იმას კი არ გულისხმობენ, რომ განსხვავებული პოლიტიკური პარტიები და პოზიცია არ უნდა არსებობდეს. არა, ისინი გვეუბნებიან, რომ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების მქონე პარტიებმა უნდა შეძლონ თანამშრომლობა ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე და არავითარ შემთხვევაში არ ცდილობდნენ ერთმანეთის დემონიზებას. დღევანდელი პოლიტიკური ვითარება ძალიან შორს დგას ევროპული სტანდარტებისგან. 12-პუნქტიან რეკომენდაციაში სიტყვა "დეპოლარიზაცია" ვინმეს ახირების გამო კი არ მოხვდა, არამედ იმიტომ, რომ ქართველები შეეჩვიონ ევროპული ტიპის პოლიტიკის გატარებას, საწინააღმდეგო აზრის მიღებას და ქვეყნის ინტერესებისთვის პირადი და პარტიული ინტერესების დათმობას. ამასვე ითვალისწინებდა შარლ მიშელის შეთანხმებაც, მაგრამ კი იცით, რა ბედიც ეწია.
- პრემიერი ამბობს, რომ ოპოზიციისგან ხედავენ მხოლოდ ბოიკოტს, საბოტაჟს, ხელის შეშლას კანდიდატის სტატუსის მიღებაში, ასევე დესტაბილიზაციას და სვამს რიტორიკულ შეკითხვას, რას აკეთებს ოპოზიცია პოლარიზაციის შესამცირებლადო.
- მეტს გეტყვით, საქართველოში არც არსებობს ძლიერი ოპოზიციური პარტია. მთელი ოპოზიციური სპექტრი დეზინტეგრირებულია. ჩვენ რომ ძლიერი ოპოზიცია გვყავდეს, ახლა სულ სხვა პოლიტიკური მოცემულობა გვექნებოდა. რაც არ უნდა ბევრი ნაკლი ჰქონდეს ოპოზიციას, არ შეიძლება ხელისუფლება თითს იშვერდეს მისკენ და ყველა პრობლემას აბრალებდეს. ხელისუფლებაში ყოფნა იმით განსხვავდება ოპოზიციაში ყოფნისგან, რომ შესაძლებლობაც მეტი გაქვს და პასუხისმგებლობაც. ჩვენთან არ არის კოალიციური მმართველობა, ქვეყანას კონკრეტული პარტია მართავს და სწორედ მის ხელშია ქვეყნის მართვის ბერკეტები. შესაბამისად, სწორედ მმართველ გუნდს ეკისრება პასუხისმგებლობა პოლარიზაციაზე. საქართველოს დღევანდელი მმართველი გუნდი თავადვე ახდენს სტიგმატიზებას, ამბობს, ყველა, ვინც გვაკრიტიკებს, "ნაციონალიაო". რატომ აკეთებს ამას?! იმიტომ, რომ სჭირდება, უფრო ადვილია ოპონენტს 9 წელი წამოაყვედრო, ვიდრე საქმე აკეთო. მიუხედავად იმისა, რომ "ოცნება" უკვე თერთმეტი წელია ხელისუფლებაშია, მაინც "ნაციონალების" 9 წელზე ლაპარაკობს. მათ გარდა, სხვა ოპოზიციის აღიარება არ სურს. სხვებს ვერ ეტყვიან, შენ გააფუჭე ყველაფერი და მე შენგან მძიმე მემკვიდრეობა მერგოო.
- თქვენ პოლარიზაციის გამწვავების ერთ-ერთ სერიოზულ მიზეზად ე.წ. აგენტების კანონი დაასახელეთ. მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტი ჩაგდებულია, დღემდე ისმის კითხვები, რატომ იღებს ბრიუსელი ისეთივე კანონს, რომლისთვისაც საქართველოს აკრიტიკებდა, ან რატომ განიხილება "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის მიღება კანადაში და რატომ მოქმედებს ის ამერიკაში?
- ისევ და ისევ მანიპულაციასთან გვაქვს საქმე. პოლიტიკური ლობიზმისგან თავის დაცვა და არასამთავრობო ორგანიზაციების შეზღუდვა-გაკონტროლება სხვადასხვა რამ არის. როდესაც მმართველი გუნდი კანონის ამერიკულ ვერსიაზე ლაპარაკობს, იმას რატომ არ ამბობს, რომ ამერიკულ კანონში პირდაპირ წერია, ეს კანონი არ ეხება მეგობარ სახელმწიფოებსო!
"ხალხის ძალის" შემოთავაზებულ აგენტების კანონში რუსული გავლენების შეჩერებაზე არაფერია ნათქვამი, მხოლოდ ფინანსური ფონდების გაკონტროლებაზეა აქცენტი. არადა, ჩვენს ქვეყანაში მხოლოდ დასავლური ფონდები მოქმედებენ გამჭვირვალედ. ევროკავშირი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონით ცდილობს კონკრეტულად რუსული გავლენისგან, არამეგობრული სახელმწიფოებისგან დაიცვას თავი. ამრიგად, ამერიკული კანონი ტერმინოლოგიით კი ჰგავს "ხალხის ძალის"კანონპროექტს, მაგრამ შინაარსობრივად სრულიად განსხვავებულია.
კიდევ ერთ საკითხზე მინდა შევაჩერო ყურადღება - ყბადაღებულ თემად იქცა არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის გამჭვირვალობის საკითხი. შეგახსენებთ, რომ საქართველოში არსებობს კანონი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობას არეგულირებს. არსებობს კანონი "გრანტების შესახებაც". დასავლური ფულის გამჭვირვალობას კანონი ისედაც უზრუნველყოფს, მაგრამ ასეც რომ არ იყოს, არაფერში არ ჯდება გამჭვირვალობისთვის მეგობრებისა და პარტნიორების აგენტებად და ჯაშუშებად მონათვლა. ხელისუფლებას ურჩევნია ნამდვილ ჯაშუშებსა და მზარდ რუსულ გავლენებს ებრძოლოს, რათა მოულოდნელი საფრთხის წინაშე არ აღმოვჩნდეთ. ძალიან დიდი საფრთხის შემცველია ის შავი ფული, რომელიც რუსეთიდან უკონტროლოდ შემოდის.
- იქნებ ერთადერთი სწორი გამოსავალი მართლაც ის იყოს, რასაც პრემიერი ღარიბაშვილი და პრეზიდენტი ზურაბიშვილი ამბობენ, ანუ კანდიდატის სტატუსის მოცემა დათქმებისა და პირობების გარეშე?
- პრეზიდენტისა და პრემიერის განცხადებები რომ გადავთარგმნოთ, გამოვა, რომ ევროკავშირმა თვალი უნდა დახუჭოს ჩვენი პოლიტიკური სპექტრის არასწორ ქმედებაზე, რეკომენდაციების შეუსრულებლობაზე. გამოდის, საკუთარი თამაშის წესები უნდა შეცვალოს, რათა საქართველომ სტატუსი მიიღოს. ძალიან დიდი წარმოდგენა ხომ არა გვაქვს საკუთარ თავსა და შესაძლებლობებზე?! ჩვენ ხომ იმიტომ გვინდა ევროკავშირში შესვლა, რომ ქვეყანაში ევროპული ტიპის ინსტიტუციები და წესები არსებობდეს?! 12-პუნქტიანი რეკომენდაცია სწორედ ევროპული ინსტიტუციების შექმნას, დემოკრატიას, უკეთესი ცხოვრების წესს უზრუნველყოფს. თუ ამ ყველაფერზე უარს ვიტყვით, ან ისინი როგორ მიგვიღებენ ევროპულ ოჯახში, ან ჩვენ რა გვინდა იქ?! დაზუსტებით ვიცი, რომ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს მართლაც ძალიან სურთ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. მათი ყველა ვიზიტი გამიზნულია იმისთვის, რომ ხელიდან არ გავუშვათ ისტორიული შანსი. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ანალენა ბერბოკის თბილისში ვიზიტიც ამის დასტურია. თუმცა ჩვენი პარტნიორები ჩვენს გასაკეთებელ საქმეს ვერ გააკეთებენ, რეფორმებს ვერ გაატარებენ!
- სხვათა შორის, ბერბოკთან დაგეგმილ შეხვედრას ოპოზიციის ნაწილი არ დაესწრო. ამის შესახებ "ლელოს" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ ოპოზიციის ნაწილს არ აწყობს, საქართველომ "ოცნების" მმართველობის დროს მიიღოს კანდიდატის სტატუსი.
- ეს მხოლოდ ერთ რამეზე მეტყველებს - ქვეყანა არ არის მომწიფებული კანდიდატის სტატუსის მისაღებად. ჩვენ ხშირად ვიწონებთ თავს, რომ მთელი რიგი პარამეტრებით უკრაინასა და მოლდოვაზე წინ ვართ. კი, ნამდვილად ასეა, მაგრამ პრობლემა ის არის, პოლიტიკური სიტუაცია არ არის შესაბამისად მომწიფებული. ჩვენი პოლიტიკური სპექტრი მზად არ არის პირადზე წინ ქვეყნის ინტერესები დააყენოს.
- შეიძლება თუ არა ეს მოცემულობა ვადამდელმა არჩევნებმა შეცვალოს?
- გამიჭირდება თქმა, ვინაიდან, როგორც საუბრის დასაწყისში გითხარით, ოპოზიცია სრულად დეზორიენტირებულია. ერთი მხრივ, საუბარია, რომ ძალიან სწრაფად გადავიდეთ პროპორციული სისტემის არჩევნებზე, მეორე მხრივ, ლაპარაკია ვადამდელ არჩევნებზე, რომელიც ისევ ძველი სისტემით გაიმართება. გარდა ამისა, თუ ვადამდელი არჩევნების ჩატარებას გადაწყვეტენ, 2023 წელსვე უნდა მოასწრონ, რადგან 2024 წელს ისედაც უწევს არჩევნები. ასე რომ, ოპოზიცია ძალზე ჩამოუყალიბებელია, იმდენად სუსტი, რომ "ქართულ ოცნებას" სრული კარტ-ბლანში აქვს. ეს იცის მმართველმა გუნდმა და ამიტომ აძლევენ თავს ყველაფრის უფლებას. ხელისუფლების გაუაზრებელი და მავნებლური ქმედებების მიუხედავად, ოპოზიცია ვერ ახერხებს პოლიტიკურ კაპიტალიზაციას. საქართველოს ყველაზე დიდი პრობლემა ის არის, რომ პოლიტიკოსების უმრავლესობა აცდენილია პოლიტიკურ რეალობას, ვერ ხვდება, რა არის საზოგადოების დაკვეთა, ვერ აცნობიერებს, რომ ხელისუფლებით უკმაყოფილება თავისთავად ოპოზიციის მხარდაჭერას არ ნიშნავს.
- პრეზიდენტ ზურაბიშვილის გააქტიურებას როგორ აფასებთ?
- პოლიტოლოგსა და პრეზიდენტს შორის განსხვავება ის არის, რომ პოლიტოლოგი ვითარებას აფასებს, პრეზიდენტი კი სახელმწიფოს მეთაურია, რომელიც აზრების გამოთქმის გარდა, კონკრეტულ ნაბიჯებსაც უნდა დგამდეს. მე ასეთს ვერაფერს ვხედავ.
- ოპოზიცია სწორებას 9 აპრილისთვის დაგეგმილ საპროტესტო აქციაზე აკეთებს. რამდენად შედეგიანი შეიძლება იყოს მისი გათვლა?
- ნებისმიერ პროცესს სჭირდება მართვა და მენეჯმენტი. დარწმუნებული ვარ, მარტის აქციები პოლიტიკოსების მართული რომ ყოფილიყო, ამდენ ხალხს ვერ გამოიყვანდნენ.
- რა შეიძლება იყოს გარდამტეხი კრიზისის დასრულებაში?
- არა მაქვს კრიზისული სიტუაციიდან გამოსვლის რეცეპტი. თუმცა შემიძლია თქმა, კარგი იქნება, თუ პოლიტიკიდან წავლენ ის პირები, რომლებმაც ამდენი ხნის განმავლობაში წარმატებას ვერ მიაღწიეს. არ შეიძლება ქვეყანა 11 წლის განმავლობაში ორი პოლიტიკური დაჯგუფების კინკლაობის მსხვერპლი იყოს.
ხათუნა ბახტურიძე