„ჩვენი კვარავაჯო“
რაც დროს გადის, იტალიური და უკვე სრულიად ევროპელი საზოგადოებისთვის სულ უფრო ახლობელი ხდება "ნაპოლის" ქართველი ვარსკვლავის სახელი. ხვიჩა კვარაცხელია, როგორც იტალიელები ამბობენ, "ყველას ოჯახის საყვარელი წევრი ხდება". ნეაპოლელი ჯენარო სარდელო მრავალთაგან ერთ-ერთია, ვინც კვარას სამშობლოთი დაინტერესდა და ჩამოსვლას აპირებს. თუმცა მანამდე იმ ახალ რეალობაზე გვიყვება, რომელსაც "ნეაპოლურ სიზმარს" უწოდებს.
- არ დაგიმალავთ, საქართველო ბევრს დღემდე რუსეთი ეგონა. ზოგმა არც იცოდა, თუ ასეთი ქვეყანა არსებობდა. შემდეგ გამოჩნდა ხვიჩა, თავმდაბალი, ჩვენთვის მენტალურად იტალიელი ბიჭი და ყველაფერი თავდაყირა დააყენა. ახლა საქართველოს დროშებს ისევე ახლობლად აღვიქვამთ, როგორც ეროვნულს, ან სულაც "ნაპოლის" გუნდისას. სახლშიც მაქვს საქართველოს დროშა, რადგან ეს პატარა ქართველი ბიჭი, რომელიც უკვე იქცა ფეხბურთის ლეგენდად, ჩემი ქალაქის ისტორიას ქართულ-იტალიურად წერს. რომ არა ჩვენი ხალხების მსგავსება ხასიათით, ტემპერამენტით, ასე ვერ შეერწყმებოდა ჩვენს ქალაქს, "ნაპოლის" გუნდს. ჯერ გვაიძულა მისი ძალიან რთული გვარ-სახელი გვესწავლა, შემდეგ კი მოედანზე ტრიბუნებიდან ძარღვების დაწყვეტამდე გვეღრიალა, შემდეგ მისი ქვეყნის ისტორიით დავინტერესდით. ახლა ვიღაცები ტრანსლეიტით წვალობენ და ქართულად წერას ცდილობენ. ეს იტალიურ-ქართული გიჟური კინოსცენარი კი არა, ბედნიერი რეალობაა და ყოველ ჯერზე ფანტასტიკური გოლის ან პასით გამოწვეული სიხარულით ჰაერში აფრენილი ბიჭის სახელი ჰქვია.
ჩემს ასაკოვან მამას ახსოვს, როგორ დაიბადა დიადი ფეხბურთი ჩვენს ქალაქში მარადონასთან ერთად. ჩემი ოჯახი, ასევე, შვილები, ერთად ვუყურებთ კვარას თამაშს. ჩვენმა ქალაქმა ეს კეთილსახიანი ბიჭი დამსახურებულად ჩაიხუტა, იმ გამარჯვებებით გამოწვეული სიამაყის, სიხარულის, ბედნიერი და ამაყი წუთების გამო, რომელიც მან ამ ცხრა თვის განმავლობაში გვაჩუქა. ჩვენთვის ფეხბურთი ბევრად მეტია, ვიდრე მხოლოდ სპორტი. ჩვენთვის მარადონას ფეხბურთი მხოლოდ პატარა ნეაპოლს კი არა, მთელ იტალიას, მსოფლიოს ან სულაც გალაქტიკას, მხოლოდ მიწიერ კი არა, იმიერსამყაროსაც იტევს. მარადონა ჩვენთვის წმინდანია.
1987 წლის 10 მაისს "ბედნიერ ხანას" ვუწოდებთ, რადგან "ნაპოლიმ" სკუდეტო მოიგო. იმ ღამეს სიხარულისაგან ჭკუიდან გადასული გულშემატკივრები ემოციას იმდენად ვერ ვიტევდით, რომ ეს დღესასწაული მხოლოდ ჩვენთვის, ცოცხლებისთვის, დაგვენანა და სასაფლაოებზეც გავცვივდით, რომლის კედლებზეც დაახლოებით ასეთი შინაარსის წარწერები გავაკეთეთ: "სიკვდილი ტრაგედიაა, მაგრამ უფრო მეტი ტრაგედიაა, რომ ეს გამოტოვეთ!". მაშინ ქალაქის სამსახური დიდხანს ფიქრობდა, დავეჯარიმებინეთ თუ არა, მაგრამ რადგან სიხარული საყოველთაო იყო, წარწერები დატოვეს. ახლა თუ კიდევ ერთხელ მოვესწრები სკუდეტოს, ვიტყვი, რომ ტყუილად არ მიცხოვრია. "ნაპოლი" ახლა არათუ იტალიაში, მთელ ევროპაში ყველაზე ძლიერი გუნდია ოცდაათწლიანი ძილ-ბურანის შემდეგ. ყოველი თამაშის შემდეგ ვუყურებთ ტაბლოს, შედეგებს, ქულებს და ერთმანეთს ვჩქმეტთ, ნუთუ ეს ცხადია?
- ალბათ, იცით, რომ ფეხბურთი ქართველებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია.
- დიახ, უკვე ვიცი, თუმცა რამდენიმე გვარ-სახელი, კალაძე, ქინქლაძე, მანამდეც ვიცოდი... მამას თაობამ იცის სლავა მეტრეველი, მიხეილ მესხი, დავით ყიფიანი, 1981 წელი, "დინამო". ამაზე მხოლოდ ახლა ისაუბრა, ხვიჩას გამოჩენის შემდეგ გაიხსენა ისინი. მე უკვე ვიცი, რომ საქართველოს ბოლო ოცდაათი წლის განმავლობაში ძალიან მძიმე გზის გავლამ მოუწია, მაგრამ ახლა ევროპისკენ ისწრაფვის. გულით მინდა ერთ ოჯახში ვიყოთ. ვიცი, რომ საქართველოს არც ახლა აკლია პრობლემები, დაკარგული აქვს ტერიტორიები. რუსეთი ცდილობს ის თავის სივრცეში დააბრუნოს, მაგრამ მჯერა, საქართველო ევროპის დიდ ოჯახს შემოუერთდება. ჩვენ არა მარტო ფეხბურთის, სხვა რამითაც ვგავართ ერთმანეთს. უპირველესად იმით, რომ იტალიელებიც ხმაურიანი და ემოციური ხალხი ვართ, გემრიელად ჭამა გვიყვარს, ფეხბურთში კი ბოლომდე ვიხარჯებით. ვიცი, რომ ფეხბურთს საქართველოშიც აღმერთებენ. ეს ჩვენი ქალაქის სტადიონზე, კვარას თამაშის საყურებლად ჩამოსული ათეულობით ქართველის რეაქციიდან ჩანს. თავიდან მიკვირდა, სამხრეთ იტალიელებივით განიცდიდნენ "ნაპოლის" გოლს, პასს, კვარაცხელიასა და ოსიმენის გოლებს, ზოგს ცრემლებიც კი ერეოდა. როდესაც ბურთი კვარას აქვს, ფეხზე დგებიან, ემოციები ეძალებათ. ჟესტებით, ცოტა ინგლისურით გავუგეთ ერთმანეთს, ფოტოები გადავიღეთ. ნეაპოლის ქუჩებში ხშირად ნახავთ ქართულ დროშებს. კვების ობიექტებში კვარასა და ოსიმენის ფიგურები და წარწერები გაჩნდა კერძებზე, პიცაზე, საკონდიტრო ნაწარმზე... ქალაქის ქუჩები მისი პორტრეტებით არის მოხატული. ონლაინთარჯიმნის საშუალებით, მადლიერების გამოსახატად, იტალიელები ქართულად წერენ პოსტებს. არიან ისეთებიც, ვისაც შინ ჰყავთ ქართველი და მათგან ცდილობენ რამდენიმე სიტყვის სწავლას - ეს შეუძლია ფეხბურთს, ამიტომ არის ბევრად აღმატებული, ვიდრე სხვა სახეობა. ფეხბურთი მხოლოდ ბურთის გაგორება არ არის, ადამიანური ურთიერთობებია, მეგობრობა და სიყვარული. დღეს "ნაპოლი" ინტერნაციონალური გუნდია და ყველა ერთმანეთთან მეგობრობს.
ვიცი, რომ დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ საქართველოდან 1 200 000-ზე მეტი კაცი წავიდა ქვეყნიდან. დავინტერესდი, რამ განაპირობა მიგრაციის ასეთი მაღალი მაჩვენებელი. ამიხსნეს, რომ ყველაფერმა ერთად - ომებმა, როგორც შიდა, ასევე რუსეთთან დაპირისპირებამ, დევნილობამ... წარმოუდგენლად მძიმეა სახლი ააშენო, როდესაც მეზობელი განუწყვეტლივ გესვრის, შენი აშენებულის დანგრევას ცდილობს მხოლოდ იმიტომ, რომ მასთან არ გინდა. უკრაინასაც ამიტომ დაესხა თავს. "ნაპოლის" ქართველი ვარსკვლავის ამონათების შემდეგ ინტენსიურად ვეცნობი ქართულ კულტურას, ფოლკლორს, სამზარეულოს, დღევანდელობას... აღფრთოვანებული ვარ ქართველი ერის გმირული წარსულით, ისტორიითა და კულტურით. რომ არა ფეხბურთი და ჩვენი კვარავაჯო, ამ ქვეყნის შესახებ ვერასდროს გავიგებდი.
- საქართველოში ჩამოსვლას აპირებთ?
- ივნისში მაქვს შვებულება, ეს ჩემი პირველი ქართული არდადეგები იქნება. ხვიჩას, ფეხბურთის გენიის, სამშობლო უნდა გავიცნო. ჩემსავით ბევრი აპირებს ჩამოსვლას. მადლობა საქართველოს ხვიჩასთვის! ქართველებო, თქვენ ნეაპოლის მეგობრები ხართ! გისურვებთ, ევროპის კარი ძალიან მალე თქვენთვისაც გაიღოს.
ლაშა ჯავახიშვილი: "ცოტა ხნის წინ გერმანიაში, ქალაქ მიუნხენში, სტუდენტური დასაქმების პროექტის ფარგლებში ჩამოვედი სამუშაოდ. კომპანია DHL-ის ჩვენი ფილიალი, შეიძლება ითქვას, მულტიეროვნულია - არაერთი ქვეყნის წარმომადგენელი ვმუშაობთ. ერთ დღესაც, როცა სამსახურში მივედი, ჩემმა ბოსნიელმა თანამშრომელმა ალდინმა, დამინახა თუ არა, გაბადრული სახით მეძახის: "ხვიჩა კვარაცხელია"... ცოტათი გამიკვირდა, რადგან არც ვიცნობდი ნორმალურად და არც ის მქონდა ნათქვამი, რომ საქართველოდან ვიყავი. შემდეგ საუბარს შევყევით და ვკითხე, კვარა იცით-მეთქი? პასუხად დააყოლა: "კვარადოონა". მეც ვუთხარი, რომ ეს მისი პირველი სეზონია ევროპაში და ამაზე ალდინი მეუბნება - კი, ვიცი, ბათუმიდან გადავიდა "ნაპოლიში", მხოლოდ 10 მილიონი გადაიხადეს და რასაც ის აკეთებს, დაუჯერებელიაო. შემდეგ მეც მოვუყევი კვარას შესახებ, ვუთხარი, რა გზა გამოიარა, ვისი გულშემატკივარია და ბოლოს ვეკითხები, შენ რომელი გუნდის ფანი ხარ-მეთქი?”"ბაიერნისო" - მომიგო და მეუბნება -“მაგრად მინდა აქ გადმოვიდეს, მაგრამ ვიცი, "რეალი" 100 მილიონს გადაიხდის და წაიყვანსო...