„რუსულ მედიაში ჩემზე ამაზრზენი მასალა ვრცელდება, თუ როგორ გავყიდე სამშობლო, ღირსება, როგორ ვუღალატე დიდ რუსეთს განსაცდელში...“
რამდენიმე ნომრის წინ "კვირის პალიტრის" მკითხველი რუსეთის შეიარაღებული ძალების 56-ე სადესანტო-საიერიშო ბრიგადის ჯარისკაცის პაველ ფილატიევის ინტერვიუს გაეცნო. ყოფილი სამხედრო დეტალურად აღწერდა უკრაინის ომის დაწყებამდე რუსულ არმიაში არსებულ უმძიმეს ვითარებას, ფრონტის ხაზზე მდგომარეობას... ყოფილი სამხედრო ამჟამად საფრანგეთში ცხოვრობს, სადაც პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა. მან დაწერა ბიოგრაფიული წიგნი "ZOV", რომელიც მსოფლიოს 15 ენაზე ითარგმნა და უკვე 40-ზე მეტ ქვეყანაში იყიდება. პაველ ფილატიევს მიაჩნია, რომ რასაც აკეთებს, საკმარისი არ არის რუსეთის რეჟიმის გასაშიშვლებლად, მეტი აქტიურობაა საჭირო.
- პუტინის რეჟიმი ჩემს გაცამტვერებას, მიწასთან გასწორებას ცდილობს. სამთავრობო რუსულ მედიაში ჩემზე ამაზრზენი მასალა ვრცელდება, თუ როგორ გავყიდე სამშობლო, ღირსება, როგორ ვუღალატე დიდ რუსეთს განსაცდელში... ხან ამერიკის მოსყიდული ვარ, ხან ევროკავშირის ქვეყნების. მამაჩემი, რომელიც ასევე სამხედრო პირი იყო, წლების განმავლობაში მსახურობდა თავდაცვის სამინისტროში, რამდენიმე წლის წინ სიმსივნით გარდაიცვალა. არც დედა ცხოვრობს რუსეთში. ოჯახი, ცოლ-შვილი არა მყავს. ასე რომ, რუსული პროპაგანდისტული მანქანების სამიზნე ჩემ გარდა არავინაა. ოჯახი ან და-ძმა რომ მყოლოდა, ეფ-ეს-ბე თავისი ბინძური მეთოდებით სიცოცხლეს გაუმწარებდა. უამრავი ადამიანი მიიყვანეს თვითმკვლელობამდე, ბევრს ფსიქიკური პრობლემები დაეწყო. სამხედრო პირებს, რომელთაც სისტემის წინააღმდეგ ხმა ამოიღეს, საცხოვრებელი წაართვეს და ქუჩაში დატოვეს...
- თქვენს ბინას რა ბედი ეწია?
- არ ვიცი, არც დავინტერესებულვარ. იქ დაბრუნებაზე უახლოესი რამდენიმე წლის განმავლობაში არ ვფიქრობ, საერთოდ თუ დავბრუნდი... პატრიოტიზმი ჩემთვის სხვა რამეა. მე შევეცადე გამეპროტესტებინა რეჟიმის დანაშაულებრივი საქმიანობა როგორც საკუთარი, ასევე სხვა ქვეყნების ხალხების წინააღმდეგ, მაგრამ პასუხად ზღვა კრიტიკა, ორგანიზებული შეტევა მივიღე. სოციალური ქსელები, ანტისამთავრობო მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები ასეთ წნეხში რომ არ იყვნენ, ალბათ, უფრო მეტს ვიბრძოლებდი ჩემს ქვეყანაში, მაგრამ ამ პირობებში არ ღირს. ჯერ მოღალატის იარლიყს მოგაკერებენ, შემდეგ დაგაკავებენ და უხმაუროდ გაგაქრობენ, რადგან რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, კანონი ამის უფლებას აძლევთ. მე ვნახე, რა რეაქციაც მოჰყვა საქართველოში ე.წ. აგენტების შესახებ კანონს და არ შემიძლია ჩემი აღფრთოვანება არ გამოვხატო იქ მდგომი ახალგაზრდებით. სხვა ქვეყნის პოლიტიკური პროცესები ჩემი საქმე არ არის, საქართველოს შიდა თუ საგარეო პოლიტიკის შეფასებაში მირჩევნია მოკრძალებული ვიყო, რადგან ამის მორალური უფლება არა მაქვს, მაგრამ როგორც ერთი რიგითი ყოფილი სამხედრო, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში ეგონა, რომ თავის ქვეყანას კეთილსინდისიერად ემსახურებოდა, პატარა ქვეყნის დიდ და მებრძოლ ერს ვურჩევ - ნუ დარჩებით აგრესორი რუსეთის პირისპირ. მას ყოველთვის შეუძლია თქვენთვის ზიანის მოყენება, თუკი მარტო, ევროკავშირის ან ნატოს ქოლგის ქვეშ არ იქნებით. ქართველების უმეტესობამ, ჩვენგან განსხვავებით, იცის ევროპის სიკეთეები და ვისურვებდი, ეს გზა ბოლომდე წარმატებით გაგევლოთ. ახლა მსოფლიოში უდიდესი გეოპოლიტიკური ძვრებია, იქნებ თქვენი სიმამაცე სხვა ხალხებისთვისაც გახდეს ბრძოლის მოტივაცია. როგორი საშინელიც არ უნდა იყოს, რუსეთი მაინც ჩემი სამშობლოა და ვისურვებდი, თავისი და სხვა ქვეყნის მოქალაქეებისთვის საშიში არ ყოფილიყოს.
- 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში მონაწილეობდით?
- მაშინ სამსახურებრივი მივლინებით ჩეჩნეთში ვიყავი. მე მახსოვს ის დღე. ახლა მიკვირს, რომ მაშინ არც ერთ ჩვენგანს არ გასჩენია კითხვა, რატომ? ვიცი, რომ იმ ხუთდღიანი ომის განმავლობაში რუსულ არმიას მოსალოდნელზე მეტი დანაკარგი ჰქონდა. მაშინ საქართველოში ჩვენი მზარეულის შვილები დაიღუპნენ.
56-ე ბატალიონის, იმ სამხედრო ნაწილის დაფარვის ზონა, რომელშიც მე ვმსახურობდი, ჩრდილოეთი კავკასია იყო. თუმცა შემდეგ ბიჭებისგან გავიგე, რაც იქ ხდებოდა. როგორც ვიცი, მობილიზებული იყო 58-ე არმიის ნაწილი, რომელიც მონაწილეობდა საბრძოლო მოქმედებებში. რუსული არმიის ჯარისკაცებს უკვირდათ ქართველი ჯარისკაცების მომზადება, სამხედრო ყაზარმებში ნანახი ინფრასტრუქტურა, შეიარაღება... ჩვენ სად ვართ, წარმოუდგენელი განსხვავებაო, ამბობდნენ. ზუსტად იმას ჰყვებოდნენ, რასაც მე ვყვები წიგნში - ქაოსი, შიმშილი, უკანონობა, უწესრიგობა... ალაფი კი წამოიღეს, რის შემდეგაც ყაზარმაში დიდი გარჩევა და განხილვა იყო, საიდან ჰქონდა ამ პატარა ქვეყანას ასეთი მაღალი დონის ამუნიცია. დაახლოებით ისეთი რეაქცია ჰქონდათ, როგორიც ჩვენ უკრაინაში, ხერსონში შევარდნისას. 14 წლის შუალედში რუსული არმიისთვის არაფერი შეცვლილა. ერთი თაობა შეიცვალა, მაგრამ რუს სამხედროებს მაინც თბილი ბათინკები, კარგი აღჭურვილობა, ხარისხიანი ტანსაცმელი და საკვები უკვირთ. ჯარისკაცს პოლიტიკურ აზროვნებას არ ასწავლიან. ის მხოლოდ დავალების შემსრულებელია.
ასე ვიყავი მეც წლების განმავლობაში, ყოველ შემთხვევაში, 2012 წლამდე ბევრ რამეზე კითხვა არ გამჩენია, მაგრამ 2008 წლის ომზე მაინც გამიჩნდა კითხვები - ცხინვალის რეგიონი, რომელიც, როგორც ამბობდნენ, ცალკე სახელმწიფოდ ყოფნას ითხოვდა და რუსეთმა მისი დამოუკიდებლობა აღიარა, ახლა, ფაქტობრივად, რუსეთის ვასალია. ვაღიარებ, დიდი ხნის განმავლობაში მართლა მეგონა, რომ ე.წ. სამხრეთი ოსეთი ცალკე ქვეყანა იყო, რომელიც დიდი ხნის წინ საქართველომ დაიპყრო. ასე გვასწავლიდა რუსული ისტორიის წიგნები. გასაკვირია, რატომ ან ვისგან იყო რუსეთის დასაცავი, მაშინ, როდესაც თავად რუსეთს უამრავი სამხედრო, პოლიტიკური თუ სოციალური პრობლემა ჰქონდა. როდესაც ეს ჩემს კაპიტან მატვეევსკის ვკითხე, მიპასუხა, რუსეთი ყოველთვის ზრუნავდა პატარა ერების თვითგამორკვევაზე, მით უფრო, თუ მისი მდებარეობა სამხედრო ბაზის განთავსებისთვის ხელსაყრელიაო. ამით ყველაფერი ნათელი გახდა. მე ვაღიარებ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ისევე, როგორც უკრაინისას. ორივე სახელმწიფოს თავისუფლებასა და დემოკრატიულ განვითარებას ვუსურვებ. ერთადერთი ნუგეში შეიძლება ის იყოს, რომ რუსეთს ყველაზე უარესი წინ აქვს. ადრე თუ გვიან, ყველა ტირანია ემხობა, მთავარია, ვის მოიყოლებს ქვეშ.
- ალბათ, ხშირად ფიქრობთ, რატომ არ არის რუსეთში პროტესტი უფრო ძლიერი?
- ამაზე პასუხი ძნელია, მაგრამ მაინც მიხარია, რომ რაღაც ნაწილმა, როგორც იქნა, გააცნობიერა, რომ მონები არ არიან. გამოღვიძება დაიწყო, მაგრამ ძნელი სათქმელია, თუ მასშტაბური იქნება, რადგან ნაწილს მოსწონს პუტინის რეჟიმი, სხვებს კი ეშინიათ. რატომ არის რუსი ერი ასეთი შემგუებელი, ამაზე, ალბათ, ფსიქოლოგებმა და სოციოლოგებმა უნდა იმუშაონ. ამიტომ არის, რომ რუსეთის ხელისუფლება ყოველთვის ყველაფერს მარტივად აღწევს. სამთავრობო პროპაგანდაც ძალიან ძლიერია. ამის დასტურია ის, რომ უკრაინაში ომის გაგრძელებას მოსახლეობის 80%-ზე მეტი უჭერს მხარს. თუმცა არის ხალხი, რომელიც ამას აპროტესტებს და მათი გამბედაობა დასაფასებელია, მაგრამ პოლიტიკურ ამინდს მაინც ვერ ქმნიან. არიან ისეთებიც, ვისაც მიაჩნიათ, რომ ეს ომი მათ არ ეხება და თავი საფრთხეში არ უნდა ჩაიგდონ.
საფრანგეთში ხშირად მეკითხებიან, როგორ ხედავთ რუსეთის ხვალინდელ დღესო, რაზეც პასუხი არა მაქვს. მეუბნებიან, ეს გზა გაიარეს საფრანგეთმა, გერმანიამ, ინგლისმა, იაპონიამაც კი, ეს ერები რეჟიმს წლების განმავლობაში ებრძოდნენ, რათა თავისუფალ ქვეყნებად ჩამოყალიბებულიყვნენო. შესაძლოა ჰიტლერს რაღაცით ჰგავს პუტინი, მაგრამ მაშინ სხვა გარემოებები იყო. ჰიტლერის რეჟიმსაც აპროტესტებდა მოსახლეობა, არაერთი აჯანყება და შეთქმულებაც იყო, მაგრამ სანამ გარედან არ ჩაერივნენ, მსოფლიო ჰიტლერის წინააღმდეგ არ შეიკრა, არაფერი შეცვლილა. დღევანდელი რუსეთის ნაცისტების რეჟიმთან შედარება შეიძლება. წინააღმდეგობრივი მუხტი არის, მაგრამ მას სისხლში ახშობენ, ეს პუტინის რეჟიმზე გავლენის მოსახდენად საკმარისი არ არის. არც მსოფლიოს ძალისხმევაა იმდენად ძლიერი, რომ პუტინის რეჟიმს წყალი შეუდგეს, რომ ჩუმად მყოფი ადამიანებიც გამოვიდნენ ქუჩაში. მე დიდხანს ვიმსახურე რუსულ არმიაში და ვიცი, რა პირობების ატანა შეუძლიათ რუს ჯარისკაცებს - გამოუცდელი, მოუმზადებელი სამხედროები მინუს ოც გრადუსში მშივრები, თხელძირიანი ბათინკებით, თბილი სამოსის, სასმელი წყლის, გათბობის, ელემენტარული პირობების გარეშე არიან. ამას დაუმატეთ დედოვშჩინა. ბევრი ამას ვერ უძლებს და ამიტომაც არის დეზერტირობის უამრავი შემთხვევა, მაგრამ ომის გასაგრძელებლად ხალხი ჯერ კიდევ ჰყავთ, იმიტომ, რომ რუს ხალხს ჯერ კიდევ სძინავს. რუსული პროპაგანდა მუდმივად ავრცელებს ინფორმაციას, თუ რა კარგია რუსულ ჯარში, იქ გმირები იბადებიან, ომი შენი ქვეყნისთვის თავდადების შესაძლებლობას გაძლევსო, და სადღაც, სახალინსა და იმის იქით მცხოვრებ 17-18 წლის ბიჭებს ეს მოსწონთ. სწორედ ამაზე ვწერ ჩემს წიგნში, რომ ომი არის შიმშილი, სიცივე, სისხლი და ცრემლი. მე ეს ყველაფერი ვნახე. უკრაინის არმია რომ მოსკოვამდე მიაღწევს, ამას არ ველოდები, მაგრამ, დიდი ალბათობით, რუსეთს მოუწევს დონეცკიდან და ლუგანსკიდან თავისი ჯარის გამოყვანა.
- რა იცით, "რუს მოხალისეთა კორპუსის" შესახებ?
- არაერთხელ მომწერეს, თუკი მართლა ეწინააღმდეგები პუტინის რეჟიმს, ჩადი ბრიანსკში და გვერდით დაუდექი მათო. ჯერ ერთი, ეს ამბავი პროცედურულადაც რომ წარმოვიდგინოთ, რუსეთის საელჩოში რომ მივიდე, მაშინვე დამაკავებენ და ჩემი რუსეთში ექსტრადირება გარდაუვალია, რაც რუსულ ციხეში უპირობო სიკვდილს ნიშნავს. უკრაინის საელჩოშიც არ მელოდება კარგი დღე, მაშინვე უკრაინაში წამიყვანენ და რამდენიმე დღეში უკრაინელ ტყვეებში გამცვლიან, შემდეგ კი აღმოვჩნდები რუსეთის გენშტაბში, სადაც იგივე მელოდება, რაც იმ ვაგნერელს, რომელიც სისტემას დაუპირისპირდა - ის არაადამიანური წამებით მოკლეს. მან მხოლოდ ვიდეომიმართვა გაავრცელა. ამ მხრივ მე ბევრად "მდიდარი" წარსული მაქვს, ამიტომაც სამაგალითოდ დამსჯიან. ვიცი, რომ უამრავი მათგანი ოცნებობს ჩემს ხელში ჩაგდებაზე. ხომ ხედავთ, ნავალნი, რომელმაც უმძიმეს დარღვევებსა და კორუფციაში ამხილა პუტინის რეჟიმი, ციხეში ჩააგდეს და მიუხედავად იმისა, დიდი მხარდამჭერთა არმია ჰყავს, საპატიმროს თავი ვერ დააღწია.
რუსი ოპოზიციონერები და ბლოგერები ქება-დიდებას უძღვნიან და ყველას მოუწოდებენ, შეუერთდნენ "რუს მოხალისეთა კორპუსს", მაგრამ მათ შესახებ ჯერ ძალიან მცირე რამ არის ცნობილი. როდესაც რუსეთი ასეთ საფრთხეს ხედავს, მათაც ისევე გაუსწორდება, როგორც ახლა უკრაინელებს, არტილერიით. შესაძლოა მე ვერ ვხედავ სწორად სურათს, მაგრამ ამ დაჯგუფების გასანეიტრალებლად მშვიდობიანი მოსახლეობისთვის მიყენებული ზიანი რამდენად არის მათი აქტიურობის საპირწონე, ძნელად სათქმელია. მესმის, რომ წლების განმავლობაში როგორც რუსული ბოროტების თანამონაწილეს კაცობრიობის, ჩემი ქვეყნის მეზობელი ხალხების წინაშე პასუხისმგებლობა მაქვს, ამიტომაც დავწერე ის წიგნი, რომლითაც ეს მანკიერი რეჟიმი ვამხილე. ვიცი, რომ საქართველოს მუდმივად საფრთხე ემუქრება რუსეთისგან. ამის გააზრებაც საშინელებაა, მუდმივი დანაშაულის გრძნობით ცხოვრება, რომ 2008 წელს თავს დავესხით საქართველოს, 2014 წელს უკრაინას, 2022 წელს კი დაუსჯელ რუსეთს მადა გაეზარდა და სისხლის ღვრას დღემდე აგრძელებს. რატომღაც მეგონა, რომ ერთ დღესაც რუს საზოგადოებას ნორმალური სახელმწიფოს აშენება შეეძლო, მაგრამ შევცდი.
ბედის ირონიაა, რომ უკრაინის ომისგან თავის დასაღწევად რუსეთის მოქალაქეები საქართველოს საზღვარს მოაწყდნენ, მათ კი კარი გაუღეს, რადგან უბრალო ხალხს არაფერი დაუშავებია. ამის პარალელურად კი რუსული პროპაგანდისტული მანქანები ამზადებდნენ სიუჟეტებს, თუ როგორ დევნიდნენ მათ ქართველი აქტივისტები, ავიწროებდნენ, არ უშვებდნენ კაფეებში... დარწმუნებული ვარ, ამას მხოლოდ ცალკეული ხასიათი ექნებოდა. თუმცა ქართველების ნეგატიური განწყობის არ მიკვირს. მე ჩემი ხალხის უფრო მიკვირს, რომლებიც იქ ჩავიდნენ და არხეინად ცხოვრობენ. საქართველოს მოსახლეობის დიდმა ნაწილმა გადაწყვიტა რუსეთიდან გამოქცეულ რუსებზე მაღლა დადგეს, ადამიანობა შეინარჩუნოს მიუხედავად იმისა, არსებობს საფრთხე, რომ შესაძლოა მათი ნაწილი რუსეთის ხელისუფლებამ სათავისოდ გამოიყენოს. ვიღაცები შესაძლოა აგენტებიც არიან.
კიდევ ერთ რამეს ვაღიარებ - რაც დრო გადის, მე სულ უფრო მეტად ვკარგავ ჩემს ერზე შთაბეჭდილებას. ამიტომ ვთქვი საუბრის დასაწყისში, ამ ვითარებაში საქართველოსთვის საუკეთესო არჩევანი არის ევროპულ ოჯახში ინტეგრაცია და ამ გზაზე ქართველ საზოგადოებას გულწრფელ წარმატებას ვუსურვებ!