„ქართველმა საზოგადოებამ კიდევ ერთხელ აჩვენა თავისი ძალა, სიმართლე და გამბედაობა“
ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე "კვირის პალიტრას" მწერალი ბექა ქურხული ესაუბრა:
- თვალყურს ვადევნებდი და საპროტესტო აქციებშიც ვმონაწილეობდი მეგობრებთან, ორ უმცროს ძმასა და ოჯახის წევრებთან ერთად. მოდი, მივყვეთ მოვლენებს: 7 მარტს, დღის პირველ ნახევარში, პარლამენტის უკან საკმაოდ ცოტანი ვიყავით, როდესაც პარლამენტიდან გამოვიდა ინფორმაცია, რომ პრორუსული კანონპროექტის განხილვა დღეს აღარ იქნებოდა და ე.წ. უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტი 9 მარტს განიხილებოდა. როდესაც დავიშალეთ, ხელისუფლებამ უკადრებელი იკადრა, გაქანდნენ და მალულად, ვერაგულად დაიწყეს სამარცხვინო კანონის მიღება. ეს აღმოჩნდა ბოლო წვეთი, როდესაც თავად გაბითურებულმა და სრულიად გაკოტრებულმა ხელისუფლებამ აქეთ დაგვიპირა საზოგადოების უდიდეს ნაწილს გაცუცურაკება... რატომ იფიქრეს, რომ ასე ადვილად მოვტყუვდებოდით ან დავიღლებოდით, ვერ გეტყვით. როგორც ჩანს, ყველა საკუთარი შესაძლებლობიდან აკეთებს დასკვნებს. ზუსტად ამის შემდეგ გახურდა ამბავი... პარლამენტის წინ გადმოვინაცვლეთ, პროსპექტიც ბუნებრივად, ძალდატანების ან შეხლა-შემოხლის გარეშე გადაკეტა საპროტესტოდ გამოსულმა ხალხმა. ხელისუფლების სულელურმა ტრიუკმა ის გამოიწვია, რომ მომიტინგეთა რაოდენობამ ოცი ათას გადააჭარბა, ხალხი სულ უფრო გვემატებოდა. ხელისუფლებამ კანონპროექტი მაინც მიიღო და როგორც მიიღო, ყველამ ვნახეთ, პროტესტანტთა რაოდენობამაც, როგორც ჩანს, დააფრთხო, თან ძველი "მეთოდიც", "ნაცები" მოვლენ" და "აბა, მიშა გინდათ?" უკვე გამოუსადეგარი და უადგილო აღმოჩნდა. ამიტომ დაფეთებულებმა ერთ შეცდომას მეორე, უფრო უარესი მიუმატეს და უაზროდ და უადგილოდ დაიწყეს მშვიდობიანი მიტინგის დარბევა.
7 ნოემბრის მერე, მას შემდეგ, რაც "ქოცების" წინამორბედმა "ნაცებმა" და მათმა იდეურმა "ვოჟდმა" სააკაშვილმა ასევე გულმოდგინედ დაგვარბია მხუთავი აირით, ფსიქოტრონული იარაღითა და წყლის ჭავლით, ასე არ გავგუდულვარ, რამდენიმე კაცი, ფაქტობრივად, გულწასული გამოვიყვანე. თუმცა ქართველი ერის ამ მეთოდებით დაშინების ცდა გულუბრყვილობასა და სისულელეზე გაცილებით მეტია! ეს შეცდომაა! შეცდომა კი, როგორც ტალეირანი იტყოდა, პოლიტიკაში დანაშაულზე უარესია! ამ დღეებმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ საქართველო უკვდავია და მასთან ბრძოლა საუკუნეების განმავლობაში შინაური თუ გარეული მტრისათვის მხოლოდ ერთი რამით მთავრდება - კრახით! რომ იდიოტიზმია არა მარტო ჩვენი, 90-იანელთა თაობის - ვინც ცოცხლები გადავრჩით, - "პერცოვკიანი" წყლის ჭავლით, ე.წ. დიმავოი შაშკებითა და სათნო ხმით დაშინება, დაიშალეთ თორემ დაგარბევთო; თაობის, რომელიც ტყვიამფრქვევის ჯერისა და ყუმბარსატყორცნების ბათქის ხმებში გავიზარდეთ. რაც მთავარია, სრული აბსურდია ჩვენი ახალგაზრდების, უკვე დამოუკიდებელ საქართველოში დაბადებული თაობის დაშინების მცდელობა ამ ლაჩრული "საბჭოთა მეთოდებით"; თაობისთვის, რომლისთვისაც "საბჭოთა რუსეთი" და მთელი ეს "ბოლშევიკური ბოროტების იმპერია" ისეთივე ისტორიული გადმონაშთი, ანაქრონიზმია, როგორც ჩვენთვის შაჰაბასობა, და ზუსტად ისეთივე რეაქცია აქვთ, როგორც ჩვენ გვექნებოდა, წარსული დროიდან სპარსი ჩაუში რომ მოგვადგეს: "დიდი ყეენის ბრძანებაა, ახლავ ისპაჰანს უნდა წამობრძანდეთ და მეცხრე ცის სადარს ეახლოთო". ჩვენს ახალგაზრდებს არ ესმით, რას ემართლებიან და რას ერჩიან. საბჭოთა კავშირი კი არა, 9 აპრილსა და რუსეთ-საქართველოს, ცხინვალის და აფხაზეთის ომებზე უკვე ისტორიის სახელმძღვანელოებში სწავლობენ და მადლობა ღმერთს, რომ არ ესმით. ამიტომაც არის მათი პროტესტი ასეთი კეთილშობილური, სუფთა და თავზე ხელაღებული.
- ამ დღეებში თუ დაინახეთ სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხე?
- ასეთი არეულობისას არაფრისგან ვართ დაზღვეული. თუმცა სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხე არ მიგრძნია თუნდაც იმ მიზეზის გამო, რომ სამოქალაქო დაპირისპირებას, თუნდაც გარედან პროვოცირებულს, მეტ-ნაკლებად თანაბარი ძალა სჭირდება. აქ კი ერთ მხარეს გაკოტრებული, უმწეო ხელისუფლება და მასთან დაახლოებული ან ურფინ ჯუსივით ფარდას ამოფარებული და დამალული ბიძინა ივანიშვილისგან დავალებული ჯგუფებია, მეორე მხარეს კი საქართველოს საზოგადოების უდიდესი ნაწილი, მეცნიერები, სტუდენტები, მწერლები, ხელოვანები, სპორტსმენები... გასაგებია, რომ ეს მრავალფეროვანი და არაერთგვაროვანი საზოგადოებაა და შეიძლება ბევრ რამეში არ ეთანხმებოდნენ ერთმანეთს, მაგრამ სწორედ მაგაშია საქმე, რომ როდესაც ხელისუფლების ამა თუ იმ ნაბიჯს ერთფეროვანი მასა კი არ აპროტესტებს, არამედ საზოგადოების ფართო სპექტრი, მზექალა შანიძიდან ხვიჩა კვარაცხელიამდე, პირსინგიანი და თინეიჯერი სტუდენტებიდან სამ ომში დაგლეჯილ ქართველ მებრძოლებამდე, ბესიკ ხარანაულიდან თორნიკე შენგელიამდე და ირაკლი ლომოურიდან პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილამდე, ხომ უნდა მიხვდე, რომ სერიოზულ შარში ხარ. სტუდენტებთან, ექიმებსა და ჩვენს მეომრებთან ერთად, სიამაყით მინდა აღვნიშნო ჩემი კოლეგების, მწერლების, მთარგმნელებისა და ლიტერატორების მტკიცე და გამბედავი პოზიცია. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ნებისმიერი უთანხმოების მიუხედავად, გასაჭირში, ქვეყნისა და ერთმანეთის სადარაჯოზე მართლა მგლის ხროვასავით ვდგავართ. განსაკუთრებით მინდა გამოვყო ჩვენი მწერალი ქალები: კატო ჯავახიშვილი, დეა მეტრეველი, ქეთი ნიჟარაძე, ხათუნა თავდგირიძე, თეონა დოლენჯაშვილი... თუ ვინმე გამომრჩა, უკაცრავად, და კიდევ ერთხელ მოვუხადოთ მათ ქუდი სამოქალაქო და ადამიანური გამბედაობისთვის.
- როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის პოლიტიკურ უპასუხისმგებლობაზეც გკითხავთ...
- უნდა გამოგიტყდეთ, რომ ქართველი პოლიტიკოსების აბსოლუტური უმრავლესობის ხსენებაზე, პირველი და... ბოლოც, რაც თავში მომდის, კარგი გემრიელი, დარბაისლური, ღრმააზროვანი, დროში განვრცობილი, კახური მრავალჟამიერივით გრძელი და ბარაქიანი გინება გახლავთ... თუმცა თავს შევიკავებ... მაგრამ ერთი ამბავი რომ არ აღვნიშნო, ვერაფრით მოვისვენებ: 12 წლის წინ, ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს, ჩემს კრებულში "ორი მთვარის ამბავი" ასეთი ჩანაწერი მაქვს: "მსოფლიოს უმეტეს ნაწილში პოლიტიკოსები იყოფიან ორ ნაწილად: პოზიციად და ოპოზიციად, ხოლო საქართველოში პოლიტიკოსები იყოფიან ასევე ორ ნაწილად: ბოზიციად და ობოზიციად..." 12 წლის შემდეგაც ეს "ტიტული" ქართველ პოლიტიკოსებს იმდენად უხდებათ, ეს "ბოზიცია და ობოზიცია" იმდენად ზედგამოჭრილია, რომ როდესაც სხვები იყენებენ, ვეჭვიანობ და მოვითხოვ, რომ დაიცვან ჩემი საავტორო უფლებები და საერთოდ, ამ "სენტენციით" არანაკლებ ვამაყობ, ვიდრე ჩემი ყველა თავგადასავლით ან ლიტერატურული პრემიით... ეს ხუმრობით, სერიოზულად კი კატასტროფაა, როდესაც ჩვენი დამოუკიდებლობის 33 წლის განმავლობაში ქართველი პოლიტიკოსები ჩამოყალიბდნენ უპასუხისმგებლო, უუნარო, ხარბ, სულგაყიდულ, უპრინციპო, კორუმპირებულ და მომხვეჭელ სოციალურ კასტად თუ ჯგუფად!.. სიტყვა "პოლიტიკოსი" საქართველოში კარგა ხანია ანგარების, სისულელის, სიბრიყვის, გაუტანლობისა და უთავმოყვარეობის სინონიმად და სალანძღავ სიტყვად იქცა. წესიერ კაცს ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ქუდი რომ შეუგდო, არ შევა და შესაბამისად, ბურთი და მოედანი, მას შემდეგ, რაც ბედაურები გადაშენდნენ, ვირებს დარჩათ, ჩემო ბატონო!.. ან ვირებს რას ვერჩით, ამ პატიოსან და მშრომელ ცხოველებს, რომლებიც უწიგნურ და უქნარა პოლიტიკოსებთან შედარებით, უკეთ უძღვებიან საკუთარ საქმეს. სინამდვილეში, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით უბედურებაა და თუ სასწრაფოდ რამე არ ვიღონეთ, ამ უზარმაზარი კატაკლიზმებისა და რყევების ჟამს (ვგულისხმობ თუნდაც რუსეთ-უკრაინის ომს და არა მარტო), ისე შემოგვეფშვნება ეს ჩვენი, ამდენი სისხლით, ბრძოლითა და მსხვერპლით აქამდე მოღწეული საქართველო, ვერც გავიგებთ. რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში 223 წლის განმავლობაში სხვადასხვა სტატუსით ყოფნამ ჩვენს პოლიტიკურ განვითარებასა და სახელმწიფოებრივ მენტალიტეტზე დამღუპველად იმოქმედა. სხვა მხრივ, თითქოს ვერაფერი დაგვაკლეს, ენა ჩვენი გვქონოდა და ანბანი, თან ერთის მაგივრად, სამი... ნიჭიერი ხალხიც არ გვაკლია, კარგ არტისტს, მომღერალს, პოეტს, მოჭიდავეს, მწერალსა და საერთოდ, უნარიან ადამიანს ვერ გამოლევ, აი, თითქოს ფეხბურთი ჩაგვივარდა, მაგრამ გამოვარდა აგერ ეს ბიჭი, ხვიჩა კვარაცხელია, და მთელ იტალიას, ევროპასა და მსოფლიოს თავზე იმხობს... აი, პოლიტიკური განვითარების, სახელმწიფოებრივი სკოლის თვალსაზრისით კი ამ ორ საუკუნოვანმა ჭრამ თითქოს შავი ხვრელი დაგვიტოვა. არა უშავს, იმედია, ესეც დალაგდება. ჩვენ ხშირად გვავიწყდება, რომ თუნდაც საფრანგეთში დღეს მეხუთე რესპუბლიკაა, წინა ოთხი ვერ გამოდგა და მთელი მე-19 საუკუნეც პარიზის ქუჩებიდან ბარიკადები არ ალაგებულა. ასე რომ, ჩვენც გვეშველება. ამას დრო სჭირდება, თუმცა ამ დრომ კი გადაიყოლა ჩვენი თაობის სიცოცხლე და რაღა დაგიმალოთ, ცოტა გული მწყდება, მაგრამ აგერ მოდის ფანტასტიკური ახალგაზრდობა და იმედია, ის გაარღვევს ბოლო, "მეხუთე" ბარიკადს! თან არც ჩვენ ვაპირებთ შორიდან ხელებჩამოშვებულ ყურებას! ბოლომდე მივეხმარებით! რა-რა და, ჩხუბი ყოველთვის გვარიანი ვიცოდით და ჯერაც ცოცხლები ვართ...
- 90-იანი წლების პროცესები თქვენ თვალწინ განვითარდა... გასულ დღეებს იმ წლების მოვლენებს ადარებენ. თავად რა განსხვავებები და მსგავსებები დაინახეთ?
- ასეთი შედარებები თითქოს ყოველთვის სათუოა, განსხვავებული სიტუაციის, მოტივაციისა და საერთო ვითარების გამოც. ბევრს ავიწყდება, რომ ე.წ. ბნელი 90-იანები მხოლოდ საქართველოსთვის არ იყო "ბნელი", და მხოლოდ აქ არ ვითარდებოდა დრამატული და ტრაგიკული ამბები, რაშიც დღემდე გვდებენ ბრალს მაშინ სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს ან პირველ-მეორე კურსის სტუდენტებს. მეტიც, დღემდე ატაცებულია სრულიად აბსურდული და იდიოტური "თეორია", რომ მაგათ "ერთხელ ამერიკაში", "ნაიარევ სახეს" და "ნათლიას" უყურეს, გადაირივნენ, ატეხეს სროლა, ომი და უბედურებაო. ლამის საკანონმდებლო აქტში შეიტანონ ეს აბსურდული სისულელე, ან საყოველთაო აქსიომად და უცილობელ ჭეშმარიტებად აღიარონ. წარმომიდგენია, ამ ფილმების მთავარი როლის შემსრულებლების, რობერტ დე ნიროსა და ალ პაჩინოს გაოგნებული სახეები, ვინმემ რომ გაუმხილოს, კავკასიის ერთი პატარა ქვეყნის მოსახლეობა თქვენ და თქვენს ფილმებს აბრალებს სამოქალაქო ომის დაწყებას და მათი ცენტრალური პროსპექტის გადაწვასო. სინამდვილეში, 90-იანების დასაწყისში თითქმის მთელ მსოფლიოს ცუნამივით გადაუარა სხვადასხვაგვარი ომების თუ ეთნოკონფლიქტების წყებამ და ეს დიდწილად საბჭოთა კავშირის ბოროტების იმპერიის ნგრევას მოჰყვა. ამ მონსტრის ნანგრევებში, ქართველების გარდა, უამრავი ერი მოყვა. გავიხსენოთ ბალკანეთი, სულ ცოტა, სამმაგი სისხლისმღვრელი ომი მიმდინარეობდა სერბებს, ხორვატებსა და ბოსნიელ მუსლიმანებს შორის, რომელსაც მოგვიანებით კოსოვოელ ალბანელებთან ბრძოლაც მოჰყვა; საქართველო-რუსეთის ომები ცხინვალსა და აფხაზეთში, სომხეთ-აზერბაიჯანის ომი ყარაბაღში, კონფლიქტი მოლდოვასა დნესტრისპირეთს შორის, რუსეთ-ჩეჩნეთის პირველი ომი, ოსეთ-ინგუშეთის საშინელი შეტაკება, ტაჯიკეთის თითქმის 5-წლიანი სამოქალაქო ომი და უამრავი ნაცნობი თუ უცნობი შეტაკება (ტაჯიკებსა და უზბეკებს, ყირგიზებსა და ტაჯიკებს, ყირგიზებსა და უზბეკებს შორის) და ბოლოს ხუტუ-ტუტსის საშინელი გენოციდი შორეულ აფრიკაში, რუანდაში, როდესაც მსხვერპლი მხოლოდ იმაში იხდიდა ფულს, რომ ცეცხლსასროლი იარაღით მოეკლათ და მაჩეტეთი არ დაეჩეხათ (საინტერესოა, იქ რომელ საშინელებათა ფილმებს უყურებდნენ). ასე რომ, სრული სურათის აღსადგენად, ვფიქრობ, უფრო გლობალურად უნდა გადავხედოთ მაშინდელ მსოფლიო მოვლენებს და უფრო მასშტაბური ფაზლის აწყობა მოგვიწევს, ვიდრე მხოლოდ ჩვენი ნაციონალური ტრაგედია, გადამწვარი თბილისი ან ზუგდიდია.
რაც შეეხება განსხვავებასა და მსგავსებას: 90-იან წლებში მართლაც შექსპირისეული ტრაგედიები დატრიალდა ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ დამოუკიდებლობის იდეის ერთგულება, ბრძოლა გაცილებით მეტი იყო. თანამედროვე პოლიტიკოსებს ვერც შევადარებ, ბოლოს და ბოლოს, ჩვენ მერაბ კოსტავა გვყავდა - მონუმენტური ფიგურა, რომელსაც ახლანდელი პოლიტიკანი პიგმეები სულ ერთმანეთზე რომ დაალაგო, კოჭებამდეც ვერ მისწვდებიან...
კიდევ ერთი - თანამედროვე პოლიტიკოსები ისეთი სისწრაფით იცვლიან პოლიტიკურ მისწრაფებებს, იდეალებსა და პარტნიორებს, თვალს ვერ მოასწრებ, ორშაბათს რომ ისეთ უმძიმეს ბრალდებას წაუყენებენ ერთმანეთს, როგორც სამშობლოს ღალატი და ოკუპანტი რუსეთის ნომრიანი აგენტობაა, სამშაბათს ერთად არიან; ოთხშაბათს რომ დედას აგინებენ ერთმანეთს, ხუთშაბათს ხელიხელგადახვეულები დგანან და ერთმანეთს ხოტბას ასხამენ, თანაც ამ ორპირობას ურცხვად "პოლიტიკური თამაშის წესებს" უწოდებენ. ამის საწინააღმდეგოდ შემიძლია თუნდაც პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას მომხრეები მოვიყვანოთ. ამდენი წლის დევნის, რეპრესიებისა და სიკვდილის მიუხედავად, ისინი დღემდე მაინც თავიანთი პრინციპებისა და დამოკიდებულების ერთგულები რჩებიან. კი, ჩვენს დროსაც უამრავი შეცდომა იყო, უამრავი უბედურება დატრიალდა, შეიძლება ძალიან გულუბრყვილოები და ინფანტილურებიც კი იყვნენ, მაგრამ ჩემთვის პირადად ის გულუბრყვილო თავგანწირვა და ერთგულება ახლაც გაცილებით გასაგები და მისაღებია, ვიდრე დღევანდელი სარფსა და სარგებელს გამოკიდებული ვაჭრუკანული და ყველაფრის მკადრებელი სოლომონ მეჯღანუაშვილების სათავეში წამოსკუპება. წეღანაც მოგახსენეთ, ეს ყველაფერი, მათ შორის ნაირ-ნაირი პოლიტიკური შარლატანებისა და სპეკულანტების წამოტივტივება, რუსეთის იმპერიაში 223 წლის ყოფნამ გამოიწვია, რომელიც ჭლექივით შავ ჩრდილად ეწვა საქართველოს თავისუფლების ფილტვებს, ახლა კი საფუძვლიანი მკურნალობა მოგვიწევს. ამ ყველაფრიდან მხოლოდ ერთი დასკვნა შეიძლება გამოვიტანოთ: საქართველოსა და ქართველი ერისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სრული პოლიტიკური დამოუკიდებლობა და სახელმწიფოებრიობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება რომელიღაც ქართველმა მაგრად იჭიდაოს, დიდი ლიტერატურული ნაწარმოები შექმნას, კარგად იცეკვოს ან სულაც ყველაზე დიდი იმპერიის სათავეში მოექცეს და მთელი 30 წლის განმავლობაში თავის ნებაზე ხერხოს, მაგრამ მთლიანობაში როგორც ერი, საკუთარი სახელმწიფოს, პირადი პასუხისმგებლობისა და თავისუფლებისათვის გამუდმებული ბრძოლის გარეშე აუცილებლად ვდეგრადირდებით და გავნადგურდებით. სხვათა შორის, არსებობენ ჩვენზე ცნობილი, მრავალრიცხოვანი და არანაკლები კულტურისა და ტრადიციების მქონე ერები: შოტლანდიელები, ბასკები, ტიბეტელები, უიღურები, ინდოეთში სიქჰები, გუჯარეთელები, ტამილები და ა.შ., რომლებიც სახელმწიფოებრიობის გარეშეც ინარჩუნებენ თვითმყოფადობას, ცნობადობასა და კულტურას, მაგრამ, როგორც ჩანს, ქართველებს სხვა მენტალიტეტი, ფუნქცია და მისია გვაკისრია კავკასიაში, ევროპასა და მთელ მსოფლიოში.
- ახალგაზრდებმა პოლიტიკოსებს ტრიბუნაზე ასვლის საშუალება არ მისცეს, ხედავთ თუ არა პოტენციალს, რომ ეს ახალგაზრდები პროცესების მართვას დამოუკიდებლად შეძლებენ?
- მართალი გითხრათ, ძალიან დიდი ხანია ისე არაფერი გამხარებია, როგორც 7-8-9 მარტის აქციებიდან პოლიტიკოსების გაპანღურება. ისევ მერაბ კოსტავას მივიბრუნდები: "ბატონებო, უნდა გიყვარდეთ ეროვნული მოძრაობა თქვენს თავში და არა თქვენი თავი ეროვნულ მოძრაობაში". ჩვენი ახლანდელი და წინა ხელისუფლების წარმომადგენლები ისე თავდავიწყებით არიან საკუთარ თავზე შეყვარებული, თანაც უსაფუძვლოდ, ვეღარაფრით იჯერებენ იმ უდავო ფაქტს, რომ არამცთუ არ ვიზიარებთ მათ ასეთ თავგამოდებულ ტრფიალებას საკუთარი პატივცემული გვამების მიმართ, არამედ სრულიად სერიოზულად და აბსოლუტურად საფუძვლიანად და ერთნაირად გვძულს და ვერ ვიტანთ! ამ ეგოცენტრიზმმა ისე დააბრმავა ყველანი, რომ ჰგონიათ, თვითონ ჭკვიანები და აი, ეგეთი ეშმაკები არიან, ჩვენ კი, მთელი ქვეყანა, სულელები, თანაც ამნეზია გვაქვს და არც ამათი ნაძირლობები გვახსოვს, არც დანაშაულები, არც გირგვლიანი, არც მაჩალიკაშვილი, არც 7 ნოემბერი, 11 მაისი და არც 20 ივნისს თვალდათხრილი ბავშვები და 7-8-9 მარტს მოწყობილი ამბები. მეტიც, ისე არიან ხელიდან წასული, როდესაც პარლამენტის უკან აქციაზე ახალგაზრდებმა პირდაპირი მნიშვნელობით ჭიტლაყის კვრით ჩამოაგდეს ტრიბუნებიდან, არც მაშინ გაიტეხეს იხტიბარი, ყველაფერი კარგად არის, ეს ჩვეულებრივი ამბავიაო და, ბრიუსელში გაფრინდნენ. სად ბრიუსელში მიდიხარ, ბიჭო, საკუთარ ქვეყანასა და ქალაქში ხმის ჩახლეჩამდე გისტვენენ და გაგინებენ და მანდ ვის უნდიხარ?! ტყუილად გგონივართ სულელები და ახალგაზრდობაც ტყუილად გგონიათ გულუბრყვილო ბავშვები, რომლებსაც კვლავ სათავისოდ, თქვენი გვერდების გასასუქებლად გამოიყენებთ. ყველაფერი გვახსოვს და ახსოვთ ამ ახალგაზრდებს. ახსოვთ და აცნობიერებენ, რომ ჩვენ ყველას ერთი მტერი გვყავს - კრემლი და რუსეთი, პრორუსული ხელისუფლება საქართველოში და ეს სულაც არ ნიშნავს, რომ წინა ხელისუფლებაში ყველა გასვრილი და დრომოჭმული ვიგინდარა უნდა დავიყენოთ გვერდით. ამ გოგონებმა და ბიჭებმა უკვე გვაჩვენეს, რომ მათ ყველაფერი ხელეწიფებათ და ყველაფერს შეძლებენ. რაც მთავარია, ჩვენმა ახალგაზრდებმა ნათლად დაგვანახეს, რომ "ნაცებიც" და "ქოცებიც", ეს ერთი ჯოხის ორი ბოლო, სამუდამოდ და სამარცხვინოდ ჩაჰბარდნენ წარსულს, რომ ილია ჭავჭავაძისა და აკაკი წერეთლის ძეგლის ქვეშ შეკრებილებს ნათლად ჩაესმით ილიას "მომავალი თქვენია" და აკაკის "და აწ კი ახალგაზრდები გამოდით თქვენი ჭირიმეთ".
- ხშირად ამბობენ, რომ მავანნი მიზეზს ეძებენ საქართველოში მეორე ფრონტის გასახსნელად. თქვენ ხედავთ ამის ნიშნებს?
- არავითარ შემთხვევაში, არანაირი მეორე ფრონტის გახსნაზე საუბარიც კი არ შეიძლება და როგორც კი ამ თემაზე ვინმე საჯარო საუბარს დაიწყებს, იმწამსვე შეგიძლიათ გაანეიტრალოთ როგორც პროვოკატორი და "ლუბიანკის" ჯაშუში. ჯერ ერთი, თუ ვინმემ იომა ამ რუსული მონსტრის წინააღმდეგ, პირველი სწორედ საქართველოა, რომელიც ჯერ კიდევ 1990 წლიდან უწევდა შეიარაღებულ წინააღმდეგობას რუსეთის საოკუპაციო ჯარებს და ეს შეტაკებები საქართველო-რუსეთის ცხინვალის პირველ (1990-1992) და აფხაზეთის (1992-1993) სრულმასშტაბიან ომებში გადაიზარდა. სხვათა შორის, სოხუმის დაცემის შემდეგაც, 1993 წლის 27 სექტემბერს, არ შეწყვეტილა პარტიზანული ბრძოლები რუსული სამხედრო შენაერთების წინააღმდეგ როგორც კოდორის ხეობაში, ასევე გალის რაიონში. ძალიან სერიოზული შეტაკება მოხდა ცხინვალში 2004 წლის ზაფხულშიც და ამ ყველაფრის მომსწრე და მონაწილე თავად გახლავართ. არაერთი რეპორტაჟი მაქვს გამოგზავნილი აფხაზეთიდან და ცხინვალიდან. ეს ყველაფერი ჩემ თვალწინ ხდებოდა... ამ ყველაფერს კი კვლავ საქართველო-რუსეთის ცხინვალის მეორე ომი მოჰყვა 2008 წლის აგვისტოში. რატომ გავიხსენე ეს ამბები ასე დაწვრილებით? იმიტომ, რომ ყველას შევახსენო - როდესაც ყველა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა მშვიდად და უშფოთველად უვლიდა საკუთარ ქალაქებში ლენინის ძეგლებს, ჩვენ ამ ხნის განმავლობაში ავტომატი არ გაგვიგდია ხელიდან და მეორე ფრონტიც გახსნილი გვქონდა, პირველიც და მესამეც. ეს ისე, ცნობისთვის... ამ სამმა მილიონმა ხალხმა იმდენი სისხლი გავიღეთ, იმდენი დავკარგეთ სიცოცხლე თუ ტერიტორიები და ისეთი ფსიქოლოგიური და მატერიალური ზარალი განვიცადეთ, რომ კიდევ ერთ სრულმასშტაბიან ომს ეს ქვეყანა ვერ გაუძლებს. მეორეც - ფრონტის გახსნას, პირველი იქნება თუ მეორე, სჭირდება სერიოზული დაგეგმარება, საუკეთესოდ მომზადებული გენშტაბი, ავიაცია (2008 წლის ომი სწორედ ზეცაში რუსეთის უპირატესობამ წაგვაგებინა, თორემ კონტაქტურ ბრძოლებში მშვენივრად ავახიეთ სახე), არტილერია, საქართველოს შემთხვევაში, საზღვაო დაცვა. ჩვენ კი კავკასიის მასშტაბითაც ყველაზე მცირერიცხოვანი და მცირებიუჯეტიანი არმია გვყავს. თუ გავიხსენებთ იმასაც, რომ შევარდნაძიდან მოყოლებული ყველა ხელისუფლება განსაკუთრებით ერჩის საკუთარ არმიას, არ ენდობა და პრინციპულად ეშინია მისი, მაშინ საკითხავია, რომელ მეორე ფრონტის გახსნაზეა საუბარი, ვინ უნდა იბრძოლოს?! ვისი სისხლის ხარჯზე?! ვის უნდა უღალატონ და ვინ უნდა გაიწიროს?! ისევ ქართველი ჯარისკაცი და მოსახლეობის ბრძოლისუნარიანი ნაწილი ხომ არა?! აბა, ჩვენს პოლიტიკოსებს იარაღს ააღებინებ კი არა, ორპირშიც არ დასხდებიან, ემანდ არ გავცივდეთო. ვიმეორებ - საქართველოს ტერიტორიაზე ყოველგვარი ომი და საბრძოლო მოქმედება კატეგორიულად დაუშვებელია ამ და კიდევ რამდენიმე ძალიან სერიოზული ასპექტის გამო, რომელთა ჩამოთვლასაც კიდევ ერთი ინტერვიუ დასჭირდება. ისე კი, თუ ვინმეს თავი გვაქვს, რომ ცნობილი მწერლის, დიდი ნიკო ლორთქიფანიძის ანდერძი შევასრულოთ: "ბაბუაჩემმა ასე დამიბარა - ბაბუ, იცოდე, საცა რუსი მარჯვედ წაისწრო, არ დაზოგოვო", ყველგან წავალთ - აგერ 2000 ქართველი იბრძვის უკრაინაში. გული მიგრძნობს, დღეს-ხვალ ჩრდილოეთი კავკასიაც დაიძახებს, ვ გორახ კავკაზა აპიატ გორიატ კასტრიო, და გადავალთ და გავუხსენებთ რუსებს რაღაც-რაღაცებს, რა პრობლემაა?! ჩვენ, ქართველები, გულღრძო ხალხი არა ვართ, სისხლს ავიღებთ, შურს ვიძიებთ და იქვე დავივიწყებთ წყენას. აბა, სულ რუსებზე დაბოღმილები ხომ არ ვივლით ამ მზიან საქართველოში?
- როგორ ფიქრობთ, რამდენად სწორი გეზი აქვს აღებული საზოგადოებას?... ახალგაზრდების სულისკვეთება, ბრძოლის ჟინი... არის თუ არა ეს ის ნაბიჯი, რომელიც ევროპასთან თუ არ მიგვიყვანს, კიდევ უფრო დაგვაახლოებს?
- ქართულმა საზოგადოებამ ამ დღეებში კიდევ ერთხელ აჩვენა თავისი ძალა, სიმართლე და გამბედაობა. ჩვენს საზოგადოებას ბევრ რამეზე შეიძლება ვუსაყვედუროთ, რომ უკეთესი, უფრო წარმატებული, თავისუფალი და განათლებული საზოგადოება გვინდა და ასეც უნდა იყოს, მაგრამ სამართლიანობისთვის ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ თუ თანამედროვე საქართველოში რაიმე კარგი ხდება და რამაც, ავად თუ კარგად, აქამდე მოგვიყვანა, ეს სწორედ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება, მისი სტუდენტობა, მეცნიერები, სპორტსმენები, ხელოვანები და მწერლობაა, მისი გულწრფელი, პასუხისმგებლიანი და პატიოსანი ნაწილი. რაც შეეხება ევროპასთან მისვლა-დაახლოების თუ დაშორების საკითხს: ნება მომეცით, ერთი ისტორიული ფაქტი შეგახსენოთ, რომელზეც, სხვათა შორის, იტალიაში, ქალაქ ბარის მე-13 საუკუნის უნივერსიტეტშიც მქონდა საუბარი 2018 წლის შემოდგომაზე ჩემი წიგნის პრეზენტაციაზე და იქაც მოვახსენე, საკმაოდ დიდ და სერიოზულ აუდიტორიას, როდესაც ამ საკითხზე ჩამოვარდა ლაპარაკი... როდესაც ევროკავშირში მიღება-არმიღებაზე და ევროპასთან დაშორებასა თუ დაახლოებაზეა საუბარი, ჩვენ გვავიწყდება, რომ ევროპა თანამედროვე და მით უმეტეს, ისტორიულად, თავისი ანტიკური ეპოქით, ქრისტიანული ფასეულობებით და ამ ფასეულობებში აღმოცენებული ლიბერალური თუ დემოკრატიული და სოციალური ასპექტებით სხვებთან ერთად სწორედ ქართველებმა შევქმენით. დიახ, ძველ ებრაელებთან, ძველ ბერძნებსა და ძველ რომაელებთან ერთად უძველესი კოლხეთის სამეფოა თავისი ოქროს საწმისითა და მედეათი თანამედროვე ევროპის ისტორიული და სრულფასოვანი ფუძემდებელი და წინაპარი; სწორედ ქართველთა მეფე ფარსმან ქველის ქანდაკება იდგა რომის ცენტრში ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ევროკავშირის ქვეყნების უმრავლესობა არც არსებობდა და უკეთეს შემთხვევაში, 10-15 საუკუნის შემდეგ დაიწყებენ არსებობას, მათ შორის ევროკავშირის დედაქალაქი ბრიუსელიც. ვინც არსებობდნენ, იმათაც ვანდალები ერქვათ და ტყავებშემოხვეულები, ფეხშიშველები მისდევდნენ დროგებს კობურგის, საქსონიის თუ სილეზიის გაუვალ ტყეებში. ასე რომ, საქართველო უნდა მიიღონ და არ მიიღონ კი არა, საქართველო თავად არის ევროპა და მისი სრულფასოვანი და უძველესი წევრი. ის ახლა ისე ბრუნდება თავის სახლში, როგორც შორეულ ტარტარიის ურდოსთან მძიმე ლაშქრობიდან დაბრუნებული უკანასკნელი ჯვაროსანი რაინდი.
- ფიქრობთ, რომ ოდესმე დადგება დრო, როდესაც მოვეშვებით ერთმანეთში მოღალატის ძებნას და შევძლებთ გარჩევას, ვინ მტერია და ვინ მოყვარე?
- საქართველოს ოდითგანვე აკლდა ერთიანობა. ვფიქრობ, ეს უკვე საუკუნეთა სვლაში ბედუკუღმართობის ჟამს შეძენილი კი არა, თანდაყოლილი ნაკლია. გახსოვთ დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი? "ნათესავი ქართველთა ორგულ არს!" რას ვიზამთ, ნამეტანი თავისნათქვამა, ამპარტავანი და მოუსვენარი ხალხი ვართ, ჩვენი ხიბლიც ეს არის და ნაკლიც. ალბათ, ისიც მოქმედებს, რომ ეთნომენტალიტეტი და წარსული იმპერიულად მოაზროვნე ხალხისა გვაქვს, ბოლო 5-7 საუკუნეა კი სრულ პოლიტიკურ პროვინციაში ამოვყავით თავი და რამდენჯერმე პირდაპირ განადგურების საფრთხეც კი დაგვემუქრა. ვნახოთ, როგორ გავართმევთ ამ ყოველივეს თავს. დამოუკიდებლობა და თავისუფლება იმითაც არის დიდი და საუკეთესო გამოცდა, რომ ყველაფერი ჩვენს ხელშია და თავად გავცემთ პასუხს ყველაფერზე - დავიღუპებით თუ ყოველდღიური ბრძოლით შევინარჩუნებთ მტრისა და მოყვრის თვალში დიდი და მნიშვნელოვანი ერის სახელს.
ეკა სალაღაია