ყველაფერი ალერგიის შესახებ
უკვე ბევრმა იგრძნო, რომ სეზონური ალერგიების აქტიური პერიოდი დადგა. ჩვენს რუბრიკაში პოლინოზის ანუ სეზონური ალერგიული დაავადებების მართვის, პროფილაქტიკისა და მკურნალობის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგ ბიძინა კულუმბეგოვთან ვისაუბრებთ:
- სეზონური ალერგია ნიშნავს, როდესაც ადამიანს მგრძნობელობა მომატებული აქვს, ანუ ალერგიულია ამა თუ იმ მცენარის ყვავილის მტვრის მიმართ. როდესაც მცენარეთა ყვავილის მტვერი მიაღწევს ჰაერში შეწონილ განსაზღვრულ კონცენტრაციას, ალერგიული ადამიანი ამას უმალ გრძნობს, ვინაიდან შემაწუხებელი კლინიკური სიმპტომები ეწყება.
- სანამ ამ სიმპტომებზე ვისაუბრებთ, ყვავილობის სეზონები განვიხილოთ.
- ხეები, ბალახები და სარეველები - ასე იყოფა მცენარეული სეზონები. პირველი სეზონია ხემცენარეების ყვავილობა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში თებერვლიდან იწყება და აპრილის შუა რიცხვებამდე გრძელდება. უპირველესად მოიაზრება ისეთი მცენარეები, როგორიცაა, მაგალითად, თხილი, რომელიც განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში ზამთარში ყვავილობს და გამოყოფს ყვავილის მტვერს მაშინ, როცა თხილს ჯერ კიდევ არა აქვს ფოთოლი. მარტსა და აპრილში საქართველოში ხემცენარეებს შორის ნომერი პირველი ალერგენია კვიპაროსის ყვავილის მტვერი. ალერგიულობის ხარისხს, თუ რა ძალა აქვს ამა თუ იმ მცენარის მტვერს, 5-ქულიანი ნიშნით ვაფასებთ. ნული ქულა იწერება, როდესაც რომელიმე ხემცენარის მტვერს არა აქვს ალერგიული პოტენცია. ასეთია, მაგალითად, წიწვოვანი მცენარეები - ფიჭვი და ნაძვი. მათი მტვერი შეიძლება ბევრი და თვალსაჩინო იყოს, ხშირად ქალაქშიც კი გვხვდება მანქანებზე დილაობით დადებული და ბევრს ეშინია ხოლმე, მაგრამ სულ ტყუილად, ეს მტვერი არ წარმოადგენს ალერგენს. კვიპაროსი ამ ალერგიული შეფასების სკალით 5 ქულას იმსახურებს. კვიპაროსი სხვადასხვა სახეობის არსებობს. ურბანულ განაშენიანებაში ჩვენ ხშირად მოვუწოდებთ ქალაქის მესვეურებს, ჭარბად ნუ დარგავენ ალერგიული პოტენციალის 5 ქულით შეფასებულ მცენარეებს. უპრიანი იქნება დაირგოს თუნდაც ჭადარი, მუხა, თელა, წიფელი, ნაძვი, ფიჭვი, სოჭი.
- ჭადარი არ არის ალერგიის მიზეზი?
- ჭადარი ჟანგბადის წარმომქმნელი ერთ-ერთი ძლიერი მცენარეა. კვიპაროსისგან განსხვავებით, მას ალერგიული პოტენციალი 3 ქულა აქვს. რასაც ვხედავთ, ყველაფერი ალერგენი არ არის. ალერგიული მტვრის მარცვალი უხილავია და მხოლოდ მიკროსკოპის ქვეშ გამოიცნობა. ჭადრის მფრინავი ბუსუსები მხოლოდ მექანიკური გამაღიზიანებლებია. როდესაც ბუსუსები ჰაერში ვრცელდება, ჭადარს ალერგიული მტვრის გავრცელება უკვე 1 თვის დასრულებული აქვს.
აპრილის ბოლოდან და მაისის დამდეგიდან ბალახოვანი მცენარეების ყვავილობა იწყება. ყვავის ტიმოთელა, თივაქასრა, ინგლისური კოინდარი. ხშირად მათგან გამოწვეულ პოლინოზს თივის ცხელებასაც უწოდებდნენ, რადგან ადამიანს თივასთან კონტაქტის შემდეგ ეწყებოდა შემაწუხებელი სიმპტომები. მაისში, ივნისსა და ივლისში ბალახოვანი და მარცვლოვანი მცენარეების ყვავილობაა. აგვისტოში, სექტემბერსა და ოქტომბერში, მესამე სახეობის მცენარეები ვრცელდება, კერძოდ, სარეველა მცენარეები, რომელთა ყველაზე აგრესიული, ასევე 5-ქულიანი წარმომადგენელია ამბროზია.
- ალერგიის სიმპტომებზე ვისაუბროთ.
- ყველაზე ხშირად ადამიანებს ბალახებზე აქვთ ალერგია, ანუ მაისი-ივნისი-ივლისის მცენარეებზე. შემდეგ მოდის ხეებზე ალერგია და შედარებით უფრო ნაკლები ადამიანი განიცდის ამბროზიის მიმართ ალერგიას. კლინიკური სიმპტომები ვითარდება მაშინ, როდესაც ადამიანს მცენარის მტვრის მარცვალი მიეწებება. თუ თვალზე მოხვდება, ვითარდება ცრემლდენა, ქავილი, სიწითლე. თუ მოხვდება ცხვირის ლორწოვანზე, განვითარდება ალერგიული რინიტი, რომლის სიმპტომია ცხვირის ქავილი, გამონადენი, ცხვირის გაჭედვა ან ცემინება. ასევე ძალიან შემაწუხებელია სასის ქავილი. ზოგს ყური სიღრმეში ექავება. ბევრს წლების განმავლობაში აქვს პოლინოზის მოვლენები და სეზონის დადგომისთანავე, გარდა ამ სიმპტომებისა, შეიძლება ჰქონდეთ სეზონური ასთმის მოვლენებიც - ანუ თუ ეს ალერგენები ჩავიდა ქვედა სასუნთქ გზებში, იწყება ბრონქების შეშუპება, ნახველის წარმოქმნა, ბრონქების დაცობა.
- როგორ გავარჩიოთ გაციება და ალერგია, როცა სიმპტომები მსგავსია?
- ხშირად ალერგიის სიმპტომები გაციებასთან არის ასოცირებული, მით უმეტეს, რომ გაზაფხულზე ვირუსებიც ბლომადაა და რთული გამოსაცნობია არაექიმური თვალისთვის ვირუსულ დაავადებასთან გვაქვს საქმე თუ ალერგიასთან.
1. გაციებისთვის დამახასიათებელი კარდინალური ნიშანია ვირუსული დაავადება და ძირითადად მიმდინარეობს მაღალი ან დაბალი ტემპერატურით. ალერგიისთვის ტემპერატურა დამახასიათებელი არ არის. 2. სურდო, რომელიც ჩნდება ვირუსული დაავადების დროს, დაავადებიდან 3-5 დღის შემდგომ შესქელდება და ფერს შეიცვლის ხოლმე. ეს არასოდეს ახასიათებს ალერგიულ სეზონურ რინიტს. ასევე უნდა გვახსოვდეს, რომ ცხვირის ქავილი ვირუსისთვის დამახასიათებელი არ არის. 3. ვირუსული დაავადებები ძირითადად 7-დან 10 დღემდე გრძელდება. ამიტომ, თუ ამჩნევთ, რომ სიმპტომები 14 დღე და დიდხანს გაგრძელდა, 90%-ზე მეტ შემთხვევაში სეზონურ ალერგიასთან გვაქვს საქმე.
- ძირითადად, რა ასაკიდან ემართებათ სეზონური ალერგია?
- სეზონური ალერგია 90%-ს უკვე გამოვლენილი აქვს არა უგვიანეს 12-13-15 წლის ასაკისთვის. არსებობს იშვიათი გამონაკლისი, როდესაც უფრო ადრეულ ასაკში ვლინდება, და არის ასევე იშვიათი შემთხვევები, როდესაც 50-60 წლის ასაკში გამოუვლინდებათ ალერგიის ნიშნები.
- რა გართულება შეიძლება მოჰყვეს სეზონურ ალერგიას?
- უმეტესად ორ გართულებასთან გვაქვს საქმე; ცხვირის სიმპტომატიკა არასწორი მკურნალობის ან ე.წ. უმკურნალობის შემთხვევაში ხშირად შეიძლება გახდეს ცხვირის ღრუს დანამატი წიაღების (სინუსიტის, ჰაიმორიტის, ფრონტიტის), ანთების ჩამოყალიბების მიზეზი. ცხვირის პატარა გასავალი არხებით იხსნება დანამატი წიაღი ცხვირის ღრუში და როდესაც ადამიანს კვირის განმავლობაში ცხვირი შეშუპებული და გამონადენიანი აქვს, ხელსაყრელი პირობები იქმნება ამ წიაღებში ინფექციის დაგუბებისთვის. შესაბამისად, აუცილებელია ალერგიული სეზონური თუ არასეზონური რინიტის მართვა, რათა სინუსიტი არ ჩამოყალიბდეს. უმართავი რინიტი შეიძლება ჩავიდეს ქვედა სასუნთქ გზებში და სეზონურ ასთმადაც გადაიქცეს.
- არის თუ არა რაიმე პრევენცია, რომ თავი დავიცვათ ალერგიული დაავადებებისგან?
- თანამედროვე ალერგოლოგია იძლევა საშუალებას, რომ გამომწვევი ალერგენი (რომელი მცენარე, ბალახი თუ სარეველაა), თითქმის 100%-ით დადგინდეს, ზოგს კანის სინჯით, ზოგს სისხლის ანალიზით. შემდგომ წელს დადგენილი ალერგენის ყვავილობის პერიოდის დადგომამდე პაციენტმა ექიმის რეკომენდაციით მინიმუმ 2 კვირით ადრე უნდა დაიწყოს ალერგიული წამლის მიღება. რაც შეეხება მკურნალობას, არსებობს ანტიალერგიული, ცხვირის მოვლის პრეპარატები, თვალის წვეთები, რომელთა შერჩევა ექიმის კომპეტენციაა. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ - იმუნოლოგიის ცენტრმა დაახლოებით 5 წლის წინ რუსთაველის სამეცნიერო ფონდისა და ჩვენი ევროპელი პარტნიორების, ბერლინის სკოლის დახმარებით, შეიძინა მცენარეული მტვრის აღმრიცხველი სპეციალური აპარატები, რომელთაგან ერთი არის თბილისში, ერთი ბათუმში და ერთიც ქუთაისში. ჩვენ ყოველკვირეულად აპარატში არსებული წელვადი ქაღალდით ვიჭერთ მცენარეთა მტვერს, რომელიც ამა თუ იმ კვირაში ვრცელდება ჰაერში. ბოტანიკის ინსტიტუტიდანაც გვაწვდიან ყოველკვირეულ ინფორმაციას, თუ რომელმა მცენარემ დაიწყო გამოღვიძება და მტვრის ჰაერში გამოტყორცნა. ჩვენ ვაკეთებთ მცენარეული ალერგიების გავრცელების პროგნოზს და ვაქვეყნებთ სოცქსელში, ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის გვერდზე: მაგალითად, დაიწყო კვიპაროსმა ყვავილობა და მისდამი ალერგიულად განწყობილი ადამიანები ამ პერიოდში მოერიდეთ ბუნებაში ყოფნას.
კიდევ ერთი რამ - ვთქვათ, მკურნალობა დანიშნული გაქვთ, წამალს სვამთ და კიდევ რა ღონისძიებებს უნდა მიმართოთ:
1. როცა გაქვს სეზონური ალერგია და იცი, რომ შენი სეზონია, მზიან და ქარიან ამინდში მაქსიმალურად უნდა მოერიდო გარეთ ყოფნას. 2. ავტომანქანით გადაადგილებისას შეეცადეთ კონდიციონერი იყოს ჩართული, საქარე მინები და ფანჯრები კი ამოწეული. 3. როდესაც გარედან შედიხართ შინ, უნდა გამოიცვალოთ, აუცილებლად წყალი გადაივლოთ, რათა თმაზე, თვალებსა და წარბებზე მიწებებული მცენარეული მტვრის მარცვალი მექანიკურად ჩამოირეცხოთ. შვებას ალერგიულ ადამიანს აძლევს ნესტიანი, წვიმიანი ამინდები, წვიმის წყალობით მცენარეული ალერგენები ნიადაგში ჩაირეცხება. თუ ერთხანს არ გამოიდარებს, მათი რაოდენობა ჰაერში მკვეთრად დაიკლებს.
- არსებობს ალერგიისგან განკურნების შესაძლებლობა?
- 1911 წელს ინგლისელმა ექიმმა ნუნიმ ჩაუყარა საფუძველი ე.წ. ალერგიული დესენსიბილიზაციის მეთოდიკას. მას ჩვენ წარმატებით ვიყენებთ თანამედროვე ალერგოლოგიაში. როდესაც პირს დავუდგენთ დამნაშავე ალერგენებს, ჩვენს ევროპელ პარტნიორებს ვუკვეთთ წამალს, რომელიც პირის ალერგენზეა დამზადებული. მეორე საშუალებაა ენის ქვეშ ჩაწვეთება და კანქვეშა ინიექცია. 3 წელია პაციენტებს ვუკეთებთ იმ ალერგენს, რის მიმართაც აქვთ ალერგია და 8-დან 15 წლამდე პრაქტიკულად კარგავენ ალერგიის სიმპტომებს. ეს არის მიზეზზე ზემოქმედების გზა და ჰქვია ალერგენსპეციფიკური იმუნოთერაპია. ეკა სალაღაია
ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ კითხვებზე "კვირის პალიტრის" რუბრიკაში გიპასუხებთ კვალიფიციური სპეციალისტი.
მოგვწერეთ: ekasalaghaia@gmail.com