„გაიღიმეთ, ცხოვრება მიდის“ - კვირის პალიტრა

„გაიღიმეთ, ცხოვრება მიდის“

ვინც ფიქრობს, რომ სიყვარული ძალზე გაძვირდა, რომ ადამიანები აღარ უღიმიან ერთმანეთს და ამის გამო ძალიან წუხს, მან აუცილებლად ქუთაისი და მისი "დანტეს ფოტოგრაფი" უნდა გაიცნოს - იგივე­ დავით­ ოქროპილაშვილი. არ მეგულება ფოტოგრაფი, რომლის ფოტოებზე იმდენი ღიმილი იყოს აღბეჭდილი, რამდენსაც "დანტესი" ქუთაისის ქუჩებში აგროვებს.M იმიტომაც არის, რომ მის ფოტოებში ჩვეულებრივი და ხშირად ძალზე დაღლილი ქალები მზეთუნახავებად გადაიქცევიან; მამაკაცები კი კინოვარსკვლავებად. რაც მთავარია, ისინი მნახველს სიხარულს ანიჭებენ. პირადად მე კი 27 წლის "დანტესის" გაცნობაც მიხარია. ვფიქრობ, ისიც მოსახელე ედმონ დანტესივით, გრაფი მონტე-კრისტოსავით, იბრძვის ცხოვრების ნათელი მხარეების გამოსაჩენად, რისთვისაც ხშირად ამბობს: "გაიღიმეთ, ცხოვრება მიდის".

foto-1679821809.jpg

- 17 წლისამ ავიღე ჩემი არც ისე ხარი­სხიანი ფოტოაპარატი და მივაკითხე­ ქუთაისის სტუდიას, რათა ფოტოგრაფია­ ესწავლებინათ. მათ მასწავლეს ფოტოების დამუშავება. დანარჩენს თავად ავუღე ალღო. მოკლედ, თვითნასწავლი ფოტოგრაფი ვარ. ეს საქმე მაძლევს შემოსავალს: ქორწილები, ბანკეტები და ა.შ. თუმცა სხვა საქმეც მაქვს - ქუჩის ფოტოგრაფია. ხშირად ყოფილა, ცუდ ხასიათზე ვარ, მოვკიდებ ხელს ფოტოაპარატს და გავდივარ ქუჩაში გადასაღებად. ამ დროს ხალხისგან­ იმხელა სიყვარულს ვიღებ, რომ ყველაფერი­ ცუდი მავიწყდება.A როგორც ვხვდები, მე უფრო მჭირდება ეს ბედნიერება, ვიდრე მათ, ვისაც ვიღებ - თუ ვიღაცას დადებით ემოციას ვაჩუქებ, ის ვიღაც მე უფრო მეტს მაძლევს. უფრო ხშირად გადაღების ობიექტი ვერ მხედავს. როდესაც გადაღებას დავასრულებ, მაშინ მივდივარ და ვეუბნები, ნახე, აი, რა გადავიღე-მეთქი. თითქმის არასოდეს არავინ მიბრაზდება,M მით უფრო ახლა, როცა უკვე მცნობენ. ფოტოების საჯარო სივრცეში გამოტანაზეც ასე ვთანხმდებით. თუმცა ზოგჯერ ფოტო იმდენად კარგი ყოფილა, ვერ მომითმენია და შეთანხმების გარეშე გამიტანია საჯაროდ. საბედნიეროდ, უკმაყოფილო არავინ დამრჩენია.

- უკმაყოფილო როგორ გეყოლებათ, როდესაც თქვენი ფოტოები სიკეთეს ასხივებს.­ მართლაც სად ხვდებით ამდენ თბილსა და გაღიმებულ ადამიანს, როდესაც რთულმა ცხოვრებამ ღიმილი თითქმის დაგვავიწყა.

- არავის არაფერი დავიწყებია. შენ რასაც გაიღებ, ხალხიც იმით გიპასუხებს. მე მიყვარს ადამიანები, ჩემი ქალაქიც და ამიტომ ხშირად ვიღიმები. განსაკუთრებით, როდესაც ვიღებ. ჰოდა, სხვებიც იმავეთი მპასუხობენ, თანაც ცხოვრება ხომ მართლა მიდის და რატომ არ უნდა გავიღიმოთ? ჩვენი ერთი ცნობილი ქართული სიმღერის­ სიტყვები რომ არის, "გაიღიმე, ცხოვრება მიდის", ეგ ყველაფერს ეხება, მათ შორის, ჩემს ფოტოამბებსაც. ისე, დაგეგმილად კეთება არ მიყვარს. მოვსინჯე და არც ისე კარგი გამომივიდა. ამიტომაც ქუჩაშიც დაუგეგმავად გავდივარ, ქუთაისელი ქალებიც დაუგეგმავად მეუბნებიან, რა გვიქენი, ბიჭო, რაც შენ ქუჩაში გამოჩნდი, მას შემდეგ დაუდევრად ვეღარ ჩაგვიცვამსო. სინამდვილეში, ლამაზად ჩაცმა არც არასოდეს აკლდა ქუთაისს.

- ეგ ცნობილი ამბავია. ქუთაისს სიყვარულის, უხვი სუფრის, ხუმრობისა და ლამაზად ჩაცმის ნაკლებობა არასოდეს ჰქონია, მთლად რომ ქვეყანა დაქცეულიყო. თქვენმა ფოტოებმა კი უფრო გაალამაზა აქაურები. ალბათ, ყველა გიცნობთ.

- კი, ბავშვებიც. ამას წინათ ორი უსაყვარლესი ბავშვი შემხვდა, მანქანაში ისხდნენ, ოდნავ ჩამოწეულ ფანჯარაში. ჩემს დანახვაზე მამას დაუძახეს, ფანჯარა ჩამოგვიწიე, ქუჩის ფოტოგრაფი მოდისო.

- გადაუღეთ?

- რა თქმა უნდა... ცოტა თუ მეუბნება უარს საჯარო სივრცეში გამოჩენაზეც. ამას წინათ ისე კოპშეკრულმა ქალმა გამაჩერა, იცი, რას გეტყვი ვაჟბატონოო, რომ გულმა რეჩხი მიყო, ვაიმე, ალბათ, შემთხვევით თავად ამ ქალის ან მისი ნათესავის ფოტო გამოვაფრიალე საჯარო სივრცეში უნებართვოდ და გამომლანძღავს-მეთქი. ამ დროს ქალმა, ბიჭო, მეც ხომ სულ ქუჩაში ვდგავარ და ვმუშაობ და რა გახდა ამისთანა, რომ შენს ობიექტივში ვერ მოვხვდიო! შენ გაიხარე, რახან მაგის მეტი არაფერი გინდოდა, ახლავე გადაგიღებ-მეთქი, მაგრამ უარი მითხრა, მე რომ არ ვიცოდე, რომ მიღებ, ისე გადამიღეო. მაგრამ მთლად ისეც არ არის, რომ სულ გაღიმებულ ხალხს ვიღებდე. ცხოვრება ვიღაცას ღიმილის მიზეზს სულ ამოურეცხავს ხოლმე და ამაზე ვწუხვარ ძალიან. შარშან 75 წლის ნიკო ბაბუა გავიცანი: ისეთი საინტერესო მოხუცი იყო, რომ გადავიღე, საუბარი გავაგრძელეთ,B თურმე ჩემი გზით მოდიოდა­ და გავიყოლე. გზად მითხრა, სულ მარტო ვარ, არც ცოლი მყავს და არც შვილი, საჭმელსაც ვეღარ ვაკეთებ, რადგან ყურადღებას ვეღარ ვაქცევ, ტაფები დამეწვაო. ამის გაგონებაზე გული ისე დამეწვა, ვიფიქრე, ამ კაცისთვის რა გავაკეთო-მეთქი. მოკლედ, ვიდეო გადავუღე და ინტერნეტში გამოვაქვეყნე. თავად არასოდეს მქონია იმხელა შემოსავალი, რომ ადამიანის მდგომარეობა გამომესწორებინა. ვფიქრობდი, ჩემი მცირე დახმარება ნიკო ბაბუას გაჭირვებისთვის ბევრს არაფერს ნიშნავს-მეთქი, მაგრამ იმდენი ხალხი გამომეხმაურა, ვისაც რითი შეეძლო, გამოუწოდა პაპას ხელი - ზოგმა 50-თეთრიანიც გადმორიცხა. ამაზე მთლად ამიჩუყდა გული. კაცი რომ 50 თეთრს გადმორიცხავს, ხომ ჩანს, რა შესაძლებლობაც აქვს და მაინც რომ გაიღო, ეს რამხელა ამბავია! ნიკო ბაბუას ამ პატარა ვიდეომ დამაწყებინა ერთი კარგი ამბავიც: თუ დავინახე, რომ ვინმეს უჭირს, ვცდილობ გავახმაურო და აუცილებლად გამოჩნდება დახმარების მოსურნე ხალხი. როდესაც ნიკო პაპასთან შემოწირული თანხით დავბრუნდი, გაოგნდა კაცი.

- სამყარო სიკეთეზე დგას. ის ფოტოებიც მინახავს, სადაც მოხუცს წვერს პარსავთ.

- ეგ ნიკო ბაბუაა. ერთხელ მითხრა, ადრე წვერს ყოველდღე ვიპარსავდიო. პაპა ახლა რატომ არ იპარსავ-მეთქი? ვეღარ ვხედავო. ავდექი და თავად გავპარსე. ერიდებოდა ძალიან. ვუთხარი, ეგ რა პრობლემაა, თავად წვერი მოშვებული მაქვს, პარსვით სულაც არა ვარ დაღლილი და შენ თუ გაგპარსავ, რა მოხდება-მეთქი. მოხუცის გახარებას რა სჯობს, ყოფილა შემთხვევა, თავშესაფარში ყვავილები ამიტანია და ამ ემოციით ბედნიერს დიდხანს მივლია.

- ზოგჯერ ერთი ყოჩივარდას კონა ადამიანს მართლაც მთელ ქონებად უღირს.

- კი, არის მსგავსი წუთებიც. პირველად, როდესაც თავშესაფარში წავედი, ამ ყვავილებს მოხუცი ყიდდა ქუჩაში. შემეცოდა, ყველა ყვავილი ვიყიდე და თავშესაფარში ავზიდე. ისე, თავიდან კი დავიბენი, ამდენი ყვავილი შემრჩა და არ ვიცოდი, რა მექნა. ჰოდა, ამაზეც სოცქსელში დავწერე, შეყვარებული არა მყავს, რომ ვაჩუქო; მირჩიეთ, ამ ყვავილებს რა ვუყო-მეთქი. Mმითხრეს, მოხუცთა სახლში აიტა­ნეო, და მეც ეს მინდოდა. თავშესაფარი მერე თავიდან ვერ ამოვიგდე. შემდეგ თავშესაფარში სილამაზის სალონის გოგოებთან ერთად მივედი. მათ მოხუცები გაალამაზეს, მე კი გადავიღე.

- ანუ ქუთაისს სტილისტებიც საუკეთესო ჰყოლია.

- ასეა. სალონში შემთხვევით შევე­სწარი ლაპარაკს ერთი ოჯახის დახმარებაზე. მეც ვუთხარი, მოხუცთა სახლშიც ხომ არ ჩაატარებთ რაიმე საქველმოქმედოს, მეც წამოგყვებით-მეთქი. მოხუცთა სახლებს ჩვენი სამსახური რამდენჯერმე შევთავაზეთ, მაგრამ თავად მოხუცებმა გვითხრეს უარიო. Aამჯერად კი ყველაფერი ლამაზად გამოვიდა.

- წარმომიდგენია, ქუთაისში რამდენ ადგილას სიამოვნებთ თქვენი სტუმრობა.

- იმდენად მიყვარს ჩემი ქუთაისი და ხალხი, ჩემთვის სიამოვნებაა მათთან სტუმრობა. Aამ დროს მლოცავენ ხოლმე, შენ გაიხარე, შენმა მშობლებმა გაიხარონ, რომ ასეთი გაგზარდესო. ხანდახან სხვა კარგი ამბებიც ხდება. ყველას ხომ ვერ მოვყვები, მაგრამ…ერთს გავიხსენებ: მეგობარმა დამპატიჟა რესტორანში. ის იყო, ფული გადაი­ხადა და წამოსასვლელად მოვემზადეთ, რომ ოფიციანტი მოგვიახლოვდა, ფული მაგიდაზე დადო და ხმადაბლა მითხრა, ვიცით, ვინ ხარ და რასაც აკეთებ, ეს ხარჯი ჩვენზეაო.

- თქვენმა მეგობარმა რაო?

- რაო და, ფული გვაქვს,…ახლა სხვა რესტორანში წავიდეთ საქეიფოდო!E ეს ხუმრობით, რა თქმა უნდა, სწორედ მეგობრები მიდგანან გვერდში უამრავ საქმეში და კიდევ, ჩემი ქუთაისი, სიყვარულის, ადამიანობის ქართული ქალაქი. აქ ისეთ სიკეთეს შეხვდები, გაოცდები. იცით, რა?! აი, ახლა რომ მითხრან, აირჩიე, მსოფლიოს ნებისმიერი უმდიდრესი ქალაქი და იქ გაცხოვრებთო, ისევ ქუთაისს ავირჩევდი, და არსადაც არ წავიდოდი.