ქართული პოლიტიკური ტრადიცია ანუ რატომ ვერ ყალიბდება ქვეყანაში მესამე ცენტრი?!
ექსპერტები თუ პოლიტიკოსები ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ ქვეყანაში უნდა გაჩნდეს მესამე პოლიტიკური ცენტრი, რომელიც არჩევნებში "ოცნებას" შეცვლის და ხელისუფლებაში არც "ნაციონალებს" მოუშვებს. ქართული პოლიტიკისთვის და ვითარების სტაბილიზაციისთვის ეს აუცილებელია, ოღონდ მესამე ცენტრი როგორ და რანაირად უნდა შეიქმნას, მგონი, ამაზე ჩვენს პოლიტიკოსებსაც ბუნდოვანი წარმოდგენა აქვთ. იმედია, ალტერნატიული, ძლიერი ოპოზიციური ძალის ჩამოყალიბება, რომელსაც არც წინა და არც მოქმედ ხელისუფლებასთან კუდი გადაბმული არ ექნება, ბოლოს და ბოლოს მოხერხდება. თორემ აქამდე მესამე ცენტრი კი არა, რეალურად იყო ერთი პოლიტიკური ცენტრი - ხელისუფლება. სწორედ ხელისუფლებაში განვითარებულ მოვლენებზე იყო დამოკიდებული, ვის ექნებოდა ძალაუფლება. თუ არ გჯერათ, გადავხედოთ საქართველოს უახლოეს ისტორიას. ისტორია ყველაზე კარგი მასწავლებელია.
მეგობრობიდან დაუძინებელ მტრობამდე
პირველ საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა "მრგვალი მაგიდა - თავისუფალ- საქართველომ". მას საკმაოდ ძლიერი ოპოზიცია ჰყავდა, რომლის ნაწილმა კენჭი უზენაეს საბჭოში იყარა, ნაწილმა კი არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა და ალტერნატიული პარლამენტი შექმნა - ეროვნული კონგრესი. საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია გახდა. ოპოზიცია ითხოვდა პრეზიდენტის გადადგომას, მაგრამ მოვლენების დრამატულად განვითარების მთავარი ფაქტორი მაინც ხელისუფლებაში განხეთქილება გახდა. ზვიად გამსახურდია თენგიზ კიტოვანს და თენგიზ სიგუას ერთ-ერთ ყველაზე ერთგულ ადამიანებად მიიჩნევდა. შესაბამისად, კიტოვანი დანიშნა ეროვნული გვარდიის სარდლად, სიგუა კი პრემიერ-მინისტრად. 1991 წლის აგვისტოში ხელისუფლებაში მოხდა სერიოზული განხეთქილება. მოსკოვში (მაშინ ჯერ კიდევ სსრკ არსებობდა) ვერშემდგარი სახელმწიფო გადატრიალების მიმართ გამსახურდია ზედმეტად ლოიალურ პოზიციაში დაადანაშაულეს და კიტოვანმა სამხედრო ამბოხი მოაწყო, სიგუამ კი დატოვა პრემიერის თანამდებობა და გამსახურდიას შეურიგებელ ოპონენტად იქცა (რბილად რომ ვთქვათ). საბოლოოდ, როგორ დრამატულად განვითარდა მოვლენები, დეტალურად აღარ შევჩერდებით. ხელისუფლების ნაწილმა (კიტოვანი-სიგუა) დაამხო მეორე ნაწილი (გამსახურდია) და ქვეყანა ქაოსში ჩაიძირა. გადატრიალების შემდეგ კიტოვანი გახდა თავდაცვის მინისტრი, სიგუა კი დაბრუნდა პრემიერის პოსტზე. მოკლედ, რომ არა ხელისუფლებაში განხეთქილება, ძნელი წარმოსადგენია, მაშინდელ ოპოზიციას გამსახურდია იძულებული გაეხადა, გადამდგარიყო. თუმცა მოვლენების მოდელირების კუთხით შორს ნუ წავალთ...
როგორ იქცა მთავარი პოლიტიკური საყრდენი მთავარ პრობლემად
მას შემდეგ, რაც ედუარდ შევარდნაძემ ჩაიბარა ქვეყნის სადავეები, მის წინააღმდეგაც ჩამოყალიბდა ძლიერი ოპოზიცია (სამოქალაქო ომს არ ვგულისხმობთ). ერთი მხრივ, იყვნენ გამსახურდიას მომხრეები, მეორე მხრივ კი, ის პარტიები, რომლებიც მიიჩნევდნენ, რომ გამსახურდია ცუდი კი იყო, მაგრამ შევარდნაძე უარესია და ქვეყანას რუსეთისკენ მიათრევს. ოპოზიციაში იყვნენ ის ხალხიც, რომელთაც თავის დროზე შევარდნაძის საქართველოში ჩამოსვლის კუთხით გადამწყვეტი როლი შეასრულეს.
თუმცა მთავარი მძაფრი მოვლენები მაინც ხელისუფლების შიგნით განვითარდა. ჯერ კიდევ 1995 წელს შეეცადნენ შევარდნაძის ხელისუფლებიდან ჩამოშორებას - მეორე პრეზიდენტი საკუთარმა უშიშროების მინისტრმა ააფეთქა, თუმცა შევარდნაძე გადარჩა და ვინც მოსკოვში გაქცევა ვერ მოასწრო, ყველა დაიჭირა.
შემდეგ დადგა შედარებით სტაბილურობის პერიოდი. შევარდნაძის ხელისუფლების მთავარი პოლიტიკური სახე იყო ჟვანია-სააკაშვილის გუნდი. იყო დრო, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარე ზურაბ ჟვანია შევარდნაძის პოლიტიკურ მემკვიდრედაც მოიაზრებოდა. სააკაშვილი კი შევარდნაძის პარტიის - "მოქალაქეთა კავშირის" - საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე იყო და კბილებით იცავდა მეორე პრეზიდენტის პოლიტიკურ ინტერესებს. ვაკის მაჟორიტარული არჩევნებისას კი (1999 წელს) შევარდნაძე სააკაშვილის საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობდა და მას უბან-უბან დაატარებდა.
პირველი განხეთქილება მოხდა 1999 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, როდესაც ლევან გაჩეჩილაძემ და დავით გამყრელიძემ დატოვეს სახელისუფლებო პარტია და დააფუძნეს "ახალი მემარჯვენეები".
2001 წლის შემოდგომაზე ხელისუფლებაში მორიგი განხეთქილება მოხდა. "რუსთავი 2"-ში უშიშროების შესვლამ საპროტესტო ტალღის აგორება გამოიწვია. ჟვანიამ პროტესტის ნიშნად დატოვა პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა, სააკაშვილი კი იუსტიციის მინისტრობიდან წავიდა. შევარდნაძე მაშინ გადარჩა, თუმცა...
მეორე პრეზიდენტმა სულ ორი წელი შეძლო ძალაუფლების შენარჩუნება. გამეორდა იგივე სცენარი, ოღონდ უსისხლოდ - ყოფილმა ხელისუფლებამ (ჟვანია, სააკაშვილი) რევოლუცია მოუწყო არსებულ ხელისუფლებას (შევარდნაძე). შემდეგ კი ცენტრალურმა ხელისუფლებამ ასევე რევოლუცია მოუწყო რეგიონალურ ხელისუფლებას (ასლან აბაშიძე).
ერთგულების ამბოხება
პრეზიდენტად არჩევის შემდეგ სააკაშვილმა, როგორც ჩანს, გარკვეული დასკვნები გააკეთა წინამორბედების გამოცდილებიდან და საკვანძო პოსტებზე დაიწყო ისეთი კადრების დანიშვნა, რომლებიც მხოლოდ პერსონალურად მასზე იქნებოდნენ დამოკიდებული. თუმცა, რა თქმა უნდა, ყველაფერი ვერ გათვალა. ოპოზიცია კი ოპოზიციობდა, მაგრამ სიტუაციის დაძაბვის მთავარი კატალიზატორი გახდა ისევ დაპირისპირება ხელისუფლებაში. მაგალითად, ირაკლი ოქრუაშვილის მხრიდან სააკაშვილის მისამართით სკანდალური განცხადებები და ბრალდებები გახდა ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციების დაწყების კატალიზატორი. არადა, ოქრუაშვილი სააკაშვილის უერთგულეს ადამიანად ითვლებოდა ჯერ კიდევ იმ დროიდან მოყოლებული, როდესაც მომავალი პრეზიდენტი იუსტიციის მინისტრი იყო.
სააკაშვილმა 2007 წლის შემოდგომით (არ უნდა დაგვავიწყდეს 7 ნოემბერს მშვიდობიანი მოქალაქეების დარბევა) ბეწვის ხიდზე გაიარა და ძალაუფლება შეინარჩუნა.
შემდეგ დადგა უკვე პარლამენტის თავმჯდომარის ოპოზიციაში გადასვლის დრო. თუმცა ნინო ბურჯანაძის ბარიკადების მეორე მხარეს აღმოჩენას უფრო ნაკლები რეზონანსი ჰქონდა, ვიდრე ოქრუაშვილის გარშემო განვითარებულ მოვლენებს. ბურჯანაძე სააკაშვილის თანამებრძოლეობიდან და თანამოაზრეობიდან (ყოველ შემთხვევაში, ასე უწოდებდნენ ერთმანეთს, როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ) იქცა რადიკალურ ოპოზიციონერად. ყოფილი პარლამენტის თავმჯდომარისა და მოქმედი პრეზიდენტის დაპირისპირების პიკი იყო 2011 წლის 26 მაისის მოვლენები, როდესაც მომიტინგეების წინააღმდეგ სპეცრაზმმა სადამსჯელო ოპერაცია ჩაატარა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.
საბოლოოდ, სააკაშვილის ხელისუფლება დარულდა 2012 წლის ოქტომბერში. ერთი შეხედვით, ვერ ვიტყოდით, რომ ყოფილმა ხელისუფლებამ შეცვალა მოქმედი, მაგრამ...
რა ხდება "ოცნებაში"?!
ცნობილია, რომ გარკვეულ პერიოდამდე (თუ არ ვცდები, 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებამდე) ბიძინა ივანიშვილი იყო სააკაშვილის ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი სპონსორი. რომ არა ივანიშვილის ფული, მაშინდელ ხელისუფლებას ბევრი რეფორმის გატარება გაუჭირდებოდა (მათ შორის შსს-ს რეფორმის). შესაბამისად, ივანიშვილის სიტყვას ძალიან დიდი წონა ჰქონდა.
გარდა ამისა, კოალიცია "ქართულ ოცნებაშიც" იყვნენ სააკაშვილის ყოფილი თანამებრძოლები თუ მისი ხელისუფლების ყოფილი წევრები. მაგალითად, ირაკლი ალასანია სააკაშვილის ხელისუფლების დროს აფხაზეთის მთავრობის ხელმძღვანელი იყო. ძმები ბერძენიშვილები ასევე, თავის დროზე, სააკაშვილს უჭერდნენ მხარს, ზვიად ძიძიგური კი სულაც "ნაცმოძრაობასთან" ალიანსში იყო ("ვარდების რევოლუციამდე").
2012 წლიდან დღემდე "ქართული ოცნება" ხელისუფლებაშია. 2012 წლის "ოცნება" რომ შევადაროთ 2023 წლის მმართველ პარტიას, ვნახავთ, რომ ათი წლის წინანდელის შემადგენლობის ლამის ნახევარზე მეტი დღეს ოპოზიციაშია - ეკა ბესელიათი დაწყებული და დავით უსუფაშვილით დამთავრებული.
შიდა შტორმის ზღვარზე "ოცნება" რამდენჯერმე იდგა. მაგალითად, მაშინ როდესაც გიორგი კვირიკაშვილმა დატოვა პრემიერის თანამდებობა. კვირიკაშვილი საზოგადოებაში (მათ შორის ოპოზიციურად განწყობილში) სიმპათიით სარგებლობდა, თუმცა ვითარების გამწვავება არ მოინდომა. დღემდე საზოგადოებას სოცქსელების საშუალებით ეპიზოდურად ეკონტაქტება.
მეორე შტორმი იყო გიორგი გახარიას პრემიერის პოსტიდან გადადგომა. "ოცნება" საკმაოდ შეზანზარდა, რადგან გახარიას თანაგუნდელებიც გაჰყვნენ, მაგრამ შემდეგ სიტუაცია ისევ ჩაწყნარდა.
2024 წლის არჩევნებამდე წელიწად-ნახევარი რჩება. ვნახოთ, სახელისუფლებო ძალა თავის ოპონენტს ისევ დაბადებს საკუთარი წიაღიდან თუ დიდი ქართული პოლიტიკური ტრადიცია ბოლოს და ბოლოს დაირღვევა.
გიორგი კვიტაშვილი