"რა გახდა ამდენი ხანი ჩვენი პატარა ქვეყნის ფეხზე დადგომა, რომ ხალხი არსად გაიქცეს?! " - კვირის პალიტრა

"რა გახდა ამდენი ხანი ჩვენი პატარა ქვეყნის ფეხზე დადგომა, რომ ხალხი არსად გაიქცეს?! "

"არა მგონია, ჩემმა სასოწარკვეთამ რაიმე შეცვალოს, მაგრამ მსურს კიდევ ერთხელ გადმოვცე, რამდენად რთული მდგომარეობაა რეგიონებში. კერძოდ, რეგიონული ქალაქების დაცლას, შობადობის დაცემასა და იმ სიცარიელეს ვგულისხმობ, რაც აქ არის გამეფებული, მათ შორის, ჩემს სენაკშიც. ამას წინათ გამყიდველმაც კი შემომჩივლა, მაღაზიაში ვინღა შემოვა, ქალაქში ხალხი აღარ დარჩა, ყველა საზღვარგარეთ წავიდაო. ცუდად გავხდი, როდესაც ადგილობრივ სტატისტიკაში ამოვიკითხე, რომ ჩემს რაიონში ყოველწლიურად 150 კაცით მეტი კვდება, ვიდრე იბადება. წერილის დაწერაც იმან გადამაწყვეტინა, რომ ამ დღეებში კიდევ ჩემმა ორმა უახლოესმა მეზობელმა ჩაალაგა ბარგი იტალიაში გასამგზავრებლად. მე არსად წამსვლელი არა ვარ, მაგრამ ერთეულები ვერაფერს წყვეტენ.დარწმუნებული ვარ, სხვაგანაც იგივე მდგომარეობაა; გთხოვთ, ჩემი სატკივარი კიდევ ერთხელ გაახმაუროთ, თუნდაც ჩემი სენაკის მაგალითზე, კიდევ ერთხელ შეახსენოთ ხელისუფლებას, რომ პროცესებში ლომის წილი აქვთ. რა გახდა ამდენი ხანი ჩვენი პატარა ქვეყნის ფეხზე დადგომა, რომ ხალხი არსად გაიქცეს?! პატივისცემით, დოდონა მამისონია"

ჩვენ სენაკის ურბანისტ ედიშერ ბაღათურიას­ ვესაუბრეთ, თუმცა იდენტური სიტუაციაა სხვა რაიონებშიც.

- სენაკი მართლაც არ არის გამონაკლისი. თუმცა მიზეზთა გამო აქ მდგომარეობა უფრო დამძიმებულია: სამეგრელოს რეგიონისთვის 90-იანი წლების სამოქალაქო და აფხაზეთის ომების შედეგები უფრო დრამატული აღმოჩნდა ცნობილი მიზეზების გამო. რასაც რაიონის წამყვანი დარგების განადგურება მოჰყვა (ჩაი, ციტრუსი და ა.შ.). მოგვიანებით, სენაკი ტურისტული გამოცოცხლების პროცესების მიღმაც დარჩა. ასე რომ, კრიზისია. არადა, როგორც ტურისტულად, ასევე ეკონომიკურად, ადგილობრივი პოტენციალი დიდია, მაგრამ სახელმწიფომ ვერ მოახერხა მისით ინვესტორების დაინტერესება.

წარმოიდგინეთ, სტატისტიკური მონაცემებით, 80-იანი წლების სამუშაო ადგილების 70% სწორედ ინდუსტრიულ საწარმოებში იყო შექმნილი. დღეს კი სენაკის აქტიური მოსახლეობის 75% თვითდასაქმებულია, საიდანაც პრაქტიკულად შემოსავალს ვერ იღებს. სტაბილურ შემოსავალს ვგულისხმობ, - როდესაც სამუშაო არასტაბილურია, თავის რჩენა ძნელია. ამიტომაც გარბის მოსახლეობა, რამაც, ცხადია, შობადობაზეც იმოქმედა.

90-იან წლებამდე სენაკში 53 ათასი კაცი იყო, დღეს კი 33 ათასამდეა; მიგრაციაში ახალგაზრდების წილი იზრდება (40%); ძალიან დაბალ ნიშნულზეა შობადობაც, ყოველწლიურად 400-500 ბავშვი იბადება, რაც დაახლოებით 100-150-ით ჩამორჩება სიკვდილიანობას.

- მძიმე სტატისტიკაა. ემიგრაცია სავარაუდო ჩამოსვლისთვის საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებას თუ ახერხებს? მაგალითად, ახალ სახლებს თუ აშენებენ ან არსებულს არემონტებენ?

- ზოგიერთი ახერხებს, მაგრამ დაუბრუნდებიან? რას სთავაზობს მათ ქვეყანა? დღეს მეტია ის, რაც განმზიდველია - ქალაქის იერის დამახინჯებით დაწყებული, დამთავრებული სამუშაო ადგილების შეზღუდვით. არადა, სერიოზული განვითარების პერსპექტივა გვაქვს.

80-იანი წლების ბოლოს ქალაქში მრეწველობის იმდენი დარგი მუშაობდა, ქალაქის მახლობლად ნოსირში ცალკე სამრეწველო-საწარმოო ზონის დაარსება გადაწყდა. აშენდა კიდეც, მაგრამ დღეს ნოსირიდან მხოლოდ მიტოვებულ ფაბრიკა-ქარხნების ჩონჩხები შემოგვყურებენ. ეს მაშინ, როდესაც მათი ამუშავება შეიძლებოდა იმ ნედლეულზე, რომელზეც საქართველოს მოსახლეობას აქვს მოთხოვნა. თუნდაც სენაკის სამშენებლო აგურის თიხას დავასახელებ. ქვეყანაში სამშენებლო აგურის დეფიციტია და ნედლეული კი უხვად გვაქვს. ასე რომ, სენაკი, ისევე როგორც ჩვენი მუნიციპალიტეტების უმეტესობა, ქაოსურად არსებობს, განვითარების გეგმა-სტრატეგიის გარეშე. არსებული მდგომარეობის გააზრება და გადასარჩენად გადამწყვეტი მოქმედებებია საჭირო არა მარტო სენაკში, არამედ ქვეყნის ყველა რეგიონში.