გაცოცხლებული მკვდარი
ეს ამბავი მაშინ მოხდა, როცა ჩვენი კაცები 37 მანეთად მიფრინავდნენ "რუსეთებში" გალია-ოლია-ნასტიას "მოსანახულებლად" და იქიდან დაბრუნებულები სიამაყით ჰყვებოდნენ, რა "გმირობები" ჩაიდინეს, ფულის გასაოცარი ხარჯვით როგორ დააღებინეს პირი რუსებს... თუმცა მარტო "საგულაოდ" არა, საოჯახო ინვენტარისთვის. ავეჯი დასჭირდებოდათ თუ ბინის აქსესუარები, გაცილებით იოლი ხელმისაწვდომი იყო მოსკოვში. იქ მეტი არჩევანი იყო და თუკი ჯიბე ფულით გქონდა სავსე, პატარა ქრთამის დამატებით რას აღარ იყიდდი... ეს ამბავი იმდენად კურიოზულია, რომ დღემდე იხსენებენ კასპის რაიონის ერთ სოფელში, საიდანაც ჩვენი გმირია. 71 წლის ზაურა ახლა ხალისით ყვება იმდროინდელ ფათერაკს, თუმცა მაშინ ნამდვილად არ ჰქონდა სასაცილოდ საქმე. თანასოფლელებს უყვართ მისი გაუგონარი ამბის მოსმენა და ყოველ შეხვედრაზე სავალდებულო მოსაყოლად აქვთ მოსკოვური თავგადასავალი.
32 წლის ზაურას ორი ბიჭის მერე ნანატრი გოგონა რომ შეეძინა, აიჩემა, ჩემს ნათიას პიანინო უნდა ვუყიდო, როცა გათხოვდება, მზითევშიც გავატანო. ცოლმა თამრომ ცოტა კი გაიფართხალა, რა დროს პიანინოა, მაგას არა სჯობს, კაი "სტენკა" გვეყიდაო? ამაზე ზაურა თავისებურად "მიესიყვარულა" ქალს: დამაცა, შე კარგმო...ო, სიურპრიზს გიმზადებდი, ეგეც უნდა მეყიდა და შენა კაცს რას დააცდიო... ერთი სიტყვით, გამჟღავნდა, რომ ზაურა პიანინოსთან ერთად "სტენკის" ყიდვასაც აპირებდა და გახარებულმა თამრომ ორი წლის ნაგროვები ფული სპეციალურად შეკერილ პატარა ნაჭრის ქისაში ჩაუდო და მერე შარვლის შიდა ჯიბეზე გულდაგულ ამოუკერა: ამას ვერავინ ამოგაცლის, არც ამოგივარდებაო. ფრთაშესხმული წავიდა ზაურა. გონებაში გათვლილი ჰქონდა, რამდენი უნდა დაეხარჯა ავეჯსა და ინსტრუმენტზე, "ტუდა-სუდა საგულაო" ფულიც კარგად რჩებოდა.
მოსკოვში ჩასულმა იოლად მოძებნა გადამყიდველი სომეხი რობერტა, რომელიც ურიგოდ დაპირდა პიანინოს და "სტენკის" აღებას. ფოტოებით აარჩევინა სასურველი ავეჯი და ინსტრუმენტი, გამოართვა თანხა და დაჰპირდა: სამ დღეში ყველაფერს შენს სახელზე გამოვაწერინებ და მანქანასაც გიშოვი, რომელიც საქართველოში წაგაღებინებსო. იმისათვის, რომ ზაურას ფულის გამო არ ენერვიულა, თავისი პასპორტი ქართველს მისცა, იმისი კი თვითონ ჩაიდო ჯიბეში. დაიმედებულ-დამშვიდებულმა ზაურამ გასართობად რესტორნებს მიაშურა.
გავიდა სამი დღე, მეოთხე დღეც მიილია და ზედიზედ ნაქეიფარი ზაურა "პახმელიიდან" უცებ გამოვიდა, როცა რობერტას მიცემულ ნომერზე დარეკა, იქიდან კი უპასუხეს, ჩვენც ვეძებთ რობერტასო. დასცხა ზაურას. ვაითუ თაღლითობის მსხვერპლი ვარო, ფიქრობდა, მაგრამ ამ უსიამოვნო ფიქრს აბეზარი მწერივით იშორებდა, რადგან რობერტას "სინაღდე" მყარ არგუმენტად ჯიბეში ედო პასპორტის სახით. გავიდა კიდევ სამი დღე და იმ ნომერზე მეასედ რომ დარეკა, ქალის სასოწარკვეთილმა ხმამ ამცნო: ჩვენი რობერტი ბანდიტებმა მოკლეს, რაც კი ებადა, ყველაფერი წაართვესო. მეხს დაერტყა ზაურასთვის, ერჩივნა... მილიციაშიც დააპირა მისვლა, მაგრამ ნაცნობმა უთხრა, არ გირჩევ მილიციაში გამოჩენას, მისი პასპორტი გიდევს, ნამდვილ მკვლელებს თუ ვერ მიაგნეს, საქმის მალე დასახურად შენ დაგაბრალებენ ყველაფერსო. მოკლედ, პიანინოს და ავეჯს ვინ დაეძებდა, საქართველო-რუსეთის საზღვარზე ყალბი პასპორტით ვინ გამოუშვებდა? ის კი არა, მოსკოვის ქუჩებში გადაადგილებაც საშიში იყო. რუსული მილიცია მაშინაც არ სწყალობდა "შავგვრემანებს" და "ვაში დოკუმენტის" ითხოვდა.
სანამ ზაურა შინ წასასვლელად გზებს ეძებდა, რობერტას თავს ასე დატრიალებულა საქმე: იმ საბედისწერო საღამოს, როცა მოსკოვის სიახლოვეს დიდ საწყობში მისვლას აპირებდა, ქალაქის გარეუბანში თავს დაესხნენ, ფული ხომ წაართვეს, ცემა არ აკმარეს და ქვაც ჩაათხლიშეს თავში. გათენებისას გამვლელმა იპოვა, მაგრამ საავადმყოფოში ვერ შეძლეს მისი გადარჩენა. გარდაცვლილს ჯიბეში უპოვეს ზაურ დ.-ს პასპორტი. დაუკავშირდნენ კასპის რაიონის მილიციის განყოფილებას, აცნობეს, რომ ზ.დ.-ს გვამი იყო ნაპოვნი, დაჰპირდნენ, რომ ორიოდე დღეში ცინკის კუბოთი დაუბრუნებდნენ მშობლიურ რაიონს... მთელი სოფელი შეიკრიბა ზაურას სახლთან. ყველა ძალიან განიცდიდა სამი შვილის მამის სიკვდილს. თამრო მთლად დასაბმელი იყო, ქვას აადუღებდა მისი ქვითინი... ცინკის კუბოს სახურავი აღარ ახადეს, ერთადერთი დამადასტურებელი საბუთი სისხლით დალაქავებული ზაურას პასპორტი იყო და თამრომ ეგეც ცრემლებით დაალბო... ზაურას მშობლები რძალს დაჰპირდნენ, არაფერს გაგიჭირვებთ, სანამ პირში სული გვიდგასო, მაგრამ შვილის დასახმარებლად მაინც გადმოვიდა თამროს დედა. სოფლის მაღაზიაში გამყიდველი ესაჭიროებოდათ, ჰოდა, თამროს შესთავაზეს, იმუშავე, ხელფასიც გექნება და პატარა მოგებაც დაგრჩებაო...
დავუბრუნდეთ ზაურას - ხუთი თვე ლამის ჯვარს ეცვა, რა აღარ სცადა. მეეზოვედაც მუშაობდა და მტვირთავადაც... გადაწყვეტილი ჰქონდა, რადაც არ უნდა დასჯდომოდა, თანხისთვის თავი მოეყარა და მაშინდელ ორჯონიკიძემდე (ანუ ვლადიკავკაზამდე) ჩაეღწია. იმედი ჰქონდა, რომ იქ სატვირთო მანქანის მძღოლს გაურიგდებოდა და საქართველოში შემოაღწევდა. საგზაო ტეკებზე და მილიციაში სხვისი პასპორტით გამოჩენა სარისკო იყო, მართლაც შეიძლებოდა მისთვის დაებრალებინათ რობერტას სიკვდილი და მკვლელობისა და ბანდიტიზმის მუხლით 12 წელს არ აკმარებდნენ. ისე, სულო ცოდვილო და, სომეხი რობერტა იერით ძალიან ჰგავდა ამ ჩვენს ზაურას, ამიტომაც დამსაქმებლები ცალი თვალით რომ ჩაიჭყიტავდნენ ხოლმე პასპორტში, მერე უპრობლემოდ უშვებდნენ სამუშაოზე. ასე ცოტ-ცოტობით დააგროვა ფული... გაუმართლა და ერთი ქართველი გაიცნო, ავეჯის გადამზიდი ტრაილერის მძღოლი. ყველაფერი უამბო და თანხაზეც გაურიგდა. იმანაც, კია სარისკო, მაგრამ აქ როგორ დაგტოვოო და, გამგზავრების დღე დათქვეს. რუსეთის გრძელი გზა უპრობლემოდ გამოიარეს. ღამის 2 საათი იყო, როცა ლარსის სასაზღვრო ტეკს მიუახლოვდნენ. კვლავ გაუმართლა ზაურას. ავეჯით დაძეძგილი ტრაილერი აღარ გაჩხრიკეს, არადა, ერთ-ერთი რუმინული საძინებლის კარადაში ზაურა იყო შეყუჟული... საქართველოს ტერიტორიაზე გადმოსვლისთანავე მძღოლმა ერთ მოხერხებულ ადგილას გააჩერა მანქანა და კარადაში დამალული, ათას უბედურებაგამოვლილი კასპელი გაათავისუფლა. "მკვდარი" ზაურა ქართულ მიწას ემთხვია და გულაჩუყებული კაბინაში, მძღოლის გვერდით მოკალათდა.M მან ისიც არ იცოდა, რომ სოფელმა და ოჯახმა რამდენიმე თვის წინ გამოიგლოვეს და მიწას მიაბარეს. სჯეროდა, რომ უგზო-უკვლოდ დაკარგულის გამოჩენა დიდ შოკს, თუმცა უსაზღვრო სიხარულს გამოიწვევდა და ემოციებს ვერ მალავდა... რამდენიმე საათის და ორი მანქანის გამოცვლის მერე ზაურა მშობლიური სოფლის შარაგზას დაადგა. გაცვეთილი ტანსაცმლით, თმა-წვერგაბურძგნილი ტყის კაცს ჰგავდა. მიაბიჯებდა და გული ისე უცემდა, ასე ეგონა, მთელ ქვეყანას ესმოდა ბაგაბუგი. მოკლე გზა აირჩია სახლამდე მისასვლელად. აქ ნაკლებად დადიოდნენ სოფლელები, რადგან იქვე სოფლის სასაფლაო იყო და ალბათ, ამის გამო არ დადიოდა ხალხი ამ გზაზე. სამსახურში თუ რაიონულ ცენტრში მიმავალთ ერჩივნათ შორი გზა გაევლოთ, ვიდრე დილიდანვე სასაფლაოს ხილვით დაემძიმებინათ გუნება-განწყობა. აი, თამროს კი, პირიქით. სწორედ მოკლე გზით უყვარდა სამსახურამდე მისვლა. ჩვევად ჰქონდა, მაღაზიამდე ქმრის საფლავთან ცოტა ხანს ჩამომჯდარიყო და წინადღის ამბები დაწვრილებით მოეყოლა...
თამრო უკვე სასაფლაოს უახლოვდებოდა, როცა შარაგზაზე წვერგაბურძნილ კაცს მოჰკრა თვალი. კაცი შეჩერდა, ქალს დააშტერდა, მერე კი ხელები გაშალა, არაამქვეყნიური ხმით შესძახა, ჩემო თამროო, და სირბილით წავიდა გაოგნებული ქვრივისკენ. თავისი ზაურა რომ ამოიცნო, სისხლი გაეყინა, ვაიმე, მკვდარი გაცოცხლდა, მიშველეთო, იკივლა და სოფლის ცენტრისკენ მოკურცხლა. ზაურა უკან გაეკიდა შეშინებულ ცოლს შეძახილით, მე ვარ, გოგო, შენი ზაურა, ნუ გეშინიაო. მთელი სოფელი უმალ შეიკრიბა. თამრო წივილ-კივილით შევარდა მაღაზიაში და გულწასული ძირს დავარდა. მეორე გამყიდველი მაშინვე თამროსთან გაჩნდა და "გაცოცხლებულ მკვდართან" ერთად მისი მოსულიერება დაიწყო. როგორც იქნა, ძლივს მოვიდა საბრალო ქალი გონს, გაოგნებული მისჩერებოდა საიქიოდან დაბრუნებულ ქმარს. აღელვებულმა ზაურამ ძლივს მოახერხა და ცოლს და თავმოყრილ თანასოფლელებს ნაწყვეტ-ნაწყვეტ უამბო თავს გადახდენილი ამბავი.
ამ ამბის გმირს მთელი სოფელი დღემდე ხან "მკვდარ ზაურას", ხან "გაცოცხლებულ მკვდარს" ეძახის. P
p.s. სხვათა შორის, "მკვდარ ზაურას" და თამროს ორი წლის მერე მეოთხე შვილი შეეძინათ, ის "ბედკრული" პიანინო და "სტენკა" კი, ბოლო-ბოლო, მაინც იყიდეს, ოღონდ ამჯერად საქართველოში. მარინა ბაბუნაშვილი