"დადგება დრო, როდესაც აფხაზები სიამაყით იტყვიან, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე ხელი აფხაზსაც აქვს მოწერილი" - კვირის პალიტრა

"დადგება დრო, როდესაც აფხაზები სიამაყით იტყვიან, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე ხელი აფხაზსაც აქვს მოწერილი"

მწერალი ანზორ კუდბა ერთადერთი აფხაზია, რომელმაც საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი) ხელი მოაწერა. 1990-1991 წლებში ის საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი და საარჩევნო ბლოკი "მრგვალი მაგიდა­ - თავისუფალი საქართველოს" წევრი იყო. ამის გამო აფხაზები მასზე გაბრაზებული­ იყვნენ, აფხაზეთში ჩასულს შეხვედრაზე უარი უთხრეს, მაგრამ გავიდა დრო და განწყობა თანდათან შეიცვალა. ყინულის დაძვრაზე საუბარი, ალბათ, ჯერ ადრეა, მაგრამ ბოლო ხანს რუსეთისა და მათი ე.წ. ხელმძღვანელობის დამსახურებით მოსახლეობაში დამოკიდებულება შეცვლილია.

- ცხოვრებაში რამდენი ბედნიერი დღე მქონია, მაგრამ იმ დღესთან, როდესაც დამოუკიდებლობის აქტს ხელი მოვაწერე, ვერც ერთი ვერ მივა. დიდებული იყო და ვამაყობ, თუნდაც იმიტომ, რომ ერთადერთი აფხაზი ვარ, რომელმაც ამ ისტორიულ დოკუმენტს ხელი მოაწერა - ამას აფხაზების სახელით ვაკეთებდი. ერთადერთი აფხაზი ვიყავი დამოუკიდებელი საქართველოს პირველ პარლამენტში, რომელსაც ეს პატივი ერგო. ამის გამო მაშინ ბევრი აფხაზი შემომწყრა, მაგრამ ვიცოდი, რომ გავიდოდა დრო და დამოკიდებულება შეიცვლებოდა. თუმცა ომს მაინც არ ველოდი... რუსებს დრო არ დაუკარგავთ, საქართველოში ეროვნული მოძრაობის დაწყების პარალელურად, აფხაზეთსა და სამაჩაბლოში გააქტიურდნენ.1990 წლის 28 ოქტომბერს გამართული არჩევნები, რომელშიც მეც ვმონაწილეობდი, სახალხო გამარჯვებით დასრულდა. უმაღლესი საბჭოს პირველი მოწვევის დეპუტატი გავხდი. პირადად ვიცნობდი ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას, რაც ჩემი ცხოვრების კიდევ ერთი ჯილდო იყო. სამშობლოსთვის­ ისეთი თავდადებული ადამიანები, იმგვარი სულისკვეთების პატრიოტები შემდგომ არც შემხვედრია. ასეთი დიდსულოვანი ადამიანები, ალბათ, საუკუნეში ერთხელ იბადებიან.

- აფხაზები შემომწყრნენო, თქვით, რაში გამოიხატებოდა?

- გაბრაზდნენ, რომ მე, აფხაზმა, მათი საწინააღმდეგო ნაბიჯი გადავდგი. თუმცა,­ როდესაც ჩვენს შორის ურთიერთობა დალაგდება, და ისტორიის სწორ მხარეს დადგებიან, მჯერა, სიამაყით იტყვიან, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე ხელი აფხაზსაც აქვს მოწერილი.

ეროვნული მოძრაობის პარალელურად და შემდგომაც აფხაზეთსა და სამაჩაბლოში საპროტესტო ტალღა მძვინვარებდა. დაძაბულობა ხან აშკარად, ხანაც ფარულად, ყოველდღიურად მატულობდა. ზვიად გამსახურდიამ მე და აფხაზური ენის სპეციალისტ თეიმურაზ გვანცელაძეს სოხუმში ჩასვლა და აფხაზეთისთვის სტატუსის მინიჭების დოკუმენტზე მუშაობა დაგვავალა, საუბარი იყო გაფართოებულ ავტონომიაზე, მაგრამ ამასობაში ქვეყანაში ვითარება იმდენად დაიძაბა, შუა გზიდან მოვბრუნდით.

1991 წელს აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ვლადისლავ არძინბა­ და საქართველოს პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია ორენოვან აფხაზურ რესპუბლიკაზე მაინც შეთანხმდნენ - წამყვან თანამდებობებს ეთნიკური კვოტებით დაიკავებდნენ, საკონსტიტუციო ცვლილებებზე­ კი ორივე ეთნოსის დეპუტატთა მხარდაჭერა იქნებოდა საჭირო. თუმცა მალე საქართველო სამოქალაქო ომში გაეხვია. აფხაზეთის მმართველებმა შესაძლებლობა ხელიდან არ გაუშვეს და "დამოუკიდებლობისთვის" მზადება დაიწყეს. ხშირად ვფიქრობ იმ მძიმე დღეებზე, ერთი იდეით ანთებულმა ხალხმა ერთმანეთს ვერ გავუგეთ, მტერს ჩვენზე­ გამარჯვების შანსი მივეცით. საქართველოს დამოუკიდებლობის მიღებაზე არანაკლებ რთული მისი შენარჩუნება აღმოჩნდა. მას შემდეგ იმდენი რამ ვნახეთ, მაგრამ ის იარა, რომ ქართველებმა ერთმანეთს ვესროლეთ, არასდროს მომიშუშდება. კანონიერი ხელისუფლება განვდევნეთ...

ახლა ისედაც დიდი დაპირისპირებაა საზოგადოებაში და მწვავე შეფასებებს მოვერიდები, მაგრამ ერთი რამ აუცილებლად უნდა ვთქვა - ოცდაათი წლის წინ ვნახეთ, რა მოგვიტანა შეცდომებმა, პერსონებისთვის ბრძოლამ, იმპულსურად მიღებულმა წინდაუხედავმა გადაწყვეტილებებმა­. იმ დაპირისპირებამ რამდენიმე ათეული წლით დაგვხია უკან. მაშინ არაერთხელ თქვა ზვიადმა, თუ ჩვენ ახლა ერთმანეთს იარაღით დავუპირისპირდებით, შედეგს 20 წლის მერე მოვიმკითო. მაშინ ბევრს არ სჯეროდა მისი. არადა, მართალი ყოფილა,­ საფრთხე წინასწარ განუსაზღვრავს. ახლა კი, სასურველი კი არა, აუცილებელია, ჩვენი ვალდებულებაა ეს შეცდომა აღარასდროს გავიმეოროთ.

damoukidebloba-1679830303.jpg

1992 წლის დასაწყისში ზვიად გამსახ­ურდია ჩეჩნეთში რომ წავიდა, მაშინ გავი­ცანით ჯოჰარ დუდაევი. ჩვენ გარეთ ველოდებო­დით, ისინი შიგნით საუბრობდნენ, არ ვიცი, რაზე... ჩვენ გვქონდა შეცდომები, მაგრამ ის გზა სწორი იყო. რატ­ომღაც მეგონა, პრეზიდენტის განდევნა, დევნილობაში მისი უმძიმესი გზა, გარიყვა და მარტოობაში სიკვდილი, იმ მძიმე პროცესების პოლიტიკური და საზოგადოებრივი შედეგები გავიაზრეთ, მაგრამ ასე არ მოხდა. პირველი პარლამენტის შემდეგ არც ერთი პოლიტიკური ძალის მხარეს არ ვმდგარვარ, არც სააკაშვილის მომხრე ვყოფილვარ, მაგრამ რაც ახლა ექსპრეზიდენტის თავს ხდება, სრულიად მიუღებელია. ეს პოლიტიკური პირის დასჯაა. რა გახდა ისეთი გამოსავლის პოვნა, რომელიც ქვეყნის სახელს გადაარჩენს. მაინცდამაინც ციხეში უნდა მოკვდეს? თუკი ვამბობთ, რომ ბრძენი ერი ვართ, ერთხელ მაინც ხომ უნდა გამოვიყენოთ ეს სიბრძნე. სულმნათი მერაბ კოსტავა გვაფრთხილებდა, მთავარი ბრძოლა­ საქართველოს გათავისუფლებამდე­ კი არა, საქართველოს გათავისუფლების შემდეგ დაიწყებაო. ასეც მოხდა. გარედან შევხედოთ პროცესებს - ერთი პრეზიდენტი მოვკალით და მეორესაც რომ რამე დაემართოს, ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს სამ­უდამო დაღი დაეტყობა. არაფერს ვამბობ იმაზე, რომ აფხაზები­ და ოსები გვყავს დასაბრუნებელი. ჩვენ ნეიტრალური სტატუსის ფუფუნება­ არა გვაქვს. მთელი დასავლეთი, აშშ და ევროპა ებრძვიან რუსეთს უკრაინაში. ახლა კი ამბობენ დასავლელი ლიდერები, მაშინ საქართველოს რომ არ დავეხმარეთ, შევცდითო, და ახლა შუაგულ ევროპაში გაუჩაღა რუსეთმა ომი. ჩვენ, ქართველმა საზოგადოებამ, კარგად ვიცით, რუსეთი რაც არის, ცდილობს არ გაგიშვას, მოგერიოს, მოგგუდოს, შიგნით აგრიოს. ერთ ქვეყანაში მცხოვრები ხალხები ერთმანეთს გადაამტეროს. მათი ყველა ხელისუფლება ამ გზით იმყარებს­ პოზიციას. მათ ვნებებს შეეწირა აფხაზეთი და სამაჩაბლო. ახლა ორივე რეგიონის მოსახლეობა უმძიმეს დღეშია. ოსებზე არ ვიტყვი, მაგრამ აფხაზეთში ძალიან ეშინიათ რუსული პოლიტიკის.

დასავლეთი, საქართველოს დამოუკიდებლობის მიღებისთანავე ჩვენი არჩევანი იყო. ქვეყანაში ეროვნული მოძრაობა რომ დუღდა, გაეროსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს მივმართავდით დახმარებისთვის, ევროპის იმედი გვქონდა. მას შემდეგ წლები გავიდა, რუსეთი არ იცვლება და დიდი არჩევანი არა გვაქვს - ევროპაშია საქართველოს მომავალი. ეს უნდა გავიაზროთ და სიფრთხილით ვიმოქმედოთ.

- რა გზას ხედავთ ამისთვის?

- ახლა, როდესაც მსოფლიოში ასეთი­ გეოპოლიტიკური ცვლილებებია, სიტუა­ციის ჯანსაღად გაკონტროლება უნდა შევძლოთ, ოღონდ ჩხუბის, აყალმაყალის, ერთმანეთზე თავდასხმის გარეშე. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ აფხაზებსა და ოსებზეც ჩვენ გვაქვს ვალდებულება აღებული, სახელმწიფო ვალდებულება.

წლების წინ ბათუმის კვლევით ინსტიტუტში აფხაზი მეცნიერი მუშაობდა, თემურ აჩუგბა, რომელსაც ქართულ-აფხაზურ ურთიერთობაზე ნარკვევი ჰქონდა. თავისი­ წიგნი მაჩუქა, რომელშიც აფხაზებზე რუსი მეცნიერის გამონათქვამი ჰქონდა - შეიძლება აფხაზები დავამარცხოთ, მაგრამ ვერ დავიმორჩილებთო. ეს მაშინაც იცოდნენ, ახლა უფრო კარგად იციან. მაშინ, 90-იან წლებში, ეგონათ, მომენტი გამონახეს და ჩვენგან გათავისუფლებაში რუსეთი­ დაიხმარეს, ისინი ჰპირდებოდ­ნენ, ჩვენ აგაყვავებთო­. აყვავება კი არა, რაც ომს გადაურჩა, ისიც დანგრეულია, ეკონო­მიკურად, სოციალურად, მორალურად­ უმძიმეს მდგომარეობაში არიან. ამის შემდეგ,­ ან ჩვენ როგორ უნდა ვიმეგობროთ რუსეთთან, ან მათ. ორივე ერს გენოციდი მოგვიწყო. ვიცი, რომ აფხაზეთში ჩაკეტილი ენგურის ხიდის გახსნის მომხრეები არიან და მათი რაოდენობა იზრდება, მაგრამ ეს მთლიან სურათს ვერ შექმნის. გარდატეხა რომ მოხდეს, ამისთვის დანარჩენი საქართველო უნდა გახდეს მათთვის მიმზიდველი. სოხუმში ომამდე ვიყავი. საქართველოს პარლამენტის წევრობის გამო აფხაზები იმდენად გაბრაზებული იყვნენ ჩემზე, ცუდად მიმიღეს. გული მეტკინა, მაგრამ იმედი არასდროს დამიკარგავს. ადრე, საქართველოს პარლამენტის წევრი რომ ვიყავი, აგრესიულად იყვნენ განწყობილი, მაგრამ ახლა ვიცი, რომ დამოკიდებულება შეიცვალა. რაღაც ძვრები არის, რაც, სიმართლე გითხრათ, არც გამკვირვებია. ამ ყველაფერს ისე ვუყურებ, როგორც სხვისი წაქეზებით ძმებს შორის კონფლიქტს. ჩვენი შერიგება ძალიან გაჭიანურდა. როგორც ჩანს, ხელისუფლებას სხვა პრობლემები აქვს და ამ საკითხმა მეორე პლანზე გადაინაცვლა. ვერ ამიტანია ეს შემგუებლობა. სამაჩაბლო და აფხაზეთჩამოჭრილი სრულიად საქართველო როგორ იქნება?!

- თქვენს წარმომავლობაზეც გვიამბეთ...

- 1800-იან წლებში იმპერიალისტურმა ძალებმა ანტიკავკასიური პოლიტიკის წინააღმდეგ აჯანყებული ეთნოსები ოსმალეთში გადასახლებით დასაჯეს. მათ შორის იყო ჩემი გვარიც, აფხაზეთიდან მუჰაჯირობა საქართველოს ტრაგედია იყო. ამის მნიშვნელობას ახლა უფრო მეტად ვაცნობიერებ. ჩემი გვარი პირველი მუჰაჯირობის დროს გადაასახლეს. ჩემი წინაპრები სამი ძმანი ყოფილან - ორი ბათუმში დარჩენილა, ერთი თურქეთში გადასულა. როდესაც თურქეთში ჩავედი, კუდბები­ მოვიკითხე, ამჟამად სხვა გვარს ატარებენ, მაგრამ თავიანი ისტორია იციან. თავიდან ცოტა გამიჭირდა მათი პოვნა, შემდეგ კი ჩამსვეს მანქანაში და ერთ სასაფლაოზე წამიყვანეს, იქაურობა მომატარეს და ლამის ყოველ ნაბიჯზე საფლავის ქვას "კუდბა" ეწერა - სიცოცხლეში თურქულ გვარს ატარებდნენ, სხვა გამოსავალი არ იყო, მაგრამ სიკვდილის შემდეგ მაინც აფხაზობას უბრუნდებოდნენ.

ჩემს ოჯახში თევზს არავინ ჭამდა. შემდეგ ამიხსნეს, მუჰაჯირობის მეორე ტალღის­ დროს აფხაზები მომცრო ფელუ­კებით წამოსულან, რომელშიც ორი-სამი კაცი ეტეოდა. რუსეთისა და თურქეთის მაშინდელი ხელისუფლებები შეთანხმებული იყვნენ, რომ აფხაზეთიდან აყრილი მუჰაჯირები აჭარაში არ შემოეშვათ, თურქეთში უნდა დაესახლებინათ. ამიტომ აფხაზეთიდან წამოსული ხალხი აჭარის ზღვის სანაპირომდე არც მიუშვეს. ფელუკები გრძელ მანძილზე ცურვისთვის არ ვარგოდა, გზადაგზა იშლებოდა და ხალხი ზღვაში ცვიოდა. ამიტომაც ჩემი წინაპარი თევზს არ ჭამდა. ეს წლების შემდეგ გავიგე, მაგრამ რაღაც შინაგან ხმას, გნებავთ, წინაპრის ხმის კარნახი დავარქვათ, მივყვებოდი და ზღვის პროდუქტს არ ვეკარებოდი.

აჭარაში არის სოფელი ფერია, სადაც­ აფხაზები კომპაქტურად ცხოვრობენ, 3 ათასზე მეტი კაცია და ახლაც, ამ დაძაბ­ულობის დროს, აფხაზეთში თავიანთ ხალხთან ძალიან კარგი ურთიერთობა აქვთ. ახლახან რამდენიმე გოგო გამოთხოვდა აჭარაში, რაც ძალიან მახარებს. პოლიტიკურის პარალელურად, სახალხო დიპლომატიაც უნდა გააქტიურდეს. ხშირად მეკითხებიან, რა გვქონდა გასაყოფიო. არც ერთ ერს ასე ახლო ურთიერთობა არ ჰქონია. ორივემ შევცოდეთ და ორივემ უნდა მოვინანიოთ ერთმანეთის წინაშე, შეცდომები ვაღიაროთ, სხვანაირად ძველებურ ურთიერთობას, რომელსაც ორივე მივტირით, ვერასდროს აღვადგენთ. აფხაზეთის გარეშე საქართველო უთავო ორგანიზმს ჰგავს, ცოცხლები კი არიან, მაგრამ იტანჯებიან.

ერთი სანუკვარი ოცნება მაქვს, შესაძლოა ნაადრევია ამაზე ლაპარაკი, მაგრამ მინდა ჩემი ხალხების შერიგების მოწმე გავხდე. ეს გარდაუვალია. მთავარია, ჩვენ მოვიქცეთ სწორად და, წინდახედულად.