პოლიტიკური დესტაბილიზაცია vs ეკონომიკური განვითარება - კვირის პალიტრა

პოლიტიკური დესტაბილიზაცია vs ეკონომიკური განვითარება

საქართველოში სხვადასხვა პრობლემასთან დაკავშირებით "პოლიტიკური დესტაბილიზაციის" მომიზეზება ჩვეული ამბავია. ნებისმიერი ხელისუფლებისგან ეს ისმოდა და ისმის, განსაკუთრებით კი ეკონომიკურ საკითხებზე, რადგან "ცარიელი მაცივარი" ნებისმიერი ადამიანისთვის ადვილად აღსაქმელია. თუმცა, როდესაც პოლიტიკურ დესტაბილიზაციას საზოგადოების პროტესტს უკავშირებენ, ჩნდება კითხვები, რამდენად ადეკვატურად იყენებენ და რაც მთავარია, სად გადის ზღვარი "ცარიელ მაცივარსა" და კონსტიტუცია-დემოკრატიას შორის? ამ მხრივ რა პერსპექტივა აქვს საქართველოს, არსებობს თუ არა დესტაბილიზაციის საფრთხე, რომელიც ეკონომიკურ განვითარებაზე იქონიებს გავლენას, როგორია ამ მხრივ გეოპოლიტიკური ვითარება, ამ საკითხებზე აკადემიკოს ლადო პაპავას ვესაუბრეთ:

- საქართველოს ეკონომიკა ბოლო ორი წელიწადია აჩვენებს მაღალ ეკონომიკურ ზრდას - 10%-იან ნიშნულზე უფრო მაღალს, რაც, რა თქმა უნდა, პოზიტიურ შედეგად უნდა ჩაითვალოს. რამ განაპირობა ეს? 2021 წელს საქართველოს მთავრობამ გონივრულად მოახერხა კოვიდპანდემიის დროს დაწესებული შეზღუდვების გაუქმება, რამაც მნიშვნელოვან ეკონომიკურ ზრდას შეუწყო ხელი. 2022 წელს კი ეკონომიკური ზრდა განაპირობა იმან, რომ საქართველოს მთავრობა არ აჰყვა არა მარტო ემოციებს, არამედ უმთავრესად პროვოკაციებს და არ ჩაერთო ომში, რომლის მოწოდებებიც აშკარად თუ ირიბად გაისმოდა როგორც ქვეყანაში, ასევე საზღვარგარეთიდან. სწორედ ამ დინჯმა პოლიტიკამ განაპირობა ის, რომ ქვეყანამ მაღალი ეკონომიკური ზრდა აჩვენა.

- რამდენად მდგრადია ეს ზრდა?

- რა თქმა უნდა, მდგრადად ვერ ჩაითვლება მიზეზთა გამო. პირველი, იყო პანდემიიდან გათავისუფლების წელი და ეს პრობლემა ახლა თითქმის გადაწყვეტილია. რაც შეეხება ომის საფრთხეს, ის გრძელდება. 2022 წელს საქართველოს ეკონომიკურ ზრდაზე სერიოზული ზეგავლენა იქონია ბიზნესების საქართველოში გადმოტანამ. გარდა ამისა, საუბარია ბელორუსისა და განსაკუთრებით, უკრაინის მოქალაქეების ბიზნესების გადმოტანაზე, რაც ასევე აისახა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებში. თუმცა ცხადია, ამ ხასიათის ზრდა ვერ ჩაითვლება მდგრად ეკონომიკურ ზრდად, 2022 წელს კი უკვე გამოიკვეთა მდგრადი ეკონომიკური ზრდის კონტურები, რაც ასევე უნდა ჩაითვალოს საქართველოს მთავრობის დამსახურებად. კერძოდ, საუბარია ე.წ. შუა დერეფანზე. მისი ერთ-ერთი კონკრეტული პროექტი ის ელექტროკაბელია, რომელიც შავი ზღვის ფსკერზე უნდა გავიდეს და რომელშიც ჩართულია ოთხი სახელმწიფო - საქართველოსთან ერთად აზერბაიჯანი, რუმინეთი და უნგრეთი. პროექტი ევროკავშირის პატრონაჟით ხორციელდება, რადგან ევროკავშირს სჭირდება რუსეთის ალტერნატიული ელექტროენერგიის წყარო. ერთ-ერთი ასეთი წყარო კი შეიძლება გახდეს საქართველო. საუბარია არა იმაზე, რომ საქართველო უნდა იყოს ენერგეტიკული რესურსის გამტარი, როგორიც არის, მაგალითად, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი, ან სამხრეთ კავკასიის გაზსადენი. საუბარია ჰიდროენერგეტიკის, ენერგიის ტრადიციული წყაროების განვითარებაზე. ეს კი ნიშნავს, რომ საქართველოს სატრანსპორტოსთან ერთად, წარმოების ფუნქციაც ეკისრება. 2023 წლიდან მოყოლებული, ამ პროექტების წარმატებით განხორციელების შემთხვევაში, საქართველოს ეკონომიკური ზრდის მთავარი მამოძრავებელი ძალა იქნება შუა დერეფანი და ამ პროექტიდან გამომდინარე სხვა ქვეპროექტები, იქნება ეს ენერგეტიკული, სატრანსპორტო თუ სხვა სამრეწველო-საწარმოო ხასიათის.

- ომი ახსენეთ საფრთხედ, რაც ხელისუფლებისგანაც მუდმივად გვესმის, მაგრამ თუნდაც ევროპის ენერგეტიკული ინტერესიდან გამომდინარე, რუსეთის გარდა, ვის აწყობს აქ ომი?

- აქ ომი რუსეთსაც სურს, რადგან ქვეყნის სიდიდიდან გამომდინარე, აქ ომში წარმატების მიღწევა მისთვის ბევრად ადვილი იქნება, ვიდრე უკრაინაში, ან სულაც ცენტრალური აზიის ქვეყნებში. ჯერ ერთი, თუნდაც იმიტომ, რომ რუსეთის სამხედრო ბაზები საქართველოს ტერიტორიაზე უკვე არსებობს, თანაც რუსეთს ჩვენი ტერიტორიის 20% უკვე ოკუპირებული აქვს. თუმცა მეორე ფრონტის გახსნით ასევე დაინტერესებულია უკრაინა, რომელსაც რუსეთის სამხედრო ძალების სხვა მიმართულებითაც გადანაწილება სჭირდება. თეორიულად, ყაზახეთმა რომ გაუხსნას რუსეთს მეორე ფრონტი, ეს უკრაინისთვის მდგომარეობის არსებითი შემსუბუქება იქნება, თუმცა ეს სცენარი დღეს გამორიცხულია. უფრო რეალისტურ ვარიანტად საქართველო განიხილება. ჩვენი უცხოელი პარტნიორების განცხადებებიც ხშირად ირიბად საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას ნიშნავდა. როდესაც ევროპული პერსპექტივა მოგვცეს, ხოლო უკრაინასა და მოლდოვას წევრობის კანდიდატის სტატუსი, ურსულა ფონ დერ ლაიენმა თქვა, უკრაინას ვანიჭებთ სტატუსს იმიტომ, რომ ომშია ჩართული, ხოლო მოლდოვას იმიტომ, რომ ომის საფრთხე ემუქრებაო, და რადგან საქართველო არც ომში იყო ჩართული და არც ომი ემუქრებოდა, კანდიდატის სტატუსი არ მოგვანიჭეს. ახლა გეკითხებით - ეს ირიბად არის თუ არა ომში ჩართვის მოწოდება? რა თქმა უნდა, არის...

ომისკენ მოწოდებები პირდაპირ კიევიდან მოდიოდა და როგორი უნდა ყოფილიყო თბილისის რეაქცია? ბრიუსელმა ირიბად თქვა, თქვენც რომ იყოთ ომში ჩართული, თქვენც მოგენიჭებოდათ კანდიდატის სტატუსიო. ეს ასე იკითხება. იყო მიუღებელი განცხადებებიც. მაგალითად, ყოფილმა სახალხო დამცველმა თქვა, ისე მრცხვენია, მირჩევნია, თბილისის თავზე ბომბები ცვიოდესო, ხოლო ამის შემდეგ აშშ-ის ელჩმა საქართველოში ბრძანა, რომ სრულად უჭერდა მხარს პიროვნულად ჩვენს სახალხო დამცველს. რა გამოვიდა? ელჩიც იზიარებდა, რომ უკეთესი იყო საქართველოს თავზე ბომბები ჩამოცვენილიყო? ძნელია შეფასება, რამდენად შეგნებულად თქვეს ის, რაც თქვეს, თუ სიბრიყვით მოუვიდათ, მაგრამ ფაქტია, ასეთი განცხადებები, სამწუხაროდ, იყო. აღარაფერს ვამბობ ცალკეული დასავლელი ექსპერტის თუ პარლამენტარის განცხადებებზე.

- ის ინტერესი, რაც დღეს ევროპას აქვს, რომ საქართველოს გავლით მიიღოს მისთვის საჭირო პროდუქცია, ენერგეტიკული რესურსები იქნება თუ სხვა, რამდენად ჯდება იმ ლოგიკაში, რომ მათ აქ ომი სურთ?

- როდესაც ეს განცხადებები კეთდებოდა, მაშინ შუა დერეფნის იდეა არ იყო მკაფიოდ გამოკვეთილი. ამ იდეის რელიეფური კონტურები 2022 წლის შემოდგომიდან ჩამოყალიბდა. ამან შეცვალა თავად ევროკომისიის დამოკიდებულება ჩვენ მიმართ, რადგან შუა დერეფანი ვერ შეისხამს ხორცს, თუ საქართველო იქნება ჩართული საომარ მოქმედებებში. როდესაც ბრიუსელის პატრონაჟით სწორედ ქალბატონი ფონ დერ ლაიენი ესწრებოდა ოთხი ქვეყნის მეთაურის ხელმოწერას შავ ზღვაში გასატარებელ კაბელთან დაკავშირებით, ამით ბრიუსელმა გამოხატა თავისი დამოკიდებულება - მას სჭირდება შუა დერეფანი, მას სჭირდება ელექტროკაბელი. ამაში კი ირიბად ისიც იკითხება, რომ მას სჭირდება მშვიდობა საქართველოში. უამისოდ რუსეთის ალტერნატიული სატრანსპორტო-ეკონომიკური დერეფანი, უბრალოდ, არ შეიქმნება.

- ანუ დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ არსებული გეოპოლიტიკური სიტუაცია საქართველოს ეკონომიკური განვითარებისთვის ხელსაყრელია?

- მე ვიტყოდი, რომ გეოპოლიტიკური სიტუაცია მაინც საფრთხის შემცველია, გეოეკონომიკურად კი უკეთესია, რადგან გეოეკონომიკურად საქართველოს განვითარების პერსპექტივა გაუჩნდა. თუმცა გეოპოლიტიკის თვალსაზრისით სხვადასხვა ხაფანგი არსებობს. ჩვენი ტერიტორიის 20% ოკუპირებულია. საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული მიზანი, გარდა ევროატლანტიკური ინტეგრაციისა, არის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. ამიტომ მთავარია, მთავრობა ზედმეტ ემოციებს არ უნდა აჰყვეს.

- ჩინეთ-რუსეთის კიდევ უფრო დაახლოება საქართველოს სატრანზიტო დერეფანს დაბრკოლებას ხომ არ შეუქმნის?

- ჩინეთს სჭირდება როგორც ევროპის, ისე რუსეთის ბაზარიც. ჩინეთიდან რუსეთში გატანილი პროდუქცია ევროპაში ვეღარ გადის. ამიტომ ევროპაში საქონლის გასატანად ჩინეთს შუა დერეფანი საზღვაო მარშრუტებთან ერთად აუცილებლად დასჭირდება.

- ჩინეთთან პირდაპირ სარკინიგზო მიმოსვლასთან დაკავშირებით რა მდგომარეობაა? ძალიან დიდი აჟიოტაჟით დაანონსდა, მაგრამ ახლა აღარავინ ახსენებს. არ არის ამ სატრანზიტო დერეფნის ინტერესებთან კავშირში?

- ეს იყო, ასე ვთქვათ, სატესტო პროექტი ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის მონაკვეთის ჩართულობით, მაგრამ მისი ამოქმედება არ დაწყებულა. ეს პროექტი საშუალებას მოგვცემს ტვირთებმა ამ მიმართულებაზეც იმოძრაონ როგორც ჩინეთიდან, ასევე აზიის სხვა ქვეყნებიდან, არ არის გამორიცხული, იაპონიიდანაც.

- მაშინ რატომ არ აქტიურდება ეს პროექტი, მით უმეტეს, რომ შესაძლებელია ასეთი მნიშვნელოვანი დატვირთვა ჰქონდეს?

- პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებიდან ტექნიკურ შესრულებამდე ყოველთვის არსებობს დროითი ლაგი. ამას სჭირდება ბიზნესის გადაწყობა, შესაბამისი ინფრასტრუქტურული ცვლილებები და, რა თქმა უნდა, საქართველოს დღეს ამის პერსპექტივა აქვს აზერბაიჯანთან ერთად, რადგან საქართველო და აზერბაიჯანი ერთ გეოეკონომიკურ სივრცეში არსებული ტანდემია. ეს გვაძლევს საშუალებას, რომ შუა დერეფნის პროექტი წარმატებული იყოს, მაგრამ ამას დრო სჭირდება.

აქვე გავიხსენებ პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებაც, რომ ანაკლიის ნავსადგურის მშენებლობასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა 2023 წლიდან დაიწყება, არ დაელოდებიან პოტენციურ ინვესტორებს, რადგან ნავსადგურის 51% საქართველოს მთავრობის საკუთრება იქნება.

- ყველაფერი რომ ისე წავიდეს, როგორც დაგეგმილია, საქართველოს რამდენი წელიწადი დასჭირდება ეკონომიკური მდგომარეობით ევროკავშირის თუნდაც ყველაზე ღარიბ ქვეყანას გაუთანაბრდეს?

- ამის არითმეტიკულად დათვლა შეიძლება, მაგრამ თავს შევიკავებ, რადგან ბევრი რამ მაინც დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ წარიმართება ომი უკრაინაში. ჩვენ არ ვიცით, როდის დასრულდება და დასრულებიდან რამდენ ხანში მოეხსენება რუსეთს სანქციები. არც ის ვიცით, ომის დასრულების შემდგომ რა სტატუსი ექნება რუსეთს. ამიტომ პროგნოზი ძალიან რთულია. ერთი რამ შემიძლია გითხრათ - რამდენადაც ბრიუსელი დაინტერესებულია, რომ საქართველოში იყოს მშვიდობა, ამ შუა დერეფნის კუმულაციური ეფექტი უკვე 2023 წლიდან თანდათან გამოიკვეთება. ყოველ შემდეგ წელს ეფექტი მზარდი იქნება. ომი წლეულსაც რომ დამთავრდეს უკრაინის გამარჯვებით, ეს არ ნიშნავს, რომ ომის შემდგომ პერიოდში არ იქნება სირთულეები, არ ნიშნავს, რომ სანქციები მაშინვე გაუქმდება, ყველაფერი ომამდელ მდგომარეობას დაუბრუნდება. ეს, უბრალოდ, შეუძლებელია.

- ერთწლიან პერსპექტივაზე მაინც რომ ვიმსჯელოთ, 2024 წლის დასაწყისში ჩვენი ეკონომიკა რა დონეზე შეიძლება იყოს?

- შემიძლია ასეთი რამის თქმა გავბედო - ის მდგომარეობა, რაც დღეს არის რუსეთ-უკრაინის ფრონტზე, თუ არ გაუარესდება, თუ ეს ომი მსოფლიოს ბირთვულ ომში არ გადაიზრდება, სხვა თანაბარ პირობებში საქართველოს ეკონომიკას აქვს პოტენციალი, სულ ცოტა, 5-6%-იანი ეკონომიკური ზრდით დაასრულოს 2023 წელი, თანაც ეს ზრდა უფრო მეტად იქნება ინკლუზიური, რადგან შუა დერეფნის პროექტი ნიშნავს არა მარტო ტრანსპორტირებას, არამედ წარმოებასაც.

- 5-6% ხომ ისედაც დაგეგმილია? ანუ მხოლოდ ეს გეგმა შესრულდება ან, ღმერთმა არ ქნას, შუა დერეფანს თუ რაიმე პრობლემა შეექმნა, ესეც არ იქნება?

- კი, ასეა დაგეგმილი. ასე იყო წინა წელსაც დაგეგმილი, მაგრამ 10%-ზე მეტზეც გავედით. უნდა გვახსოვდეს, რომ ეს არ არის მბრძანებლური გეგმა, ეს ინდიკატიური გეგმაა, როდესაც გაქვს ინდიკატორები და მათგან გამომდინარე იღებ გადაწყვეტილებას. მთავარია, ზრდა 5-6%-ზე ნაკლები არ იყოს, ხოლო თუ მეტი იქნება, რა ჯობს?

- მოსახლეობა როგორ იგრძნობს ამ ზრდას, ისე ხომ არ მოხდება, რომ ისევ ინფლაციამ ჩაყლაპოს?

- ინკლუზიური ზრდა ნიშნავს სწორედ მოსახლეობის ჩართულობას, როცა განხორციელდება სამშენებლო პროექტები, ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა, მათ შორის, ენერგიის არატრადიციული წყაროების გამოყენებას დასჭირდება შესაბამისი ინფრასტრუქტურის მშენებლობა.

ყოველივე ეს კი მოხდება მოსახლეობის მონაწილეობით, რაც, მის შემოსავლებზეც აისახება.

- რამ შეიძლება შეაფერხოს ეს ეკონომიკური განვითარება?

- ბევრმა რამემ, მათ შორის ომმა და ღმერთმა დაიფაროს, ის ბირთვულ ომში გადაიზარდოს. ეს ერთი, მეორე კი არის პოლიტიკური სტაბილურობა ქვეყანაში. ნუ დაგვავიწყდება, რომ ჩვენ წინ გვაქვს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები, რაც ნებისმიერი ქვეყნისთვის ყოველთვის მძიმე პერიოდია - არჩევნები პოლიტიკურ არასტაბილურობას იწვევს. არასტაბილურობის ეფექტი იქნება აშშ-შიც, რადგან თუ ტრამპი იქნება პრეზიდენტობის კანდიდატი, ეს სერიოზულ რყევებს გამოიწვევს ამერიკის პოლიტიკურ ცხოვრებაში. ჩვენთან ძალიან ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იმაზე, რამდენად მოახერხებს ხელისუფლება 2023 წლის ბოლოს მივიღოთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. ამას ექნება გადამწყვეტი მნიშვნელობა და სწორედ ამიტომ რადიკალური ოპოზიცია ყველაფერს აკეთებს, რომ ჩააგდოს 12-პუნქტიანი გეგმის შესრულება. ზოგიერთი ლიდერის ხშირი ვოიაჟები ბრიუსელში სხვა დატვირთვას არც ატარებს. როგორც 2014 წელს იბრძოდნენ, რომ საქართველოს ასოცირების შეთანხმება არ მიეღო ბრიუსელიდან, ახლა იბრძვიან, რომ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს. ფიქრობენ, რომ ამ შემთხვევაში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მეტ ხმას მიიღებენ.

- პოლიტიკური დესტაბილიზაცია რა დონის უნდა იყოს, ეკონომიკის განვითარებაზე გავლენა რომ იქონიოს? საპროტესტო აქცია თუ ითვლება ამ დონედ და თუ ასეა, აქციები არ უნდა გავმართოთ?

- არ მინდა დღეს ცუდ თემებზე ვილაპარაკო, რათა უნებურად რამე არასასურველის პროვოცირება არ გამოვიწვიო. მინდა დარწმუნებული ვიყოთ, რომ საქართველო მოიპოვებს კანდიდატის სტატუსს. ეს ბრიუსელს არანაკლებ სჭირდება, ვიდრე თბილისს, სწორედ შუა დერეფნის გამო. პროვოკაციები ყოველთვის შესაძლებელია და არ არის გამორიცხული, მოაწყონ კიდეც. ამიტომ ხელისუფლებას განსაკუთრებული სიდინჯე და პრინციპულობა მართებს.

- რა არის ხელისუფლების პასუხისმგებლობა და რა ოპოზიციის ასეთ სიტუაციაში?

- ხელისუფლების პასუხისმგებლობაა თითქმის ყველაფერი, სწორედ იმიტომ, რომ ხელისუფლებაა. მაგრამ პოლარიზაცია რომ არ იყოს, ეს მხოლოდ ხელისუფლებაზე არ არის დამოკიდებული. მთავარია, პოლიტიკურ დაპირისპირებას რადიკალური ფორმები არ ჰქონდეს, თორემ პოლარიზაცია მეტ-ნაკლებად ყველა ქვეყანაშია.

- საერთო ჯამში, რისკი უფრო მეტია თუ ხელშემწყობი ფაქტორი ეკონომიკური განვითარებისთვის?

- ვფიქრობ, დადებითი ფაქტორი უფრო მეტია, რადგან საქართველოს ხელისუფლება დაინტერესებულია კანდიდატის სტატუსის მიღებით. ასევე ფიქრობენ პრაგმატულად მოაზროვნე პოლიტიკოსებიც ბრიუსელსა თუ ვაშინგტონშიც, რათა შუა დერეფნის პროექტი მშვიდობის პირობებში ამოქმედდეს. ამისთვის კი საჭიროა საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს, იმ პირობების შესრულებით, რაც 12-პუნქტიან გეგმაშია. ვფიქრობ, პრიორიტეტულია, ამ 12 პუნქტიდან 11-ის აუცილებლად შესრულება, რადგან პოლიტიკური დეპოლარიზაციის მიღწევა რადიკალური ოპოზიციის ინტერესებში ნამდვილად არ არის. ამ ვითარებაში 11 პუნქტის შესრულება დასავლეთის პრაგმატულად მოაზროვნე პოლიტიკოსებისთვის საკმარისი უნდა იყოს, რათა საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს.

რუსა მაჩაიძე