პუნქტი #1 ანუ რა დაასრულებს ქართულ პოლიტიკაში დეპოლარიზაციას?!
ქართულ პოლიტიკას აქვს ერთი განსაკუთრებული თვისება - ხშირად, ყველაზე მნიშვნელოვანმა და სერიოზულმა საკითხებმა ტრაგიკომიკური ხასიათი უნდა მიიღოს ხოლმე. მაგალითად, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების 12-პუნქტიანი გეგმის შესრულება, ცნობილ რომანს "12 სკამს" დაემსგავსა, რომლის გმირები ერთ ამბავში არიან, ქალაქიდან ქალაქში დადიან, სკამებს ყიდულობენ, მაგრამ ნაწარმოები ისე მთავრდება, პერსონაჟები ვერ იპოვიან მთავარ სკამს, სადაც ბრილიანტებია დამალული.
ჩვენს შემთხვევაში ბრილიანტებია დამალული 12-პუნქტიანი გეგმის პირველ პუნქტში, რომლის მიხედვით, ბრიუსელი საქართველოსგან დეპოლარიზებულ პოლიტიკურ გარემოს ითხოვს. თავად განსაჯეთ, აქვს თუ არა ამ პუნქტს შესრულების პერსპექტივა, როდესაც პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს თავზე წყალს ასხამენ, მიკროფონებს თავში ურახუნებენ და საკანონმდებლო ორგანოს შიდა კიბეებზე ჭიდაობა აქვთ გამართული. დეპოლარიზაცია კი არ მცირდება, ღრმავდება და წინასწარ შეგვიძლია ვთქვათ, რომ წლის ბოლომდე (როდესაც ბრიუსელს უნდა ვუპატაკოთ, რომ 12 პუნქტი შევასრულეთ) ვერ ვიპოვით "მთავარ სკამს" ანუ ვერ შესრულდება პუნქტი #1. თუ, რა თქმა უნდა, უცხოპლანეტელები არ დაგვესხნენ თავს და ჩვენი პოლიტელიტა ნეპტუნზე არ წაიყვანეს.
საინტერესოა, რომ ევროკავშირმა პირველ პუნქტად კი ჩაგვიწერა დეპოლარიზაცია, მაგრამ ევროსტრუქტურების წარმომადგენლების განცხადებებიდან გამომდინარე, ბუნდოვანია, რას ჩათვლიან ისინი დეპოლარიზაციად და რას არა. ანუ ე.წ. საგზაო რუკას არ გვთავაზობენ. უფრო ბუნდოვანი წარმოდგენა აქვთ ამ საკითხზე ქართველ პოლიტიკოსებს.
ასე რომ, ევროკავშირს პოლიტიკური გადაწყვეტილება აქვს მისაღები, დახუჭოს თვალი დეპოლარიზაციაზე და მოგვანიჭოს კანდიდატის სტატუსი ან კვლავ უარი გვითხრას და დაელოდოს, ქართულ პოლიტიკურ ველზე მგელი და თხა ერთად როდის მოძოვს. ფაქტია, რომ ქართული სახელმწიფო და საზოგადოება იმსახურებს სტატუსის მიღებას. მეორეც - თუ სტატუსი არ მოგვცეს, ეს დეპოლარიზაციის ახალ აფეთქებას გამოიწვევს. "ოცნება" ოპოზიციის ნაწილს დაადანაშაულებს, რომ მათ ჩაშალეს საქართველოს წინსვლა. ოპოზიცია კი ხელისუფლებას. მესამეც - ეს რუსეთის წისქვილზე დაასხამს წყალს, სადაც ჩათვლიან, რომ საქართველო კიდევ უფრო დაშორდა დასავლეთის ორბიტას. ასე რომ, დიდი ალბათობით, წლის ბოლოს კანდიდატის სტატუსს მივიღებთ.
თუმცა მთავარი ის არის, რომ ჩვენ უნდა გვაწყობდეს დეპოლარიზაციის დასასრული, რათა ქვეყანაში დასრულდეს პოლიტიკური რყევები, რომელიც აზიანებს ყველაფერს - ქვეყნის საგარეო იმიჯით დაწყებული და ეკონომიკით დამთავრებული. ქართველი პოლიტიკური ექსპერტების აზრით, დეპოლარიზაცია შესაძლოა, რამდენიმე სცენარის განვითარების შემდეგ დაიწყოს: 1. სააკაშვილის გათავისუფლება. 2. ევროკავშირის წევრობის სტატუსის მიღება. 3. 2024 წლის (ან რიგგარეშე) არჩევნების შემდეგ.
სააკაშვილის გათავისუფლებამ (საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანამ, საიდანაც ის, რა თქმა უნდა, უკან აღარ დაბრუნდება) შესაძლოა მხოლოდ ის მოიტანოს, რომ მედიასივრციდან გაქრება მთავარი თემა, რომელიც სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხება და ბოლოს და ბოლოს, პოლიტიკოსებმა სხვა თემებზეც ილაპარაკონ. თორემ რა, სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლამდე ნაკლები პოლარიზებული გარემო იყო?! თუ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აზანზარებს ქვეყანას აქციები?!
ასევე, უცნაურია, რატომ დაიწყება დეპოლარიზაცია, თუ ქვეყანამ ევროკავშირის წევრობის სტატუსი მიიღო?! მით უმეტეს, ორივე მხარეს ("ოცნება"-ოპოზიცია) უკვე აქვს წინასწარ ჩამოყალიბებული ე.წ. მესიჯბოქსი. მაგალითად, ოპოზიცია იტყვის, რომ ხელისუფლება პრორუსულად რჩება, თუმცა ევროკავშირმა სტატუსი ქართველ ხალხს მიანიჭა და ასევე, გაჭრა ოპოზიციის ბრიუსელში ვიზიტებმა. ხელისუფლება კი იტყვის, რომ ოპოზიციის ძირგამომთხრელი სამუშაოების მიუხედავად, მათ შეძლეს 12 პუნქტის შესრულება და ამ დიდი გამარჯვების მოპოვება. მოკლედ, თუ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს მივიღებთ (და დიდი ალბათობით მივიღებთ), ქართული პოლიტიკა ისეთივე პოლარიზებული დარჩება, როგორიც მანამდე იყო.
რაც შეეხება 2024 წლის არჩევნების შედეგებს - პოლარიზებას იწვევენ პოლიტიკური აქტორები და ვინმე დარწმუნებულია, რომ დღეს მოქმედი პოლიტიკოსები 2024 წელს პარლამენტში აღარ იქნებიან?! "ოცნება" აორთქლდება თუ ოპოზიცია?! რა ისეთი კატაკლიზმები უნდა მოხდეს, რომ რომელიმე პოლიტიკური ჯგუფი გაქრეს პოლიტიკური სცენიდან?! გარდა ამისა, როდესაც ვსაუბრობთ პოლარიზაციაზე, ეს მხოლოდ ხელისუფლებისა და ოპოზიციის დაპირისპირებას არ ეხება. თავად ოპოზიციის შიგნითაც არანაკლები დაპირისპირებაა, თუმცა ეს ჯერჯერობით ასე აშკარად არ ჩანს.
მოკლედ, დეპოლარიზაციის დასრულების მზა რეცეპტი არ არსებობს. მაშინ უნდა მოვიცადოთ 20-30 წელი, როდესაც ახალი თაობის პოლიტიკოსები მოვლენ, რომლებიც ისწავლიან წინა პლანზე ქვეყნის ინტერესების წამოწევას და არა პარტიულის და ა.შ. მეორე მხრივ, არც ველოსიპედის თავიდან გამოგონება არის საჭირო. დამოუკიდებელი, გამართული და ევროსტანდარტების მართლმსაჯულების სისტემა პოლიტიკური სტაბილურობის ერთ-ერთი მთავარი გარანტია. იმაზე აღარ შევჩერდებით, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს ამას სახელმწიფოს ნებისმიერი სფეროსთვის.
წარმოვიდგინოთ, რომ არსებობს დამოუკიდებელი სასამართლო, რომელსაც საზოგადოება ენდობა და მის გამოტანილ გადაწყვეტილებებს არ ებმება პოლიტიკური კუდები. საქართველოში დეპოლარიზაციის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი არის არჩევნები და მასთან დაკავშირებულ შედეგებზე დავა. როდესაც საარჩევნო დავებთან დაკავშირებით სასამართლო გამოიტანს ხოლმე გადაწყვეტილებას და ის საზოგადოების მხრიდან არ დადგება ეჭვის ქვეშ, პოლიტიკურ რყევებს დიდი საფუძველი გამოეცლება. გარდა ამისა, როდესაც გაქვს თავისუფალი სასამართლო, აუცილებლად შემოვა პრაქტიკაში ისეთი დავების განხილვა, როგორიცაა რეპუტაციული ზიანის მიყენება, ცილისწამება, მორალური ზიანის ანაზღაურება და ა.შ. ჰოდა, პოლიტიკოსები სანამ ვინმეს მძიმე ბრალდებას წაუყენებენ, კარგად დაფიქრდებიან.
მოკლედ, გვჭირდება თავისუფალი სასამართლო. თუმცა დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, რა უფრო რეალურია, უახლოეს მომავალში რეალური სასამართლო რეფორმების განხორციელება თუ პოლიტიკოსების ნეპტუნზე გადასახლება, საკითხავი აი, ეს არის.
გიორგი კვიტაშვილი