"დაპირებები უნდა შეასრულო, თუ ვერ ასრულებ მიხვიდე და აუხსნა, რატომ ვერ ასრულებ" - წალენჯიხაში მცხოვრებ 3 დევნილ ოჯახს მამუკა ხაზარაძემ საცხოვრებელი სახლები გადასცა - კვირის პალიტრა

"დაპირებები უნდა შეასრულო, თუ ვერ ასრულებ მიხვიდე და აუხსნა, რატომ ვერ ასრულებ" - წალენჯიხაში მცხოვრებ 3 დევნილ ოჯახს მამუკა ხაზარაძემ საცხოვრებელი სახლები გადასცა

წალენჯიხაში მცხოვრებ 3 დევნილ ოჯახს მამუკა ხაზარაძემ საცხოვრებელი სახლები გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას „ლელო“ ავრცელებს.

როგორც პარტია აღნიშნავს, 30 წელი დევნილობასა და საკუთარი კერის გარეშე ცხოვრების შემდეგ დღეს წალენჯიხელ ოჯახს საკუთარი სახლები აქვთ, რომლებსაც ახალი სახლები “ლელოს” ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ პირადად მიულოცა და გასაღებებთან ერთად სხვა საჩუქრებიც გადასცა, მათ შორის საყოფაცხოვრებო ტექნიკა.

“30 წელია ეს ოჯახები ცხოვრობდნენ ყოფილი კოლმეურნეობის შენობაში, რომელიც ამორტიზებულია და ცხოვრებისთვის აბსოლუტურად გამოუსადეგარი იყო. ახლა ჩვენ ვხედავთ სამ ბედნიერ ოჯახს, რომლებიც საკუთარ სახლებში იცხოვრებენ. მე დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე ჩვენ ამ ადამიანებს ვნახავთ საკუთარ სახლებში, აფხაზეთში დაბრუნებულებს და მე ვიქნები იქ მათი სტუმარი. ეს სახლები საზაფხულო დასასვენებლად დარჩებათ.

“ლელოს” ლიდერებთან ერთად ბევრს დავდივართ საქართველოს რეგიონებში, ჩვენი მთავარი ამოცანაა დაუბრუნოთ იმედი ადამიანებს და ვაჩვენოთ, რომ პოლიტიკაში რასაც ამბობ, ის უნდა გააკეთო, დაპირებები უნდა შეასრულო, თუ ვერ ასრულებ მიხვიდე და აუხსნა, რატომ ვერ ასრულებ და გაგიგებენ ადამიანები, თუმცა ჩვენ რა დაპირებაც მივეცით ამ ადამიანებს ყველაფერი ზედმიწევნით შევასრულეთ, ყველამ ის მიიღო, რისი სურვილიც ჰქონდა და ყველა ოცნება ავუსრულეთ მათ”, - ამბობს მამუკა ხაზარაძე

"ლელოს“ ცნობით, სამიდან ერთმა ოჯახმა სახლი წალენჯიხაში, დანარჩენებმა კი კერძო სახლები ოდიშსა და რუხში შეარჩიეს.

"ერთ-ერთი ბენეფიციარი ოჯახის წევრი ეტლით მოსარგებლე პირია, მან დამატებით საჩუქრად ელექტრო ეტლი მიიღო, რომელიც გადაადგილებას გაუადვილებს.

პროექტის ფარგლებში, რომელიც ძველი კოლმეურნეობის შენობის რეაბილიტაციას და საგანმანათლებლო-შემეცნებითი სივრცის მოწყობას ითვალისწინებს წალენჯიხელებისთვის, სადაც განთავსდება ოთარ ეგაძის თეატრი, მანანა დოიჯაშვილის სამუსიკო სკოლა, IT აკადემია და სხვა. ამ აქციით განხორციელდა ორი მნიშვნელოვანი რამ, სამი დევნილი ოჯახი სრულად დაკმაყოფილდა, საცხოვრებელი სახლების შეძენა მოხდა მათთან შეთანხმებით და მათი სურვილების სრულად იქნა გათვალისწინებული და მეორე, წალენჯიხელებს ექნებათ მნიშვნელოვანი კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი”, - აღნიშნავენ "ლელოში“.

"ინტერპრესნიუსი"