ქართული არმიის საბჭოთადროინდელ ტანკებს ვიღა გაგვირემონტებს, თუკი...
უკრაინაში ერთ წელზე მეტია მიმდინარე ფართომასშტაბიანმა საბრძოლო მოქმედებებმა, ბევრ სხვა ასპექტთან ერთად, კიდევ ერთი ძალზე საინტერესო რეალობაც გამოაჩინა.
რუსეთ-უკრაინის 13-თვიანი სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლის შედეგად ორივე მხარეს განადგურებულია არანაკლებ 13 ათასი ტანკი, ჯავშანმანქანა, საარტილერიო დანადგარი, რადიოლოკატორი, საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი, თვითმფრინავი, შვეულმფრენი, დრონი თუ კატარღა (აქედან, 25 მარტის მონაცემებით, რუსეთის საოკუპაციო ძალების სამხედრო ტექნიკის დანაკარგი 9 786 ერთეულს შეადგენს, უკრაინისა კი 3 130-ს).
აფეთქებული ათასობით ტანკისა და ჯავშანმანქანის, ისევე როგორც ჩამოგდებული თვითმფრინავებისა და შვეულმფრენების ლომის წილს ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს წარმოებული სამხედრო ტექნიკა შეადგენს, რომლის უდიდესი ნაწილი სწორედ რუსეთის ფედერაციასა და უკრაინას დარჩათ საბჭოთა იმპერიის დაშლის შემდეგ, 32 წლის წინ.
პუტინის რუსეთის უკრაინაზე თავდასხმამდეც რუსეთიც და უკრაინაც ათწლეულების განმავლობაში დაუნანებლად ყიდდნენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში საბჭოთა დროიდან შემორჩენილ სამხედრო ტექნიკას, ხოლო ერთმანეთთან ომში ამხელა საბრძოლო დანაკარგის შემდეგ აღმოჩნდა, რომ მათაც შემოაკლდათ თითქოსდა ულევი საბჭოთა სამხედრო მარაგი.
რუსეთის არმიაში ეს იმაშიც გამოიხატება, რომ ხანგრძლივი შენახვის ბაზებიდან უკვე არა მარტო ხრუშჩოვისდროინდელი T-62, არამედ თვით სტალინისდროინდელი T-54“ ტიპის ტანკების შეგროვება და უკრაინის ფრონტზე გაგზავნა დაიწყეს.
უკრაინა კი ომში განადგურებული საბჭოთა ტანკებისა და ჯავშანმანქანების საკომპენსაციოდ დასავლურ ჯავშანტექნიკას იღებს და აღარ დაუბრუნდება საბჭოთა ტანკებს, დარჩენილს კი დაუნანებლად „შეაკლავს“ ფრონტის ხაზს.
საბჭოური სამხედრო ტექნიკის დრო ელვისებურად ილევა, რასაც ძალზე აჩქარებს ომი უკრაინაში. შესაბამისად, თუ აღარ იქნება ეს ტექნიკა, მისი გარემონტება-მოდერნიზაციაც არააქტუალური გახდება და იმ ქვეყნებს, რომელთაც კიდევ შემორჩათ საბჭოური ტანკები და ჰაუბიცები, ძალზე გაუჭირდებათ მათთვის სათადარიგო ნაწილების შოვნა, გარემონტება და მუდმივ საბრძოლო მზადყოფნაში შენახვა.
ასეთი ქვეყნების რიგს კი მიეკუთვნება საქართველოც, რომლის თავდაცვის ძალების ჯავშანტექნიკას, არტილერიას, საზენიტო-სარაკეტო საშუალებებსა და სამხედრო ავიაციას სწორედ საბჭოთა დროს გამოშვებული ტექნიკა შეადგენს.
დიდი საიდუმლო არ არის, რომ საბჭოურ ტანკებსა თუ შვეულმფრენებს, ისევე როგორც საზენიტო საშუალებებს, ათწლეულების განმავლობაში სწორედ უკრაინის დახმარებით ვარემონტებდით, ზოგჯერ უკრაინაში ნაყიდი სათადარიგო ნაწილებითა და მათი სპეციალისტების დახმარებით, ზოგჯერ კი უკრაინაშივე ვგზავნიდით ქართულ „მფრინავ "ნიანგებს" გასარემონტებლად.
დღეს ეს წარმოუდგენელია არა მარტო იმიტომ, რომ უკრაინაში ომია და ჩვენთვის არ სცალიათ, არამედ იმიტომაც, რომ ისინი ნელ-ნელა გადადიან ნატოს სტანდარტის შეიარაღებაზე და თავადვე არიან დაინტერესებული, რაც შეიძლება მალე მოიშორონ საბჭოთა დანატოვარი.
უკრაინის გარდა, საბჭოთა სტანდარტის ტანკებისა თუ საზენიტო "ბუკების" სათადარიგო ნაწილების შოვნა, ალბათ, მხოლოდ რუსეთში თუ შეიძლება, რაც ასევე არარეალურია ქართული არმიისთვის.
არის კიდევ ერთი შემოვლითი გზა - მესამე-მეოთხე ხელის დახმარებით გარიგება, რაც ძალზე ზრდის სათადარიგო დეტალების ფასს. არადა, მათი ჩამონათვალი უზარმაზარია და ყველას - ტანკისტებს, არტილერისტებს, მეზენიტეებს თუ ავიაინჟინრებს სასწრაფოდ საჭირო ასობით დეტალის სია წლების წინ აქვთ შედგენილი, მაგრამ მტრების გასახარად მათი ჩამოთვლა არ გამოვა.
ამასთან, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველოს თავდაცვის ძალების შეიარაღებაში არსებული საბჭოური ტანკების, ქვეითთა საბრძოლო მანქანების, ჯავშანტრანსპორტიორების, საარტილერიო და საზენიტო დანადგარების "წლოვანება" უკვე მიუახლოვდა 40 წელს და არათუ კაპიტალურ რემონტს, არამედ ღრმა მოდერნიზაციას საჭიროებს, რათა მეტ-ნაკლებად მაინც შეესაბამებოდეს თანამედროვე ომების მოთხოვნებს.
მაგრამ, თუკი პოლიტიკური და ტექნიკური პრობლემების გამო ეს თითქმის შეუძლებელია, რა გამოსავალი აქვს ქართულ არმიას?
ერთ-ერთი შეიძლება იყოს საბჭოური სამხედრო ტექნიკის სასწრაფოდ... თავიდან მოშორება! ოღონდ ჯართში ჩაბარება კი არა, არამედ ჭკვიანურად „მოცილება“ და საკომპენსაციოდ დასავლური სამხედრო ტექნიკის მიღება, თუნდაც ასევე მოძველებულის, მაგრამ იმის გარანტიით, რომ მათი მუდმივი საბრძოლო მზადყოფნისთვის დიდი პრობლემები არ გაგვიჩნდება და სათადარიგო ნაწილებსაც არ დაგვამადლიან ნატოს წევრი ქვეყნები.
თუ როგორ შეიძლება „ჭკვიანურად მოცილება“, ამას სახელმწიფო უნდა გეგმავდეს პოლიტიკური და სამხედრო ასპექტების გათვალისწინებითა და იმ მომენტის გამოყენებით, რაც რუსეთ-უკრაინის გახანგრძლივებული ომის გამო შეიქმნა. წინააღმდეგ შემთხვევაში, წლების შემდეგ ქართულ არმიას შეიარაღებაში ბრძოლისუუნარო საბჭოური სამხედრო ტექნიკაღა შემორჩება.