"ურანის" ჭურვების მარტო რუს ტანკისტებს უნდა ეშინოდეთ თუ უკრაინის ეკოლოგიასაც? - კვირის პალიტრა

"ურანის" ჭურვების მარტო რუს ტანკისტებს უნდა ეშინოდეთ თუ უკრაინის ეკოლოგიასაც?

ბრიტანელების გაღარიბებული ურანისგან დამზადებული ჭურვებით უკრაინელები ნებისმიერი რუსული ტანკის ჯავშანს გაარღვევენ, მაგრამ მათი ფართო გამოყენება ხომ არ გამოიწვევს რადიოაქტიური დაბინძურების ზრდას ჩერნობილის ატომური რეაქტორის ავარიით ისედაც „დაზიანებულ“ უკრაინაში...

ჩერნობილის კატასტროფიდან მალე 37 წელი შესრულდება, მაგრამ უკრაინა კვლავ დგას მორიგი საშიში ბირთვული საფრთხის წინაშე თუნდაც იმიტომ, რომ რუსული ფრთოსანი რაკეტები თითქმის ყოველდღიურად გადაუფრენენ მის ატომურ რეაქტორებს, ხოლო ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური დაპყრობილი აქვთ რუს ოკუპანტებს. ამას ემატება ბრძოლის ველზე ორივე მხრიდან განადგურებული დიდძალი სამხედრო ტექნიკა, რომელთა დიდ ნაწილზე დაყენებული იყო რადიოიზოტოპების შემცველი ხელსაწყოები და ამ ტექნიკის აფეთქების შედეგად იზოტოპები უკრაინის ცაში, მიწაზე და წყალში გაიფანტა.ახლა ჩნდება ახალი, რეალური თუ მოგონილი რადიოაქტიური საფრთხე, რაც უკრაინელებისთვის მიწოდებული ბრიტანული გაღარიბებული ურანის შემცველ სატანკო ჭურვებს შეიძლება უკავშირდებოდეს. "კოლექტიური დასავლეთი უკვე ბირთვული კომპონენტების შემცველი შეიარაღების გამოყენებას იწყებს და რუსეთი იძულებული იქნება შესაბამისად იმოქმედოს", - პუტინის ეს მუქარაშემცველი განცხადება მას შემდეგ გავრცელდა, რაც ცნობილი გახდა, რომ დიდი ბრიტანეთი უკრაინაში Challenger - 2-ის ტიპის ძირითად საბრძოლო ტანკებთან ერთად მათ საჭურველში შემავალ იმ ჯავშანგამტან სატანკო ჭურვებსაც გზავნის, რომლებიც გაღარიბებული ურანისგანაა დამზადებული. გაღარიბებული ურანი, იგივე "ურანი-238", ბირთვული საწვავის მაღალრადიოაქტიური "ურანი-235"-ის იზოტოპებით გამდიდრების პროცესში თანმხლებ პროდუქტად მიიღება და ის უფრო ნაკლებად რადიოაქტიურია, ვიდრე იმავე მასის თავად ურანის მადანი გადამუშავებამდე. გაღარიბებული ურანი გამოირჩევა მაღალი სიმკვრივით და გამოიყენება თვითმფრინავებსა და რაკეტებში ბალასტად, მაღალრადიოაქტიური ნივთიერებების გადასატანი კონტეინერების დასამზადებლად და ასევე ქვეკალიბრის ჯავშანგამტანი ჭურვებისა და ტანკების ჯავშნების კონსტრუქციებში. ჩჰალლენგერ-2-ში გამოიყენება 120 მმ კალიბრის ქვეკალიბრის ჯავშანგამტანი ჭურვები L26 (CHARM 1) da L27A1 (CHARM 3), რომელთა ჯავშანგამტანი წაგრძელებული ღეროები სწორედ გაღარიბებული ურანისგანაა დამზადებული. ბრიტანული Challenger - 2 ნატოს წევრი ქვეყნების შეიარაღებაში ერთადერთი ტიპის ტანკია, რომელიც ხრახნლულიანი ქვემეხითაა აღჭურვილი, რის გამოც განსაკუთრებული სახის ჭურვებს მოიხმარენ, რომელთა გასროლა იმავე 120 მმ-იანი, ოღონდ გლუვლულიანი ქვემეხებიდან ამერიკულ "აბრამსებს", გერმანულ "ლეოპარდ-2"-ებსა თუ ფრანგულ "ლეკლერკებს" არ შეუძლიათ.

samx3-1679831489.jpg
ბრიტანელი ტანკისტი Challenger-2-ის სატანკო ქვემეხში გაღარიბებული ურანისგან დამზადებულ ჭურვს ათავსებს გასასროლად...

ბრიტანული Challenger - 2-ის ხრახნლულიანი სატანკო ქვემეხი გასროლის დიდი სიზუსტით გამოირჩევა, ხოლო გაღარიბებული ურანისგან დამზადებული ქვეკალიბრის ჯავშანგამტანი ჭურვის ბოლო მოდიფიკაცია ორ კმ-ზე 700 მმ სისქის მონოლითურ ჯავშანს ხვრეტს, რაც მაღალ ჯავშანგამტან შედეგად ითვლება. სწორედ საშიშროება, რომ უკრაინელი ტანკისტები ჩჰალლენგერ - 2-ებიდან უზუსტესად გასროლილი გაღარიბებული ურანისგან დამზადებული ქვეკალიბრის ჭურვებით შეძლებენ ნებისმიერი რუსული ტანკის, მათ შორის T-90M-ების შუბლა ჯავშნის გარღვევას, გახდა რუსეთის პრეზიდენტის განცხადების მოტივი და არა ის, რომ გაღარიბებული ურანის შემცველი ჭურვები ბირთვულ იარაღთან არის გაიგივებული.

გაღარიბებული "ურანი-238"-ის შემცველი 120 მმ-იანი ჯავშანგამტანი ქვეკალიბრის ჭურვები გასროლამდე თითქმის არ არის სახიფათო, მაგრამ ჯავშანზე დიდი სიჩქარით მოხვედრისა და მისი გარღვევისას ურანის ეს იზოტოპი მტვრად იფანტება და მისი ჩასუნთქვითა და წყალში გახსნილი სახით მიღებით ადამიანის ორგანიზმში იონიზებული გამოსხივების უხილავი წყაროები ხვდება. ეს შეიძლება წლების შემდეგ უარყოფითად აისახოს ადამიანის ჯანმრთელობაზე.

გაღარიბებული ურანისგან დამზადებული ქვეკალიბრის ჯავშანგამტანი სატანკო ჭურვები შეიარაღებაში საბჭოთა არმიამ ჯერ კიდევ 1982 წელს მიიღო და მას შემდეგ მათ მუდმივად ხვეწდა, რაც მისმა სამართალმემკვიდრე რუსეთის ფედერაციამ განაგრძო. სხვათა შორის, ასევე გაღარიბებული ურანისგან დამზადებულ ქვეკალიბრის ჯავშანგამტან სატანკო ჭურვებს, Свинец-2-ის სახელწოდებით, თავად რუსეთის არმია იყენებს უკრაინის ფრონტზე, რის შესახებაც კრემლი ინფორმაციას ასაიდუმლოებს.