რუსულ-ჩინური „მისალმება“, ანუ რას თამაშობს ჩინეთი?!
როგორც ცნობილია, ორშაბათს მოსკოვს ოფიციალური ვიზიტით ეწვია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარე სი ცზინპინი. ის გახდა პირველი მსოფლიო ლიდერი, რომელმაც ხელი ჩამოართვა პუტინს მას შემდეგ, რაც საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ გასცა ორდერი რუსეთის ლიდერის დაკავებაზე. 2022 წლის თებერვალში უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ დაწყებული ომის შემდეგ ეს მისი პირველი ვიზიტია რუსეთში. ვიზიტი სამდღიანია. პირველ დღეს ჩინეთისა და ოკუპანტი რუსეთის ლიდერებს შორის შედგა არაფორმალური შეხვედრა, რომელიც 4,5 საათის განმავლობაში გაგრძელდა. საუბრის იმ ნაწილში, რომელიც ღია იყო პრესის წარმომადგენლებისთის, პუტინმა განაცხადა, რომ პატივისცემით ეკიდება ჩინეთის ინიციატივებს უკრაინაში "კრიზისის" დარეგულირებასთან დაკავშირებით და ყურადღებით გაეცნო ამ ქვეყნის სამშვიდობო გეგმას. ვიზიტამდე მან უმსხვილეს ჩინურ გაზეთში გამოაქვეყნა სტატია სახელწოდებით: "რუსეთი და ჩინეთი - მომავალზე მიმართული პარტნიორობა", რომელშიც წერს, რომ "დიდი მოლოდინები" აქვს ამ შეხვედრისგან. კრემლის დიქტატორის მტკიცებით, "ამჟამად ურთიერთობა ამ ორ ქვეყანას შორის აღემატება„ცივი ომისდროინდელ სამხედრო-პოლიტიკურ კავშირებს", ხოლო მოსკოვი და პეკინი თანამიმდევრულად გამოდიან მეტად სამართლიანი მრავალპოლარული მსოფლიოსთვის.
დასავლეთი სკეპტიკურად უყურებს ამ გეგმას და აღნიშნავს, რომ ჩინეთი, ჩვეულებრივ, მხარს უჭერს კრემლის გადაწყვეტილებებსა და პოზიციას. აშშ და მოკავშირე ქვეყნები შეახსენებენ, რომ ჩინეთმა უარი თქვა რუსეთის დაგმობაზე უკრაინის წინააღმდეგ აგრესიასთან დაკავშირებით და ეკონომიკურად ეხმარება მას სასანქციო წნეხის დაძლევაში. ამის გარდა, აშშ-მ და ნატომ პირდაპირ დაადანაშაულეს ჩინეთი რუსეთისთვის იარაღის მიწოდებაში და ურჩიეს შეწყვიტოს ეს პროცესი. თეთრმა სახლმა მოუწოდა ჩინეთის ლიდერს, სთხოვოს პუტინს პატივი სცეს უკრაინის სუვერენიტეტს და შეწყვიტოს ომი ამ ქვეყანაში.
"ჩვენ მოვუწოდებთ პრეზიდენტ სის მოახდინოს პირდაპირი ზეწოლა პუტინზე უკრაინის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის აუცილებლობის საკითხთან დაკავშირებით. მსოფლიო და ჩინეთის მეზობლები, უპირობოდ, ყურადღებით დააკვირდებიან მიმდინარე პროცესებს", - განაცხადა თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ.
ასევე კირბიმ მოუწოდა ჩინეთის ლიდერს განიხილოს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ომის შედეგები უკრაინაში. კირბის თქმით, სი ცზინპინისა და პუტინის ურთიერთობა "გარიგებით ქორწინებას ჰგავს", და არა სიყვარულით.
"ეს არის ორი ქვეყანა, რომლებსაც კარგა ხანია აღიზიანებს აშშ-ის ლიდერობა მსოფლიოში", - დასძინა მან.
აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენის შეფასებით კი, მოსკოვში ჩინეთის ლიდერის ვიზიტი შესაძლოა მიუთითებდეს იმაზე, რომ პეკინი არ თვლის რუსეთს პასუხისმგებლად უკრაინაში ჩადენილი სამხედრო დანაშაულებისთვის.
"ის, რომ პრეზიდენტი სი ეწვევა რუსეთს რამდენიმე დღის შემდეგ, რაც საერთაშორისო სისხლის სასამართლომ გასცა ორდერი რუსეთის პრეზიდენტის დაკავების თაობაზე, არის დასტური იმისა, რომ ჩინეთი ვერ ხედავს თავის როლს კრემლის პასუხისგებაში მიცემის საკითხში იმ დანაშაულებზე, რაც რუსეთმა ჩაიდინა უკრაინაში", - განაცხადა მან.
ამასთან, ბლინკენმა გაიხსენა პეკინის მიერ წარმოდგენილი „უკრაინაში კრიზისის დარეგულირების პრინციპები და აღნიშნა, რომ ამ პრინციპების ცალკეული ელემენტები შეესაბამება იმ ძალისხმევას, რასაც მხარს დაუჭერს აშშ, მაგრამ დასძინა: "ნებისმიერი მოწოდება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, რომელიც არ ითვალისწინებს რუსეთის ჯარების გაყვანას უკრაინის ტერიტორიიდან, წარმოადგენს რუსეთის მიერ უკრაინის დაპყრობის მოწონებას, რაც მისცემს პუტინს საშუალებას შესვენებისა და ჯარების გადაიარაღებისთვის, რათა ამის შემდეგ ისევ დაიწყოს ომი უკრაინის წინააღმდეგ უფრო ხელსაყრელ დროს".
"მსოფლიო არ უნდა მოტყუვდეს რუსეთის ნებისმიერი ტაქტიკური ნაბიჯით ომის "გაყინვასთან" დაკავშირებით თავის პირობებზე, რომელსაც მხარს დაუჭერს ჩინეთი ან ნებისმიერი სხვა ქვეყანა", - ხაზგასმით აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.
კონგრესის ქვედა პალატის ერთ-ერთი წარმომადგენლის თქმით, თუ ჩინეთი სერიოზულად ეკიდება რუსეთის მხრიდან საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტას, მან უნდა გააცნობიეროს საერთაშორისო საზოგადოების მოწოდება და შეეცადოს ხელი შეუშალოს რუსეთში ორმაგი დანიშნულების საქონლისა და ტექნოლოგიების ექსპორტს.
დემოკრატი კონგრესმენი ანდრე კარსონი შეშფოთებულია ამ ვიზიტით, რადგან, მისი აზრით, ჩინეთის მხრიდან არსებობს რუსეთისთვის სამხედრო დახმარების ალბათობა. ამასთან, მისი მტკიცებით, ჩინეთს ძალუძს დადებითი როლის შესრულება რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებაში, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ სი ცზინპინი პირველად 2021 წლიდან აპირებს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან საუბრის გამართვას. შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციით, მოსკოვში ვიზიტის შემდეგ ჩინეთის ლიდერი შესაძლოა დაუკავშირდეს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის. ამის შესახებ წერს Fინანციალ თიმეს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ სი ცზინპინს სურს უკრაინის პრეზიდენტთან ონლაინშეხვედრის გამართვა, რაც 2022 წლის 24 თებერვლიდან (რუსეთის ფართომასშტაბიანი აგრესიის შემდეგ) მათი პირველი საუბარი იქნება.
პასუხად უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამჟამად მხოლოდ ჩინეთს შეუძლია იქონიოს გავლენა მოსკოვის პოზიციაზე უკრაინასთან დაკავშირებით, და ამიტომ პირდაპირი მოლაპარაკება ამ ქვეყანასთან არის აუცილებელი.
"მე მინდა პირისპირ საუბარი. ჩვენ ვისაუბრეთ შარშან, ჩვენს წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ საუბარი არ გვქონია, თუმცა ვთვლი, რომ ის სასარგებლო იქნებოდა", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ზოგი ამერიკელი ექსპერტი თვლის, რომ ჩინეთს სურს გააგებინოს მსოფლიოს იმის შესახებ, რომ უფრო მეტად დაეხმარება რუსეთს, მათ შორის უკრაინის წინააღმდეგ წარმოებულ ომშიც, თუ მისი ურთიერთობა აშშ-სთან ისევ გაუარესების სტადიაში დარჩება.
სტრატეგიული და საერთაშორისო ურთიერთობების სამეცნიერო თანამშრომლის ბრაიან ჰარტის აზრით, "სი ცზინპინს იმედი აქვს გამოიყენოს ეს ვიზიტი იმისთვის, რომ წარმოადგინოს თავი, როგორც სახელმწიფო მოღვაწე და ასევე წარმოადგინოს თავისი ქვეყანა, როგორც მსხვილი მსოფლიო მოთამაშე და მშვიდობისმყოფელი, რომელსაც შეუძლია გლობალური მოვლენების ჩამოყალიბება".
კიდევ ერთი ექსპერტის აზრით, რუსეთი სჭირდება ჩინეთს აშშ-სთან ურთიერთობის კონტექსტში. "სი ცზინპინი ზრუნავს ჩინეთის ინტერესებსა და პრობლემებზე წყნარი ოკეანის რეგიონში, მას არ აღელვებს უკრაინა და მის წინააღმდეგ ომი. ვიზიტი უბრალოდ აჩვენებს იმას, რომ ავტოკრატები ყოველთვის ერთად არიან".
კარნეგის ცენტრის უფროსი მეცნიერ თანამშრომლის თქმით, უკრაინაში ომისთვის რუსეთს სჭირდება იარაღი, ფული და ეკონომიკის მხარდაჭერა. ჩინეთი, მინიმუმ, აწვდის მას კომპონენტებს შეიარაღებისთვის და სამოქალაქო ტექნოლოგიებს, რომლებიც შესაძლოა გამოყენებულ იქნეს სამხედრო მიზნებისთვის, და ასევე ნამდვილად აძლევს რუსეთს ფულს.
შეგახსენებთ, რომ ჩინეთმა წარმოადგინა 12 პუნქტისგან შემდგარი სამშვიდობო გეგმა, რომელთა შორის არის: "საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა", "პირდაპირი დიალოგის აღდგენა", "ყველა ქვეყნის სუვერენიტეტის პატივისცემა" და "ცალმხრივი სანქციების შეწყვეტა".
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ქვეყნის ხელისუფლება თვალს ადევნებს აღნიშნულ ვიზიტს და იმედს გამოთქვამს, რომ პეკინი გამოიყენებს თავის გავლენას მოსკოვზე იმისთვის, რომ აიძულონ ოკუპანტები შეწყვიტონ აგრესია უკრაინის წინააღმდეგ.
თავის ჩინელ კოლეგასთან სატელეფონო საუბრის დროს, რომელიც ვიზიტამდე რამდენიმე დღით ადრე შედგა, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრი კულებამ აღნიშნა, რომ ყველა დიპლომატიური ძალისხმევის ცენტრში უნდა იყოს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა.
"ჩვენ მზად ვართ უფრო მჭიდრო დიალოგისთვის ჩინეთთან, რომელიც დაკავშირებული იქნება უკრაინაში მშვიდობის დამყარებასთან, გაეროს წესდებით დადგენილი პრინციპების შესაბამისად", - დასძინა მან.
ექსპერტების ვარაუდით, ჩინეთის და რუსეთის ლიდერთა მოლაპარაკების დროს ერთ-ერთი განსახილველი თემა იქნება რუსული ტექნიკისა და ტექნოლოგიური ინოვაციების მიწოდება ჩინეთში.
"ჩინეთისთვის, პრინციპში, სულერთია, სად გადის ფრონტის ხაზი, ვისი დროშაა ბახმუტზე. მათთვის მნიშვნელოვანია, რომ ომმა არ გამოიწვიოს რუსეთის დღევანდელი რეჟიმის კოლაფსი და რუსეთში პროდასავლური მთავრობის დამყარება", - აღნიშნავს ექსპერტი.
ექსპერტების ვარაუდით, მოსკოვში მოლაპარაკების დროს მიღებული იქნება შეთანხმებათა დიდი ეკონომიკური პაკეტი.
რაც შეეხება მოლოდინებს: რუსი ეკონომისტების აზრით, ამ ვიზიტისგან, პირველ რიგში, რუსეთი ელის, რომ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის ახალ ეტაპზე გადავა, ის დაეხმარება ორი ქვეყნის ეროვნული ვალუტების გამოყენების მოცულობის გაზრდას ურთიერთანგარიშსწორებაში, გააფართოებს სატრანსპორტო დერეფნებს, გახსნის საქონლისა და მომსახურების ახალ ბაზრებს.
რუსეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენელთა თქმით, ჩინეთის ლიდერის ვიზიტი მოსკოვში დამატებით იმპულსს მისცემს ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას. ისინი ელოდებიან ისეთი გადაწყვეტილებების მიღებას, რომლებიც ხელს შეუწყობს საგარეო ფაქტორების ეფექტურ დაძლევას.
პირველ რიგში, საუბარია ტრანსსასაზღვრო ანგარიშსწორების ჩამოყალიბებაზე, ასევე ეროვნული ვალუტების გამოყენების მოცულობის გაზრდასა და ელექტრონული კომერციის განვითარებაზე.
ჩინეთის ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, საქონლის ბრუნვა ამ ორ ქვეყანას შორის 29%-ით გაიზარდა და 190 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა.
ვიზიტის მეორე დღის შედეგების მიხედვით ირკვევა, რომ არანაირი შეთანხმება უკრაინაში ომის შეწყვეტის თვალსაზრისით არ იქნა მიღწეული, ან მხარეები არ ასაჯაროებენ ამას.
უკრაინელი ექსპერტების აზრით, პუტინს აინტერესებს ჩინური იარაღი, ტექნიკა და საბრძოლო მასალები, მაგრამ პეკინი ამაზე არ წავა სანქციების დაწესების საფრთხის გამო და მაქსიმუმი, რაც შეიძლება იყოს, ეს მიკროსქემების და კომერციული დრონების მიწოდებაა რუსეთისთვის.
"შექმნილ ვითარებაში ჩინეთი ხედავს ბევრ შესაძლებლობას იმისთვის, რომ მაქსიმალურად შექმნას რუსეთისგან ვასალი სახელმწიფო, რომ ის სრულად იყოს დამოკიდებული მასზე, ჩინეთი კი ისარგებლებს ამით. ამასთან, ჩინეთი გააკეთებს ყველაფერს, რათა არ დაკარგოს კავშირები აშშ-სა და ევროპასთან", - წერს "საინფორმაციო წინააღმდეგობის ჯგუფის" სამხედრო-პოლიტიკური ექსპერტი ალექსანდრ კოვალენკო.
ოლეგ პავლენკო