„ჩინეთს აწყობს რუსეთის გამარჯვება და შეეცდება ხელი შეუწყოს, ოღონდ არც შარში გახვევა სურს...“ - კვირის პალიტრა

„ჩინეთს აწყობს რუსეთის გამარჯვება და შეეცდება ხელი შეუწყოს, ოღონდ არც შარში გახვევა სურს...“

„ჩინეთი ფიქრობს, რომ მისი გადასაწყვეტია, სად ჩავა, აზრს არავის ეკითხება, არც ჰააგას და არც ვაშინგტონს“ სი ძინპინი პირველი ლიდერია, რომელიც პუტინს მას შემდეგ შეხვდა, რაც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ის ომის დანაშაულებში, კონკრეტულად კი უკრაინელი ბავშვების იძულებით დეპორტაციაში დაადანაშაულა. მოსკოვი ამ ბრალდებებს დასავლეთის "მტრული ნაბიჯების" ნაწილად მიიჩნევს და აცხადებს, რომ ჰააგის მოსამართლეების წინააღმდეგ თავად ხსნის საქმეს, პეკინი კი ამბობს, რომ პუტინის დაკავების ორდერი "ორმაგ სტანდარტს" ეფუძნება. ეს თავად სი ძინპინისთვისაც პირველი საერთაშორისო ვიზიტია მას შემდეგ, რაც ამ თვეში მანდატი უპრეცედენტო, მესამე ვადით მოიპოვა. ჩინეთის ლიდერის ჩასვლა მოსკოვში არის თუ არა იმის დემონსტრირება, რომ შესაძლოა ჩინეთ-რუსეთმა დასავლეთის წინააღმდეგ მტრული ალიანსი ჩამოაყალიბონ, ამ საკითხზე საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორს, GIPA-ს პროფესორ თორნიკე­ შარაშენიძეს ვესაუბრეთ:

- ჩინეთი დამოუკიდებელი მოთამაშეა და არ აინტერესებს არც ჰააგა და არც არავინ. სწორედ ამას ნიშნავს მისი პუტინთან ვიზიტიც. ცხადია, ჰააგის გადაწყვეტილება, ალბათ, სიგნალია სი ძინპინისთვის, მაგრამ არა მგონია, ვინმე იმას ელოდა, რომ გააუქმებდა ვიზიტს მოსკოვში. ჩინეთი ამერიკის მერე მსოფლიოში მეორე დამოუკიდებელი მოთამაშეა. ასე რომ, რაში აინტერესებს ჰააგა, მით უმეტეს, რომ მას არც ცნობს­. ჩინეთი დამოუკიდებელი მოთამაშეა და ფიქრობს, რომ მისი გადასაწყვეტია, სად ჩავა, აზრს არავის ეკითხება, არც ჰააგას და არც ვაშინგტონს.

- ეს დასავლეთთან დაპირისპირების ჩვენებაცაა?

- დიახ, მათ შორის კონფრონტაცია უკრაინის ომმა დააჩქარა. ამერიკა დიდხანს ცდილობდა ევროპის აყოლიებას ჩინეთის წინააღმდეგ, რათა ჩაერთო სანქციების ომში, მაგრამ ვერ ახერხებდა, რადგან ევროპას ჩინეთთან თანამშრომლობით ეკონომიკური მოგება ჰქონდა, მაგრამ ომმა მსოფლიო ორ ბანაკად გაყო, ევროპას აღარ შეუძლია ძველებურად მანევრირება და ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

- ორ ბანაკად გაყოფილ მსოფლიოში ჩინეთს, რომელიც მეორე მოთამაშეა, რა აძლევს ხელს, რუსეთის დამარცხება თუ გამარჯვება?

- ჩინეთს რუსეთის დამარცხება ნამდვილად არ აძლევს ხელს, რადგან სურს რუსეთი მისი პარტნიორი იყოს თავისი პოტენციალიდან გამომდინარე. სად ჩინური პოტენციალი და სად რუსული, მით უმეტეს, რომც გაიმარჯვოს, ეს ომი რუსეთს ძალიან დაასუსტებს. უკვე დასუსტებულია კიდეც და როდის აინაზღაურებს ამ ზარალს, ძნელად სათქმელია. შესაბამისად, ჩინეთს აწყობს რუსეთის გამარჯვება და შეეცდება ხელი შეუწყოს, ოღონდ საკითხავია, რა ფასად. რა თქმა უნდა, ჩინეთს არც შარში გახვევა სურს. ამიტომ შეეცდება ისე მოახერხოს, რომ რუსეთმა ომი მისთვის მეტ-ნაკლებად მისაღები შედეგებით დაასრულოს. ჩინელების ე.წ. სამშვიდობო გეგმაში ერთი მთავარი მომენტია ცეცხლის შეწყვეტა - ანუ ომი შეწყდეს სტატუს-კვოთი, რაც რუსეთს ძალიან აწყობს, რადგან ახლა უფრო მეტი ტერიტორია აქვს წაღებული, ვიდრე ომის დაწყებამდე.

- ჩინეთმა ხომ იცის, რომ ამას არც უკრაინა დათანხმდება და არც დასავლეთი და რა აზრი აქვს მის ინიციატივას?

- თუ ომი გაჭიანურდა, არის შანსი, რომ დაიღალონ უკრაინაც და დასავლეთიც და წავიდნენ დათმობაზე. სწორედ ამის იმედი აქვს ჩინეთს. ეს ომი ჩინეთისთვის კიდევ იმით არის საინტერესო, თუ ომი სწორედ ამ სცენარით დამთავრდა, ანუ შეთანხმდნენ სტატუს-კვოზე და კონფლიქტი გაიყინა, ეს ნიშნავს ჩინური ხედვის გამარჯვებას და შეუძლია თქვას, ეს ჩვენი დამსახურებააო.

- ამერიკასთან ურთიერთობაში, მსოფლიოს ლიდერობისთვის ბრძოლაში ჩინეთს ეს რა ბერკეტებს მისცემს?

- ძალიან ძლიერი მოთამაშე გახდება, უფრო გაიმყარებს პოზიციას, რადგან ჩინურმა ხედვამ გაიმარჯვა და დაასრულა ომი, რომელიც ყველას აზარალებდა.

- იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოზე გადის ე.წ. შუა დერეფანი, რომელიც ჩინეთის ინტერესშიც არის და დასავლეთისაც, საქართველოს ამ ორად გაყოფილ მსოფლიოში რა ადგილს ანიჭებს?

- ჩვენ ბალანსირების პოლიტიკა გვაქვს არჩეული. ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც სურს დასავლეთთან ინტეგრირება, მაგრამ რუსეთის მეზობლობა, მისი ჯარის ყოფნა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ამას აფერხებს. თუ რუსეთმა გაიმარჯვა, თავს ნუ მოვიტყუებთ, ძალიან ცუდ დღეში აღმოვჩნდებით.

- არის შანსი, რომ ჩინეთ-რუსეთმა ახალი­ ბლოკი შექმნან, თუნდაც ირანთან ერთად, რომელიც სერიოზული ძალაა, და დაუპირისპირდნენ დასავლეთს?

- არ არის გამორიცხული. ასეთ შემთხვევაში საქართველოსთანა სუსტ ქვეყნებს, რომლებიც გადასარჩენად მანევრირებას ცდილობენ, რა თქმა უნდა, გაუჭირდებათ.

- ანუ მკაფიო არჩევანი მოგვიწევს? თქვენი­ აზრით, რას ვიზამთ, ვის ავირჩევთ?

- ძალიან რთულია, დასავლეთში კი გვინდა, მაგრამ აქედან რუსეთი გვემუქრება და რა არჩევანი გვაქვს? ჯერ ნატოს წევრები არა ვართ, რუსეთისგან რომ დაგვიცვას. ეს არის პრობლემა, თანაც თბილისის ახლოს ორი რუსული ბაზაა. ხომ ვიცით, რომ პუტინი ყველაფერზეა წამსვლელი. ასე რომ, უკრაინის გამარჯვებამდე ისე უნდა მივიდეთ, რომ როგორმე გადავრჩეთ და თან, არ გამოჩნდეს, რომ ამ ომში რუსეთის მხარეს ვიყავით. ეს არის ჩვენი გამოწვევა - არჩევანი გადარჩენასა და სახის შენარჩუნებას შორის.

- ორი მტრული ბანაკის ფორმირებისთვის გადამწყვეტი რა შეიძლება გახდეს?

- ომის ხანგრძლივობა და ხასიათი.

ცნობისთვის: თებერვალში ჩინეთმა 12-პუნქტიანი გეგმა წარმოადგინა, რომელიც პეკინის შეფასებით, ომის დასასრულებლად არის საჭირო და, ბუნებრივია, შეხვედრაზე ამ გეგმაზეც ისაუბრეს. ვიზიტის წინადღეს რუსეთის სამთავრობო გამოცემა "როსიისკაია გაზეტაში" გამოქვეყნდა სი ძინპინის განცხადება, რომ ჩინეთის ეს შეთავაზება გულისხმობს მსოფლიო საზოგადოებების იმდენად საერთო შეხედულებას, რამდენადაც ეს მაქსიმალურად შესაძლებელია. პუტინმა კი თქვა, რომ პეკინის შეთავაზებას "უკრაინის კონფლიქტის" გადაწყვეტის შესახებ პატივისცემით ეკიდება და ბოლო ათწლეულების განმავლობაში ჩინეთის სწრაფი განვითარების "ოდნავ შურს" კიდეც. რამდენჯერმე გავრცელდა ცნობები, რომ პეკინი მოსკოვისთვის იარაღის მიწოდებას აპირებს. ამ ბრალდებებს ჩინეთი გამუდმებით უარყოფს, მაგრამ ამბობს, რომ მას უფრო მჭიდრო პარტნიორობა სურს რუსეთთან ენერგეტიკის დარგში.

რუსა მაჩაიძე