სუკულენტები: როგორ მოვუაროთ „მზის ყვავილებს“ - კვირის პალიტრა

სუკულენტები: როგორ მოვუაროთ „მზის ყვავილებს“

მეჯვრისხეველი ნუკრი ფეიქრიშვილი 18 წელიწადია კოლექციონერია, მცენარეებს აგროვებს. თავიდან კაქტუსების შეგროვებით დაიწყო, ბოლო 7 წელიწადია სუკულენტებზე გადაერთო, თუმცა კაქტუსების კოლექციაც აქვს და ყურადღებას არც მას აკლებს. ბოლო დროს სუკულენტები ჩვენში ძალიან პოპულარული მცენარე გახდა, ბევრი უვლის და ამრავლებს. როგორი კლიმატური პირობები სჭირდება სუკულენტებს და როგორ მოვლას ითხოვს, ამის შესახებ ბატონი ნუკრი ფეიქრიშვილი გვესაუბრება.

ნუკრი ფეიქრიშვილი:

- სუკულენტი უდაბნოს მცენარეა. კრასულები, კაქტუსებიც უდაბნოს მცენარეებია, მეტიც, კაქტუსებიც სუკულენტებია, თუმცა სუკულენტები უფრო ფართო ჯგუფია, ბევრს ეკლები არა აქვს. უმეტესობა ან აფრიკაში ხარობს, ან ამერიკაში, მექსიკის მხარეს. ეონიუმის სუკულენტები კანარის კუნძულიდანაა, კრასულები, ეუფორბიები აფრიკაშია გავრცელებული. სუკულენტი ლათინურიდან ითარგმნება როგორც წყლიანი მცენარე, ის წყალს ფოთლებსა და ღეროებში იგროვებს და შესაბამისად, უწყლოდ შეუძლია დიდხანს გაძლოს.

- როდესაც ისინი თავიანთ კლიმატურ პირობებს სწყდებიან და სხვადასხვაგვარ პირობებში ხვდებიან, თუნდაც ფანჯრების რაფებზე, თავს როგორ გრძნობენ?

- აუცილებელი პირობა მათთვის მზეა. ბევრი სინათლე სჭირდებათ, თანაც დიდი ხნით. წყალი ნაკლებად უნდათ. უყურადღებოდ დატოვებული ბევრად უკეთ გრძნობენ თავს, ვიდრე ზედმეტი ყურადღებისას. ზედმეტი წყალი მცენარეს ალპობს. თვითონ მცენარე იმდენ წყალს აგროვებს, რომ მოჭრილი ტოტი ბევრჯერ მქონია წელიწადი ჩამოკიდებული და არ გამომშრალა, მაგრამ საკმარისია, მოხვდეს სინესტეში ან მიწაში, დაფესვიანდება, არ გაფუჭდება.

- ზედმეტი ყურადღება და ბევრი წყლის დასხმა არ უყვარს, მაგრამ მაინც რა პერიოდულობით და რამდენი სჭირდება წყალი როგორც ზამთარში, ისე ზაფხულში?

- ეონიუმი ზაფხულში ისვენებს, ზრდის პერიოდი ზამთარში აქვს. მათ ზამთრის განმავლობაში, სხვა სუკულენტებისგან განსხვავებით, წყალს არასოდეს უშრობენ. როგორც კი გამოუშრებათ, ფოთლებს მაშინვე ჩამოყრიან ხოლმე, მაგრამ ეონიუმებს თუ ზაფხულში აქვთ დასვენების პერიოდი, ხოლო ზამთარში ზრდის, დანარჩენ "მსუქანფოთლიანებს" ზრდის ეტაპი ზაფხულში აქვთ. თუმცა ზედმეტი წყალიც არ სჭირდებათ. ჩემს კოლექციას მთელი ზამთრის განმავლობაში თითქმის არც ვრწყავ. ძალიან ნაკლებად, მაქსიმუმ, თვეში ორჯერ და ისიც მცირე რაოდენობით.

ზამთარში არ უყვართ ისეთ ოთახში ყოფნა, სადაც გათბობაა. იქ ძალიან იზრდებიან, იწელებიან და ფორმას კარგავენ. ზაფხულში კი სამ დღეში ან კვირაში ერთხელ მიწევს მორწყვა, იტანენ მშრალად ყოფნას. საერთოდ, ჯობს, კვირაში ერთხელ მოვრწყათ ქოთანში და მთლიანად ისე დასველდეს, რომ ქვემოდან წყალი გამოუვიდეს. მერე სანამ არ გამოშრება, წყალი არ მივაკაროთ.

sukulent3-1679833342.jpg

- მორწყვა როდის ჯობს, დილით თუ საღამოს?

- ჯობს საღამოს მოირწყას, რომ მზემ არ დაუწვას დასველებული ფოთლები, მიწაც არ მოიხარშოს, საღამოს მორწყული კი დილამდე გაშრება. თუკი ოთახის რაფაზე გვექნება, მზის სხივები არ უნდა დავიშუროთ. მაქსიმალურად ვეცადოთ, სუკულენტები სახლის ყველაზე განათებულ ადგილას განვათავსოთ, რათა ფორმა და ფერი არ დაკარგონ. როცა სინათლე აკლიათ, სწორედ ფერსა და ფორმას კარგავენ.

- კი, ჩემი ერთი სუკულენტი ასე გაიწელა. რით დავეხმარო?

- ამ შემთხვევაში ნახევარზე გადაჭრით, რომ თავიდან დაფესვიანდეს. ქვემოთ, ნიადაგში რაც არის, ის იყოს. თუ ცოტა ფოთოლი აქვს შერჩენილი, არ არის ცუდი, თუმცა ცარიელი ღეროც რომ იყოს, მაინც გაიხარებს. როცა გადაჭრილს მზის სხივები მოხვდება, უფრო იოლად გამოცოცხლდება. მინიმუმ ერთ კვირას გადაჭრილი მიწაში არ ჩარგოთ, ისე გააჩერეთ, ჩვეულებრივად გაცოცხლდება და განახლდება.

- ზამთარში აივანზე დავტოვო?

- თუ ქალაქის ცენტრში ცხოვრობთ და ზამთარიც არ არის ყინვიანი, შეიძლება დატოვება, თუმცა მაინც ფუთავენ. ზოგი მუყაოს ყუთებში აწყობს და ასე აჩერებს მთელ ზამთარს, მოურწყავად. გადააფარებენ ზემოდან რაღაცას და არის ასე ერთხანს. როგორც კი ყინვა გადავა, გახსნიან და ამოალაგებენ. წვალება კია, მაგრამ ამართლებს, მცენარეები არ ფუჭდება. როცა გიყვარს ადამიანს ეს საქმე, არ გეზარება.

sukulent-1679833341.jpg

- რა სასუქი უნდა და როგორი ნიადაგი?

- ვიღებ ერთ წილ დამწვარ ნაკელს, ერთ წილ შავ მიწას და ერთ წილ მდინარის სილას, სამშენებლო ქვიშაც შეიძლება, ოღონდ შავი უნდა იყოს. ეს ყველაფერი უნდა აერიოს ერთმანეთს და მცენარე მასში უნდა დაირგოს. ამავე ნიადაგს კაქტუსებსაც ვუმზადებ, ოღონდ ქვიშა ცოტა მეტი უნდა, ან ცოტა მსხვილი ფრაქციის, კენჭიანი, ხოლო სუკულენტებისთვის ცოტა წვრილია საჭირო. ამდენად, სამი ინგრედიენტის შერევით შეგვიძლია ასეთი ნიადაგი შევქმნათ. თუ თბილისში დამწვარ ნაკელს ვერ იპოვით, გასაზავებლად ტორფი შეიძლება. სუკულენტებისთვის ეს ნაზავი იდეალურია. პემზაზე მეკითხებიან, გამოვიყენოთ თუ არაო? არასდროს ვიყენებ, არც მე მომწონს და არც მცენარეებს. სხვა დამატებითი კვება არ სჭირდებათ. თუ პატარა ქოთანშია და მცენარე გაიზარდა, ქოთნის შეცვლაა საჭირო. ისევ ზემოთ აღწერილი ნაზავით შევქმნათ ნიადაგი და დიდ ქოთანში ჩავრგოთ. გავითვალისწინოთ, რომ ნიადაგის საკვებით მეტისმეტად გამდიდრებისას ფერს კარგავს, იწელება. რაც უფრო ღარიბ და მწირ ნიადაგშია, სუკულენტი თავს უკეთესად გრძნობს. გადარგვაც პატარა ქოთნიდან დიდში დროულად სჭირდება.

- შეიძლება თუ არა სუკულენტებისა და კაქტუსების ერთ ქოთანში დარგვა, კომპოზიციების შექმნა?

- კაქტუსებსა და სუკულენტებს ერთად უჭირთ. ამიტომ კომპოზიციის შექმნას არ გირჩევთ. ზამთარში კაქტუსებს წყალი არ უნდათ. მე, ყუთებში მაქვს ჩაწყობილი და გრილ, ბნელ ოთახში ატანილი. ყუთები ერთმანეთზეა დალაგებული და სინათლე არ ხვდებათ. ოქტომბრის ბოლოდან აპრილის დასაწყისამდე ასე მყავს გამოკეტილი. ეს იმაზე მეტყველებს, რომ კაქტუსს მორწყვა არ სჭირდება. რადგან სუკულენტს წყალი ცოტა მაინც სჭირდება, ამიტომ მათი ერთად ყოფნა არ შეიძლება. როცა ერთად გვინდა მცენარეების დარგვა, ერთნაირები უნდა შევარჩიოთ, ერთნაირი პირობები რომ სჭირდებოდეს.

- ეს ყველაფერი სიყვარულია, ზრუნვა, თქვენი დამოკიდებულებაა მცენარესთან, მაგრამ ბოლოს შემოსავლის წყაროც აღმოჩნდა, ასეა?

- 11 წლის განმავლობაში მცენარეებს მხოლოდ ვაგროვებდი. ერთი მცენარე არ გამიყიდია, მეზობლებს, ნათესავებს ვჩუქნიდი. ბოლო 7 წელია, მათი გაყიდვაც დავიწყე. თუმცა საბოლოოდ ეს ყველაფერი სიყვარულია, ამათ გარეშე ვერ ვძლებ. ზაფხულშიც, დიდი-დიდი, ზღვაზე 4 დღეს დავრჩე, დანარჩენ დროს სათბურში ვარ, ზოგს გადარგვა სჭირდება, ზოგს რა და ზოგს რა. ეს ჩემი სამყაროა.

ბავშვობაში მახსოვს, სკოლაში საკლასო ოთახის რაფაზე სამკურნალო კალანხოე ("შვილებს" რომ იკეთებს) იდო და მისი პატარა შვილი სახლში წამოვიღე. მცენარეების სიყვარულის დაავადებაც იქიდან შემეყარა. 2006 წლიდან კაქტუსების შეგროვება დავიწყე. ყოველ შაბათს ახალ კაქტუსს ვყიდულობდი და ასე ნელ-ნელა შეგროვდა.

- მეუღლე გეხმარებათ?

- უფრო სხვა საქმეებში მეხმარება - გაყიდვაში, რეკლამირებაში. მორწყვას, გადარგვასა და მოვლას ვერავის ვანდობ. ეს ჩემი საქმეა.