ოქროსხელება ქიზიყელი ქალები და გაცოცხლებული ტრადიციები - კვირის პალიტრა

ოქროსხელება ქიზიყელი ქალები და გაცოცხლებული ტრადიციები

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანში ოქროსხელება ქალებს სათემო ორგანიზაცია და სახელოსნო აქვთ. მათი მიზანი მივიწყებული ტრადიციებისა და საქმის აღდგენა და ხალხის სამსახურში ჩაყენებაა. რას არ ნახავთ აქ: რეტრო-სტილით შეკერილ სუფრებს, ფარდებს, სამოსს, მუთაქებს, ჩანთებს, მივიწყებული მეთოდით მოქსოვილ წინდებს, ძველი ქიზიყური კერძების რეცეპტებს... ნუკრიანელი ქალების ნამუშევრები უცხოეთშიც ისეთივე პოპულარობით სარგებლობს, როგორც საქართველოში. მაია ბიძინაშვილი, სათემო ორგანიზაცია "ნუკრიანის" და "სოციალური საწარმო ნუკრიანის" სახელოსნოების მენეჯერი.

მაია ბიძინაშვილი:

- ნუკრიანის სახელოსნოებში ჩვენი ქალები უამრავ მივიწყებულ პროფესიას დაეუფლნენ - შეისწავლეს ქვილთის, ტექსტილის, თექის დამზადება, ქსოვა, ორნამენტების გამოყვანა, მომინანქრება. თექის წარმოება მეცნიერებათა დოქტორმა, ეთნოლოგმა ნანალო აზიკურმა გვასწავლა. ხელობასთან ერთად, საინტერესო ისტორიებით გაგვიმდიდრა თვალსაწიერი, ქვილთის კერვა კი თეატრმცოდნე მანანა აბზიანიძემ გვასწავლა... ნუკრიანის სახელოსნოები შეიქმნა კავკასიური სახლისა და სათემო განვითარების ცენტრისთვის სოფლად შემოსავლების მომტანი პროექტების განვითარების ეგიდით. 2009 წლამდე სასწავლო კურსს სოფლის სკოლაში ვატარებდით. იმ დროს დამამთავრებელ კლასებში გაუქმდა შრომის გაკვეთილები და მის ნაცვლად ჩვენ ვასწავლიდით პატარებს იშვიათ პროფესიებს. სერტიფიკატსაც ვაძლევდით. მერე ხმა გავარდა, რომ ჩვენთან ხელსაქმის სწავლა შეიძლებოდა და საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან სასწავლებლად ნუკრიანში ჩამოდიოდნენ. ვინც კარგად შეისწავლა ხელობა, სამუშაოდ ჩვენთან დავტოვეთ. ზოგმა დამოუკიდებელი წარმოების წამოწყება გადაწყვიტა.

თითქმის ყველა გამოფენასა და ფესტივალში ვმონაწილეობთ. პარტნიორების დახმარებით ნუკრიანის ნაწარმი უცხოეთშიც გადიოდა. ერთ-ერთმა ფირმამ გერმანიაში გამოფენაზე ბუნებრივი მატყლითა და საღებავებით დამზადებული სხვადასხვა ჟანრის პანოები, თუშურორნამენტებიანი წინდები, ქვილთის საბნები და თექა წარადგინა. ამ გამოფენით ბევრმა გაგვიცნო. სოციალური ქსელით ამერიკელებმაც ,,მოგვაგნეს" და მატყლის წინდები გვთხოვეს.

qalebi2-1679833705.jpg

სახელოსნოში გვაქვს საქარგი და საკერავი მანქანები, საქსოვი დაზგები. აბრეშუმის ქაღალდის წარმოებაც შევისწავლეთ, რომელსაც დეკუპაჟი ჰქვია. მოსახლეობაში შემორჩენილ ქართული აბრეშუმის ნაჭრებს ვაგროვებთ და ქაღალდად ვაქცევთ: ნაჭერს პატარა ზომებად ვჭრით, უთოთი სპეციალური წებოთი ვამაგრებთ და სიპრიალე რომ შევუნარჩუნოთ, ვსანთლავთ. აბრეშუმის ქაღალდით ვამზადებთ მოსაწვევ ბარათებს და ჩვენივე ნაწარმს ვფუთავთ. ოჯახებშივე ვაგროვებთ შემონახულ ძველ ბუნებრივ ქსოვილებს: ჩითს, ბამბას... ძველი მატერიების ფერებს საოცარი ბრწყინვალება აქვს. ამ ნაჭრებისგან ვკერავთ საბნებს, ვიყენებთ ტრადიციული სამოსის მოსართავად. ამერიკაშიც იკერება ქვილთის იაფი საბნები, მაგრამ ტურისტები ჩვენს საბნებს ყიდულობენ. ერთ საბანში იმდენი ქსოვილია გამოყენებული, ვერ დაითვლით.

- ხალხში შემონახულ ქიზიყური კერძების რეცეპტებსაც აცოცხლებთ...

- ახალგაზრდების ჯგუფმა სოფლები მოიარა და ხანდაზმული ადამიანებისგან ქიზიყური კერძების უძველესი რეცეპტები ჩაიწერა. ტურისტებს განსაკუთრებით მოსწონთ შინდისა და ღოლოს შეჭამანდი, ლობიოსა და ჭინჭარში მოხარშული პური. სტუმრებს აოცებს სხვადასხვა მწვანილითა და ცხელი ლავაშით მომზადებული კერძი, ბოღლიწო. კახური შოთი, ლავაში, ნაზუქი. ქიზიყურ ლავაშს სამი კუთხე აქვს, რაც ღმერთის სამბუნებოვნებაზე მიგვანიშნებს.

ერთხელ ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი გვესტუმრა, მთელი დღე ჩვენთან გაატარა და ვასწავლეთ ქარგვა, საკერავ მანქანაზე მუშაობა, ღილების დაკერებაც სცადა. ღოლოს შეჭამანდი მივართვით. ღოლოს კრეფენ აყვავებამდე, რადგან მერე სიმწარეს იძენს. მის ფოთლებს წნავენ, აშრობენ და საზამთროდ ინახავენ. კერძის დაგემოვნების შემდეგ ჰარცელმა გვითხრა, ამ კერძში შევიგრძენი ქართული მიწის, მზისა და ქართველი ქალის ხელების სურნელი და გემოო.

ერთხელაც სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლები და ელჩები გვესტუმრნენ. მათ მასტერკლასები ჩავუტარეთ. ზოგმა თავად მოინდომა თონეში პურის ჩაკვრა. გაოცებას ვერ მალავდნენ და გვეკითხებოდნენ, ასეთ ცხელ თონეზე როგორ ახერხებთ ცომის მიკვრასო, აინტერესებდათ, დედას პურზე ქალი თითებს თონეში ჩაკვრამდე რატომ დაატყობს ხოლმე. გვითხრეს, ამით ჩანს, რომ ქართველებისთვის დედა ოჯახის ბურჯიაო...

ნუკრიანის სახელოსნოებში ქართულ ეროვნულ სამოსსაც ვკერავთ. ქიზიყის ანსამბლ ,,ათინათს", რომელიც გასტროლებზე უცხოეთში ხშირად დადის, ქართული სამოსი შევუკერეთ. ახლახან დავასრულეთ ქოქლოს შეკვეთაზე მუშაობა. ეს სამოსი ძველად ქალებს მთაში ეცვათ. ჩვენ ის გავათანამედროვეთ და გულმკერდი მანებიანი ორნამენტით მოვურთეთ.

ხშირად კორპორაციულ დაკვეთებსაც ვიღებთ. პანდემიამდე შეგვიკვეთეს ქართულანბანიანი ჩანთები და მათში ჩაგვაწყობინეს ჩვენივე გაკეთებული ანბანიანი მუთაქა, ბალიში, გასანთლული ქაღალდის ხელსახოცში გადახვეული ჩურჩხელა და აბრეშუმის ქაღალდის მისალოცი ბარათი. ეს ჩანთები თანამშრომლებს საჩუქრებად გადასცეს. როცა გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტი გახდა, ჩვენი გაკეთებული ქვილთის სუფრა ვაჩუქეთ. მერე ტელევიზიით ვნახეთ, რომ პრეზიდენტის საახალწლო მაგიდას ეფარა.

ერთი თვის წინ თელავში გაიმართა მეწარმე ქალთა გამოფენა, რომელსაც ესტუმრა ამერიკის ელჩი კელი დეგნანი. მას ჩვენი დამზადებული ქართულიანბანიანი ჩანთა ვაჩუქეთ.

2007 წელს, როდესაც ჩვენ ლურჯი სუფრების კერვა დავიწყეთ, ამჟამინდელივით პოპულარული ის არ იყო. დამახასიათებელი ორნამენტები: დანა-ჩანგალი, ირმები, ლომები, ავაზები, ყვავილები, ჩიტები, სამოთხის ფრინველები, მანები და თევზები მუზეუმში ვიპოვეთ და გადმოვიტანეთ. დიასახლისებისთვის ორნამენტებიან სამზარეულოს ატრიბუტებსაც ვკერავთ: წინსაფარს, ხელთათმანებს, ჩაის ტილოს, სამზარეულოს ჯიბეებიან ფარდებს. უპირატესობას ვანიჭებთ ქართულ, ე.წ. დამჯდარ ფერებს: ბორდოსფერს, ყავისფერს, ნაცრისფერს. ლურჯი სუფრის მოტივებზე შექმნილი სუფრების გამოფენა თბილისის კავკასიურ სახლში გავმართეთ. ლურჯი სუფრის ტექნოლოგიით ჩანთების ხაზიც შევქმენით. როდესაც რომელიმე ტრადიციულ თემას ამოვირჩევთ, მის მოტივებზე სხვადასხვა ნაწარმს ვქმნით. უცხოეთში მიმავალი ქართველები ყიდულობენ ჩვენს წინსაფრებს, რომლებიც ბებიების წინსაფრებს მოგაგონებთ, თუმცა მას თანამედროვე ელემენტები დაჰყვება. ავსტრიის საშობაო გამოფენა-გაყიდვაზე ჩვენი ნაწარმი ხშირად მიაქვთ და ყიდიან. გასულ წელს განსხვავებული ტექნოლოგიით მოქსოვილი თუშური წინდა გავგზავნეთ. მისი ქსოვა ნანალო აზიკურმა გვასწავლა. ორნამენტებით, რამდენიმე ფერის ძაფი ერთად ისე იქსოვება, რომ წინდა ორივე მხრიდან გამოსაყენებელია. ძალიან გამძლეა და თბილი.

თუშეთში ვნახეთ უძველესი პიქტოგრამები ქვაზე, ფოტო გადავუღეთ და პანოზე გადავიტანეთ. პიქტოგრამებს ზოგჯერ ძველ სახლებშიც ან მუზეუმებში ვნახულობთ და ვცდილობთ, ეს ძველი "დამწერლობა" გავაცოცხლოთ გადასაფარებლებზე, საბნებზე, მუთაქებზე, ბალიშებზე... სიღნაღის თეატრის სასცენო ფარდები პიქტოგრამებით შევკერეთ. სიღნაღის თეატრი საგასტროლოდ ავსტრიაში რომ წავიდა, გავატანეთ პიქტოგრამებიანი პანო.

ერთ წელიწადს ღვინის სუვენირებზე ვიმუშავეთ. დავამზადეთ პანოები ვაზის, ვენახის, ყურძნის გამოსახულებებით, სუფრები ყურძნის მოხატულობებით, ღვინის ბოთლების ჩასაწყობ ყუთებზე ვაზი და გლეხკაცი იყო გამოსახული, გვქონდა მტევნებიანი ვაზა, ყურძნისგამოსახულებიანი გულსაბნევები, ვაზისდეკორიანი ფიალა და ყანწი, ხალიჩა და ა.შ. თექით გავაკეთეთ ყურძნის ჯაგნები, აკიდოები, ჩხები... ამ თემატიკის ნივთების გამოფენაც გვქონდა კავკასიურ სახლში და ბევრი ნივთიც გავყიდეთ. საახალწლო გამოფენებისთვის თექისა და ქვილთის ნაზავის აპლიკაციებს ვამზადებთ სუვენირებად... თბილისში ყოველ წელს იმართება ღვინის ფესტივალი და ჩვენც გაგვქონდა ჩვენი ნაწარმი. ღვინის თემატიკის სუფრები ერთხელ ისე დაიტაცეს, მსურველების რიგი დაგვიდგა და აღარ გვქონდა. ღვინის ყველა დიდმა კომპანიამ შეიძინა ჩვენი სუფრა.

- მეტი ქალი რომ ჩაებას შემოქმედებით საქმიანობაში, ამისთვის რა არის საჭირო?

- ამჟამად ათი ქალი მუშაობს. გვინდა კიდევ მეტი თანამშრომელი გვყავდეს, მაგრამ საკმარისი ფართობი არა გვაქვს. ჩვენი სახელოსნო მუნიციპალურ აიპად რომ გადაკეთდეს, თუნდაც მხოლოდ პედაგოგები იღებდნენ ხელფასს და გვეძლეოდეს წარმოებისთვის საჭირო მასალის შესაძენი თანხა, უფრო მეტს დავასაქმებდით, მეტ კარგ საქმეს გავაკეთებდით და მუნიციპალიტეტს უფრო გავუთქვამდით სახელს.

ნელი ვარდიაშვილი