რა უშლის ხელს საქართველოში ტუნგის პლანტაციების გაშენებას
ტუნგი, იგივე ლაქის ხე ან ტუნგო, როგორც გურიაში უწოდებენ, თავდაპირველად სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის მკვიდრი იყო და აქედან გავრცელდა მსოფლიოში. მცენარის ბუნებრივი ტყეები დღესაც ხარობს ჩინეთსა და იაპონიაში. ამ კულტურას საქართველოშიც ბევრგან შეხვდებით, განსაკუთრებით დასავლეთში, სადაც თბილი და ნესტიანი ჰავაა, თუმცა ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, იმ ძვირფასი ფუნქციების გარეშე, რომელთა შესრულებაც შეუძლია.
სხვა მხრივ, ფართოფოთლიანი, მშვენიერი ტუნგის ხეები ჰაერს აჯანსაღებს და გარემოსაც ალამაზებს, მაგრამ ამ კულტურას არცთუ მცირე და იმავდროულად, სტაბილური შემოსავლის მოტანა შეუძლია, რისი გამოცდილებაც საქართველოში გვაქვს. როგორც ჩანს, ბოლო წლებამდე სწორედ ამიტომ შემორჩა ტუნგის ხეები დასავლეთ საქართველოში - ტუნგის ზეთი ლაქის, საღებავებისა და საპნის შეუცვლელი ინგრედიენტია. რამდენიმე ათეული წლის წინ დასავლეთ საქართველოში გაშენებულ ტუნგის ბაღებს სწორედ ამ ზეთის საწარმოებლად იყენებდნენ. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ტუნგის ბაღების გაშენების იდეა კვლავ შემოიტანა რამდენიმე წლის წინ, მაგრამ ჯერ არაფერი გაკეთებულა. თუმცა ამან ბიძგი მისცა სანერგეებს, რომ ტუნგის ნერგები გამოეყვანათ და მათ ამა თუ იმ სანერგეში კვლავაც შეხვდებით. ასე რომ, კულტურის გასაშენებლად ნიადაგი მეტ-ნაკლებად მომზადებულია, სარგებლიანობა კი გამორჩეული რომ ექნება, ამის შესახებ სოფლის მეურნეობის სპეციალისტი, დოქტორი ჯემო ვასაძე გვესაუბრება:
- ბატონო ჯემო, გურულ სპეციალისტს იმის გამო დაგიკავშირდით, რომ აქ ტუნგის ზეთის გამოსახდელად ტუნგის ბაღების გაშენება ჩვეულებრივი ამბავი იყო. ეს ხეები დღესაც შემორჩა. რატომ არ აწარმოებენ მისგან ზეთს, რომელიც ძვირფასია და შემოსავლიანი?
- ტუნგის ხეები არა მხოლოდ გურიაშია შემორჩენილი, არამედ სამეგრელოში, აჭარაში, ჩვენგან დროებით ჩამოშორებულ აფხაზეთში, თანაც არა მარტო ცალკეულ ძირებს, არამედ ჩინური ტუნგის პლანტაციებსაც აშენებდნენ. სხვათა შორის, არსებობს იაპონური ტუნგის ჯიშიც, თუმცა ჩინურის ზეთი უფრო მაღალი ხარისხისაა. ისე კი, მერწმუნეთ, რამდენი ძირი ტუნგის ხეც უნდა გვქონდეს, რა ფართობის პლანტაციაც უნდა გავაშენოთ, ტუნგის ზეთი ყოველთვის გასაღდება. მის გარეშე წარმოუდგენელია ყოფის მრავალი დეტალი, ხელის შემშლელი კი, როგორც წესი, უმოქმედობაა - ზეთის ბაზარს მოძიება და თავიდან გზის გაკვალვა სჭირდება. ეს ადვილი არ არის, თუმცა კი აუცილებელია, რადგან ტუნგს დიდი პოტენციალი აქვს. მაგალითად, შემიძლია დაგისახელოთ ერთი კარგი მშრომელი კაცი ჩხოროწყუში, ხვიჩა შენგელია, რომელმაც ტუნგის ზეთის საწარმო თავისი ინიციატივით შექმნა და ძმის დახმარებით ბაზარიც გამოძებნა უკრაინაში. მას ზეთის რეალიზაცია არ გასჭირვებია, მაგრამ შენგელია ერთი მეწარმე იყო და პრობლემები შეექმნა არა ზეთის გასაღების გამო, არამედ სხვა მიზეზებით, რომელთა რიგში რუსეთ-უკრაინის ომიც არის. ასე რომ, ზეთს ვეღარ აწარმოებს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, საქმეს განაგრძობს და შემოსავალიც ისევ ექნება.
- როგორც ცნობილია, სწორედ ტუნგის ხის ნაყოფისგან მიიღება მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ტექნიკური ზეთი.
- დიახ, ზეთი ტუნგის ნაყოფის გულისგან მიიღება. მას საღებავებსა და ლაქებში ამატებენ. სწორედ მცენარეული ზეთები ანიჭებს ამ ნივთიერებებს გამძლეობას. მათ შორის ტუნგის ზეთი საუკეთესოა, რადგან სხვა მცენარეულ ტექნიკურ ზეთებთან შედარებით, სწრაფად შრება, შედარებით მეტი სიმტკიცით, ელასტიკურობითა და წყალუჟონობითაც ხასიათდება. მასზე ნაკლებად მოქმედებს ნესტი და მარილები. ამდენად, ტუნგის ზეთით დამზადებული საღებავები და ლაქები ხის ნივთებს ლპობისგან იცავს, რკინას კი კოროზიისგან. სხვათა შორის, მინანქარშიც სწორედ ტუნგის ზეთის ლაქს იყენებენ. შემიძლია ჩამოვთვალო მისი მოხმარების სხვა სფეროებიც. მაგალითად, სწორედ ამ ზეთისგან მზადდება კაუჩუკის შემცვლელები, წყალგაუმტარი ქსოვილები, ლინოლეუმი, მუშამბა. ტუნგის ნარჩენები გადამუშავების შემდეგ სასუქად გამოიყენება, ნაჭუჭი კი საწერი ტუშების დასამზადებლად.…
- საინტერესო კულტურა ყოფილა. არ მიკვირს, რომ ტუნგის ბაღების გაშენების იდეა გაჩნდა.
- აუცილებლად უნდა გაჩენილიყო. თუმცა, მოგეხსენებათ, ამ საქმეს კერძო ბიზნესი უნდა გაუძღვეს, რაც, როგორც ჩანს, ჯერჯერობით ვერავინ აიღო თავზე. თუმცა ეჭვი არ მეპარება, რომ ამგვარი მეურნეობა ჩვენში აუცილებლად გამოჩნდება, მით უფრო, რომ ტუნგისთვის საუკეთესო კლიმატური პირობები გვაქვს. სხვათა შორის, როდესაც საუბარია ტუნგის ბაღებზე, ორი არჩევანი გვაქვს, - ჩინური და იაპონური ჯიშის ტუნგისა. ისინი საგრძნობლად განსხვავდებიან ერთმანეთისგან, გააჩნია კლიმატსა და ნიადაგს, - ზოგ ადგილას ერთი ჯიში მოგცემს უკეთეს ნაყოფს, სხვა ადგილას - მეორე. ამიტომ ეს ასპექტი აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული და ბაღები ჰაიჰარად არ უნდა გაშენდეს.
- შესაძლებელია, რომ ტუნგის ნარგავების შემოტანა უცხოეთიდან დაგვჭირდეს?
- არ არის აუცილებელი, ეს ძალიან დიდ ხარჯს მოითხოვს. ჩვენი გამოცდილებით, ტუნგს თესლისგან ამრავლებდნენ სათბურებში და 1-2-წლიანი ნერგებით აშენებდნენ პლანტაციას. ტუნგი მრავლდება მყნობითაც. რასაკვირველია, ეს მეთოდი უკეთესია ერთგვაროვანი უხვმოსავლიანი პლანტაციების გასაშენებლად. ერთი რამ უნდა გვახსოვდეს - შემოდგომაზე, ოქტომბერ-ნოემბერში, დარგული ტუნგი უფრო კარგად ხარობს, უფრო უკეთესად ძლიერდება ნიადაგში, ვიდრე გაზაფხულზე დარგული. ციფრებიც შემიძლია მოვიყვანო - შემოდგომაზე დარგული ტუნგის ნერგები დაახლოებით 10-20%-ით მეტად ხარობს, ვიდრე გაზაფხულზე დარგული.
- უცნაურია.
- რატომ არის უცნაური? ტუნგის ნერგი ფაქიზია, ჩვენი ნიადაგი კი თბილი. ამდენად, ნერგი ზომიერად ვითარდება და ფესვიანდება, დაფესვიანებული კი ზამთრის ყინვასაც უძლებს და ზაფხულის სიცხესაც, რაც გაზაფხულზე დარგულ, ჯერ კიდევ სუსტ ნერგზე ცუდად მოქმედებს.
- დასავლეთ საქართველოში თხილის მოსავალი მავნებლებმა გაანადგურეს. ტუნგს მავნებლები ძალიან ერჩიან?
- თხილის განადგურება და მისი მავნებლების მომრავლება თხილის ქაოსურად გაშენებამ განაპირობა. ტუნგს პირველ ხანებში ეს არ ემუქრება, შემდეგ კი მეურნეც დაარეგულირებს, რამხელა პლანტაცია უნდა გააშენოს და შეძლებს თუ არა მის მოვლას.
ტუნგის კარგი მოსავლისთვის ნიადაგის განოყიერება აუცილებელია. თუმცა მისგან მიღებული შემოსავალი ნამდვილად ღირს გაწეულ შრომად.