შემოსავლების სამსახური განცხადებს ავრცელებს - კვირის პალიტრა

შემოსავლების სამსახური განცხადებს ავრცელებს

ფინანსთა სამინისტრო სიცრუეს უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს საქართველოში სანქცირებული რუსული ნავთობი რკინიგზით შემოაქვთ.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, საქართველო მტკიცედ იცავს საერთაშორისო სანქციების აღსრულების პროცედურებს და არ არსებობს აღნიშნული ბრალდების დამადასტურებელი არცერთი ფაქტი ან მტკიცებულება.

"საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ეხმაურება ტელეკომპანია ,,ფორმულას“ მიერ, 25 მარტს მომზადებულ სიუჟეტს და განმარტავს შემდეგს:

სიუჟეტში ჟურნალისტის მიერ, გამოთქმული მოსაზრება - კერძოდ, ციტატა: ,, წარმოდგენილია დოკუმენტები, რომლებიც ადასტურდებს, რომ საქართველოში სანქცირებული რუსული ნავთობი რკინიგზით შემოაქვთ“, - არის სრული სიცრუე და დეზინფორმაცია.

საჯაროდ, სრული კატეგორიულობით, ვაცხადებთ, რომ საქართველო მტკიცედ იცავს საერთაშორისო სანქციების აღსრულების პროცედურებს და არ არსებობს ზემოაღნიშნული ბრალდების დამადასტურებელი არცერთი ფაქტი ან მტკიცებულება.

საერთაშორისო სანქციების დაწესების პირველივე დღეებიდან, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტში შექმნილია შესაბამისი უფლებამოსილების სამუშაო ჯგუფი, რომელიც კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს ტერიტორიაზე, ახორციელებს აღნიშნული სანქციების აღსრულების მკაცრ კონტროლს და პრევენციულ საქმიანობას. აღნიშნულ პერიოდში შეიქმნა ახალი ერთიანი რისკის პროფილები, რომლის საფუძველზეც ოპერატიულად იდენტიფიცირდება და კონტროლდება, როგორც სანქცირებული ფიზიკური პირების, კომპანიების დანიშნულებით მიმავალი, ისე სანქცირებული ფიზიკური პირებიდან და კომპანიებიდან მომავალი აკრძალული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილება, აგრეთვე ტრანზიტის, ექსპორტისა და რეექსპორტის პროცედურები.

2022 წლის ივნისში, ევროკავშირის საბჭომ (Council of the European Union) მიიღო სანქციების მეექვსე პაკეტი, რომელიც, სხვა შეზღუდვებთან ერთად, კრძალავს საზღვაო გზით გადაზიდული ნედლი ნავთობისა და გარკვეული ნავთობპროდუქტების შესყიდვას, იმპორტს ან გადატანას რუსეთიდან ევროკავშირში. შეზღუდვები ვრცელდება 2022 წლის 5 დეკემბრიდან ნედლ ნავთობზე და 2023 წლის 5 თებერვლიდან სხვა რაფინირებული ნავთობპროდუქტებისთვის. აღნიშნული აკრძალვის ამოქმედებასთან ერთად, სანქციების მეცხრე პაკეტით ევროკავშირმა - დიდი შვიდეულის (G7) ქვეყნების საერთაშორისო კოალიციასთან ერთად, დაამტკიცა ზღვრული ფასები ზღვით გადაზიდულ რუსულ ნედლ ნავთობზე და ნავთობპროდუქტებზე. აკრძალვის მიზანს წარმოადგენს: გლობალურ ბაზარზე ზღვით რუსული ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების შეუფერხებელი მიწოდების შენარჩუნება, ასევე ენერგომატარებლებზე ფასების ზრდის აღკვეთა და რუსეთის ფედერაციის მიერ, ნავთობპროდუქტების რეალიზაციით მიღებული შემოსავლების მკვეთრად შემცირება.

აღნიშნულის გათვალისწინებით, აკრძალვა ეხება რუსული ნავთობროდუქტების საზღვაო გზით ტრანსპორტირებას მესამე ქვეყნებში, თუ აღნიშნული შეძენილია ნავთობის ფასის ზღვარზე ან ზემოთ. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ აკრძალვა არ ვრცელდება, თუ რუსული ნედლი ნავთობი ან ნავთობპროდუქტები გადაადგილდება არასაზღვაო გზით (სარკინიგზო გზით) ან შეძენილია ნავთობპროდუქტებზე დაწესებული ზღვრული ფასის ქვემოთ.

საზოგადოებისთვის ობიექტური ინფორმაციის მიწოდების მიზნით, აქვე განვმარტავთ, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ გადამოწმების შედეგად, საერთაშორისო სანქციები სიუჟეტში აღნიშნულ კომპანიაზე (კომპანია ,,ზედე ოილი“), ტვირთზე და მის მფლობელებზე არ ვრცელდება (ინფორმაცია ხელმისაწვდომია ღია წყაროებით). აღნიშნულიდან გამომდინარე, საბაჟო კონტროლის პროცედურების დასრულების შემდეგ, ტვირთი კანონმდებლობის შესაბამისად მოექცა იმპორტის პროცედურაში.

კიდევ ერთხელ, უწყების მოწოდებაა - ყველამ თავი შეიკავოს გადაუმოწმებელი და მცდარი ინფორმაციის გავრცელებისაგან. სანქციების აღსრულებასთან დაკავშირებით ნებისმიერი ინფორმაცია უნდა გადამოწმდეს სანქციების აღსრულებაზე პასუხიმგებელ შესაბამის უწყებასთან - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურთან, რაც სამწუხაროდ, არ მომხდარა ზემოაღნიშნული მედია საშუალების მხრიდან“,-აღნიშნულია განცხადებაში.