"დიდი კავკასიური თამაში: შავ და კასპიის ზღვებს შორის მსოფლიოს ძალთა ბალანსი ირღვევა" - კვირის პალიტრა

"დიდი კავკასიური თამაში: შავ და კასპიის ზღვებს შორის მსოფლიოს ძალთა ბალანსი ირღვევა"

ცნობილი ბრიტანული ჟურნალის - "სფექთეითორის" (The Spectator) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია ვრცელი ანალიტიკური სტატია სათაურით - "დიდი კავკასიური თამაში: შავ და კასპიის ზღვებს შორის მსოფლიოს ძალთა ბალანსი ირღვევა" (ავტორი - ივო დოუნი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

თუ თქვენ საქართველოსა და სომხეთის დედაქალაქებში გაისეირნებთ, ისეთი გრძნობა დაგეუფლებათ, რომ თითქოსდა ევროპაში ხართ: დიდმა ბულვარებმა, "ლუქსის" კლასის ცნობილმა ბრენდებმა, სწაფი კვების კაფე-ბარებმა, მდიდრულმა რესტორნებმა შეიძლება, შთაბეჭდილება შეგიქმნათ, რომ თქვენ, ალბათ, ჩეხეთში ან უნგრეთში იმყოფებით.

მხოლოდ უძველესი ტაძრების გუმბათებზე არსებული ჯვრები მოწმობს იმას, რომ თქვენ მაინც სხვა ქვეყანაში ხართ ჩასული. ამასვე ადასტურებს თბილისის ქუჩებში არსებული ანტირუსული და ანტიპუტინური წარწერებიც.

უკრაინის კონფლიქტის გამო საქართველოში ბევრი რუსი მოქალაქე ჩავიდა, რაც ყველა ქართველს არ მოსწონს.

არანაკლებ უსიამოვნებას იწვევს ქართველებში ის ფაქტი, რომ ბევრმა რუსმა არ იცის [ან არ ამხელენ] იმას, რომ საქართველო კრემლის მსხვერპლია და რომ რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ ტერიტორიულ მცოცავ ანექსიას ახორციელებს. ამჟამად აფხაზეთი და "სამხრეთ ოსეთი" - ანუ ქვეყნის ტერიტორიის 20% - ფაქტობრივად, რუსეთის სატრაპიებს (პროვინციებს) წარმოადგენენ სეპარატიზმის გამო, რომელიც კრემლის მიერაა ორგანიზებული.

როგორც ჩანს, მე-19 საუკუნის დიდი თამაშები აზიაში ძალაუფლების მისაღწევად, ჯერაც არ დასრულებულა - მათ მხოლოდ აზიის დასავლეთ ნაწილში გადაინაცვლეს, კავკასიაში, შავ და კასპიის ზღვებს შორის მოქცეულ სახმელეთო ვიწრო 300 მილის (დაახლოებით 483 კმ - რედ.) სიგრძის მქონე დერეფანში.

ავღანეთი, როგორც ტრადიციული ბრძოლის ველი, ამ თამაშებში უკვე წარსულს ჩაბარდა. მათ ჯერ რუსეთი და დიდი ბრიტანეთი დაამარცხეს დამამცირებლად, შემდეგ კი - ამერიკის შეერთებული შტატები. დღეს თალიბების მიმართ ინტერესს სულ უფრო მეტად იჩენენ ჩინელები, ინდოელები (ზოგჯერ რუსებიც), ვიდრე - ევროპელები. ამიტომაც ამ ქვეყნებმა თავიანთი გავლენა ჰინდუყუშზეც გაავრცელეს, დასავლეთის უკან დახევის კვალობაზე.

შუა აღმოსავლეთში ანუ ახლო აღმოსავლეთში, როგორც მას რუსები უწოდებენ, მოსკოვი და პეკინი დიპლომატიურ ნადავლს იყოფენ. რუსეთი წარმატებით სარგებლობს სირიაში თავისი მიღწევებით, ჩინეთი კი ახლახან, საუდის არაბეთსა და ირანს შორის კონფლიქტის მოგვარების მიზნით, დიპლომატიურ შუამავლად გამოვიდა.

რეალური მეტოქეობა მიდის ცენტრალური აზიის სახელმწიფოებისათვისაც, რომლებიც იმისთვის, რომ იტივტივონ, ერთი მხრივ, პეკინთან ფლირტაობენ და მეორე მხრივ - რუსეთსაც ვერ შორდებიან. თუმცა ზოგჯერ ისინიც გამოდიან კრემლისთვის უსიამოვნო ნაბიჯებით: გასულ წელს ყირგიზეთის პრეზიდენტმა სადირ ჯაფაროვმა ვლადიმერ პუტინი შეხვედრაზე საკმაო ხანს ალოდინა (რაც დამცირებას ნიშნავს), ხოლო ტაჯიკეთის პრეზიდენტმა ემომალი რახმონმა კრემლს მეტი პატივისცემისაკენ მოუწოდა.

ამიტომაც გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ რუსეთის "ახლო საზღვარგარეთი" და მისი "ჭრიალა უკანა კარი" სამხრეთ კავკასიაში - კრემლის შეშფოთების ახალი მიზეზი ხდება.

დღევანდელ გეოპოლიტიკურ თამაშებში პერსონალიც იცვლება: დიდ ბრიტანეთს, რომელიც საუკუნეების განმავლობაში მთავარ მოქმედ გმირად ითვლებოდა, ამჟამად ვერსად ვხედავთ. ბრიტანული ლომი დაბერდა, გაჭაღარავდა... ინგლისელი დიპლომატები მცირე ამბებით კმაყოფილდებიან, მათ საკუთარი ოფისებიც აღარ აქვთ, დაქირავებულში ცხოვრობენ. ამერიკაც კი თითქმის მეორეხარისხოვან მოთამაშედ ითვლება.

სამხრეთ კავკასიაში ახლა თურქეთი და მისი მონათესავე აზერბაიჯანელები მძლავრობენ - "ერთი ხალხი ორ ქვეყანაში", - როგორც ამას ულტრანაციონალისტები ამბობენ ხოლმე, როცა ისინი დიდი თურქეთის ("თურანის") რუკებს ბეჭდავენ, რომლის ტერიტორია ეგეოსის ზღვიდან ციმბირამდეა გადაჭიმული.

სწორედ აქ, სამხრეთ კავკასიაში იცვლება ძალთა ბალანსი ისევე, როგორც ანატოლიის ტექტონიკურმა ფილებმა შეიცვალეს მდგომარეობა. მიწისძვრით დაზარალებულ თურქეთში არჩევნები უნდა ჩატარდეს და შეიძლება სიტუაცია ისე შეიცვალოს, რომ რუსეთი იძულებული გახდეს, ნატოს წევრ თურქეთს უკვე მეტი სიფრთხილით მოეპყროს.

აშკარაა, რომ პრეზიდენტი რეჯეფ ერდოღანი მოსკოვის მიმართ ორმაგ თამაშს ეწევა - კიევსაც ეხმარება და მოსკოვსაც. თუმცა ასეთი თვალთმაქცური პრაგმატიზმი ანკარას ხელეწიფება, როცა მას ნახევარმილიონიანი არმია და 200 ათასი რეზერვისტი ჰყავს.

ეს ყველაფერი ცუდია სომხეთისათვის. ამაში რომ დარწუნედეთ, სამხრეთ კავკასიის რუკას და მასზე სომხეთის მდებარეობას უნდა შეხედოთ... თუ ოდესღაც სადღაც არსებობდა შორეული, ჩვენთვის უცნობი პატარა და ომით მოცული ქვეყანა, სომხეთი ამ პარამეტრებს სრულიად აკმაყოფილებს. უელსზე ცოტა მეტი ტერიტორიის მქონე, 2,8 მილიონი მცხოვრებით, სომხეთი ყველაზე მეტად თავისი დიასპორიით არის ცნობილი - ისტორიული სომხეთის ფარგლებს გარეთ ხუთჯერ მეტი სომეხი ცხოვრობს - რუსეთში, აშშ-ში, საფრანგეთში... მოკლედ, მათ თავიანთი ანკლავები დედამიწაზე, თითქმის ყველგან აქვთ - მონრეალიდან (კანადა) მუმბაიმდე (ინდოეთი).

ყველაზე მეტად სომხები ცნობილნი არიან 1915 წელს მომხდარი გენოციდით, როცა თურქებმა, სომხური მონაცემებით, 1,5 მილიონი სომეხი დახოცეს. ბევრი თვლის, რომ სომხების გენოციდი გერმანელი ნაცისტების მიერ მოწყობილი ჰოლოკოსტის (ებრაელთა დახოცვის) წინამორბედ ფაქტს წარმოადგენს - ალბათ, მათი ქრისტიანული რელიგიისა და კომერციული წარმატების გამო.

დღეს ცალკეული სომხები უფრო ცნობილნი არიან, ვიდრე მთლიანად მათი ქვეყანა. მათ შორის არიან კომპოზიტორი არამ ხაჩატურიანი, მხატვარი არში გორკი (ადოიანი), მომღერალი შარლ აზნავური (აზნავურიანი). თანამედროვე ცნობად სახეებს წარმოადგენენ არტდილერი ლარი გაგოსიანი, როკ-ლეგენდა შერი (შერილინ სარქისიანი) და ვშიშობ, კიმ კარდაშიანიც.

ო, კინაღამ გამომრჩა - სომხური წარმოშობისაა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელსაც თითქოს ქვისგან გამოკვეთილი სახე აქვს - სერგეი ლავროვ-ქალანთაროვი, რომელიც მცირე ხანს მეზობელ თბილისშიც ცხოვრობდა.

სომხეთი თავისი წარმოშობის ისტორიას ნოეს მითიურ შვილთაშვილს უკავშირებს (ეს ის ნოეა, რომლის გემი-კიდობანი წარღვნის დროს არარატის მთის წვერზე გაჩერდა, დღევანდელ თურქეთის საზღვართან ახლოს). სხვათა შორის, არარატის ორწვერა თოვლიანი მთა კარგად ჩანს ერევნიდან - სომხეთის მომხიბლავი დედაქალაქიდან, სადაც რუსი გოგონები გაბერილი ტუჩებით და ვარდისფერი სპორტული ფორმით ქალაქის ღვინის ბარებს არ ერიდებიან და თავს შინაურულად გრძნობენ.

სომხეთს ბევრი პრობლემა აქვს, უმეტესად - კლიმატური და გეოგრაფიული ხასიათისა - წყალი ცოტაა, შესაბამისად - ჰიდროენერგიაც. "წარმოიდგინეთ, რომ თქვენი მეზობლები თქვენს სიდედრს ჰგავნან, - მეუბნება ლოვენ ზურაბიანი, ოპოზიციური პოლიტიკოსი (ჩვენ ვზივართ და ცივ არაყს ვწრუპავთ იმ რესტორანში, რომლის მფლობელები რუსები არიან), - "და ამ დროს თქვენ არჩევანი არ გაქვთ, სიტუაციას უნდა შეეგუოთ".

პატარა სომხეთს ბედმა არ გაუღიმა, იღბალი არ აქვს, ის იძულებულია, აგრესიულ რეგიონში იარსებოს: დასავლეთით მას თურქეთი ესაზღვრება, აღმოსავლეთით - თურქეთის ძმა აზერბაიჯანი, სამხრეთიდან - ირანი. ჩრდილოეთიდან რუსეთის სუნთქვა იგრძნობა - სომხეთსა და რუსეთს შორის საქართველოა, მაგრამ მოსკოვის გავლენა ერევნამდე მაინც აღწევს. სომხეთმა გაბედა და 1991 წელს დამოუკიდებლობა გამოაცხადა, რისთვისაც რუსეთმა იგი დასაჯა - კრემლმა მთიანი ყარაბაღის გამო დაწყებულ ომში, ფაქტობრივად, აზერბაიჯანის მხარე დაიკავა.

მაგრამ დღეს სწორედ ბებერი "დედარუსეთი" უზრუნველყოფს სომხეთის უშიშროებას: ორი ათასი რუსი მესაზღვრე და მშვიდობისმყოფელი დგას სომხეთსა და მის თურქ მეზობლებს შორის, რომლებიც, ერთი მხრივ, თურქეთთან დახურულ საზღვარს იცავენ და მეორე მხრივ (თეორიულად და არა პრაქტიკულად) - აზერბაიჯანის მთიან ყარაბაღში დარჩენილი სომხების დამცველები არიან, რომლებსაც შიმშილი ემუქრებათ.

ეს [ტერიტორიული] დავა ისეთივე ძველია, როგორც შლეზვიგ-ჰოლშტაინის ისტორია [რომელიც სადაო იყო დანიასა და პრუსიას (გერმანიას) შორის]. პოლიტიკურ-დიპლომატიური სიუჟეტის ცენტრში მთიანი ფორპოსტი - სომხებით დასახლებული ყარაბაღი იმყოფება, რომელიც სსრ კავშირის დროს ავტონომიის უფლებით აზერბაიჯანის სსრ-ის შემადგენლობაში არსებობდა. ეს ფაქტი მუდამ გარკვეულ სირთულეებს იწვევდა, რაც განსაკუთრებით გამძაფრდა სსრ კავშირის დაშლის დროს, როცა აზერბაიჯანმა და სომხეთმა დამოუკიდებლობა გამოაცხადეს. აზერბაიჯანმა 1990-იან წლებში სომხეთთან ომში მარცხი განიცადა, მაგრამ 2020 წელს რევანში აიღო, ყარაბაღი გააკონტროლა და ანკლავს სომხეთთან დამაკავშირებელი სატრანსპორტო დერეფანი გადაუკეტა. რუსი მშვიდობისმყოფლები კი ამ დროს უმოქმედოდ იყვნენ.

ნიკოლ ფაშინიანის ლიბერალური მთავრობა დიდი სიამოვნებით დაუკავშირდებოდა დასავლეთს, მაგრამ რუსული თვალი ფხიზლადაა: სომხეთში სამი რუსული სახელმწიფო ტელეარხი კრემლის პროპაგანდას ეწევა. როცა ფსონების თამასა მაღლა იწევს, ერევანი ყოველთვის კრემლს უთმობს. ასე იყო 2013 წელს, როცა სომხეთის იმდროინდელი პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი ბრიუსელში უნდა გამგზავრებულიყო, ევროკავშირთან საპარტნიორო (ასოცირების) შეთანხმების დასადებად, როცა მას ვლადიმერ პუტინმა დაურეკა და კრემლში გამოიძახა. პრეზიდენტი "სმენაზე" დადგა, ბრიუსელში ვიზიტი გააუქმა და მოსკოვს მიაშურა: საბოლოოდ, სომხეთი, ევროკავშირთან ინტეგრაციის ნაცვლად, ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრი გახდა (მოგვიანებით, 2017 წელს, ხელი მაინც მოეწერა თანამშრომლობის პაქტს, მაგრამ მისი მნიშვნელობა, ასოცირების შეთანხმებასთან შედარებით, ძალზე მცირეა).

2018 წელს სომხეთში "ხავერდოვანმა რევოლუციამ" იფეთქა, რომელმაც სერჟ სარგსიანის მთავრობა დაამხო და დასაბამი მისცა ნიკოლ ფაშინიანის ევროცენტრულ რეჟიმს, მაგრამ მას ძალიან ნერვული მდგომარეობა აქვს: "ყოველთვის, როცა მთავრობა ჯიუტობს, რუსები დათმობას გვაიძულებენ. კრემლმა კარგად იცის, რომ თუ სომხეთს დაკარგავს, ამით მთელ კავკასიას დაკარგავს", - ამბობს ადგილობრივი ინტერნეტ-ჟურნალისტი არევიკ საქისიანი.

როცა გასული შემოდგომით აზერბაიჯანის არმიამ სომხეთის ტერიტორიას შეუტია, ნიკოლ ფაშინიანმა "ოდკბ"-ს (კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას - რუსულ ნატოს, რომელსაც ცინიკოსები "დიქტატორთა კლუბს" უწოდებენ) დახმარების მიზნით მიმართა, რუსეთმა, რომელიც "ოდკბ"-ში დომინირებს, არავითარი დახმარება არ გაუწია სომხეთს. კრემლს შეეშინდა, ვაითუ, ბაქოელი ბიჭები გავანაწყენოო.

ევროკავშირი სომხეთისგან შორს იყო, რომ ერევანს დახმარებოდა... ან დახმარება არ სურდა. კაცმა რომ თქვას, როგორ დაეხმარებოდა, როცა ბრიუსელს ბაქოს ნავთობისა და გაზის მიღების იმედი აქვს. ამერიკა სად იყო? ამერიკა ერთი თვალით ირანს და ისრაელს უყურებს, მეორეთი - აზერბაიჯანს. ვაშინგტონსაც სურს, რომ ილჰამ ალიევთან კარგად იყოს. როცა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა მორიდებულად და პატივისცემით სთხოვა აზერბაიჯანელ ლიდერს, ნუ შეუწყვეტთ გაზით მომარაგებას მთიან ყარაბაღსო, ილჰამ ალიევმა ამერიკელი პოლიტიკოსის თხოვნას ყურადღება არ მიაქცია.

არადა, სომხეთს ამერიკაში ბევრი მეგობარი ჰყავს. საყოველთაოდ აღიარებულია, რომ სომხური ლობი ვაშინგტონში ძალიან ძლიერია, ებრაულის შემდეგ.

მაგრამ მოდი, რუკაზე სომხეთს ისევ შევხედოთ: ის ისეთი პატარაა, რომ მას ადგილობრივი დიდი თევზები შეჭმით ემუქრებიან. რის გაკეთება შეიძლება ასეთ სიტუაციაში? არასასურველი, მაგრამ აუცილებელი რუსი მშვიდობისმყოფლები არასაიმედო ძალას წარმოადგენენ. ვლადიმერ პუტინი უკრაინის ავანტიურით არის დაკავებული და სომხეთის მიმართ ძველებურად ყურადღებას არ იჩენს. თუ "ტერიტორიული მიერთების" რუსულ პრეცედენტს გავითვალისწინებთ, ყირიმისა და დონბასის ანექსიის სახით, 10-მილიონიან აზერბაიჯანსაც რომ გაუჩნდეს მსგავსი სურვილი თავის ანკლავთან - ნახიჩევანთან გაერთიანებისა და თურქეთთან სახმელეთო გზით დაკავშირების მიზნით, მერე რას ვშვრებით? რა ელოდება სამხრეთ კავკასიას?

საბჭოთა კავშირის 70-წლიანი ავტორიტარული მმართველობის დროს ხელისუფლება ისტორიულად არსებულ კავკასიურ კონფლიქტებს ახშობდა და რეგიონში მშვიდობას მეტ-ნაკლებად უზრუნველყოფდა, მაგრამ ახლა რუსეთის ე.წ. სპეცოპერაციამ ტერიტორიული ავანტიურები ლეგალურად გადააქცია.

საბჭოეთის დიდი იმპერიის ორი ქრისტიანული ნამსხვრევი - საქართველო და სომხეთი - ბაგირის გადამწევების როლში აღმოჩნდნენ, არა მხოლოდ რუსეთსა და დასავლეთს, არამედ - თურქულ სამყაროს შორისაც.

ორივე ქვეყანას, როგორც ჩანს, გადარჩენის სხვადასხვანაირი სტრატეგია აქვს. ქართველები, რომელთა შორის ბევრი ნაციონალისტი ევროკავშირისა და ნატოს წევრობაზე ოცნებობს, თვლიან, რომ საკუთარი ხელისუფლება ზედმეტ ყურადღებას იჩენს მოსკოვის ინტერესების მიმართ. ზოგიერთები შიშობენ, რომ მმართველი პარტია "ქართული ოცნება" ქვეყნის მართვას ისეთი წესებით ცდილობს - ავტორიტარულ-ოლიგარქული მოდელის მიხედვით - როგორიც რუსეთს აქვს.

სომხეთში პოლიტიკური ბრძოლა მიმდინარეობს, ერთი მხრივ, მთავრობას (რომელიც პირველ ნაბიჯებს დგამს დემოკრატიის გზაზე - უზრუნველყოფს სიტყვის თავისუფლებას, ატარებს სასამართლო რეფორმას) და მეორე მხრივ, იმ ძალებს შორის, რომლებიც ვერ შორდებიან რუს "ძიძას" და ეშინიათ, ვაითუ, მოსკოვის გარეშე უარეს დღეში ჩავცვივდეთო..

ზემოთ ნახიჩევანი ვახსენეთ: მართლაც, ამჟამად ბაქოსა და ერევნის სამშვიდობო მოლაპარაკების დღის წესრიგშია სატრანსპორტო (საავატომობილო და სარკინიგზო) დერეფნის უზრუნველყოფა, რომელიც აზერბაიჯანს ნახიჩევანთან დააკავშირებს. ამ საკითხში რუსეთი აზერბაიჯანს ემხრობა - დერეფნის უსაფრთხოებას რუსი მშვიდობისმყოფლები დაიცავენ, რომლებსაც, როგორც ამბობენ, უშიშროების ფედერალური სამსახური (ФСБ) აკონტროლებს. "თუ აზერბაიჯანი დერეფანს მიიღებს, ჩვენს ქვეყანას მთლიანად დავკარგავთ", - მითხრა პროდასავლურად განწყობილმა სომეხმა ჟურნალისტმა გოგონამ, თან დაბეჯითებით მთხოვა, რომ მისი გვარი უცნობი დარჩენილიყო.

გასულ წელს სომხეთში ბევრი რუსი ჩავიდა, რომლებიც უკრაინასთან ომს და მობილიზაციას გამოექცნენ, მათ შორის ბევრი ახალგაზრდა საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალობას ფლობს. რუსების მოზღვავებით და ფინანსური ნაკადით სომხეთის მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 2022 წელს 14%-ით გაიზარდა. ერევნის ცენტრი მდიდრულად გამოიყურება.

მაგრამ სომხეთს, რუსების გარდა, სხვა "სვავებიც" დასტრიალებენ, რომლებიც დაინტერესებულნი არიან მოგების მიღებით: მაგალითად, ინდოელები სომხებს იარაღს აწვდიან და ამბიციური გეგმის განხორციელება სურთ - ირანის ჩეჰბეხარის ნავსადგურიდან (ომანის ყურეში) ევროპისაკენ მიმავალი სატრანსპორტო დერეფნის შექმნა - სომხეთის, საქართველოსა და შავი ზღვის გავლით. "ინდოელების მიზანია, ხელი შეუშალონ პაკისტანელებს, რომლებიც აზერბაიჯანს ეხმარებიან", - ამბობს ლოვენ ზურაბიანი, - "ყველა ჩვენთან თამაშს ცდილობს, სომხეთი დიდი სახელმწიფოების მეტოქეობის ობიექტი ხდება".

თუ ამისთვის ვინმეს დამატებითი მტკიცებულებები სჭირდება, ამას ერევნის აეროპორტისაკენ მიმავალ გზაზე დაინახავს, სადაც ორი ქვეყნის საელჩოების ახლახან აგებული უზარმაზარი შენობები მოჩანს, უსაფრთხოების აპარატურით დახუნძლული: ერთი - ამერიკის შეერთებული შტატებისაა, მეორე კი - უფრო დიდი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას ეკუთვნის, რომელიც დიდ კავკასიურ თამაშებს მოგვიანებით შეუერთდა. წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ