"სამოქალაქო დაპირისპირება რეალურია, რაშიც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თანაბრადაა დამნაშავე"
საგარეო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ პოლიტოლოგ ვაჟა ბერიძეს ესაუბრა.
- ბატონო ვაჟა, გასული კვირა ბევრი თვალსაზრისით აღმოჩნდა მძიმეც და რთულიც. ვგულისხმობ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტს თბილისში და ამის პარალელურად პარლამენტში პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილისა და საგარეო საქმეთა მინისტრის სტუმრობას და საგარეო და საშინაო საკითხებზე გამართულ პოლემიკას.
როგორც ჩანს, „აგენტების“ კანონის ჯერ კოლექტიურად მიღებისა და მერე ასევე კოლექტიურად „ჩაგდების“ შემდეგ სახელისუფლებო გუნდს აშკარად ეტყობა რომ აქვს გარკვეული უხერხულობის განცდა, რომლის დაძლევას ცდილობს, მაგრამ, ის, თუ როგორ აკეთებს იგი ამას, ფაქტია, რომ როგორც მინიმუმ, კარგ შთაბეჭდილებას არ ტოვებს.
სამწუხაროდ, პარლამენტში გამართულმა დებატებმა დატოვა განცდა, რომ ვითარებაში, როცა მსოფლიოში სერიოზული ძვრებია მომხდარი, ქვეყნის მმართველი გუნდი საგარეო და საშინაო საფრთხეებს როგორც მინიმუმ, ან არაადეკვატურად, ანაც იმდენად გაუგებრად აღიქვამს, რომ ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა ჩნდება.
ასეა, რადგან ხელისუფლების მისამართით დასმულ კონკრეტულ კითხვებზე კონკრეტული პასუხები არ მოგვისმენია, ხოლო წარსულზე საუბარი იმდენად უადგილოდაც კი გამოიყურება, რომ მასზე 10 წელი საუბარმა აზრიც კი დაკარგა.
ბევრმა პარლამენტში მომხდარს „სანახაობაც“ კი უწოდა, მაგრამ ფაქტია ისიც, რომ ქართულ საზოგადოებას „სანახაობის“ გარდა, ბევრად უფრო კვალიფიციური და აკადემიური მსჯელობის მოსმენა სურს, ვიდრე ჩვენს პოლიტიკოსებს ჰგონიათ.
თქვენ როგორ შეაფასებდით პარლამენტში პრემიერის სტუმრობისას გამართულ პოლემიკას, თუ იმას, რაც ვიხილეთ, პოლემიკა შეიძლება ეწოდოს?
- მე ვიტყოდი, რომ პრემიერის სტუმრობა პარლამენტში და თანდართული დავიდარაბა, ძალიან ქართულია, ძალიან მშობლიურია და იმის დასტურია, რომ 5 000 წლოვანი ცივილიზაციის ერმა ვერ შეძლო სახელმწიფოებრივი ცნობიერების რეანიმირება, რაც საფუძვლიანად იქნა დავიწყებული ბოლო რამდენიმე საუკუნის საქართველოში, თუ ზუსტად გვინდა, გიორგი ბრწყინვალეს შემდეგ ასეთი ცნობიერება, ფაქტობრივად, აღარ არსებობს და ერი აგრძელებს არსებობას გმირების და მითების იმედად და ამარა.
დომინირებს ძალიან მშობლიური ქართული სიბრძნე - „უჩემოდ ვინ იმღერეთო“ და „მე ვარ და ჩემი ნაბადი“... ეს არის მაჟორული, რაც ჩვენს პოლიტიკურ ისტებლიშმენტს ჭარბად ახასიათებს, გნებავთ არაფორმალური მმართველის ამალის წევრი იყოს მავანი, და გნებავთ, თავისუფლება აღკვეთილი ყოფილი პრეზიდენტის, ავტორიტარული რეჟიმის შემოქმედის და მიმდევარის, მეხოტბე და ტრუბადური.
ჰოდა, კიდევ, ჩვენთან პირიქითაა, პირიქით - ჯერ ჭეშმარიტება ორთქლდება და მერე ვნებები დუღს...
ამ ფონზე პოლემიკა რაღა საჭიროა. რა მნიშვნელობა აქვს, ვინ რას ამბობს, ვინ არის მართალი და ვინ მტყუანი. როცა წიხლები და პანღურები ხდება ურთიერთობის გარკვევის საშუალება, როცა სოციალური ქსელები და მედია-სივრცე გულისამრევი სკაბრეზითაა გაჯერებული, ეს, სულო ცოდვილო, და სამოქალაქო დაპირისპირების წინადღე, უფრო მეტიც, სუვერენიტეტის დაკარგვამდე ერთი ნაბიჯის დისტანციის დაფიქსირება მგონია.
სამოქალაქო დაპირისპირება რეალურია, რაშიც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თანაბრადაა დამნაშავე.
ახლა, თქვენს, ტრადიციულად ტევად და მრავლისმომცველ კითხვას დავუბრუნდეთ. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი, ეს მართლაც მნიშვნელოვანი მოვლენა, გაუფერულდა თანმდევი აურზაურის ფონზე. გერმანია ჩვენთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია. ასე იყო 1918-შიც, როცა დამოუკიდებლობა გერმანიის წარმომადგენლობის რჩევით გამოვაცხადეთ, - ასე უფრო მეტად შევძლებთ თქვენს დახმარებასო.
ცხადია, ანალინა ბერბოკი, გერმანიის მწვანეთა პარტიის ლიდერი, ანგელინა მერკელის დონის პოლიტიკური წონით ვერ დაიკვეხნის, თუნდაც ჯერ-ჯერობით, მაგრამ ის იმ გერმანიას წარმოადგენს, რომელიც ევროკავშირში სადღეისოდ ლამის ყველაზე წონად სიტყვას ამბობს.
არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ გენერალმა ოტო ფონ ლოსოვმა და სხვა გერმანელმა დიპლომატებმა, ლამის გადამწყვეტი როლი ითამაშეს საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებაში 1918 წლის 26 მაისს, ეროვნული საბჭოს მიერ.
ამას ხაზს იმიტომ ვუსვამ, რომ ქალბატონმა ბერბოკმა ჩვენთვის შემაშფოთებელი განცხადება გააკეთა საქართველოში გამოფრენის წინ - ქართველი ხალხი პროევროპულია, მისი მთავრობა კია არაო, ბრძანა ქალბატონმა ბერბოკმა. ყველასთვის ცხადია, რომ დიპლომატიის ენაზე ეს, ფაქტობრივად, ჩვენი ქვეყნის ევროპული პერსპექტივის ეჭვქვეშ დაყენებას ნიშნავს. მართალია, საქართველოში ჩამოსვლისას მან განცხადებები შეარბილა, მაგრამ ვიზიტი, საბოლოო ჯამში, მაინც ჩვენი მთავრობის საწინააღმდეგო დემარშს უფრო ჰგავდა, ვიდრე საიმედო მეგობრის ვოიაჟს. გააგრძელეთ კითხვა