"ძალიან ვღელავთ... 17 მარტს, ღამის 2-საათამდე იყო ჩართული მისი ტელეფონი, მერე კავშირი გაწყდა. რამდენიმე ადამიანი ამბობს, რომ ნახეს, მაგრამ..." - ილია ფუტკარაძის ახლობლები საზოგადოებას დახმარებას სთხოვენ - კვირის პალიტრა

"ძალიან ვღელავთ... 17 მარტს, ღამის 2-საათამდე იყო ჩართული მისი ტელეფონი, მერე კავშირი გაწყდა. რამდენიმე ადამიანი ამბობს, რომ ნახეს, მაგრამ..." - ილია ფუტკარაძის ახლობლები საზოგადოებას დახმარებას სთხოვენ

10 დღეა, ახლობლები და მეგობრები 27 წლის ილია ფუტკარაძეს უშედეგოდ ეძებენ და ისინი საზოგადოებას დახმარებას სთხოვენ. საქმეში უკვე ჩაერთვნენ სამართალდამცავები, მაგრამ ჯერჯერობით ახალგაზრდის ადგილსამყოფელს ვერავინ მიაგნო.

"ილია 17 მარტს გაუჩინარდა. ისე წავიდა სახლიდან, რომ არავინ გაუფრთხილებია და ამის შემდეგ მასთან კონტაქტი შეწყდა. შევიტყვეთ, რომ ილია ნახეს გაუჩინარებიდან რამდენიმე საათის შემდეგ ტყიბულიდან შაორის წყალსაცავისკენ მიმავალ გზაზე. ჩვენი ვარაუდით, ის დილის რიჟრაჟის გადასაღებად, წყალსაცავისკენ წავიდა. უკან დაბრუნებას მალევე აპირებდა. ამის საფუძველს გვაძლევს ის, რომ თან ნივთები არ წაუღია. სახლში დატოვა თავისი პასპორტი და ტელეფონის სატენი. 17 მარტის შემდეგ მასთან ყველანაირი კომუნიკაცია გაწყვეტილია და რა მოხდა, ჩვენთვის უცნობია.... არანაირი დამაიმედებელი ინფორმაცია არ გვაქვს, მაგრამ იმედს არ ვკარგავთ. პოლიციას მივაწოდეთ ინფორმაცია, რასაც კი ვფლობდით. ისინი აქტიურად არიან ჩართულები გამოძიებაში. როგორც გვითხრეს, სამაშველო სამსახური დღეს ჩაერთო სამძებრო სამუშაოებში. ყველას ძალიან გთხოვთ, თუ ვინმეს გაქვთ რაიმე სახის ინფორმაცია ილიას ადგილსამყოფელთან დაკავშირებით, მომწერეთ "ტელეგრამში", "ვოთსაპში", "ვაიბერში", ან დამირეკეთ ნომერზე 599407860 ან მიაწოდეთ ინფორმაცია პოლიციას. ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, მაქსიმალურად გავავრცელოთ ეს ინფორმაცია. გავიდა ერთ კვირაზე მეტი და აუცილებელია გამოვიყენოთ ყველა რესურსი“, - წერს სოციალურ ქსელში მისი მეგობარი ნათელა სულაქველიძე.

ნათელა და მისი ოჯახი ილიას წლებია, იცნობენ. ილია ფუტკარაძე რუსეთში, ქალაქ სამარაშია დაბადებული და გაზრდილი, მას მამა ქართველი ჰყავდა, რომელიც, სამწუხაროდ, გარდაცვლილია. თავად ილია კი შარშან, ზაფხულში ჩამოვიდა საქართველოში, მას შემდეგ აქ ცხოვრობს.

მამუკა სულაქველიძე:

- ილია ჩემი შვილის მეგობარია, ჩემს ქალიშვილთან მეგობრობს და ძალიან ვღელავთ. უკვე რამდენიმე დღეა, ვეძებთ ყველგან, მაგრამ ჯერ ვერ ვიპოვეთ. დაიბადა ქალაქ სამარაში. ჩვენი ოჯახი იქიდან იცნობს. ილია სამარაში, სამედიცინო უნივერსიტეტში მუშაობდა ანალიტიკოსად, ძალიან კარგი ადამიანია. ნათელასთან დამეგობრდა და მითხრა, რომ მამამისი ტყიბულიდან იყო, მამა გარდაცვლილია. სულ ვეუბნებოდი ჩადი მამის მშობლიურ სახლში, იქ იქნებიან შენი ნათესავები, მათ გაიცნობ და მერე შენზეა დამოკიდებულები მათთან ურთიერთობა-მეთქი. ძალიან უნდოდა აქ ჩამოსვლა. ეს როგორ უნდა ვთქვა, არ ვიცი, მაგრამ საუბარში ერთხელ ასეთი რამეც თქვა, მე თუ რამე მომივიდა, მინდა, საქართველოში გადამასვენონ და იქ მამის გვერდით დამკრძალონო. დედისერთა ბიჭია, შარშან ზაფხულში ჩამოვიდა საქართველოში, ტყიბულში ჰყავს ნათესავები და ისინი მოინახულა. მას მერე აქ არის. რუსეთის მოქალაქეა. ტყიბულში დაუმეგობრდა ერთ ახალგაზრდა ბიჭს და მან შესთავაზა, თუ გინდა ჩემს სახლში იცხოვრეო. სულ ერთად იყვნენ, ერთად დადიოდნენ და რაჭის ბუნებას ათვალერებდნენ. პერიოდულად თბილისშიც ჩამოდიოდა, მოგზაურობდა და ეცნობოდა საქართველოს.

17 მარტს, გამთენიას არის ამ ბიჭის სახლიდან წასული ისე, რომ მეგობარი არ გაუფრთხილებია. მეგობარს ეძინა ამ დროს. ვვარაუდობთ, რომ გარიჟრაჟის გადასაღებად წავიდა, რადგან ძალიან გატაცებული იყო ფოტოგრაფიით. ამ საოცარ ფოტოებს მერე სოციალური ქსელში ტვირთავდა, აზიარებდა, უგზავნიდა მეგობრებს და ძალიან მოსწონდა ეს საქმე. 17 მარტს, ღამის ორ საათამდე იყო ჩართული მისი ტელეფონი, მერე კავშირი გაწყდა, ვერ ვუკავშირდებით. წინა საღამოს, სანამ სახლიდან წავიდოდა, ბიძამ და ბიძაშვილმა ილია მეგობრის სახლში მოინახულეს. სურსათი მიუტანიათ და ჯიბის ფული 100 ლარი მიუციათ. მეორე დღიდან კი მისი კვალი ქრება. ასეთი რამე არ სჩვეოდა... ამიტომ ვართ ასე შეშფოთებულები და ვეძებთ ყველგან, 17 მარტიდან მოყოლებული. ორი დღით მოდიოდა თბილისში, დადიოდა ქუთაისშიც, მაგრამ არასდროს ტელეფონი არ გაუთიშავს. არ ვიცით, რა ვიფიქროთ, ვეძებთ ყველგან, მაგრამ ვერ ვპოულობთ. სამჯერ ჩავედი ტყიბულში. ჩემი შვილიც გამოკითხა პოლიციამ, სხვა მეგობრებიც, ნათესავებიც, მაგრამ ხელჩასაჭიდი არაფერია.

- არავის უნახავს?

- ვფიქრობთ, შაორზე წავიდა სურათების გადასაღებად, თუმცა ფოტოაპარატები სახლში აქვს დატოვებული. რამდენიმე დღით ადრე გაწევრდა მეორადი ფოტოაპარატების ყიდვა-გაყიდვის ჯგუფში და, შესაძლოა, კიდევ შეიძინა რაიმე აპარატი. ახლა მაინტერესებს, ვინმესგან იყიდა თუ არა მეორადი აპარატი, მივწერე ამ ჯგუფს, მაგრამ ჯერ არ მიპასუხეს. ვიცით მხოლოდ ის, რომ 17 მარტს, ღამის 4 საათზე, გამთენიისას ექსპედიტორმა, ფეხით მიმავალი, მანქანაში ჩაიჯინა და გარკვეულ მანძილზე წაიყვანა. ეს მამაკაცი ამბობს, გამიკვირდა ღამით შაორის გზაზე რომ ვნახე ადამიანი, რადგან იქ ასე ფეხით ღამით არავინ დადის, რადგან არის ცხოველებიც და იქ გავლა საშიშიაო. ხელი დამიქნია, ჩავისვი მანქანაში და წავიყვანეო. მკითხა, რუსულად ლაპარაკობთო და გამომელაპარაკა, მითხრა, ილია ფუტკარაძე ვარო. ექსპედიტორი ამბობს, ტბასთან რომ არის სასტუმრო, იქ ჩამოვსვი და ვუთხარი, გათენებამდე იქ დარჩენილიყო, რადგან განათებულია იქაურობა და შუქებიც არისო. სასტუმროს კამერაშიც ჩანს, რომ მანქანიდან გადმოდის. ადამიანის სახის გარჩევა ჭირს, მაგრამ აღნაგობით ემთხვევა, თან ექსპედიტორმა ფოტოსურათით ამოიცნო და ამბობს, დაველაპარაკე, ვინაობა მითხრაო.

- იმ სასტუმროში არ შესულა?

- სასტუმროში არ შესულა, რადგან არ მუშაობს. მენეჯერი იქ მაინც ცხოვრობს, მაგრამ არ უცდია დაკაკუნება. გამთენია იყო და ეტყობა, მერე ისევ ფეხით წამოვიდა შაორისკენ, უკან. ამას იმიტომ ვვარაუდობთ, რომ იმ მძღოლისთვის უთხოვია მანქანის გაჩერება. ფოტოების გადასაღებად ძალიან კარგი ადგილია, იქ ხშირად ჩერდებიან მანქანები და ფოტოებს იღებენ, ულამაზესი გადმოსახედია, მაგრამ ექსპედიტორი ამბობს, იმიტომ არ გავუჩერე, რომ ღამე იყოო. აქ როგორ დაგტოვო ამ ღამით, შეგჭამს ცხოველი, ჯობია, სასტუმროსთან დაგტოვო და როცა გათენდება, მერე ჩამოდიო. თუ სურათის გადაღება უნდოდა, შეიძლება იქიდან ფეხით წამოსულიყო. ცოტა მანძილია, მაგრამ მას მერე კვალი არ ჩანს.

- მეგობარი, ვის სახლშიც ცხოვრობდა, ის რას ამბობს?

- ის უკვე დაჰკითხეს პოლიციელებმა. ბიჭს ეძინა იმ დროს, როცა ილია გასულა სახლიდან. კარგი ურთიერთობა ჰქონდათ ერთმანეთთან. სანამ დაგჭირდება, შეგიძლია, ჩემთან იცხოვროო და იქ ცხოვრობდნენ ერთად. დიდი საშუალება არ აქვს ფინანსურად, მაგრამ რაც ჰქონდა, იმას უნაწილებდა. პერიოდულად ილიას ნათესავები მიდიოდნენ და ისინიც ეხმარებოდნენ. ამ ბიჭმა არაფერი იცის. ყველა დაკითხულია - სანათესაოც და მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები.

- ამ ამბის გახმაურების შემდეგ ვინმე ხომ არ შემოგეხმიანათ? რამე ხელჩასაჭიდი ხომ არ არის?

- სანამ თქვენ დარეკავდით, მანამდე დღეს რამდენიმე ზარი იყო ბათუმიდან და ამბობენ, რომ იქ ნახეს. 3-4-მა ადამიანმა დარეკა, რომ ასეთი აღნაგონის ბიჭი ვნახეთო, ზოგი ამბობს, ბოტანიკურ ბაღთან ვნახეო, მეორე ამბობს - გორგილაძის ქუჩასთანო, ერთმა ოზურგეთის გზაზეო, მაგრამ რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს, არ ვიცით. ძალიან ვღელავთ... ბიძა და მამიდა ასაკოვნები არიან, ბიძაშვილს ვეკონტაქტები და ისინიც ეძებენ. ვცდილობთ, როგორმე მოვძებნოთ. მინდა, მივმართო ყველას, თუ სადმე შეგხვდებათ ასეთი აღნაგობის ბიჭი, გთხოვთ, აქ მითითებულ ნომერზე დაგვიკავშირდეთ ან აცნობოთ პოლიციას. გთხოვთ, ყველამ მიიტანოთ გულთან ეს ამბავი და ილია მოგვაძებნინოთ.

ბუნება უყვარს, რომანტიკოსი ბიჭია, აინტერესებდა მამის კუთხე, საქართველოში ჩამოვიდა და დარჩა. რაჭაში საშიში ადგილებია, თუნდაც ის ადგილიც, სადაც სურათის გადასაღებად უნდა ჩასულიყო, ამიტომ გვეშინია, იქნებ რამე დაემართა, იქნებ რამე უჭირს? ამიტომ ყველას გთხოვთ, დაგვეხმაროთ. დედამისი რუსეთშია, ისიც დაჰკითხეს, ახლა პასპორტის აღებას ელოდება, რომ ჩამოვიდეს საქართველოში. ბათუმიდან მოწოდებულ ამბებს, ალბათ, სამართალდამცავები გადაამოწმებენ და ყველას ვთხოვთ, თუ სადმე შეხვდებათ ეს ახალგაზრდა ბიჭი, დაგვიკავშირდნენ ამ ნომერზე 599407860

იმედია, მას მალე უვნებელს ვიპოვით და ამაში დახმარებას ვთხოვთ ყველას.

(სპეციალურად საიტისთვის)