პუტინი ბირთვულ შანტაჟს აგრძელებს - რას მისცემს კრემლს ტაქტიკური ბირთვული იარაღის ბელარუსში განთავსება?
კრემლის მთავარმა ბინადარმა - პუტინმა მსოფლიო კიდევ ერთხელ ააღელვა, განაცხადა რა, ბელარუსში რუსული ტაქტიკური დანიშნულების ბირთვული იარაღის განთავსების შესაძლებლობაზე.
"1 ივლისისთვის ბელარუსში დავამთავრებთ ტაქტიკური ბირთვული იარაღის შესანახი სპეციალური საწყობის მშენებლობას, ხოლო 3 აპრილიდან დავიწყებთ ბელარუსი ეკიპაჟების მომზადებას, რომ მათ შეეძლოთ ამ ბირთვული იარაღის გამოყენება. რუსეთმა ბელარუსს უკვე გადასცა ოპერატიულ-ტაქტიკური დანიშნულების „ისკანდერ-მ“ ტიპის მობილური კომპლექსი, რომელიც ბირთვული ქობინის გადამტანია, ასევე, რუსეთმა ბელარუსის სამხედრო-საჰაერო ძალების 10 ერთეულ „სუ-25“ ტიპის მოიერიშე თვითმფრინავს მოდერნიზაცია ჩაუტარა ტაქტიკური ბირთვული იარაღის წასაღებად", - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.
პუტინის განცხადებით, ეს არ ნიშნავს, რომ ის ლუკაშენკოს, მისი არა ერთი დაჟინებული თხოვნის მიუხედავად, ბირთვულ იარაღს აძლევს - რუსეთი აშშ-ს ბაძავს ამ საკითხში და მოკავშირეებს კი არ აძლევს ბირთვულ იარაღს, არამედ - მათი თანხმობით, მათსავე ტერიტორიაზე ათავსებს და ასევე, ამზადებს ადგილობრივებს ბირთვული იარაღის გამოყენებისთვის...
რუსეთის პრეზიდენტის ეს განცხადება მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან ბელარუსში რუსული ტაქტიკური ბირთვული იარაღისა და მისი მატარებელი საშუალებების ჩატანაზე მოსკოვი და მინსკი უკვე მეორე წელია, ბჭობენ, თუმცა გაკვირვებას ის იწვევს, რომ პუტინი ამ საკითხის დაჩქარებას ბრიტანელების მიერ უკრაინისთვის „ჩელენჯერ-2“ ტიპის ტანკებისა და ამ ტანკებისთვის განკუთვნილი საშტატო ქვეკალიბრის ჯავშანგამტანი ჭურვების გაგზავნას უკავშირებს, რადგან ამ ჭურვების ჯავშანგამტანი ღეროები გაღარიბებული ურანისგანაა დამზადებული...
გაღარიბებული ურანი, ფაქტობრივად, ერთგვარ ნარჩენს წარმოადგენს საიარაღო ურანის გამდიდრებისას და ვერანაირად ვერ განიხილება ბირთვულ იარაღთან კავშირში.
ამასთან, ბრიტანელები უკრაინელებს სულ რაღაც 14 „ჩელენჯერს“ თუ ჩუქნიან, რომელთა შეიარაღებაში ასიოდე ასეთი ჭურვიც არ იქნება, რომლებიც არანაირ დიდ საფრთხეს არ შეიცავს რადიოაქტიურობის თვალსაზრისით, თუმცა ნებისმიერი რუსული ტანკის შუბლა ჯავშნის გახვრეტა შეუძლია...
სწორედ ესაა იმის მთავარი მიზეზი, რომ რუსეთი უფრთხის მისი ტანკების „მკვლელების“ გამოჩენას უკრაინის ფრონტზე, თორემ უკრაინის მიწისა თუ წყლის ეკოლოგია კრემლს სულაც არ აინტერესებს, მით უმეტეს, რომ, დიდი ალბათობით, აქამდე თავადაც მალულად იყენებდა და იყენებს სწორედ გაღარიბებული ურანისგან დამზადებულ სატანკო ჭურვებს, მით უმეტეს, რომ პუტინმა აღიარა, რუსეთის არმიის შეიარაღებაში ასი ათასამდე გაღარიბებული ურანისგან დამზადებული სატანკო ჭურვიაო...
ყველაფერი ეს პუტინის ბირთვული შანტაჟის გაგრძელებაა, რომლის მთავარი მიზანია, დააშინოს დასავლეთი, რომ მან სამხედრო დახმარება შეუმციროს ან საერთოდ შეუწყვიტოს უკრაინას.
კრემლის ეს ბირთვული შანტაჟი გარკვეულწილად მიზანს აღწევს, რის გამოც აშშ-ის პრეზიდენტი კვლავ ფეხს ითრევს უკრაინის არმიისთვის შორსმფრენი ბალისტიკური რაკეტებისა და საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდებისგან, არადა უკრაინელი სამხედროები 300 კმ-ზე მფრენი მართვადი ბალისტიკური რაკეტებით რუს ოკუპანტებს ღრმა ზურგშიც მისწვდებოდნენ და აქამდე ბევრად მეტ ზიანს მიაყენებდნენ...
ბელარუსის ტერიტორიის სიგანე რუსეთის საზღვრიდან ნატოს წევრ პოლონეთის საზღვრამდე 600 კმ-ია, რაც იმას ნიშნავს, რომ ბელარუსში გადაყვანილი რუსული „ისკანდერ-მ“-ების ბირთვულქობინიანი აერობალისტიკური რაკეტები სწორედ ამ მანძილით უახლოვდებიან დასავლეთ ევროპას და თუ აქამდე რუსეთის ფსკოვის ოლქიდან სტარტაღებული, 500 კმ-მდე მფრენი „ისკანდერის“ რაკეტა მხოლოდ პოლონეთის აღმოსავლეთ საზღვარს სწვდებოდა, ამიერიდან იგივე რაკეტა, ოღონდ ბელარუსის უკიდურესი დასავლეთი ნაწილიდან გაშვებისას, თითქმის მთელ პოლონეთს დაფარავს და, ასევე, გადაწვდება ნატოს წევრი ჩეხეთის, სლოვაკეთისა და უნგრეთის ტერიტორიების ნაწილებს...
ევროკავშირი რუსეთსა და ბელარუსს ახალი სანქციების დაწესებით ემუქრება, თუკი რუსული ტაქტიკური ბირთვული იარაღი მაინც გამოჩნდა ბელარუსში, თუმცა კრემლისთვის მორიგი დასავლური ეკონომიკური თუ პოლიტიკური სანქციები ნაკლებად სანერვიულოა, იქ დიდ ბირთვულ „თამაშს“ ეწევიან, სადაც ბევრად მეტი „ფსონი“ იდება, ვიდრე - სანქციები...
პუტინს სურს, დააჯეროს დასავლეთი, რომ ის არის წამსვლელი ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენებაზე... ჯერ უკრაინის ტერიტორიაზე, თუმცა დასავლელი ლიდერების ნაწილი ამ ანკესზე აღარ ეგება, განსხვავებით ერთი წლის წინანდელი სიტუაციისგან, ამასთან, ამერიკულ და ევროპულ სადაზვერვო სტრუქტურებს ტექნიკური და აგენტურული დაზვერვის საშუალებებით უწყვეტი მონიტორინგი აქვთ დაწესებული რუსეთის ბირთვული იარაღის საწყობებზე და, წესით, არ უნდა გამოეპაროთ იქიდან ბირთვული ქობინების გამოზიდვის პროცესი...
ის ფაქტი, რომ პუტინმა წინასწარ დააანონსა ბელარუსში რუსული ტაქტიკური ბირთვული იარაღის საბრძოლო მორიგეობაზე დაყენების კონკრეტული თარიღები, შეიძლება ერთ რამეს მიუთითებდეს - მან დასავლელ ლიდერებს ერთგვარი მესიჯი გაუგზავნა - ვივაჭროთ, ბელარუსში რუსული ტაქტიკური ბირთვული შეიარაღების განუთავსებლობა, უკრაინისთვის დასავლური სამხედრო დახმარების შეწყვეტის სანაცვლოდო...