"ტაქტიკური ბირთვული იარაღი არის მცირე მანძილზე მოქმედი ანუ ჩვენ იქიდან ვერ მოგვაწვდენს. არც სჭირდება ჩვენთვის ბირთვული რაკეტის სროლა" - კვირის პალიტრა

"ტაქტიკური ბირთვული იარაღი არის მცირე მანძილზე მოქმედი ანუ ჩვენ იქიდან ვერ მოგვაწვდენს. არც სჭირდება ჩვენთვის ბირთვული რაკეტის სროლა"

ექსპერტ თორნიკე შარაშენიძის განცხადებით, რუსეთის მიერ ბელარუსში ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსების დაანონსება ევროპის მოსახლეობის შესაშინებლადაა, რათა მოსახლეობამ მთავრობები აიძულონ, რუსეთთან დათმობაზე წავიდნენ და მოსკოვს უკრაინის ნაწილი დაუთმონ.

რაც შეეხება უშუალოდ საქართველოს, როგორც შარაშენიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსებით საქართველოს საფრთხე მანძილის გამო ვერ შეექმნება.

„ტაქტიკური ბირთვული იარაღი არის მცირე მანძილზე მოქმედი ანუ ჩვენ იქიდან ვერ მოგვაწვდენს. არც სჭირდება ჩვენთვის ბირთვული რაკეტის სროლა, რამე რომ იყოს, ჯარი აქვე ახლოს უდგას. ეს არის გამიზნული იმისთვის, რომ შეაშინოს ევროპის მოსახლეობა, რათა შემდეგ მოსახლეობამ უთხრას მთავრობებს, დაამთავრეთ ეს ომიო ანუ, პირველ რიგში, ეს არის მოსახლეობის დაშინების მცდელობა, ევროპული სახელმწიფოების ამომრჩევლებისა და რიგითი მოქალაქეების დაშინება, რომ მათ, თავის მხრივ, ზეწოლა მოახდინონ ევროპის მთავრობებზე, რათა ისინი უკვე რუსეთთან დათმობაზე წავიდნენ და რუსეთს უკრაინის ნაწილი დაუთმონ, ომი რომ დამთავრდეს, არ იყოს ომის საფრთხე. ტაქტიკური ბირთვული რაკეტა გვერდზე რომაა განლაგებული, ბევრს ეშინია, ალბათ, ამის იმედზეა პუტინი, რომ ევროპელები წავიდნენ რუსეთთან დათმობაზე“, - განაცხადა შარაშენიძემ.

ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, მოსკოვი და მინსკი ბელარუსის ტერიტორიაზე ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსებაზე შეთანხმდნენ. ბელარუსის ტერიტორიაზე ტაქტიკური ბირთვული იარაღის სპეციალური საწყობის მშენებლობა 1-ელი ივლისისთვის დასრულდება.

IPN