"ჩვენი ახალგაზრდების დიდი ნაწილი საუბრობს სიტყვების, ბგერების მარცვლების "ყლაპვით", რასაც ხშირად მსმენელი ვერ იგებს" - კვირის პალიტრა

"ჩვენი ახალგაზრდების დიდი ნაწილი საუბრობს სიტყვების, ბგერების მარცვლების "ყლაპვით", რასაც ხშირად მსმენელი ვერ იგებს"

ვიდრე ჩვენი საზოგადოების ყურადღებას პოლიტიკა შთანთქავს, ყურადღების მიღმა ისეთი სასიცოცხლო თემები რჩება, რომლებიც, ასევე, წყვეტს ჩვენი ყოფნა-არყოფნის საკითხს. მათ შორისაა, ქართული ენის ის თვისებრივი ცვლილებები და მისი დაკარგვის საფრთხე, რის შესახებაც შემაშფოთებელ ინფორმაციას უკანასკნელი წლებში არა ერთი ქართველი ენათმეცნიერი ავრცელებს, მათ შორის არის ფილოლოგი, პროფესორი ავთანდილ არაბული.

- ბატონო ავთანდილ, არის ისეთი სასიცოცხლო პროცესები, რომელსაც არანაკლებ ყურადღება უნდა მიექცეს, ვიდრე - პოლიტიკას. უფრო მეტიც, სახელმწიფო უნდა იყოს დაინტერესებულიც და იძულებულიც, რომ პროცესებში თავად ჩაერთოს. ამდენ ხანსაც უნდა შემუშავებულიყო პროგრამები ქართული ენის გადარჩენისათვის. კონკრეტულად, რა განიხილება ჩვენი ენის საფრთხეებში?

- ენა, ისევე, როგორც ყოველივე ბუნებაში, ორგვარ ცვლილებას განიცდის - რაოდენობრივსა და თვისებრივს. პირველის პროცესი აშკარად მიდის, მეორე კი - შეუმჩნეველია, დაახლოებით, იმ კონტექსტში, როგორც, მაგალითად, ხე ხმება შეუმჩნევლად და პატრონი მხოლოდ მაშინ ამჩნევს ამას, როდესაც გაზაფხულზე ფოთლით აღარ შეიმოსება და წაიქცევა. დღეს ასეა ქართული ენაც, რომელშიც საკმაოდ სახიფათო პროცესები მიმდინარეობს, რაც შეიძლება, საზოგადოების დიდმა ნაწილმა ვერ შეამჩნიოს, მაგრამ მეცნიერები, სამწუხაროდ, ვხედავთ. საქმე ის არის, რომ ჩვენი ენა საუკუნეობრივად განიცდიდა სიტყვიერ, რაოდენობრივ, ლექსიკურ ცვლილებას და ასეც უნდა იყოს, ენა ხომ ცოცხალი ორგანიზმია! ქართული ენისა და მისი მყარი სტრუქტურისთვის რაოდენობრივ ცვლილებას არაფერი დაუკლია. ჩვენი ქართული ყოველთვის რჩებოდა დარბაისელ სამეტყველო ენად, სადაც სიტყვები ისევე წარმოითქმის, როგორადაც ანბანი იწერება. დღეს კი სულ სხვა სიტუაციის მოწმე ვართ: ამ ეტაპზე ქართული უკვე თვისებრივ ანუ ისეთ ცვლილებებს განიცდის, რითაც მისი სტრუქტურა და სამყარო იცვლება.

- რისგან ხდება ეს?

- თანამედროვე სამყაროს ცვლილებების: მისი აჩქარებული რიტმის, ტექნოლოგიების, ახალი უცხო ენისა თუ მედიის ზეგავლენით. და ეს არის სახიფათო პროცესები.

- კონკრეტულად?

- კონკრეტულად, ენის ტემპი ხდება ძალზე აჩქარებული, იმდენად აჩქარებული, რომ ეს დამახინჯებას იწვევს. ასეთი აჩქარების გავლენით მეტყველებისას მთელი სიტყვების, მარცვლების ან ბგერების ამოვარდნა მიმდინარეობს. იცვლება დიქციაც, ჩნდება სრულიად გაუგებარი, მკვეთრი მახვილები სიტყვების დაბოლოებებზე, რაც ჩვენს ენას არასოდეს ჰქონია. ამ ყველაფრის ფონზე იცვლება ენის სტრუქტურა და ხასიათი. ამ ვითარებაში კი ჩვენი ახალგაზრდების, დაახლოებით, 90% ქალაქადაც და სოფლადაც სწორედ იმ ენით საუბრობს, რომლის შინაგანი სამყარო შეცვლილია, საუბრობს სიტყვების, ბგერების მარცვლების "ყლაპვით", რასაც ხშირად მსმენელი ვერ იგებს, რადგან სრულიად სხვა მეტყველებას ისმენს.

- დაგეთანხმებით. თავადაც ხშირად ვერ ვიგებ თინეიჯერების უსწრაფეს მეტყველებას და თავიდან ვამეორებინებ...

- არ არის შემთხვევითი, იმიტომ, რომ როდესაც მეტყველების რიტმი აჩქარებულია, ბავშვი ამ რიტმში "ზედმეტ" მარცვლებს და ხანდახან, სიტყვებსაც ვეღარ ატევს. ცუდი ის არის, რომ ამ პროცესს საზოგადოების დიდი ნაწილი ან მიჩვეულია, ან, უბრალოდ, ყურადღებას არ აქცევს. არც ეუცხოება, რადგან თავადაც შეეჩვია მედიის აჩქარებულ მეტყველებას. თუმცა მედია, ბავშვებისაგან განსხვავებით, მომზადებულია და არც სიტყვებს ყლაპავს.

- ბატონო ავთანდილ, რა გამოდის? თუ მსგავს მეტყველებას თანამედროვეობა გვკარნახობს, ასე ვთქვათ, "ბაზარზე" ასეა მოთხოვნადი, რა შეგვიძლია გავაკეთოთ?

- მოკლედ აგიხსნით: ის რიტმი თუ მახვილები, რაც ჩვენმა თანამედროვე სამეტყველო ენამ მიიღო, ძირითადად, დამახასიათებელია ამერიკული ინგლისურისთვის თუ სხვა ევროპული ენებისათვის, რომლებიც ამ ტემპს იტანს. ჩვენ კი იმ ენით ვართ მიმზიდველი, რაც საუკუნეების განმავლობაში გვქონდა. თუ ჩვენ ამერიკული ინგლისურით, იტალიურით, ესპანურით და ა.შ. ვისაუბრეთ, მაშინ ჩვენ გვნდომებია, რომ გავამერიკელდეთ, გავიტალიელდეთ და ა.შ. ჩვენ კი ასე არ გამოგვადგება, - ჩვენ უნდა ვიყოთ მათ გვერდით, როგორც თვითმყოფადები, უნდა ვიყოთ მათი პარტნიორები და არა - გაამერიკელებულები ან გაფრანგებულები და ა.შ.

ზოგადად, ქართველები ყოველთვის მივეკუთვნებოდით ევროპულ ერებს, მთელი ჩვენი სააზროვნო ისტორია ევროპულია და მთავარი ღირებულებებიც სწორედ ევროპულ ურთიერთობებში შევქმენით. რასაკვირველია, ჩვენზე გავლენას ახდენდა აზიური ურთიერთობები, მაგრამ მაინც ევროპელებად ვრჩებოდით. მაგალითად, შოთა რუსთაველზე აღმოსავლურმა პოეტურმა კულტურამ უდიდესი გავლენა მოახდინა, მაგრამ ის აბსოლუტურად ევროპულად მოაზროვნეა, როდესაც ამბობს "ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს, გინდა ხვადიაო". ასე რომ, ასეთებად უნდა დავრჩეთ და ენის საფრთხეების პრობლემასაც უნდა გავუმკლავდეთ. ამისთვის აუცილებელია ენის ნორმების და სწავლის წესების თავიდან გადახედვა.

უკანასკნელ წლებში ბევრი რამ მოიშალა, მათ შორის ის, რომ ბავშვებს პირველი კლასიდან აწყებინებენ უცხო ენის სწავლას, როდესაც მათი სამეტყველო სისტემა ქართული ენის სრულფასოვნად სამეტყველოდაც არ აქვთ მომზადებული.

ეს უნდა შეიცვალოს.

საჭიროა ფონეტიკოსების მომზადება, რომ სკოლაში შევიდნენ და ბავშვებს ასწავლონ ქართულად სწორად მეტყველება.

არც მეტი, არც ნაკლები, 3000 ფონეტიკოსის მომზადება მაინც არის საჭირო, რომ სკოლაში შევიდეს. ამ ეტაპზე ეს მეეჭვება, - ფონეტიკოსი კი არა, 40 000 მეცნიერიდან მხოლოდ 3 000 მეცნიერი ვართ დარჩენილი, მაგრამ... ამ ნაბიჯების გადადგმის დრო აუცილებლად უნდა დადგეს, რადგანაც ეს ნაბიჯები საქართველოსათვის არის სასიცოცხლოდ აუცილებელი, რისი მომლოდინეც ვარ, რადგან პროცესი შეუქცევადია და - ძალიან სახიფათო.

(სპეციალურად საიტისთვის)