"ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, მაყურებელს ენახა, როგორ ვცხოვრობთ და როგორი დემოკრატიაა, რომ ასეთ თემებზე სპექტაკლები იდგმება" - კვირის პალიტრა

"ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, მაყურებელს ენახა, როგორ ვცხოვრობთ და როგორი დემოკრატიაა, რომ ასეთ თემებზე სპექტაკლები იდგმება"

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ინდოეთში ქართული თეატრის კვირეული გაიმართა. აგრასა და ჯაიპურში ოთხმა ქართულმა თეატრმა (თავისუფალი თეატრი, თეატრი ათონელზე, ოზურგეთის და ცხინვალის თეატრები) 4 სპექტაკლი ითამაშა. კვირეული თავისუფალი თეატრის სპექტაკლით "ხომ ხოცავენ ქანცგაწყვეტილ ცხენებს" გაიხსნა.

როგორ ჩაიარა თეატრალურმა დღეებმა, როგორი შთაბეჭდილება მოახდინეს ინდოელ მაყურებელზე და როგორი შთაბეჭდილებით დაბრუნდნენ? - ამის შესახებ ჟურნალთან "გზა" რეჟისორმა ავთო ვარსიმაშვილმა ისაუბრა.

- ბატონო ავთო, როგორ ჩაიარა თქვენმა გასტროლმა ინდოეთში, როგორი შთაბეჭდილებებით დაბრუნდით?

- არაჩვეულებრივი გასტროლი იყო, მოგვეცა საშუალება გვენახა ტაჯ-მაჰალი, ბევრი მუზეუმი, გავიცანი ჩემი ინდოელი კოლეგები, ვისაუბრეთ, ერთობლივ მუშაობაზე სამომავლო გეგმები დავსახეთ. ამიტომ, ეს იყო ყოველმხრივ საინტერესო, სასიამოვნო და შთამბეჭდავი მოგზაურობა.

- თქვენზე განსაკუთრებით მძაფრი შთაბეჭდილება რამ მოახდინა?

- მე უკვე მეოთხედ ვიყავი ინდოეთში, ამ ქვეყანას მეტ-ნაკლებად ვიცნობ. მოგეხსენებათ, იქ ფილმიც მაქვს გადაღებული. მიუხედავად ყველაფრისა, მაინც სულ ახალ-ახალ აღმოჩენებს ვაკეთებდი და ეს აღმოჩენები უმეტესად ხალხთან იყო დაკავშირებული. ძალიან კმაყოფილი ვარ ინდოელ კოლეგებთან ურთიერთობით. ცალკე თემაა მუზეუმები, სხვა სანახაობები.

- თქვენმა კოლეგებმა ასეთი შთაბეჭდილება რით მოახდინეს?

- ძალიან ბევრი საერთო აზრით და ხედვით თეატრისადმი. მათ დიდი ინტერესი გამოიჩინეს ქართული თეატრის მიმართ და აქვთ სურვილი, მომავალში უფრო და უფრო მეტი გაიგონ, შეისწავლონ ის ფენომენი, რასაც ქართული თეატრი ჰქვია.

- ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ინდოეთში ერთდროულად 4 ქართული თეატრის გასტროლი შედგა, არა?

- დიახ, მსგავსი რამ აქამდე არ მომხდარა.

- რა ნიშნით შეარჩიეთ სპექტაკლი "ხომ ხოცავენ ქანცქგაწყვეტილ ცხენებს", რომელიც ინდოელი მაყურებლის წინაშე ითამაშეთ?

- რამდენიმე ნიშნით შევარჩიე: პირველ რიგში, ამ სპექტაკლს, როგორც ქართული თეატრის, ასევე თავისუფალი თეატრის სათეატრო ხელწერა ამჩნევია. გარდა ამისა, სპექტაკლში წინ წამოწეულია ისეთი სოციალური თემები, რომლიდანაც ჩანს, ჩვენ როგორ ვცხოვრობთ, რა გვტკივა, რა გვაწუხებს. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, მაყურებელს ენახა არა შელამაზებული, არამედ ისეთი სპექტაკლი, რომლითაც ვუჩვენებდით, როგორ ვცხოვრობთ და ამავე დროს, როგორი დემოკრატიაა, რომ ასეთ თემებზე სპექტაკლები იდგმება.

- ეს მთავარი სათქმელი ინდოელმა მაყურებელმა როგორ მიიღო?

- ჩემდა გასაკვირად, მათ აბსოლუტურად ბოლომდე გაიგეს სპექტაკლი და წარმოდგენის შემდეგ მათი საუბრიდან ეს ნათელი იყო, ბოლომდე მიიღეს ის პრობლემები, რომლებზეც აქცენტი კეთდება და იმის გამო, რომ ჩვენ ასეთ თემებზე ლაპარაკი შეგვიძლია, აღფრთოვანებაც გამოხატეს. ისინი ხშირ შემთხვევაში, ამას ვერ ახერხებენ, ეს არ შეუძლიათ.

- შედარება რომ გააკეთოთ, ქართველ და ინდოელ მაყურებელს შორის რა განსხვავებას და მსგავსებას ხედავთ?

- ყველა ქვეყანას თავისებური მაყურებელი ჰყავს. ნუ ვიტყვით, რომ მაყურებელი ყველგან ერთია. ერთი მხოლოდ ის არის, რომ კარგს კარგად იღებს და ცუდს - ცუდად. ინდოელი მაყურებელი არის ძალიან მადლიერი. მსგავსებაზე თუ ვისაუბრებთ, შემიძლია ვთქვა, რომ ინდოელები ისევე გამოხატავენ რეაქციას, როგორც ქართველები, განსხვავებით სკანდინავიური ქვეყნების მაყურებლისგან, რომლებიც ემოციას ნაკლებად გამოხატავენ, უფრო თავშეკავებულები არიან. ქართველებს გვქონდა შესანიშნავი გამოსვლები და ეს ფაქტი ძალიან მახარებს.

- ინდოეთი - ამ ქვეყნის ხსენებისას, ემოციურად რა გახსენდებათ?

- შეიძლება დავასახელო ტაჯ-მაჰალი, ქარის სასახლე, სხვა ღირსშესანიშნაობები, მაგრამ მთავარი ურთიერთობებია. ამ დღეებში სოციალურ ქსელში დამეგობრების 15 მსურველი გაჩნდა ინდოეთიდან. ჩემთვის ეს იმის დასტურია, რომ ძალიან კარგი და წარმატებული გამოსვლები გვქონდა. მათ პროგრამაში მოიძიეს ჩემი გვარი, შემდეგ მიპოვეს სოციალურ ქსელში და მეგობრობის თხოვნა გამომიგზავნეს. ყველანი მსახიობები არიან. ეს ფაქტი ჩემთვის ძალიან ამაღელვებელია.

- ყვავილების აცმა კისერზე, გოგონებს შუბლზე ხალს ახატავენ - დახვედრის ამ ცერემონიაზე რას გვეტყვით?

- ეს მათი რიტუალია, მასპინძლის რიტუალი დავარქვათ, პატივსაცემ სტუმარს სიყვარულით ასე ხვდებიან, ამ ფორმით თავიანთ დამოკიდებულებას აგრძნობინებენ.

- და იმ წუთიდანვე იქმნება განწყობა, არა?

- რა თქმა უნდა. მინდა აღვნიშნო, კეთილი ადამიანები არიან. მქონდა განცდა, რომ კეთილი ადამიანების სამშობლოში მოვხვდი.

- სცენაზე სანთლის ანთების რიტუალს რა დატვირთვა აქვს?

- ეს იმის ნიშანია, რომ ამ ფესტივალს აენთო სინათლე და თავიანთ ღმერთებს სთხოვენ, მეგობრობის, სიყვარულის სახელით ანთებულ სანთლით მათი ლოცვა შეისმინონ. საინტერესო რიტუალია.

- სანამ ინდოეთში გაემგზავრებოდით ესტონეთში, ლატვიაში იყავით, ახლო მომავალში უნგრეთში მიემგზავრებით, ანუ შემოქმედებითად ძალიან აქტიური პერიოდი გაქვთ. შეიძლება ითქვას, რომ დღეს თავისუფალ თეატრში მეტი სიცოცხლეა, მეტი მოძრაობაა?

- დღეს ცოტათი მეტი გასტროლი გვაქვს და ეს იმის შედეგია, რომ ყოველწლიურად ჩვენს თეატრს უფრო და უფრო მეტი აღიარება აქვს. უნგრეთის შემდეგ გველის გასტროლები საფრანგეთსა და იტალიაში. დღეს აქტივობა არის, მაგრამ დაჩაგრულები მანამდეც არ ვყოფილვართ, აქამდეც არ გვაკლდა საერთაშორისო აღიარება და თეატრალური პრიზები. შეიძლება ითქვას, ახლა პიკში ვიმყოფებით და ასე დიდხანს გავაგრძელებთ.

- უნგრულ გასტროლზე წინასწარ რისი თქმა შეგიძლიათ?

- უნგრეთში მსოფლიოს თეატრალური ოლიმპიადა ტარდება, სადაც ჩვენ მთავარ პროგრამაში გამოვდივართ, რომელშიც სულ 30 სპექტაკლია და არამთავარ პროგრამაში - 1500 წარმოდგენამდე. მთავარი პროგრამა არის ძალიან საპასუხისმგებლო და პრესტიჟული. დედამიწის ზურგზე დღეს ვინმე დიდი რეჟისორი თუ არსებობს, ყველა მონაწილეობს.

- რა განცდაა, როდესაც საკუთარ სახელსა და გვარს მათი გვარების გვერდით კითხულობთ?

- რა თქმა უნდა, ეს ძალიან მაბედნიერებს და ამავე დროს, დიდი პასუხისმგებლობის გრძნობას მიჩენს. უნგრეთში გამგზავრებამდე 1 თვეს მოვანდომებთ იმ სპექტაკლების რეპეტიციებს, რომლებსაც ჩვენ იქ ვაჩვენებთ.

- რომელი სპექტაკლები შეარჩიეთ?

- "რიჩარდ III" და "ოტელო".

- წარმატებას გისურვებთ!

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი "გზა"