ცხვარიჭამიაში, 20 წლის მირიან კუკავას მკვლელობისთვის ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა - კვირის პალიტრა

ცხვარიჭამიაში, 20 წლის მირიან კუკავას მკვლელობისთვის ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სოფელ ცხვარიჭამიაში ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

„მცხეთის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მირიან კუკავას განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო. სასამართლომ ასევე, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი ხულიგნობისთვის ორი პირი ცნო დამნაშავედ.

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2022 წლის 28 ივლისს, მცხეთის რაიონის სოფელ ცხვარიჭამიაში, დაბადების დღის წვეულებაზე სტუმრების ნაწილს შორის მომხდარი დაპირისპირების დროს, ერთ-ერთმა ბრალდებულმა დანით ჭრილობები მიაყენა მირიან კუკავას, რომელიც საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. ასევე, გამოძიებამ დაადგინა მირიან კუკავას განზრახ მკვლელობამდე მომხდარი დაპირისპირების მონაწილე სხვა პირები, რომლებმაც მირიან კუკავას და მის მეგობრებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე (განზრახი მკვლელობა), 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მესამე ნაწილით (ხულიგნობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, იარაღის ან იარაღად სხვა საგნის გამოყენებით), ხოლო ორ პირს - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (ხულიგნობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) წარედგინათ.

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ სამივე პირი დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად - განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ პირს - თოთხმეტი წლის ვადით, ხულიგნობის ფაქტზე ბრალდებულებს კი - სამი წლით და ექვსი თვით და ორი წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

​აქვე, საზოგადოებას შევახსენებთ, რომ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე, ხულიგნობის, ცრუ ინფორმაციის მიწოდების და დანაშაულის შეუტყობინებლობის ჩადენისთვის ბრალდებული სხვა პირების საქმის განხილვა სასამართლოში გრძელდება”, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.