ვინ იყო საბჭოთა დაზვერვის ყველაზე მნიშვნელოვანი აგენტი ქართულ ემიგრაციაში?
1920-იანი წლებიდან მოყოლებული ლავრენტი ბერიას მიზანად ჰქონდა დასახული ქართული ემიგრაციის ლიდერების გარემოცვაში მინიმუმ ერთი აგენტი მაინც ჰყოლოდა, რასაც მიაღწია კიდეც: სპირიდონ კედიასთან - გიორგი გეგელია; ევგენი გეგეჭკორთან - იონა ნამიჭეიშვილი; ნოე ჟორდანიასთან - შალვა ბერიშვილი ( რომელიც, შესაძლოა, ჯერ კიდევ ნოე რამიშვილზე იყო მიჩენილი) - ესაა არასრული ჩამონათვალი იმ ქართველი ეროვნების საბჭოთა მზვერავებისა, რომლებიც ათწლეულების მანძილზე ქართულ ემიგრაციაში მოქმედებდნენ.
დღეს, ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვან "ბერიას აგენტზე" - გიორგი გეგელიაზე ვისაუბროთ. ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიაში "ჩანერგილ" საბჭოთა აგენტზე "ღია წყაროებში" ასეთი ინფორმაცია იძებნება. გიორგი გეგელია დაიბადა 1904 წლის 26 ივნისს, სოფელ ჭალადიდში (ახლანდელი სენაკის რაიონი), გარდაიცვალა 1972 წლის 7 თებერვალს, თბილისში. დაამთავრა ფოთის გიმნაზია და შევიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 1925 წელს მეორე კურსიდან სასწავლებლად წავიდა უცხოეთში. ორი წელი სწავლობდა ბერლინში, შემდეგ პარიზში. დაამთავრა სორბონის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი (1932) და იქვე არსებული კრიმინალისტიკის ინსტიტუტი. პარიზშივე დაიცვა სადოქტორო დისერტაცია. მეორე მსოფლიო ომის დაწყებისთანავე მოხალისედ შევიდა საფრანგეთის არმიაში. როგორც ფრანგული, გერმანული, რუსული ენების მცოდნე ჩარიცხეს უცხოელთა ლეგიონში. ბრძოლებში გამოჩენილი მამაცობისა და საზრიანობისათვის სწრაფად დაწინაურდა, მიენიჭა ვიცე-პოლკოვნიკის წოდება და დაინიშნა სამხრეთ საფრანგეთის წინააღმდეგობის მოძრაობის მეთაურის მოადგილედ. 1944 წელს აქტიურად ჩაება 1921 წელს საფრანგეთში გატანილი საქართველოს ეროვნული განძის უკან დაბრუნებისათვის დაწყებულ საქმიანობაში. 1948 წელს დაბრუნდა სამშობლოში. ჯერ უცხოეთთან კულტურული ურთიერთობის საქართველოს საზოგადოებაში მუშაობდა, შემდეგ თბილისის უცხო ენათა პედაგოგიური ინსტიტუტის ფრანგული ენის კათედრის უფროს მასწავლებლად. ეწეოდა ნაყოფიერ მთარგმნელობით მუშაობას: ფრანგულად თარგმნა კ. გამსახურდიას "ხოგაის მინდია", ფრანგულიდან ქართულად პ. მერიმეს "შარლ IX-ის მეფობის ქრონიკა", რ. როლანის "კოლა ბრუნიონი", "ბეთჰოვენის ცხოვრება და სხვ.ლიტერატორი".
ზემოთ მოტანილ "დავარცხნილ-გალამაზებულ" ტექსტში არაფერია ნათქვამი გ. გეგელიას უცხოეთში მივლინების ნამდვილ მიზანსა და იქ საქმიანობის მთავარ მიმართულებაზე: საბჭოთა დაზვერვის აგენტობაზე. სიმართლე გითხრათ, ეს ძალზე გასაკვირია. გ. გეგელიას ამ "გალამაზებული ბიოგრაფიის" შემქნელებმა ნუთუ არ იციან, რაც უკვე ყველასთვის კარგადაა ცნობილი: გასული საუკუნის 20-40 იან წლებში გ.გეგელია, როგორც საბჭოთა დაზვერვის აგენტი, აქტიურად მოქმედებდა და რეგულარულად აწვდიდა საბჭოთა დაზვერვას ინფორმაციას ქართული ემიგრაციის შესახებ. ერთად გავიხსენოთ რეალური ფაქტები გ.გეგელიას ცხოვრებიდან.
ახალგაზრდა გიორგი გეგელია 1925 წელს პარიზში საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს დავალებითა და დაფინანსებით ჩავიდა. მიზეზი ძალზე სერიოზული და საპატიო იყო: "სწავლის გაგრძელება”. გეგელიამ პირადად ლავრენტი ბერიასგან, რომელიც სულ ხუთი წლით იყო მასზე უფროსი, მიიღო ინსტრუქციები ქართულ ემიგრაციასთან, უპირველესად ყოფილი მთავრობის წევრებთან დაახლოების და მათ შესახებ ინფორმაციის შეკრების შესახებ. ცნობილია, რომ გეგელია ნათესავად ეკუთვნოდა თვალსაჩინო პოლიტიკურ მოღვაწეს, საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთ ფუძემდებელსა და ლიდერს - სპირიდონ კედიას, რომელიც 1923 წლიდან ემიგრაციაში იმყოფებოდა საფრანგეთში. სავარაუდოდ, სწორედ ამ გარემოებამ გადაწყვიტა გეგელიას პერსონით საბჭოთა დაზვერვის დაინტერესება.
როგორც ირკვევა გ. გეგელია მოულოდნელად გამოჩენილა ს. კედიას გარემოცვაში და საკმაოდ მოურიდებლად ცდილობდა იქ შეღწევას და დამკვიდრებას.
სპირიდონ კედიას ქვრივი სოფიო ჩიჯავაძე-კედია მოგონებებში "ნასმენ-ნახული" იხსენებს (სტილი უცვლელია - ბ.ა.):" . . ყოველ პარტიაში მას (იგულისხმება საბჭოთა დაზვერვა - ბ.ა.) თავისი კაცი ჰყავდა, რომელიც შიგნით შხამს ატრიალებდა. . .
გეგელია კი არ გვერიდებოდა, თითქმის ყოველდღე ოტელის სალონში იჯდა, ისე რომ კიბეზედ ჩასულებს ის გვხვდებოდა. პირველ წლებში კიდევ ახლომახლო ტრიალებდა, მაგრამ ყმაწვილებმა (იგულისხმება ემიგრაციაში მყოფი ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ახალგაზრდების ჯგუფი - ბ.ა.) ეჭვის თვალით შეჰხედეს და ნელნელა დაშორდნენ". ჩანს, რომ თავდაპირველად გეგელია სათანადოდ არ იცავდა კონსპირაციას და ქართულ ემიგრაციაში მასზე, როგორც ოგე-პე-უს აგენტზე, ეჭვი გასჩენიათ.
კვლავ ქ-ნ სოფიო ჩიჯავაძე-კედიას მოვუსმინოთ (სტილი უცვლელია - ბ.ა.) : "გეგელია არწმუნებდა თავის ამხანაგებს, რომ შოკოლადის ქარხანაში მუშაობს და იქიდან მოტანილი შოკოლადით ხშირად კიდეც უმასპინძლდებოდა ამ უმუშევარ ემიგრანტებს. მაგრამ ეს შოკოლადის ქარხანა, რაღაც საეჭვოდ ჰქონდათ მიჩნეული. ერთხელ ერთ-ერთმა მოინდომა ფეხდაფეხ გაჰყოლოდა ამ შოკოლადის ქარხნისკენ მიმავალ გზაზედ. ეს ცნობისმოყვარე მიადგა რუსეთის საკონსულოს კარებს გეგელიასთან ერთად; როდესაც ჰკითხა, იქ რად დადის, გეგელიას პასუხი იყო, რომ საქართველოში მას ჰყავს ბიძა, რომელიც "დიდი კაცია და ის ამ საელჩოს საშუალებით პატარა თანხას აწვდის . . . . ეს საკმარსი იყო, რომ მას თავის წრეში ნდობა დაეკარგა". თუმცა, მიუხედავად დასაბუთებული ეჭვისა და უნდობლობისა, გეგელიამ თანდათანობით მაინც მოიპოვა ქართულ ემიგრაციაში ნდობა და განაგრძობდა აქტიურ მუშაობას საბჭოთა დაზვერვისთვის.
1931-33 წლებში გეგელია საბჭოთა მზვერავის, ტფილისში დაბადებული, ქართული ენის მცოდნე პეტრე ზუბოვის ხელმძღვანელობით მოქმედებდა.
1933 წლის შემდეგ პარიზის რეზიდენტურაში ხელმძღვანელობა ძალზე სწრაფად იცვლებოდა. თავად განსაჯეთ, რეზიდენტები იყვნენ: 1933-36 წლებში - სმირნოვი ("მიხაილოვის" ფსევდონიმით); 1936-38 წლებში - კოსენკო ("კისლოვის" ფსევდონიმით); 1938-1939 წლებში - ს. გლინსკი ("პეტრეს" ფსევდონიმით); 1939-1941 წლებში - ლ. ვასილევსკი ("ტარასოვის" ფსევდონიმით); 1944-1948 წლებში რეზიდენტი ივანე აღაიანცი იყო.
1936 წლიდან გ. გეგელია საბჭოთა დაზვერვის დავალებით ემიგრანტული ორგანიზაცია "კავკასიის" აქტიური წევრი გახდა და მნიშვნელოვან ინფორმაციას აწვდიდა საბჭოთა დაზვერვას. დაღესტნელი ჰეიდარ ბამატის (1890-1965) ხელმძღვანელობით მოქმედ ამ ანტიბოლშევიკურ ორგანიზაციას გერმანიისა და იაპონიის დაზვერვა და საგარეო საქმეთა სამინისტროები აფინანსებდნენ. ამიტომაც ორგანიზაციის წევრები მათ სადაზვერვო ოპერაციებში იღებდნენ მონწილეობას.
საბჭოთა დაზვერვის არქივებში არსებული საიდუმლო დოკუმენტების შესწავლის შემდეგ კა-გე-ბეს ვეტერანმა, გენერალ-მაიორმა ლევ სოცკოვმა (1932-2022) წიგნი გამოსცა "უცნობი სეპარატიზმის" სახელწოდებით. ამ სუბიექტურ და შოვინისტურ "ნაშრომში" ჩვენთვის პირველ რიგში ემიგრანტულ ორგანიზაცია "კავკასიაში" საბჭოთა აგენტურის მუშაობაა საინტერესო.
საქართველოს მხრიდან "კავკასიის" ორგანიზაციის წევრები უპირატესად ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრები იყვნენ: ზურაბ ავალიშვილი, შალვა ამირეჯიბი, გიორგი კვინიტაძე, დავით ვაჩნაძე, რევაზ გაბაშვილი და გიორგი გეგელია. დასამალი არაა: უკლებლივ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ქართველი ემიგრანტი ნოე ჟორდანიასთან დაპირისპირებული და ანტიმენშევიკური განწყობისა იყო.
1938 წლის ბოლოს ჰ. ბამატმა და შ. ამირეჯიბმა, ბერლინში ვიზიტის შემდეგ, სადაც გერმანიის სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებს შეხვდნენ, პარიზში "კავკასიის" აქტიურ წევრებთან გამართეს შეხვედრა და გერმანელებთან მოლაპარაკების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.
ლ. სოცკოვი აღნიშნავს, რომ ბამატისა და ამირეჯიბის შეხვედრებმა ბერლინში ქართველი ემიგრანტების დიდი ინტერესი გამოიწვია და ამ საუბრის შინაარსი საბჭოთა აგენტურის მეშვეობით სწრაფადვე გახდა ცნობილი მოსკოვისთვისო. ამ შეხვედრაში გიორგი გეგელიაც მონაწილეობდა და განსაკუთრებით აქტიურობდა. ქვემოთ გთავაზობთ მცირე ამონარიდს აგენტის მიერ საბჭოთა საგარეო დაზვერვაში გაგზავნილი ცნობიდან:
"გეგელია: რა ინტერესები აქვს გერმანიას და რას მოითხოვს ჩვენგან დახმარების სანაცვლოდ?
ბამატი - გერმანელების ინტერესები კავკასიაში ეკონომიკური ხასიათისაა.
გეგელია - მე მინდა ვიცოდე, რა შეიძლება გავაკეთოთ ჩვენ, ემიგრანტებმა გერმანიისთვის და რა როლი გვენიჭება ამ საქმეში?
ბამატი - ჩვენი პროპაგანდით უნდა შევქმნათ ხელსაყრელი გარემო კავკასიურ-გერმანული ურთიერთობებისათვის, ჯერჯერობით სხვა კონკრეტული საკითხი ჩვენ მიერ დამუშავებული არ არის".
მიუხედავად იმისა, რომ გენერალი ლ. სოცკოვი არ ასახელებს აგენტის გვარს, ჩემი აზრით, სწორედ გეგელია იყო ის აგენტი, რომელიც სისტემატურად აწვდიდა აგენტურულ ცნობებს "ცენტრშს".
1939 წლის სექტემბრის დასაწყისში გეგელია, როგორც საფრანგეთის მოქალაქე, საყოველთაო მობილიზაციას დაექვემდებარა და საფრანგეთის არმიის ჯარისკაცი გახდა, ხოლო 1940 წლის იანვრიდან უკვე საომარ მოქმედებებში მონაწილეობდა გერმანელთა წინააღმდეგ. 1940 წლის ივნისის ბოლოს, მას შემდეგ, რაც საფრანგეთმა კაპიტულაცია გამოაცხადა, გეგელია სხვა დემობილიზებულ ჯარისკაცებთან ერთად პარიზში დაბრუნდა. რამდენიმე თვის შემდეგ ის ფრანგ კომუნისტებს დაუკავშირდა და "წინააღმდეგობის მოძრაობაში" ჩაერთო, ამიტომ 1939 წლის სექტემბრის ბოლოდან 1940 წლის ივნისამდე საბჭოთა რეზიდენტურასთან კავშირი გაუწყდა.
თუმცა, მას შემდეგ, რაც პარიზში დაბრუნდა, საბჭოთა დაზვერვის რეზიდენტ ლევ ვასილევსკისთან (რომელიც საბჭოთა დაზვერვის პარიზის რეზიდენტურას 1939-1941 წლებში ხელმძღვანელობდა) კავშირის აღდგენა არ უნდა გართულებულიყო. გ. გეგელია "საფრანგეთის წინააღმდეგობის მოძრაობის" რიგებში გერმანელების წინააღმდეგ იბრძოდა.
ომის დასრულების შემდეგ, 1945 წლიდან, გეგელია აქტიურად ჩაება ქართველი ემიგრანტების ჩამოტყუება-მოტაცების ოპერაციებში, რისთვისაც ის თან დაჰყვებოდა მოსკოვიდან საფრანგეთში სპეციალურად გაგზავნილ "სტალინ-ბერიას ემისრებს": პეტრე შარიას და ილია თავაძეს.
სოფიო ჩიჯავაძე-კედია მოგონებებში "ნასმენ-ნახული" იხსენებს (სტილი უცვლელია - ბ.ა.):" ჯერ გაჩნდა პროფესორი შარია. შემდეგ თავაძე, რომელიც კარ-კარ დადიოდა და ყველას ეპატიჟებოდა სტალინის სამოთხეში. . .. ერთ დღეს ჩვენც მოგვადგა ეს თავაძე, სპირიდონმა უთხრა: "დააბრუნეთ ციმბირიდან გადასახლებული ქართველობა, გაიყვანეთ რუსული ჯარი, გააბატონეთ სიტყვის და პრესის თავისუფლება (იქ დამსწრე გოგი გეგელიამ თითი გაიქნია: "არა პრესის თავისუფლება არა") მაშინ მთელი ემიგრაცია დაბრუნდებაო. დავიხურავ ქუდს და წამოვალო". 20 წელზე მეტ ხანს გაგრძელდა გიორგი გეგელიას სადაზვერვო მისია თუმცა, როგორც სოფიო ჩიჯავაძე-კედია წერს სპირიდონ კედია ბოლო დრომდე ვერ იჯერებდა, რომ გეგელია კომუნისტების აგენტი იყოო.
გ. გეგელიას აგენტურული მუშაობა საბჭოთა დაზვერვის ოფიცერმა, ოფიციალურად კი საფრანგეთში სსრკ ყოფილმა გენერალურმა კონსულმა ა. გუზოვსკიმ ამგვარად შეაფასა (დოკუმენტის სტილი უცვლელია - ბ.ა.): "გეგელია ძველი და გამოცდილი აგენტია, რომელმაც სრულყოფილად აითვისა კორდონის მიღმა მუშაობის მეთოდები. ყველა დავალება, რაც მას დაეკისრა, ზუსტად შეასრულა. გეგელია ჩემს ხელთ არსებული შესაძლებლობებით შევამოწმე და დავრწმუნდი, რომ იგი კეთილსინდისიერად ეპყრობა თანამშრომლობას... მე არ მაქვს საფუძველი ეჭვი შევიტანო აგენტი გეგელიას პატიოსნებაში. იგივე მოსაზრება გამოთქვეს მასზე იმ თანამშრომლებმაც, რომლებიც მასთან ურთიერთობას ინარჩუნებდნენ როგორც ჩემამდე, ისე საფრანგეთიდან ჩემი წასვლის შემდეგ. გეგელია ითვლებოდა ძვირფას აგენტად, იგი სერიოზულ დავალებებს ასრულებდა საბჭოთა სადაზვერვო უწყებებისთვის. მართალია, ომისშემდგომ წლებში გეგელიას უფრო აქტიურ გამოყენებას ხელს უშლიდა ის ფაქტი, რომ "საფრანგეთის წინააღმდეგობის მოძრაობაში" მონაწილეობით, მან გარკვეულწილად გაიშიფრა თავი, როგორც საბჭოთა აგენტმა და, შესაბამისად, ექვემდებარებოდა საბჭოთა კავშირში გაგზავნას".
1948 წელს, მას შემდეგ, რაც გეგელია ემიგრანტულ წრეებში საბოლოოდ გაიშიფრა და ფარული სადაზვერვო საქმიანობის გაგრძელება პრაქტიკულად აღარ შეეძლო, საბჭოთა საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელობამ ის საქართველოში დააბრუნა. სამი წლის შემდეგ, 1951 წლის 17 ნოემბერს, ე.წ. "მეგრელთა საქმის" გამო. სტალინის (რომელიც კარგად იცნობდა მის სადაზვერვო საქმიანობას) პირადი მოთხოვნით, გეგელია დააპატიმრეს, როგორც: "საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტ-კონტრრევოლუციონერების" აგენტი.
საინტერესოა, რომ სტალინის გარდაცვალების შემდეგ ლავრენტი ბერიამ გ. გეგელია პატიმრობიდან არ გაათავისუფლა, ის მხოლოდ 1953 წლის 14 დეკემბერს გაათავისუფლეს.
(მეხუთე ნაწილის დასასრული)