"2013 წლის 2 ივნისს მოსკოვში, ვნუკოვოს აეროპორტში, თვითმფრინავის ტექნიკურ ნაწილში ახალგაზრდის ცხედარი იპოვეს, წელზე ქამარი ჰქონდა შემოხვეული და ძელზე იყო მიბმული"
"ძვირფასო რედაქცია, ჩემს ოჯახში დატრიალებული ტრაგედიის შესახებ გწერთ. შემზარავი ამბავი, რომელსაც გიამბობთ, 2013 წლის 2 ივნისს გახმაურდა. ოფიციალური ვერსიით, იმ დღეს მოსკოვში, ვნუკოვოს აეროპორტში, ერთ-ერთი თვითმფრინავის ტექნიკურ ნაწილში ახალგაზრდის ცხედარი იპოვეს, წელზე ქამარი ჰქონდა შემოხვეული და ძელზე იყო მიბმული. მას ჯიბეში ბიომეტრიული პასპორტი აღმოაჩნდა. გაირკვა, რომ ის ჩემი შვილი, საქართველოს მოქალაქე, 23 წლის გიორგი აბულაძე იყო. მას შემდეგ უწყებიდან უწყებაში საჩივრებით დავდივარ და ხელისუფლებას შვილის გარდაცვალების მიზეზის დადგენას ვთხოვ, მაგრამ ამაოდ..."
"მეათე წელია, არ გავჩერებულვარ, ყოველთვე ყველა უწყებაში დავდივარ, ვაწუხებ ყველა თანამდებობის პირს. ყველამ იცის ჩემი შვილის საქმე, მაგრამ საშველი არ არის, არავინ გამოჩნდა, რომ ამ საქმეს მიხედოს. შარშან, მაისში, მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ დაავალა ქუთაისის პროკურატურას, მიხედეთ ამ საქმესო, ცოტა ხნის წინ ისევ შევხვდი ქუთაისის პროკურორს, ამბობს ვიძიებთო, მივწერეთ თურქეთსაც და რუსეთსაცო. მარტოხელა კაცი ვარ, ჩემს შვილს ვერავინ გამიცოცხლებს, მაგრამ ხომ უნდა ვიცოდე სიმართლე.
ჩემი გიორგი 1991 წლის 28 იანვარს დაიბადა, იურისტი იყო. ნიჩბოსნობაში საქართველოს ჩემპიონი. ფიზიკურად ძალიან მომზადებული იყო. სამხედრო-სავალდებულო სამსახურის გავლის შემდეგ ხელშეკრულებით მსახურობდა ქუთაისის სამხედრო პოლიციაში. ხელმძღვანელობა ხშირად აჯილდოებდა მედლებითა და სიგელებით. მერე გადაიყვანეს კადეტთა კორუსში, 2013 წელს ჩემთვის გაუგებარი მიზეზით წამოვიდა კადეტთა კორპუსიდან და ამის შემდეგ გადაწყვიტა სამუშაოდ წასვლა იტალიაში, მაგრამ ვიზის უქონლობის გამო ვერ შეძლო. თურქეთში წავიდა, იქიდან აპირებდა იტალიაში წასვლას. ანთალიაში სასტუმროში მუშაობდა, აეროპორტში ხვდებოდა ტურისტებს და ისინი სასტუმროში მიჰყავდა. 2013 წლის 1-ლ ივნისს ანთალიის საერთაშორისო აეროპორტიდან ერთდროულად რამდენიმე ფრენა შესრულდა, მათ შორის იყო იტალიის რეისიც. თვითმფრინავი რუსულ ავიაკომპანიას ეკუთვნოდა. როდესაც თვითმფრინავი ვნუკოვოს აეროპორტში დაეშვა, ტექნიკურმა სამსახურმა თვითმფრინავი დაათვალიერა და შასის განყოფილებაში რკინის ძელზე ქამრით მიბმული ჩემი შვილის ცხედარი იპოვა. როგორც ექსპერტი ამბობს, ორი კვირის გარდაცვლილი იყო. მოსკოვის საერთაშორისო რეგიონული სატრანსპორტი პროკურატურა მპირდებოდა, რომ დაიწყებდა გამოძიებას, მაგრამ პასუხი რომელიც გამომიგზავნეს, ეს არის მხოლოდ პასუხისმგებლობისგან თავის დახსნა. მე მაინტერესებს, საიდან მოხვდა ჩემი შვილი უვიზოდ, უბილეთოდ, ყოველგვარი სამგზავრო წესების დარღვევით იმ ავიალაინერზე და თან შასის ქვეშ, ტექნიკურ განყოფილებაში, მაშინ, როდესაც თითოეული მგზავრი ათასგვარ შემოწმებას გადის? თუკი უნებართვოდ შეიპარა, რატომ არავინ შეამოწმა? ვფიქრობ, აეროპორტში მოკლეს და მერე შეიტანეს ცხედარი თვითმფრინავში. მაგრამ ესეც ხომ უნდა ენახა აეროპორტის დაცვას? როგორ წარმოგიდგენიათ, რიგითი მგზავრი უკონტროლოდ მოხვდეს ავიალაინერზე, მით უმეტეს, როცა აეროპორტში ყველგან უამრავი სათვალთვალო კამერაა. მაინტერესებს, სად არის ამ კამერების ჩანაწერები, იქ ხომ უნდა გამოჩნდეს როგორ გადაადგილდება? გემუდარებით მითხარით, რას შეეწირა ჩემი შვილი.
2014-2015 წლებში ორჯერ მივმართე პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს, რომელმაც გადაგზავნა მაშინდელ მთავარ პროკურორ ბადაშვილთან წერილები. ნაცვლად იმისა, გამოძიება დაეწყოთ, მთავარმა პროკურორმა საქმე ქუთაისის რაიონულ პროკურატურას გადმოუგზავნა, მან კი ქუთაისის პოლიციის მეხუთე განყოფილებას. არც იქ მოუხდენია ვინმეს ამაზე რეაგირება. მე პასუხისმგებლობას ვაკისრებ ანთალიის აეროპორტის დაცვას, უშიშროების სამსახურებს, რომლებსაც ევალებოდათ აეროპორტის გაკონტროლება. ვესაუბრე ინჟინრებსა და ავიაკონსტრუქტორებს, ყველა ამბობს, რომ ყოვლად შეუძლებელია იქ ჩემი შვილი თავისით აღმოჩენილიყო. გააგრძელეთ კითხვა