"ჩემი მეუღლე დღესაც პარლამენტის დაცვის თანამშრომელია. მირჩევნია ბანკის ნაცვლად, შინ, სახელოსნოში ვიყო" - კვირის პალიტრა

"ჩემი მეუღლე დღესაც პარლამენტის დაცვის თანამშრომელია. მირჩევნია ბანკის ნაცვლად, შინ, სახელოსნოში ვიყო"

ცოლ-ქმარი - ანი ქარუხნიშვილი და ნიკა შავდათუაშვილი გორის რაიონის სოფელ ატენში ცხოვრობენ.

მეუღლეებს საერთო საქმეც აქვთ. მათი ძირითადი მიმართულება ამ ეტაპზე დეკორაციებისა და სუვენირების წარმოებაა. პერიოდულად ნიკა ნატურალური ტყავისა და ხის კომბინაციით ქალის ჩანთებსაც კერავს. სამომავლოდ, თუ შესაბამისი დანადგარები ექნებათ, საბავშვო საწოლებისა და ავეჯის წარმოებაც სურთ.

- ნიკა ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტო "იუესაიდის" პროგრამაში მონაწილეობდა და როგორც მცირე მეწარმემ 10-ათასლარიანი გრანტი მოიპოვა. გარკვეული თანხა ჩვენც დავამატეთ და შევიძინეთ დანადგარი, რომლის მეშვეობითაც უკვე 2 წელია, სხვადასხვა ნივთს ვამზადებთ. სანამ დავოჯახდებოდით, ჩემი მეუღლე ტყავისა და ხის კომბინაციით ჩანთებს ქმნიდა, ოჯახის შექმნის შემდეგ საერთო საქმიანობა დავიწყეთ. ერთმანეთს იდეებს ვუზიარებთ და სხვადასხვა დეკორაციას ვაკეთებთ. მათ შორის არის: ღვინის ჩასადები ყუთები, ხის საყვავილეები, ბრელოკები, ხელსაწმენდების ჩასადებები და სარკეები. მოკლედ, ყველაფერი, რაც შეიძლება ხისგან დამზადდეს და რასაც ხელოვნური ყვავილებით გავაფორმებ. შინ სახელოსნო გვაქვს და პროდუქციის რეალიზაციას ინტერნეტით, სოციალურ სივრცეში გახსნილი გვერდის მეშვეობით ვახდენთ. ყველა მოახლოებული დღესასწაულის წინ ვცდილობთ, ისეთი ნივთები წარმოვადგინოთ, ადამიანებს საჩუქრის შერჩევა რომ არ გაუჭირდეთ. ასე მაგალითად, გვაქვს დედის დღესთან დაკავშირებული დეკორატიული ნივთები, ისევე როგორც საახალწლოდ, სააღდგომოდ, სარვამარტოდ ვამზადებთ შესაბამის დეკორაციებსა და სუვენირებს. პერიოდულად ვმონაწილეობთ როგორც საქველმოქმედო, ისე ქალაქის მასშტაბურ ფესტივალებზე, სადაც მერიიდან გვიწვევენ ხოლმე.

- როგორ გაქვთ საქმე გადანაწილებული? წლის რომელ მონაკვეთსა და დღესასწაულზე გიწევთ ყველაზე დიდი დატვირთვა?

- ყოველდღიურ რეჟიმში ვმუშაობთ, მაგრამ დღესასწაულებზე ძალიან გადატვირთულები ვართ. შეკვეთების დროულად შესასრულებლად დილით ადრე ვიწყებთ მუშაობას და შუაღამისას ვასრულებთ. სხვათა შორის, ახალ წელსა და აღდგომაზე მეტად, ყველაზე დიდი მოთხოვნა დედის დღესთან დაკავშირებულ დეკორაციებზეა და შესაბამისად, ამ დღისთვის ჩვენც ყოველთვის განსაკუთრებულად ვემზადებით. ნივთებზე გვაქვს როგორც ჩემი შერჩეული სტანდარტული წარწერები, ისე სხვების სურვილის გათვალისწინებით შექმნილი სიტყვა ან ფრაზა. წარწერა შეგვიძლია ნებისმიერი დიზაინით გავაკეთოთ.

- რა ასაკის ბრძანდებით და ხელსაქმის პარალელურად, სადმე ხომ არ ხართ დასაქმებული?

- ორივე 27 წლის ვართ. ბანკში ვმუშაობდი, ხოლო ჩემი მეუღლე დღესაც პარლამენტის დაცვის თანამშრომელია. ისეთი სამუშაო გრაფიკი აქვს, რომ სამ დღეში ერთხელ უწევს მორიგეობა და დანარჩენ დროს დეკორატიული ნივთების დამზადებას უთმობს. ბოლო პერიოდში, ტყავისა და ხის კომბინაციით რამდენიმე ჩანთა შექმნა, მაგრამ ვინაიდან ასეთი ნივთები ძვირი ღირს, საქართველოში მათზე მოთხოვნა ნაკლებადაა. ამიტომ ჩანთების რეალიზაცია ძირითადად საზღვარგარეთ ხდება. ახლახან შვილმა დედას საქართველოდან იტალიაში ჩანთა და გულის ფორმის დეკორაცია გაუგზავნა, რომელსაც ამ გოგონას სურვილით გავუკეთეთ გრავირება. ვინაიდან ჩვენი ერთობლივი საქმე ძალიან მომწონს, ამავდროულად ჩემი შემოსავლისთვის უფრო მომგებიანია, მირჩევნია ბანკის ნაცვლად, შინ, სახელოსნოში ვიყო და ის საქმე ვაკეთო, რაც მსიამოვნებს.

ანა კალანდაძე

ჟურნალი "გზა"