"ლეოპარდები", "ჩელენჯერები", "მარდერები", "სტრაიკერები" უკვე უკრაინაშია, "აბრამსები" და "ბრედლები" იგვიანებენ... - კვირის პალიტრა

"ლეოპარდები", "ჩელენჯერები", "მარდერები", "სტრაიკერები" უკვე უკრაინაშია, "აბრამსები" და "ბრედლები" იგვიანებენ...

ნატოს წევრი ქვეყნების ნაწილმა შეასრულა თავის დაპირება და უკრაინის არმიას ორიოდე დღის წინ გადასცა გერმანული ტანკები - "ლეოპარდ-2"-ები და ქვეითთა საბრძოლო მანქანები - "მარდერები", ბრიტანული ტანკები - "ჩელენჯერ-2"-ები, ამერიკული ჯავშანტრანსპორტიორები - "სტრაიკერები"...

ნატოს სტანდარტის გადაცემული ჯავშანტექნიკის საერთო რაოდენობა შეიძლება არ იყოს შთამბეჭდავი, მაგრამ მთავარია, ყინული დაიძრა - ამერიკელებმა და გერმანელებმა ბოლოსდაბოლოს დაიწყეს მეტ-ნაკლებად თანამედროვე დასავლური ჯავშანტექნიკის (რითაც თავადაც არიან შეიარაღებულნი) უკრაინისთვის გადაცემის პროცესი, რომელიც უცილობლად გაგრძელდება.

გარდა ამისა, უკრაინელი სამხედროები მოუთმენლად ელიან ამერიკელების მხრიდან შეპირებულ "აბრამსის" ტანკებსა და "ბრედლის" ქვეითთა საბრძოლო მანქანებს, რომლებზე მომზადებასაც უკრაინელი ტანკისტები უკვე გადიან გერმანიაში, ამერიკულ სამხედრო ბაზაზე.

"ბრედლებს" უკრაინა, ეტყობა, მალევე მიიღებს, რასაც ვერ ვიტყვით "აბრამსებთან" მიმართებაში, რადგან პენტაგონმა და თეთრმა სახლმა რაღაც უცნაური გადათამაშებები წამოიწყეს - თავიდან უკრაინელებს "აბრამსის" თანამედროვე მოდიფიკაციის 31 ტანკს შეჰპირდნენ, ოღონდ ერთი წლის განმავლობაში, რაც ამ ტანკების ხელახლა გადაწყობისთვის სჭირდებოდათ, ახლა კი პენტაგონში აცხადებენ, რომ უკრაინას "აბრამსის" ძველ მოდიფიკაციებს გაუგზავნიან, მაგრამ ამისთვისაც ნახევარ წელზე მეტი სჭირდებათ...

ისე, "აბრამსების" გადაცემასთან დაკავშირებით ჩნდება არცთუ უსაფუძვლო ეჭვი იმისა, რომ ამერიკული ტანკების კიევისთვის მიწოდებაზე მზადყოფნა თავის დროზე იმიტომ გააჟღერა პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციამ, რომ ამით სტიმული მიეცა გერმანიის კანცლერ შოლცისთვის "ლეოპარდების" უკრაინაში გაგზავნაზე დასათანხმებლად.

2-tankii-1679989393.png
„ლეოპარდ-2“-ებს უკრაინის ფრონტზე დიდი გამოცდა მოელით 80 წლის შემდეგ, რაც ამავე ადგილებში ერთმანეთს საბჭოთა „ტ-34“-ები და გერმანული „ვეფხვები“ უპირისპირდებოდნენ...

და, თუკი ამერიკული მხარე სხვადასხვა მიზეზის მოშველიებით კვლავ გააჯანჯლებს "აბრამსების" უკრაინაში გაგზავნას, ეს მას ძალზე არასახარბიელო პოზიციაში ჩააყენებს, რადგან საერთაშორისო საზოგადოებაში განმტკიცდება აზრი, რომ ბაიდენი მართლაც უფრთხის პუტინის შემდგომ გაღიზიანებას...

არადა, ეს ყველაფერი ლოგიკაში ნაკლებად ჯდება, რადგან იმავე ამერიკელებმა ჯერ კიდევ გასულ წელს უკრაინის არმიას გადასცეს "ჰაიმარსების" დანადგარები, რომლებიდან გაშვებული მართვადი რაკეტების მიზანში წერტილოვანი დარტყმებით, უკრაინელებმა თითქმის შემოატრიალეს ომის ბედი, ხოლო 31 "აბრამსის" საბრძოლო ეფექტიანობა ვერანაირად ვერ მიუახლოვდება იმას, რაც "ჰაიმარსის" მართვად რაკეტებს შეუძლიათ, დააწიონ მოწინააღმდეგეს.

დღეისათვის უკრაინაში ჩატანილია არანაკლებ 8 პოლონური,18 გერმანული და 8 ნორვეგიული "ლეოპარდი" და 40-მდე "მარდერი", რაც ერთი სატანკო და ერთი მექანიზებული ბატალიონის მხოლოდ ნატოს სტანდარტის ჯავშანტექნიკით დაკომპლექტების საშუალებას იძლევა, რომლებიც იმოქმედებენ იმავე საბრძოლო ტაქტიკით, როგორც ეს, ამავე ტექნიკით აღჭურვილ გერმანიის ბუნდესვერისთვისაა გაწერილი.

ამერიკული "აბრამსებითა" და "ბრედლებით" დაკომპლექტებულ ბატალიონებს კი ამერიკული არმიის შეტევითი ტაქტიკის გამოყენება შეუძლიათ...

ანუ ლაპარაკია იმაზე, რომ საბრძოლო და ლოჯისტიკური თვალსაზრისითაც მოგებიანი იქნება, თუკი უკრაინის არმია ამ დასავლურ ჯავშანტექნიკას ერთ საბრძოლო დანაყოფში მოუყრის თავს და მათ ორ-ორ, სამ-სამი რაოდენობით არ გადაისვრის ფრონტის იმ მონაკვეთზე, სადაც ამ წუთში ყველაზე მეტად უჭირს.

თუკი უკრაინელებს სურთ, რამდენიმე კვირაში მართლაც ფართომასშტაბიანი და წარმატებული კონტრიერიშები წამოიწყონ სხვადასხვა მიმართულებიდან, მაშინ ცოტა ხნით კიდევ მოუწევთ ბახმუტთან, ავდიივკასთან თუ კრემენოესთან თავდაცვით ბრძოლებში გაძლება ისე, რომ იქ არ დაიხმარონ ახლად მიღებული დასავლური ჯავშანტექნიკა და ისინი სწორედ ამ გადამწყვეტი კონტრიერიშებისთვის შემოინახონ...