"ის ნამდვილი ეშმაკია" - ინტერნეტში სკანდალური აუდიოჩანაწერი ვრცელდება, პუტინთან დაახლოებული პირების სახელით
მედიის ცნობით, ინტერნეტსივრცეში გავრცელდა მუსიკალური პროდიუსერის - იოსებ პრიგოჟინისა და აზერბაიჯანული წარმომავლობის მილიარდერ ფარჰად ახმედოვის საუბარი. აუდიოჩანაწერში ისმის, რომ პრიგოჟინი და ახმედოვი მკაცრად აკრიტიკებენ რუსეთის ხელისუფლებას უკრაინაში წამოწყებული ომის გამო, რისთვისაც რუსეთი მთელი მსოფლიოსგან იზოლირებული აღმოჩნდა. გავრცელებული აუდიოჩანაწერის შემდეგ პროდიუსერმა იოსებ პრიგოჟინმა, რომელიც აქამდე ღიად უჭერდა მხარს პუტინის პოლიტიკას, განაცხადა, რომ ეს „ფეიკ-ნიუსია“.
შენიშვნა: სტატიაში შემდეგი სიმბოლო * გამოყენებულია უცენზურო ლექსიკის ნაცვლად
პრიგოჟინისა და ახმედოვის სახელით გავრცელებული 35-წუთიანი საუბარი YouTube-არხზე ჯერ კიდევ 7 მარტს გამოქვეყნდა, თუმცა საზოგადოების ყურადღება მაშინ მიიქცია, როცა ამ აუდიოჩანაწერზე უკრაინულმა „მეხუთე არხმა“ ისაუბრა.
აღსანიშნავია ისიც, რომ გავრცელებული აუდიოჩანაწერის ავთენტურობის შესახებ განცხადება არ გაუკეთებიათ უკრაინის სპეცსამსახურის წარმომადგენლებს, თავად პრიგოჟინმა ეს საუბარი უარყო, ახმედოვი კი ამ დრომდე დუმს.
უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ შემოღებული კანონებით, უკრაინაში მიმდინარე „სპეცოპერაციის“ კრიტიკა დასჯადია, ასევე, ხელისუფლების ქმედების ღია კრიტიკაც, შესაძლოა, სამართალდარღვევად ჩაითვალოს .
გავრცელებულ აუდიოჩანაწერში პიროვნება, რომელიც „პრიგოჟინის“ სახელით საუბრობს, აღნიშნავს, რომ „იგორ ივანოვიჩი, სერგეი ვიქტოროვიჩი და ზოლოტოვი“ თითქოს გაერთიანდნენ და ყველაფერში რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს ადანაშაულებენ.
„ისინი ყველაზე *** ადამიანები არიან. საქმე მარტივადაა: ისინი ისე იქცევიან, როგორც ღმერთები, მეფეები *** საზიზღრები არიან. არაფერი კარგის თქმა მათ შესახებ არ შემიძლია. ნაძირლები არიან“, - ამბობს აუდიოჩანაწერში პიროვნება, რომელსაც პროდიუსერ პრიგოჟინად მიიჩნევენ.
„პრიგოჟინთან“ მოსაუბრე პირი, რომელიც ახმედოვის სახელით ლაპარაკობს, სავარაუდოდ, ბაქოში იმყოფება, ისიც აფასებს რუსეთის ქმედებებს:
„სიტუაცია ***, ქვეყანა***, საკითხავია, რა მოხდება მათ შემდეგ***, ერთ მხარეს იქნებიან კადიროველები, პრიგოჟინელები“, - აგრძელებს მოსაუბრე.
Forbes-ის ცნობით, ფარჰად ახმედოვის ქონება 1,7 მილიარდ დოლარს შეადგენს. აზერბაიჯანული წარმოშობის ბიზნესმენი 2004-2009 წლებში რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს წევრი იყო და კრასნოდარის მხარეს წარმოადგენდა. მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო, ახმედოვი ევროკავშირმა, ბრიტანეთმა, კანადამ და შვეიცარიამ სანქცირებულ რუს ბიზნესმენთა სიაში შეიყვანა.
აუდიოჩანაწერში „ახმედოვი“ აღნიშნავს, რომ ის საერთაშორისო სანქცირებულთა სიაშია და თავისუფლად სასტუმროს ნომრის დაჯავშნაც კი აღარ შეუძლია. „პრიგოჟინი“ კი ამშვიდებს და ეუბნება, რომ თავად ბრიტანეთსა და შვეიცარიაში უძრავი ქონების გაყიდვას არ აპირებს.
მამაკაცებმა საუბარში ქვეყნის ლიდერი ვლადიმერ პუტინიც ახსენეს, რომელსაც ისინი საჯაროდ ღიად უჭერენ მხარს. როგორც ისინი აღნიშნავენ, პუტინის საქციელმა ქვეყანა გამოუვალ მდგომარეობაში მოაქცია.
„ის ნამდვილი სატანაა“, - ამბობს „ახმედოვი“. როგორც მამაკაცები აღნიშნავენ, ამ, მიმდინარე მოვლენების გამო „ქვეყანას მომავალი წაართვეს“.
მილიარდერ ფარხად ახმედოვს გავრცელებულ აუდიოჩანაწერზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. როგორც ჩანაწერში ისმის, ის კრიტიკულადაა განწყობილი მმართველი ელიტის მიმართ, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო.
„დღეს ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის საშუალებით, შესაძლოა, გააყალბო არა მარტო ხმა, არამედ - საუბარიც“ - აღნიშნა პრიგოჟინმა. როგორც პროდიუსერმა თქვა, ისეთი მაღალი ხარისხით არის საუბარი გაყალბებული, თვითონაც კი ეგონა, რომ თავად ლაპარაკობდა. როგორც მოგვიანებით პრიგოჟინმა ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, ის ნამდვილად იცნობს მილიარდერ ახმედოვს და გავრცელებულ საუბარში ზოგიერთი მონაკვეთი რეალური ამბავია.
„შესანიშნავად მესმის, რა ხდება უკრაინაში, ეს ერთმნიშვნელოვნად აშშ-ის პროვოცირებულია. მესმის, რომ ზელენსკის იყენებენ, როგორც იარაღს ვლადიმერ პუტინთან საბრძოლველად“, - აღნიშნა პრიგოჟინა.
„ახლა შოკში ვარ და არ ვიცი, როგორ ვიცხოვრო ამ ნაგავთან ერთად“, - განაცხადა პრიგოჟინმა ინტერვიუს დასასრულს.
გამოცემა Важные истории, რომელიც რუსეთის ტერიტორიაზე არასასურველ ორგანიზაციადაა გამოცხადებული, აღნიშნავს, რომ ეს საუბარი, რომელიც ინტერნეტსივრცეში გავრცელდა, ნამდვილია.
ალექსეი ნავალნის თანამებრძოლი ვლადიმერ მილოვი კი აღნიშნავს, რომ ის თავად იცნობს მილიარდერ ახმედოვს და ასეთ თემებს ტელეფონით არავინ განიხილავს, ახმედოვი კი „ამ თემებზე არ ისაუბრებდა“. (წყარო)