"ხელზე 6 თითი მაქვს, უფრო სწორად - 12. რაღაც მომენტში მოშორებაც მინდოდა, მაგრამ... საყვარელიც არის რაღაცნაირად"
"რაღაც მომენტში მოშორებაც მინდოდა, მაგრამ საბოლოოდ, გადავიფიქრე. შეიძლება ერთადერთი რამ იყოს, რაც სხვებისგან განმასხვავებს, თან საყვარელიც არის, რაღაცნაირად...
სკოლაში რომ შევედი, პირველ კლასში, მათემატიკის გაკვეთილზე პატარა კურიოზიც მოხდა თითების გამო. ანუ უნდა დაგვეწერა 5-ისა და 5-ის ჯამი, ოღონდ თითების დათვლის შემდეგ და რაც უნდა გასაკვირი იყოს, თურმე, ჩემი ხელის თითების მიხედვით 5+5 ყოფილა 12", - სიცილით ამბობს "კვირის პალიტრასთან" კაკი მშვილდაძე, რომელიც თავის ცხოვრებაზე გვიყვება...
- მოგესალმებით, მე ვარ აკაკი მშვილდაძე! დავიბადე ბაღდათის რაიონის სოფელ პირველ ობჩაში, ვსწავლობდი და დავამთავრე პირველი ობჩის საჯარო სკოლა, სადაც 12 წელი ვსწავლობდი... ერთი შეხედვით უცნაური არაფერია. მე შეიძლება ყველასგან არა, მაგრამ ზოგიერთი ადამიანისგან განსხვავებული ვარ ჩემი თითების გამო. მოკლედ რომ ვთქვათ, 6 თითი მაქვს, უფრო სწორად - 12.
ბავშვობიდან ასეა, ანუ, თანდაყოლილია... რომ წამოვიზარდე და ვნახე, მეც გამიკვირდა...
რაღაც მომენტში მოშორებაც მინდოდა, მაგრამ, საბოლოოდ, გადავიფიქრე. შეიძლება ერთადერთი რამ იყოს, რაც სხვებისგან მასხვავებს, თან საყვარელიც არის, რაღაცნაირად...
სკოლაში რომ შევედი, პირველ კლასში, მათემატიკის გაკვეთილზე პატარა კურიოზიც მოხდა თითების გამო. უნდა დაგვეწერა, რამდენია 5-ისა და 5-ის ჯამი, ოღონდ თითების დათვლის შემდეგ და რაც უნდა გასაკვირი იყოს, თურმე, ჩემი ხელის თითების მიხედვით, 5+5 ყოფილა 12.
- სკოლაში როგორ უყურებდნენ ამას?
- ამ ამბავს ყველა ჩვეულებრივად უყურებდა. არასდროს ყოფილა დაცინვის მსგავსი რამეც კი. უფრო მეტიც: ამ თემაზე ბევრი ხუმრობაც კი არის, რაც არ მწყინს, პირიქით, სასიამოვნოცაა. ჯარში როცა გამომიძახეს, იქაც კი დამეხმარა თითების რაოდენობა. კომისარს გაუკვირდა და თქვა, სანამ არ მოიშორებ თითებს, თავისუფალი ხარო... მე, რა თქმა უნდა, მოშორებას არ ვაპირებ!
- ახლა როგორ ცხოვრობთ?
- როგორც ყველა, ჩვეულებრივად ვცხოვრობ. ასე ვთქვათ, თვითდასაქმებული ვარ - საკუთარ ვულკანიზაციაში. დაოჯახებული ჯერჯერობით არ ვარ.
უახლოეს მომავალში, თუ შანსი მომეცემა, ალბათ, შევცვლი ჩემს ცხოვრებას. დაოჯახებას ვგულისხმობ, რადგან მგონია, რომ ცხოვრებაში ყველაზე მთავარი ოჯახია და ის სითბო, რაც შენს საკუთარ პატარა ოჯახში ყოველთვის დაგხვდება.
(სპეციალურად საიტისთვის)