"საქართველოს უნივერსიტეტის“ წინააღმდეგ გავრცელებული ყველა ინფორმაცია ტყუილია - იმ უნივერსიტეტში პრობლემა იცით რა არის? პრობლემა ვარ მე, ყველაფერს მაშინვე ჩემს შვილს უკავშირებენ" - კვირის პალიტრა

"საქართველოს უნივერსიტეტის“ წინააღმდეგ გავრცელებული ყველა ინფორმაცია ტყუილია - იმ უნივერსიტეტში პრობლემა იცით რა არის? პრობლემა ვარ მე, ყველაფერს მაშინვე ჩემს შვილს უკავშირებენ"

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, „საქართველოს უნივერსიტეტის“ სტუდენტების წინააღმდეგ გავრცელებული ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილისა და ქვეყნის განადგურებას ემსახურება.

მისივე თქმით, ქონებასთან და შენობაში გადახდილ თანხასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციებიც სიცრუეა და ამის გადამოწმება თითოეულ ადამიანს შეუძლია.

„რაც შეეხება „საქართველოს უნივერსიტეტის“ წინააღმდეგ გავრცელებულ ინფორმაციებს, ყველაფერი სრული ტყუილია. ამბობენ, რომ შენობა მფლობელს 1 ლარად გადაეცა. ეს გამჭვირვალე ინფორმაციაა. თქვენ ყველას შეგიძლიათ ნახოთ, რაში რა რაოდენობის თანხაა გადახდილი. ხშირად, ეს იმაზე მეტია, ვიდრე იმავე პერიოდებში სხვა კომპანიების შემთხვევაში.

იმ უნივერსიტეტში პრობლემა იცით რა არის? პრობლემა ვარ მე. ყველაფერს მაშინვე ჩემს შვილს უკავშირებენ. თითქოს მისი დაარსებულია და მან მოგვცა ყველაფერი უფასოდ. სტუდენტების მიმართ ასეთი განცხადებები ჩემი შვილის და ამ ქვეყნის განადგურებას ემსახურება. წაიკითხეთ და ნახეთ ჩვენი კურსდამთავრებულები როგორი წარმატებულები არიან“, - განაცხადა გიული ალასანიამ.

IPN