"სი ძინპინის გეგმა რუსეთის ტერიტორიის ანექსიის შესახებ ყველასათვის საჯაროდ ცნობილი ხდება" - კვირის პალიტრა

"სი ძინპინის გეგმა რუსეთის ტერიტორიის ანექსიის შესახებ ყველასათვის საჯაროდ ცნობილი ხდება"

ბრიტანული გაზეთი "დეილი ტელეგრაფი" (The Daily Telegraph) აქვეყნებს სტატიას სათაურით - "სი ძინპინის გეგმა რუსეთის ტერიტორიის ანექსიის შესახებ ყველასათვის საჯაროდ ცნობილი ხდება: ციმბირის ნაწილი უკვე ჩინეთის გავლენის ქვეშ არის მოქცეული" (ავტორი - მეთიუ ჰენდერსონი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

რუსეთ-ჩინეთის შეთანხმება გაზსადენ "სილა სიბირი-2"-ის ("ციმბირის ძალა-2") შესახებ, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში განიხილებოდა მხარეებს შორის და რომელიც მასშტაბურ პროექტს წარმოადგენს ციმბირული გაზის ჩინეთში გადასატუმბად, მონღოლეთის გავლით, უკრაინის ომის დაწყების გამო საკმაოდ არასასიამოვნო და ოდნავ შეურაცხმყოფელ ფაქტორად იქცა რუსეთისა და ჩინეთის ურთიერთობებში. ეს მოსკოვისათვის კარგი ამბავი არ არის.

რუსეთში ჩინეთის ლიდერის - სი ძინპინის ვიზიტის წინ ვლადიმერ პუტინმა თამამად განაცხადა, რომ გაზსადენის შესახებ შეთანხმება უკვე მზად არის ხელმოსაწერადო და პროექტი "საუკუნის გარიგებად" შერაცხა, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ნაადრევად: სი ძინპინზე თავისი რუსი კოლეგის ასეთმა გულმოდგინე ძალისხმევამ გავლენა ვერ მოახდინა და უარი განაცხადა ხელმოწერაზე. ყოველ შემთხვევაში, სი ძინპინის ოფიციალურ განცხადებებში "სილა სიბირი-2" არსად მოხსენიებული არ არის. საბოლოო ერთობლივ განცხადებაში იმედგაცრუებულმა ვლადიმერ პუტინმა მხოლოდ ასეთი კომენტარის გაკეთება მოახერხა, - წინ კიდევ დიდი მუშაობაა საჭირო პროექტის შესწავლისა და დამტკიცების მიზნითო.

სწორედ ამ კონტექსტით უნდა წავიკითხოთ სი ძინპინის მიერ თქმული გამოსამშვიდობებელი სიტყვები "ისეთ სამომავლო ცვლილებებზე, რომლებიც ასი წლის განმავლობაში არ ყოფილა და რომლებსაც ერთად განვახორციელებთ". ჩინელი ლიდერის ნათქვამს თითქოსდა არასასიამოვნო ტონალობა აქვს, მაგრამ იმავდროულად, საკმაოდ წინასწარმეტყველურიც არის. ჩინეთის პოლიტიკაზე დამკვირვებლებმა სი ძინპინის ეს ფრაზა კარგად შეისწავლეს, ყოველმხრივი ნიუანსების გათვალისწინებით, მაგრამ მასში სხვა ვერაფერი იპოვეს, გარდა იმისა, რომ ჩინეთის ლიდერმა თავისი თავი ლიბერალური მსოფლიოს წესრიგზე რევიზიონისტულ შემტევად წარმოაჩინა, ვლადიმერ პუტინის ნომინალური მხარდაჭერით.

პეკინის ხედვა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ასწლოვანი იუბილეს მიმართ, რომელიც 2049 წელს უნდა აღინიშნოს, გამოიხატება "განვითარებული, მდიდარი და უძლიერესი ჩინეთის გლობალურ ტრიუმფში". რა თქმა უნდა, ეს არ გულისხმობს მსოფლიოზე დომინირების გაყოფას რუსულ ქაოსურ კლეპტოკრატიასთან. რაც უფრო მეტ სიმტკიცეს გამოიჩენს სი ძინპინი "ჩინური ოცნების" რეალიზებაში, მით უფრო მეტად შეურიგებელი იქნება მისი პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლა პუტინზე და რუსეთზე. შესაბამისად, ორივე დასუსტდება და ერთმანეთზე დამოკიდებულნი გახდებიან.

სი ძინპინის რევიზიონისტული მიზნები ისტორიული ტერიტორიული დანაკარგების გამო სირცხვილის ჩამორეცხვასაც ითვალისწინებს. თვითონ განსაჯეთ: მან დაამყარა კომუნისტური ხელისუფლება ჰონკონგში და იმავეს ცდილობს გააკეთოს ტაივანის მიმართაც, მას აქვს ამბიციები იმ 600 ათასი კვადრატული კმ-ის ფართობის მქონე ტერიტორიის მიმართაც (სამჯერ მეტი დიდი ბრიტანეთის ფართობზე!), რომელიც მეფის რუსეთმა 1858-60 წლებში "ოპიუმის ომებით" დასუსტებულ ჩინეთს წაართვა აიღუნისა და პეკინის ხელშეკრულებების ძალით (იგულისხმება მანჯურიის ნაწილი - ამურისპირეთი ბლაგოვეშენსკით და ზღვისპირეთის მხარე ვლადივოსტოკით - რედ.). ჩინეთს პრეტენზია აქვს, აგრეთვე, ციმბირის იმ მონაკვეთზეც, საიდანაც გაზი პუტინის მიერ ხსენებული გაზსადენით ჩინეთს უნდა მიეწოდოს.

რამდენადაც ჩინეთის კომპარტიის რეჟიმი თავის რევანშისტულ მიზნებს ლეგიტიმურად თვლის, აქედან გამომდინარე, პეკინი მიიჩნევს, რომ ციმბირის რესურსების ყიდვა თითქმის იგივეა, საგვარეულო სიმდიდრის დასაბრუნებლად მძარცველს რომ ფული გადაუხადო. ასეთივე მიდგომით განიხილავს ჩინეთი მონღოლეთის მიერ დაკავებული ტერიტორიების დაბრუნებას, რომლის მიტაცება 1920-იან წლებში ულან-ბატორმა მოსკოვის სამხედრო-პოლიტიკური დახმარებით განახორციელა. პეკინის აზრით, მონღოლეთის დამოუკიდებლობა ჩინურ ტერიტორიებზე საბჭოთა კავშირის მხარდაჭერით გამოცხადდა.

ამჟამად ციმბირის დიდ ნაწილზე უამრავი ჩინური კომპანია მუშაობს, ისინი ტრანსსასაზღვრო ეკონომიკური საქმიანობით არიან დაკავებულები, განსაკუთრებით - ხაბაროვსკში და ვლადივოსტოკში. ისინი ჩუმად, მაგრამ თანდათანობით აღორძინებენ ჩინეთის ისტორიულ პრეტენზიებს ამ, რესურსებით მდიდარი და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მხარის მიმართ. მრავალი ათეული წლის განმავლობაში ჩინელ კონტრაბანდისტებს, ხშირად რუს "კოლეგებთან" შეთანხმებით, ციმბირის რესურსები ჩინეთში გადაჰქონდათ, რაც, ფაქტობრივად, რუსეთის სუვერენიტეტის დარღვევას ნიშნავს.

ვლადიმერ პუტინის კატასტროფულმა თავდასხმამ უკრაინაზე, შესაძლოა, მისი ყურადღება რუსეთ-ჩინეთის 4200-კილომეტრიანი საზღვრიდან გარკვეულწილად ყირიმზე და დონბასზე გადაიტანა. ფრონტზე არის ის ათასობით ჯარისკაციც, რომლებმაც, ალბათ, ეს საზღვარი უნდა დაიცვან. სამაგიეროდ, ჩინელები ძველებურად მიზანმიმართულნი და კონცენტრირებულნი არიან. სი ძინპინის ამბიციური გეგმები "ჩინეთის დიდი განახლების" შესახებ ნაბიჯ-ნაბიჯ ხორციელდება რუსეთის მიწაზე. წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ