ამინდიც, განწყობაც, მოლოდინიც - ნაკრებს არც ბათუმი ჩამორჩა - კვირის პალიტრა

ამინდიც, განწყობაც, მოლოდინიც - ნაკრებს არც ბათუმი ჩამორჩა

აჭარის მთავარი ქალაქი დიდი მატჩის მოლოდინშია: საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ნორვეგიას მასპინძლობს. ნორვეგიელები, რომლებმაც აქამდე ნათამაშები სამივე მატჩი მოგვიგეს, ბათუმს ერლინგ ჰოლანდის გარეშე ესტუმრნენ, თუმცა სტალე სოლბაკენს ნორვეგიული (და მსოფლიო!) ფეხბურთის ყველაზე შედეგიანი შემტევის გარდა, სხვა არაერთი ძლიერი მოთამაშეც ჰყავს. ნორვეგიის ნაკრები გამოცდილი, კარგად ორგანიზებული გუნდია, თანაც, სამი დღის წინ, ესპანეთში დიდი ანგარიშით (0:3) მარცხის შემდეგ, რეაბილიტაცია სჭირდება და ქართველებს მთელი მონდომებით შეუტევს, თუმცა...

თუ ჰოლანდის გარდა, ნორვეგიას სოლროტი და ოდეგორი ჰყავს, ჩვენ კავარაცხელია და კომპანია დავახვედრეთ! გუნდი, რომელიც ყველაფერს გააკეთებს ნორვეგიული ნავსის გასატეხად და ბათუმის ჩინებულ ამინდსა და არენაზე საკვალიფიკაციო ეტაპის წარმატებით დაწყებას შეეცდება.

photo-1680011415.jpg

როცა სოლბაკენის გუნდი მალაგაში ესპანეთთან აგებდა, საქართველოს გადახალისებულ ნაკრებს უკვე დამარცხებული ჰყავდა მონღოლეთის სუსტი ნაკრები (6:1). სხვათა შორის, აზიელები მათთვის ისტორიული მატჩის (მონღოლეთის ნაკრები პირველად ეთამაშა ევროპულ გუნდს და შესაბამისად - პირველი გოლი გაიტანა ევროპული ნაკრების წინააღმდეგ) შემდეგ ბათუმში დარჩნენ და დღეს, „ანგისის“ სტადიონზე ამხანაგურად გაეჯიბრნენ ბათუმის „დინამოს“. ქვესათაურში გამოტანილი ფრაზითაც მიხვდებოდით, რომ მონღოლეთის ნაკრებმა მეორე ევროპული მატჩიც იგივე ანგარიშით დათმო - 1:6. საქართველოს ნაკრებისგან განსხვავებით, ბათუმურმა კლუბმა პირველივე ტაიმში მოამთავარა საქმე, 4:0 დაწინაურდა, მეორე ნახევარში მხოლოდ ორ ბურთს დასჯერდა და სტუმრები „პრესტიჟის ბურთითაც“ გაახარა. ბათუმელთაგან გოლები გაიტანეს ბალიჩმა, ჯოვინომ, ზარიამ, კონატემ, კაპანაძემ და ლიტვინენკომ.

თუმცა, დავუბრუნდეთ საქართველო-ნორვეგიას, რომელიც „ბათუმი არენის“ გადაჭედილი ტრიბუნების წინ (ყველა - 20 000 ბილეთი ერთ დღეში გაიყიდა!), 20:00 საათზე დაიწყება, პირდაპირი რეპორტაჟის ნახვას კი საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში შეძლებთ. წინასამატჩო პრესკონფერენციაზე, მთავარმა მწვრთნელება დღევანდელი მატჩის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი: ვილი სანიოლის თქმით, მისმა შეგირდება კარგად იციან, რომ ძლიერ მოწინააღმდეგესთან ელით თამაში. ჰოლანდის არყოფნაში ნორვეგია განსხვავებული ტაქტიკით ითამაშებს და ქართველი ფეხბურთელები ამისთვის მზად უნდა იყვნენ. რაც შეეხება სტალე სოლბაკენს, ნორვეგიელთა თავკაცმა თქვა, რომ ჰოლანდის არყოფნა ცუდია, თუმცა, „ერთ მოთამაშეზე ზედმეტად არ უნდა იყო დამოკიდებული“. სოლბაკენმა იმასაც გაუსვა ხაზი, რომ საქართველოს ნაკრები საკუთარ მოედანზე განსაკუთრებით კარგად თამაშობს, ხვიჩა კვარაცხელიას კი შეუძლია, ინდივიდუალურად გადაწყვიტოს მატჩის ბედი.

მოკლედ, უმნიშვნელოვანესი მატჩის დაწყებამდე სულ ცოტა დრო რჩება. ბათუმი ჩინებული ამინდითა და მოლოდინით ხვდება ნორვეგიასთან მატჩს და იმედია, კარგ განწყობას ბოლომდე შევინარჩუნებთ!

რატი შელეგია, სპეციალურად საიტისთვის ბათუმიდან