"რუსეთი ცდილობს უკრაინა გაანადგუროს, რუსეთის ფედერაცია ცდილობს მსოფლიო წესრიგის დაშლას. ამ ბრძოლაში ჩვენ მთელ დემოკრატიულ სამყაროს ვიცავთ"
უკრაინაზე მეტად მშვიდობა სხვა არცერთ ერს არ სურს, მაგრამ მშვიდობა ნებისმიერ ფასად ილუზიაა. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის მიერ ორგანიზებულ “დემოკრატიის სამიტზე” ონლაინ სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.
კულებამ ბოდიში მოიხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამიტზე გამოსვლა ვერ შეძლო, ვინაიდან, ქვეყნის ფრონტის ხაზთან ახლოს მდებარე რაიონებს სტუმრობს.
“თუმცა რუსეთი ცდილობს უკრაინა გაანადგუროს, მისი აგრესია არა მხოლოდ უკრაინას ეხება. რუსეთის ფედერაცია ცდილობს მსოფლიო წესრიგის დაშლას, რომელიც საერთაშორისო სამართალსა და გაეროს ქარტიაზე არის დაფუძნებული. 9 წელზე მეტი ჩვენი საუკეთესო შვილები არა მხოლოდ მომავლისთვის იბრძოდნენ, არამედ საკუთარი სიცოცხლის ფასად ჩვენს საერთო დემოკრატიულ ფასეულობებს იცავდნენ. ამ ბრძოლაში ჩვენ მთელ დემოკრატიულ სამყაროს ვიცავთ”, - განაცხადა კულებამ.
მან აღნიშნა, რომ გრძელვადიანი მშვიდობის გარანტირება მხოლოდ ყოვლისმომცველ სამართლიანობას შეუძლია.
“ხაზგასმით აღვნიშნავდი, რომ უკრაინელი ერი მშვიდობას მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ გარანტირებული იქნება რუსული აგრესიის სრული შეწყვეტა, რუსული ჯარების სრული გაყვანა უკრაინის ტერიტორიიდან და ჩვენი სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. უკრაინული “მშვიდობის ფორმულა” მოიცავს ომის დასრულების ყველა ამ სამართლიან პირობას”, - განაცხადა კულებამ.
"ინტერპრესნიუსი"