"ამ დრომდე სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში გამართული მოთხოვნა წარმოდგენილი არ არის, მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის პროცესში პოლონელი ექიმების ჩართვაზე" - კვირის პალიტრა

"ამ დრომდე სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში გამართული მოთხოვნა წარმოდგენილი არ არის, მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის პროცესში პოლონელი ექიმების ჩართვაზე"

სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მალხაზ ურთქმელიძემ მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს მოუწოდა, გაითვალისწინოს სამედიცინო პერსონალის მოთხოვნა და შეასრულოს მათი დანიშნულება.

"გვინდა, კიდევ ერთხელ განვაცხადოთ, რომ მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი დღემდე არ ასრულებს ექიმების მიერ გაცემულ სამკურნალო რეკომენდაციებს, უარს აცხადებს მედიკამენტების მიღებაზე, პარენტერალურ კვებასა და სამედიცინო მანიპულაციებზე. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მიხეილ სააკაშვილს, მისივე ინტერესებიდან გამომდინარე, გაითვალისწინოს ექიმების მოთხოვნა და შეასრულოს მათ მიერ მიწოდებული დანიშნულება", – განაცხადა მალხაზ ურთქმელიძემ.

რაც შეეხება მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის პროცესში პოლონელი ექიმების მონაწილეობის საკითხს, მალხაზ ურთქმელიძის თქმით, დღემდე სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში სრულყოფილი დოკუმენტაცია წარმოდგენილი არ არის.

"რაც შეეხება მკურნალობის პროცესში პოლონელი ექიმების ჩართვის საკითხს, ამ დრომდე სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში სრულყოფილი, გამართული მოთხოვნა წარმოდგენილი არ არის", - განაცხადა მალხაზ ურთქმელიძემ, რომლის კომენტარსაც სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.

"ინტერპრესნიუსი"