"რატომ შეიყვანეს ქართველი ერი მომაკვდავი ერების "შავ სიაში"?! - კვირის პალიტრა

"რატომ შეიყვანეს ქართველი ერი მომაკვდავი ერების "შავ სიაში"?!

"მე და დათომ ერთმანეთი უნივერსიტეტში გავიცანით. დაქორწინება მეოთხე კურსიდან გვინდოდა, მაგრამ ვერ გავბედეთ: მიზეზი ის იყო, რომ ორივე მშობლებზე ვიყავით დამოკიდებული. ახლა უკვე ერთად ვართ, ორივე ვმუშაობთ, მაგრამ ბავშვის გაჩენას ჯერ არ ვაპირებთ - გვეშინია, რომ ჩვენი ფინანსებით სათანადოდ ვერ მოვუვლით, ვერ უზრუნველვყოფთ, ამიტომ, შვილის ყოლა კიდევ რამდენიმე წლით გადავდეთ", - გვითხრა ახალგაზრდა ქალმა, რომლის მდგომარეობაში დღეს ათასობით ადამიანია. ძალიან ბევრი ახალგაზრდა სიღარიბის გამო ვერ ბედავს ოჯახის შექმნას და შვილის გაჩენას, რაც დამღუპველია ჩვენი მცირერიცხოვანი ერისთვის! საიდუმლოს არავისთვის წარმოადგენს, რომ დემოგრაფიული მდგომარეობა 21-ე საუკუნის საქართველოში კრიტიკულია: ახალგაზრდები ოჯახებს ვერ ქმნიან და თუ ქმნიან, ხშირ შემთხვევაში ერთ შვილზე მეტს არ აჩენენ. ისიც ცნობილია, რომ გაერომ ჩვენი ერი მომაკვდავი ერების "შავ სიაში" შეიყვანა...

რას უნდა დავაბრალოთ დემოგრაფიული კრიზისი? - ამ საკითხის ანალიზი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დემოგრაფიის და სოციოლოგიის ინსტიტუტის დირექტორს, ავთანდილ სულაბერიძეს ვთხოვეთ:

- თანამედროვე მსოფლიოში არაერთი ქვეყანა დგას დემოგრაფიული კრიზისის წინაშე, გამონაკლისი ამ მხრივ, არც საქართველოა. შობადობა ბოლო ათწლეულებში თანდათან მცირდებოდა და დღეს უკვე კრიტიკულ ნიშნულამდე დავიდა. მძიმე პოლიტიკურმა თუ სოციალურ-ეკონომიკურმა მდგომარეობამ უარყოფითი გავლენა მოახდინა ქვეყნის დემოგრაფიულ განვითარებაზე. კიდევ ერთი დამამძიმებელი ფაქტორია მიგრაცია, რადგან მნიშვნელოვანი წილი ფერტილური ასაკის მოსახლეობაზე მოდის. ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ "კოვიდმაც" ხელი შეუწყო შობადობის შემცირებას და სიკვდილიანობის ზრდას. სამწუხაროდ, შობადობის კლების ტენდენცია მომავალშიც შენარჩუნდება - ეს დასკვნა ქართველმა დემოგრაფებმა გაეროს პროგნოზის საფუძველზე გავაკეთეთ.

- რატომ შემცირდა შობადობა საქართველოში?

- ამის მთავარი მიზეზი ფერტილური ასაკის ქალების რიცხვის შემცირებაა. დემოგრაფები "ფერტილურ ასაკში" 15-დან 49 წლამდე ასაკს ვგულისხმობთ. იმისათვის, რომ უფრო ნათელი სურათი დავხატოთ, ციფრებს მოვიშველიებ: 2022 წელს, 1990 წელთან შედარებით, ჩვენს მოსახლეობაში ქალთა რაოდენობა 32,3 პროცენტით შემცირდა, ხოლო მთლიანი ფერტილური ასაკობრივი ჯგუფი - 37,9 პროცენტით. 15-დან 29 წლამდე ქალების ასაკობრივი ჯგუფი განახევრდა, ხოლო 30 წელს ზემოთ ასაკის ქალების წილი 19,1 პროცენტით შემცირდა. ასევე გამოიკვეთა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი: ანალოგიურ პერიოდში, 0-14 წლის ასაკის გოგონების წილი, როგორც სამომავლო პოტენციალი, 43,7 პროცენტით შემცირდა. ეს მონაცემები ოფიციალურია და პირდაპირ მიუთითებს შობადობის კლების ტენდენციის გაგრძელებაზე, რაც ცხადია, ძალზე სამწუხაროა.

- ე.ი. დემოგრაფიული კრიზისის მთავარი მიზეზი საქართველოს მოსახლეობის სიღარიბე და მიგრაციაა?

- დიახ, ასეა. მიგრაცია ჩვენი მოსახლეობის ასაკობრივი სტრუქტურის ჩამოყალიბებაში განსაკუთრებულ როლს ასრულებს. როგორც ბოლო წლების მონაცემების ანალიზმა გამოავლინა, 15-49 წლის ქალების წილი მიგრანტებს შორის ძალიან მაღალია. მიგრაციის სტატისტიკური მონაცემები მხოლოდ 2014 წლიდან მოგვეპოვება და ბოლო წლებში, მხოლოდ 2020 წელს დაფიქსირდა დადებითი მიგრაციული სალდო, ანუ სხვაობა ემიგრანტებსა და იმიგრანტებს შორის; ეს იმიტომ მოხდა, რომ პანდემიის გამო ბევრი ჩვენი მოქალაქე სამშობლოში დაბრუნდა. როგორც მონაცემთა ანალიზმა გამოავლინა, მიგრაციულ სალდოში 15-49 წლის ქალების წილი 77.3%-დან 86.8 %-მდე მერყეობს და მხოლოდ 2020 წელს იყო 47.5 პროცენტი. არ მსურს, მკითხველი ციფრებით გადავღალო, მაგრამ ეს ციფრები რეალობას ყველაზე კარგად ასახავს და "საქსტატის" ოფიციალურ მონაცემებს ეყრდნობა, რომლის დახმარებითაც შეიძლება დავასკვნათ, რომ ჩვენს ქვეყანას, ყოველწლიურად, 7 ათასამდე ფერტილური ასაკის ქალი ტოვებს, რაც ასეთი მცირე ერისთვის საგანგაშო ციფრია. შობადობის კლების კიდევ ერთი მიზეზია ის, რასაც დემოგრაფები „შვილის ყოლის მოთხოვნილების“ შემცირებას ვუწოდებთ.

- ეს რას ნიშნავს?

- 1990-იანი წლებიდან მოყოლებული, ქართველი ქალები ცდილობენ, ოჯახური რუტინის პარალელურად, უფრო დიდი დოზით ჩაერთონ საზოგადოებრივ საქმიანობაში, კარგი განათლება მიიღონ და წარმატებული კარიერა შეიქმნან. ერთიორად გაიზარდა მათი როლი ოჯახის ფინანსურ მხარდაჭერაში, რაც თავისთავად მოითხოვს უფრო მეტ დროსა და ძალისხმევას. რა თქმა უნდა, ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით, ქალები ცდილობენ იმდენი შვილი იყოლიონ, რამდენის მოვლასაც შეძლებენ. ამ საკითხში ეკონომიკური მდგომარეობა გადამწყვეტია. ამას ემატება კიდევ ერთი ფაქტორი, ტენდენცია, რომელიც ბოლო წლებში გამოიკვეთა: ეს პირველი შვილის დაგეგმვაა, რაც ქართველებისთვის დამახასიათებელი არ იყო. რომ დავაკონკრეტოთ, ადრე, ქართულ ოჯახში მხოლოდ მეორე და მომდევნო შვილების დაგეგმვის ტრადიცია არსებობდა. ამ ფაქტორებს დაემატა ისიც, რომ მომრავლდნენ ახალდაქორწინებული წყვილები, რომლებიც შვილის გაჩენას არ ჩქარობენ სხვადასხვა მიზეზით.

აქვე გეტყვით, რომ გაიზარდა ახალბედა დედების საშუალო ასაკი, რომელიც 2020 წელს 28-29 წელი იყო, მაშინ, როცა 1994 წელს ეს მაჩვენებელი 23-24 წელი გახლდათ.

- რა როლს ასრულებს დემოგრაფიულ კრიზისში აბორტი?

- ჩვენ დავამუშავეთ ბოლო სამი წლის აბორტების სტატისტიკა, საიდანაც მკაფიო დასკვნის გამოტანა შეიძლება: საქართველოში აბორტების ნახევარზე მეტი, პაციენტის სურვილის საფუძველზე კეთდება და არასამედიცინო დანიშნულებისაა. ეს აბორტები რომ არ ჩატარებულიყო, შობადობის ზოგადი კოეფიციენტიც გაიზრდებოდა და საქართველოს მოსახლეობას ათასობით ჯანმრთელი ბავშვი შეემატებოდა!

- ალბათ დამეთანხმებით, რომ სიტუაცია დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს. რა უნდა გაკეთდეს მძიმე დემოგრაფიული სურათის შესაცვლელად?

- აუცილებელია შობადობის სტიმულირების პოლიტიკა, რომელსაც დღეს მსოფლიოს მრავალი ქვეყანა ირჩევს. შობადობის შემცირება, გარდაცვალების მაჩვენებლის ზრდა და მიგრაცია მათთვისაც ისეთივე გადაულახავი პრობლემაა, როგორც საქართველოსთვის. ქვეყნები, სადაც ფიქრობდნენ, რომ შობადობის შემცირება დროებითია, რომ დემოგრაფიული პოლიტიკის გატარება უშედეგო და ამასთან, ძვირი სიამოვნებაა, იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ დემოგრაფიულ პროცესში ჩარევა და შობადობის სტიმულირება აუცილებელია. ეს პოლიტიკა თავისთავად გულისხმობს მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, რაც მიგრაციის მასშტაბსაც შეამცირებს. თუ სამშობლოში არ დაბრუნდებიან ფერტილური ასაკის ქალები, ქვეყნის რეპროდუქციული პოტენციალი კიდევ უფრო გაუარესდება და დემოგრაფიული სიტუაცია უკეთესისკენ არ შეიცვლება. საქართველოში ამჟამად არსებული შობადობის წამახალისებელი ღონისძიებებიც გადახედვას საჭიროებს.

- კონკრეტულად, რა უნდა შეიცვალოს ამ მიმართულებით?

- თითოეული ღონისძიება, თითოეული ნაბიჯი საფუძვლიანი მეცნიერული კვლევით უნდა იყოს გამყარებული, რადგან ეს საკითხი კომპლექსურ მიდგომას მოითხოვს. შობადობის სტიმულირების პოლიტიკა არ გულისხმობს მხოლოდ ფინანსურ მხარდაჭერას, აქ დიდი მნიშვნელობა აქვს მოსახლეობის ფსიქოლოგიურ, მორალურ წახალისებას... ამის ნათელი მაგალითია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის - ილია მეორის ინიციატივა, რომელიც ყოველი მესამე და მომდევნო ბავშვის საყოველთაო ნათლობას გულისხმობს. ამ ინიციატივით წახალისებულმა ბევრმა წყვილმა გადაწყვიტა მესამე, მეოთხე და უფრო მეტი შვილის გაჩენა. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჩვენს ქვეყანაში არსებული შობადობის წამახალისებელი პოლიტიკა ხშირ შემთხვევაში, არაეფექტიანია და სპეციალისტების ჩარევას მოითხოვს. ამისთვის საჭიროა დემოგრაფიული ინსტიტუტის გაძლიერებაც - ასე მოხდა საფრანგეთში, სადაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, სერიოზული დემოგრაფიული კრიზისი დაიწყო. ფრანგმა დემოგრაფებმა, თავიანთი კვლევების და სხვა ქვეყნების გამოცდილების საფუძველზე შეიმუშავეს პოლიტიკა, რომელმაც ამ ქვეყანას დადებითი შედეგი მოუტანა. შობადობის წამახალისებელი ღონისძიებების პარალელურად, აუცილებელია სიტუაციის მუდმივი მონიტორინგი და შეფასება, ხოლო საჭიროების შემთხვევაში - დემოგრაფიული პოლიტიკის კორექტირება ან ახლით ჩანაცვლებაც. სიტუაციის არასწორი შეფასება შეიძლება ჩვენს ქვეყანას ძვირად დაუჯდეს. სწორედ ამიტომაა აუცილებელი სწორი დემოგრაფიული პოლიტიკის გატარება, რომელიც ქართულ ოჯახებს წაახალისებს, მეორე, მესამე და უფრო მეტი შვილი იყოლიონ.

დემოგრაფიული პრობლემები პანდემიის პირობებში

საქართველოში პანდემიის პირობებში დემოგრაფიული ცვლილებების პირველადი ანალიზის მიზნით, შევადარეთ პანდემიამდელი ორი წლის და პანდემიის წლის (2020წ.) დემოგრაფიული მაჩვენებლები. სწორედ პანდემიის დადებითი შედეგია 1959 წლის შემდეგ 2020 წელს პირველად დაფიქსირებული წმინდა მიგრაციის დადებითი სალდო (15732 კაცი), რის შედეგადაც, წინა წლებთან შედარებით, მცირედით, მაგრამ მაინც - 3303 კაცით გაიზარდა საქართველოს მოსახლეობა და შეჩერებულ იქნა წინა წლებში არსებული მოსახლეობის კლების ტენდენცია. პანდემიის პოზიტიურ მოვლენად უნდა მივიჩნიოთ, რომ ვირუსით დაინფიცირების მაღალი რისკიდან გამომდინარე, უცხოეთში სამუშაოდ წასული მიგრანტების უმრავლესობა ლოგიკურად, სამშობლოში უნდა დაბრუნდეს. ამიტომ, შეიძლება ითქვას, რომ პანდემიამ მიგრაციის მრავალწლიანი ნეგატიური პროცესების ტენდენცია შეაჩერა და დადებითად შეცვალა. მიგრაციისგან განსხვავებით, სხვა პროცესებზე პანდემიის გავლენა ძირითადად ნეგატიური აღმოჩნდა: პირველად მრავალი ათეული წლის მანძილზე, თუ მხედველობაში არ მივიღებთ პირველ და მეორე მსოფლიო ომებს, საქართველოში დაფიქსირდა დეპოპულაცია - 2020 წელს გარდაცვალებულთა აბსოლუტურმა მაჩვენებელმა, წინა წელთან შედარებით, 4017 კაცით გადააჭარბა ახალდაბადებულთა რაოდენობას.

ხათუნა ჩიგოგიძე

ჟურნალი "გზა"