ომი გამოფიტვამდე ანუ ვინ გატყდება პირველი - რუსეთი თუ უკრაინა დასავლეთთან ერთად?
ნებისმიერი პროცესის დროში გახანგრძლივება, მით უმეტეს იმ შემთხვევაში, როდესაც ამის მოლოდინი არ არის, ძირფესვიანად ცვლის თავად ამ პროცესის მსვლელობის ლოგიკურობას და ძალზე ბუნდოვანი ხდება მისი დასასრული და შედეგი...
სწორედ ასეთი რამ ხდება რუსეთ-უკრაინის ომში, რომელიც 13 თვეზე მეტია, გრძელდება მაშინ, როდესაც თვით ყველაზე ინფორმირებული და საქვეყნოდ ცნობილი სადაზვერვო სტრუქტურების ანალიტიკოსებიც კი ვერ იწანასწარმეტყველებდნენ ამას...
სხვათა შორის,1992-93 წლების აფხაზეთის ომი 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა, თუმცა იმ ომში, მგონი, ყველა საქართველოს წინააღმდეგ იყო - აფხაზი სეპარატისტები, სომეხი, ჩრდილოკავკასიელი „ბოევიკები“ და, რა თქმა უნდა, რუსეთის ხელისუფლება, თავისი არმიითა და სადაზვერვო სტრუქტურებით, უფრო მეტიც - თავად მაშინდელი საქართველოს ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკოსების, ჩინოვნიკებისა და თვით მაღალჩინოსანი სამხედროების ნაწილიც, ფარულად თუ ღიად, ჩვენს ქვეყანას ებრძოდა...
დღეს უკრაინის გვერდზე თითქმის ნახევარი მსოფლიო დგას - ომის ერთი წლის განმავლობაში უკრაინამ დასავლეთიდან 120 მლრდ დოლარზე მეტი ღირებულების სამხედრო დახმარება მიიღო, საიდანაც 32 მლრდ აშშ-ის წილია და მიუხედავად ამისა, ომის ბედი ჯერ კიდევ ძალზე ბუნდოვანია...
ომი გამოფიტვამდე ანუ მოწინააღმდეგე მხარეებიდან პირველი, რომლის ეკონომიკა ვეღარ შეძლებს ასეთი ფართომასშტაბიანი და, ამასთანავე, ძალზე ძვირად ღირებული ყოველდღიური საბრძოლო მოქმედებების „დაფინანსებას“, სწორედ მას მოუწევს დამარცხების აღიარება...
უკრაინაზე ღიად თავდასხმის შემდეგ რუსეთის ფედერაციას დამატებით ათობით ახალი ეკონომიკური სახის საერთაშორისო სანქცია დაუწესეს, რითაც დასავლეთი იმედოვნებდა კრემლის ეკონომიკურად წელში გატეხვას, მაგრამ მთლად ასეც არ მოხდა - რუსეთის ეკონომიკა არ ჩამოიშალა, რუსეთის საოკუპაციო ძალებს არ დაუტოვებიათ უკრაინა, პირიქით, ისინი ყოველდღიურად ცდილობენ უკრაინის ახალი სოფლებისა და ქალაქების დაპყრობას...
რუსეთმა მოახერხა ნავთობისა და ბუნებრივი აირის, მართალია, შემცირებული ფასით, მაგრამ - დიდი მოცულობით გაყიდვა ჩინეთსა და ინდოეთში და ჯერ კიდევ ინარჩუნებს „მსოფლიოს უმთავრესი ბენზინგასამართი სადგურის“ იმიჯს, თუმცა რუსული ეკონომიკის კრახის პროცესიც უკვე დაწყებულია...
2023 წლის იანვარ-თებერვლის მონაცემებით, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტმა 2,58 ტრილიონი რუბლი შეადგინა და ეს წლის მხოლოდ ორ საწყის თვეში, არადა რუსეთის ბიუჯეტში მთელი 2023 წლის განმავლობაში მხოლოდ 2,93 ტრილიონი რუბლის დეფიციტია ნავარაუდევი ანუ გამოდის, რომ ეს ზედა ზღვარი უკვე მარტის თვეშივე იქნება გადალახული.
„ბლუმბერგის“ ეკონომისტ-ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ 2026 წლისთვის ანუ შემდგომ სამ წელში რუსეთის ეკონომიკა ამ ომის გამო, არანაკლებ, 190 მლრდ დოლარს დაკარგავს...
ომის ფასი ძალზე ძვირია და მისი მხრებით „ტარება“ საბოლოო გამარჯვებამდე მხოლოდ ერთეულ ქვეყნებს თუ შეუძლიათ, რუსეთს კი არა მარტო ბრეჟნევის დროს დამზადებული ტანკები შემოელია, არამედ - ხრუშჩოვისა და თვით სტალინისდროინდელ, შემორჩენილ ტანკებს სათითაოდ ეძებს ხანგრძლივი შენახვის ბაზების ათწლეულების განმავლობაში დაჟანგულ ჯავშანტექნიკაში, რაც დამატებით იმის მაჩვენებელია, რომ ახალი საბრძოლო ტექნიკის სერიული წარმოება რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს ძალზე გაუჭირდა.
მაგრამ მოასწავებს კი ეს იმას, რომ ტანკებშემოლეული და ბიუჯეტგარღვეული პუტინი დღეს თუ არა ხვალ აუცილებლად გაიყვანს ჯარს უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან?
ალბათ - არა, რადგან უკრაინასთან ომში დამარცხებულად თავის გამოცხადება პუტინის რეჟიმისთვის თვითმკვლელობის ტოლფასი იქნება და ის ყველაფერს გააკეთებს, ბოლომდე შეინარჩუნოს ძალაუფლება, რასაც ხელს უწყობს რუსეთის ათეულობით მილიონი ის მოქალაქეც, რომლებიც ყაბულს არიან, ყველაფერი მოითმინონ, ოღონდ „დიდმა რუსეთმა“ მეზობლებს ახალი მიწები წაართვას და შეიერთოს...
გასაგებია, რუსეთის ეკონომიკის სერიოზული პრობლემები ომიდან ერთი წლის შემდეგ, მაგრამ რა მდგომარეობაშია ამ მხრივ მეორე მებრძოლი მხარე - უკრაინა?
უკრაინის ეკონომიკა, ძირითადად, განადგურებულია და შეიძლება რუსეთზე უარეს მდგომარეობაშიცაა (თუნდაც იმიტომ, რომ რუსი ოკუპანტები მიზანმიმართულად ბომბავენ და ანადგურებენ უკრაინის სამრეწველო ინფრასტრუქტურას), მაგრამ კიევს გვერდში დასავლეთი უდგას და არა მარტო ჭურვებისა თუ ტანკების მიწოდებით.
დასავლეთის ყოველთვიური ფინანსური დახმარება ასულდგმულებს უკრაინის განადგურებულ ეკონომიკას, მაგრამ კიდევ რამდენი ხანი შეძლებენ იგივე საფრანგეთი, გერმანია და თვით აშშ ყოველთვიურად მლრდ-ები ურიცხონ უკრაინის ბიუჯეტს?
კრემლშიც სწორედ ამის იმედი აქვთ, რომ დადგება მომენტი, დასავლეთი გადაიღლება ამ ომით და ეტაპობრივად, როგორც სამხედრო, ისე ფინანსურ დახმარებას შეუმცირებს კიევს.
დასავლეთის ასეთი დახმარების გარეშე დარჩენილი უკრაინა კი განწირული იქნება დამარცხებისთვის, რადგან ფრონტის ხაზზე უკრაინის დამცველების მხოლოდ პირადი სიმამაცე არასაკმარისი გახდება დასავლური ჭურვებისა და რაკეტების თანხლების გარეშე...