გროზნოს ცენტრში იჩკერიის მომხრეების ვიდეორეკლამა გამოჩნდა - რა მოხდა ჩეჩნეთში
ჩეჩნეთში, გროზნოს ცენტრში, კადიროვის გამზირზე, ერთ-ერთ გვირაბთან ვიდეორეკლამა გამოჩნდა, სადაც ჩეჩნეთის დამოუკიდებლობისთვის მებრძოლები არიან გამოსახულნი.
პორტრეტების გვერდით წარწერაა: „აღვადგენთ ვაინახური ინტელიგენციის იმიჯს“. ბანერზე გამოსახული არიან: პოეტი აბუზარ აიდამიროვი; რუსი სამხედრო-მოძალადის მკვლელობისთვის გასამართლებული იუსუფ ტემიჰხანოვი; ჰასან ბაიევი, რომელიც ჩეჩნეთის ომის დროს ქირურგი იყო და ჩეჩნეთის დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი აბდურაჰმან ავტორხანოვი.
ბანერის ფოტო სოციალურ ქსელში 25 მარტს საზოგადო მოღვაწე იუნა უსპანოვმა გამოაქვეყნა.
გამოცემა Кавказ.Реалии-ის ცნობით, 28 მარტს ბანერზე ეს ვიდეო უკვე წაშლილი იყო. გროზნოს მერიის წარმომადგენლებმა კი გამოცემის ჟურნალისტის ინფორმაცია არც უარყვეს და არც დაადასტურეს. მათ ინფორმაციის დაზუსტებას და შემდეგ პასუხის გაცემას დაჰპირდნენ. თუმცა, როგორც გამოცემა წერს, რედაქციას ამის დამადასტურებელი ვიდეოც აქვს, რომ ეს ბანერი ნამდვილად იყო გროზნოს ცენტრში, .
როგორც ცნობილია, მეორე მსოფლიო ომის დროს აბდურაჰმან ავტორჰანოვმა გერმანიას დაუჭირა მხარი იმ მიზნით, რომ მომავალში ჩეჩნეთი დამოუკიდებლობას მოიპოვებდა.
იუსუფ ტემირხანოვს კი პოლკოვნიკ ბუდანოვის მკვლელობის გამო მკაცრი რეჟიმის კოლონიაში 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. როგორც ცნობილია, რუს პოლკოვნიკს 18 წლის ჩეჩენი გოგონას - ელზა კურგაევას გატაცებასა და მკვლელობაში ადანაშაულებდნენ.
ქირურგმა ბაიევმა კი ჩეჩნეთის პირველი ომის დროს საველე მეთაური შამილ ბასაევი სიკვდილს გადაარჩინა, რომელსაც ამპუტაციის ოპერაცია ჩაუტარა. ის ამჟამად გროზნოში ცხოვრობს და მუშაობს.
პოეტ აიდამინოვის ლექსი კი, რომელიც მან 1970-იან წლებში დაწერა, იჩკერიის ჰიმნად გამოიყენეს.
2022 წლის ზაფხულში იჩკერიის არაღიარებული რესპუბლიკის მხარდამჭერებმა ჩეჩნეთის ლიდერ რამზან კადიროვსა და მის რეჟიმს ჯიჰადი გამოუცხადეს. მოსახლეობაში იატაკქვეშა მოძრაობის არსებობის შესახებ განაცხადა იჩკერიის ყოფილი პრეზიდენტის შვილმა ანზორ მასხადოვმა და შეიხ მანსურის სახელობის ბატალიონის წარმომადგენელმა ისლამ ბელოკიევმა. ბატალიონი ამჟამად უკრაინის მხარეს იბრძვის. მათი თქმით, მთავარი მიზანი "არაღიარებული იჩკერიის რესპუბლიკის დეოკუპაცია და დამოუკიდებლობაა". ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, ოქტომბერში, ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა დამატებით ბრძანება გასცა, რომლის მიხედვითაც რესპუბლიკაში მშვიდობა და წესრიგი უნდა დაიცვან. (წყარო)