"ჯემალ ჭკუასელმა იოსებს უთხრა - გავიგე, "შატილის ასულო" შენი ყოფილა და ფული უნდა მოგცეო. იჩხუბეს..."
"ახლახან გავიგე ფატიმას გარდაცვალების ამბავი და ძალიან გული დამწყდა. ვინ იცის, რამდენი საინტერესო და ღირებული ცოდნა წაიღო თან იმ ქვეყნად, რაზეც მეცნიერებს, ლიტერატურის ისტორიკოსებს უნდა ემუშავათ?! მნიშვნელოვანია, რომ ლიტერატორებმა, ეთნოგრაფებმა, ფოლკლორისტებმა შეისწავლონ იოსებ ლონგიშვილის მემკვიდრეობა, მისი ცხოვრება და ბიოგრაფია. ძალიან საინტერესოა, რომ ლონგიშვილი ლექსებს წოვა თუშურადაც წერდა. ეს ენა ახლა იუნესკოს დაცვის და ყურადღების ქვეშ არის და ლონგიშვილის პოეზია ამ მხრივაც საინტერესოა"...
გვესაუბრება ჟურნალისტი, უფლებადამცველი - ალეკო ცქიტიშვილი...
- ფატიმა წოტოიძე, დაახლოებით, 15 წლის წინ გავიცანი ზემო ალვანში, სადაც იოსებ ლონგიშვილი ცხოვრობდა და მოღვაწეობდა. იმ დროს იოსები ახალი გარდაცვლილი იყო, მისი ცოლი - ფატიმა კი აგრძელებდა დავას სასამართლოებში „ერისიონთან“, უფრო ზუსტად კი - ჯემალ ჭკუასელთან, ცნობილი სიმღერის - „შატილის ასულოს“ ტექსტის საავტორო უფლებაზე.
პირველი ინსტანციის სასამართლოებში იოსებ ლონგიშვილმა დავა წააგო, რაც ქართული მართლმსაჯულების სირცხვილი იყო, რადგან ფატიმა იყო ამ ლექსის ცოცხალი ისტორია და სხვა არგუმენტებს რომ თავი დავანებოთ, ეს გარემოება მაინც ობიექტურად უნდა შეფასებულიყო.
ლექსის თავდაპირველ ვარიანტში სწორედ ფატიმას სახელი ფიგურირებდა და თუშები ამ სიმღერას ახლაც ასე მღერიან - "შატილის ასულო, ლერწამო ფატიმა".
ძალიან ამაღელვებელი ისტორია მოვისმინე ფატიმასგან. თან მახლდა ჩემი ცოლის ნათესავი - ვასილ თელაურიძე, რომელმაც, როგორც თუშმა, ასევე განიცადა ეს უსამართლობა, რამაც იოსებ ლონგიშვილს სიცოცხლის ბოლო წლები გაუმწარა. კიდევ კარგი, რომ უზენაესმა სასამართლომ მიიღო სამართლიანი და საბოლოო გადაწყვეტილება და დაადგინა, რომ ამ ტექსტის ავტორი ნამდვილად იოსებ ლონგიშვილია.
სხვათა შორის, კიდევ ერთი ცნობილი სიმღერის ტექსტის ავტორია იოსებ ლონგიშვილი - „რა ლამაზია თუშეთი“... და ისიც საინტერესოა, რომ ამ ორივე სიმღერის ავტორი თამარ ქააძე, ასევე, უსამართლოდ არის უგულებელყოფილი და დავიწყებული. ზემო ალვანში იმ დღეს მე და ვასილმა 86 წლის თამარ ქააძეც ვნახეთ და ჩავწერეთ. ისიც სწუხდა, რომ მის მიერ შექმნილ სიმღერებს ისე მღერიან, ავტორს არავინ იხსენიებსო.
„ერისიონთან“ ლონგიშვილის დავის ისტორია ვრცლად დავწერე სტატიაში, რომელიც გამოქვეყნდა ლიტერატურულ ჟურნალ „არილში“, სათაურით - “ლექსო „შატილის ასულო“, მე ხომ დაგწერე მარტომ?!“ სტატიაში რამდენიმე პრობლემურ საკითხს ვეხები, რაც ე.წ. სახალხო მთქმელების მიმართ სტერეოტიპულ დამოკიდებულებას ეხება. მნიშვნელოვანია, რომ ეთნოგრაფებმა თანამედროვეობაშიც და წარსულშიც ტექსტების სრულფასოვანი და კონკრეტული ავტორები ეძიონ და მათი ცხოვრება და შემოქმედება იკვლიონ და არა - აბსტრაქტული „სახალხო მთქმელები“. ხალხური პოეზიის უკან დგანან ადამიანები, ზოგჯერ - ცოცხლებიც, რომლებიც უსამართლოდ არიან მივიწყებულები და არ არიან დაფასებულები.
ფატიმა წოტოიძე წუხდა, რომ „ერისიონი“ არ აღიარებდა იოსებ ლონგიშვილის ავტორობას:
“ეს ერთი ლექსია ჩემი სიმდიდრე. ამ ლექსით მომწონდა თავი და ახლა უნდათ, ეს სიმდიდრე წამართვან. რა სასამართლო და გამოძიება სჭირდება ამას? “შატილის ასულს” ფატიმა ჰქვია, ფატიმა კი, აგერ, მე ვარ. 1960 წელს, როცა იოსებმა ეს ლექსი დაწერა, 36 წლის კაცი იყო, მე – 19 წლის გოგო. ისე ვუყვარდი, უამრავი ლექსი მომიძღვნა. ბევრი მთხოვნელი მყავდა, მაგრამ ამ ლექსებით ისე შემაყვარა თავი, იოსებს გავყევი. მერე, როცა თამარ ქააძემ სიმღერა შექმნა, ისე გამოვიდა, რომ მთელი საქართველო ჩემზე მღეროდა და ეს ძალიან მეამაყებოდა.
1973 წელს იოსებმა ლექსი რაიონულ გაზეთში დაბეჭდა და აიჩემა, სახელი ფატიმა უნდა შევცვალო, ხადიშათი უნდა დავარქვაო. თუშებში სირცხვილად ითვლება ცოლის სახალხოდ მოფერება და ქება, ამიტომ ვერა და ვერ გადავათქმევინე. იმ დღეს, ახმეტიდან რომ დაბრუნდა, ამაზე მაგრადაც ვიჩხუბეთ.
ამ “ერისიონის” ამბავმა ხომ სიცოცხლის ბოლო დღეები ჩაუმწარა! სანამ სასამართლო დაიწყებოდა, ჯემალ ჭკუასელი ჩვენთან ჩამოვიდა. ათი მანქანა მოადგა ეზოს. ეტყობა, სადღაც სხვაგან იყვნენ და გამოიარეს. იოსებს უთხრა, - გავიგე, შენი ყოფილა ლექსი და ფული უნდა მოგცეო. იოსებმა – მე ფული კი არ მინდა, უბრალოდ, თქვი, რომ ჩემი ლექსიაო. ამას ჯერ დამტკიცება უნდაო და ისე შეჰყვნენ საუბარს, რომ ბოლოს იჩხუბეს. იოსებს ამ დროს თვალის ჩინი აღარ ჰქონდა (1998 წლიდან დაბრმავდა) და ყველაზე მეტად იმაზე დაწყდა გული, რომ კამათის დროს ჭკუასელმა უთხრა – შენ ბრმაც არ იქნები, მაგასაც იგონებო”.
ახლახან გავიგე ფატიმას გარდაცვალების ამბავი და ძალიან გული დამწყდა. ვინ იცის, რამდენი საინტერესო და ღირებული ცოდნა წაიღო თან იმ ქვეყნად, რაზეც მეცნიერებს, ლიტერატურის ისტორიკოსებს უნდა ემუშავათ?! მნიშვნელოვანია, რომ ლიტერატორებმა, ეთნოგრაფებმა, ფოლკლორისტებმა შეისწავლონ იოსებ ლონგიშვილის მემკვიდრეობა, მისი ცხოვრება და ბიოგრაფია. ძალიან საინტერესოა, რომ ლონგიშვილი ლექსებს წოვა თუშურადაც წერდა. ეს ენა ახლა იუნესკოს დაცვის და ყურადღების ქვეშ არის და ლონგიშვილის პოეზია ამ მხრივაც საინტერესოა.
(სპეციალურად საიტისთვის)