რატომ უნდა მოვაშენოთ ლურჯი მოცვი საქართველოში
ბოლო დროს საქართველოში კენკროვანი კულტურები აქტიურად შენდება, მათ შორის ლურჯი მოცვი, რომელზეც მოთხოვნა დიდია. რას წარმოადგენს ეს კულტურა, რა სარგებელი მოაქვს მის დანერგვას, საქართველოს რომელ რეგიონშია გაშენება ხელსაყრელი, ამ საკითხებზე გვესაუბრება ელენე მაღლაკელიძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის მეხილეობის კვლევის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი.
ელენე მაღლაკელიძე:
- ლურჯი მოცვი საინტერესო, რენტაბელური კულტურაა, მაღალი ღირებულების კენკრა. ზაფხულის მოხმარების ხილია, მაის-აგვისტოში მწიფდება. ადრე შემოდის, გამორჩეული გემოვანი თვისებები და მაღალი კვებითი ღირებულება აქვს. ნაყოფი მდიდარია ნახშირწყლებით, ორგანული მჟავებით, მინერალური ელემენტებით. მნიშვნელოვანია, რომ დიდი რაოდენობით ჩ ვიტამინს შეიცავს, დაახლოებით იმდენს, რამდენსაც ციტრუსის ნაყოფი. ლურჯ მოცვს აქვს მაღალი პროფილაქტიკური სამკურნალო თვისებები. კარგია ჯანმრთელობისთვის, აწესრიგებს კუჭ-ნაწლავის მოქმედებას, აქრობს ანთებით პროცესებს და სასარგებლოა რევმატიზმისთვის. ნაყოფისა და ფოთლის ნაყენი გამოიყენება დიაბეტის, შარდკენჭოვანი პათოლოგიისთვის. მოკლედ, მედიცინაში, კულინარიასა და ფარმაციაში ფართოდ იყენებენ.
ჩვენთან ლურჯი მოცვი კარგად ხარობს. მისი წარმოება უმეტესად დასავლეთ საქართველოში შეიძლება. საერთოდ, ის ამერიკული კულტურაა, ჩრდილოეთ ამერიკიდან შემოვიდა. მას ხშირად შავ მოცვთან აიგივებენ. მართალია, ორივე მანანისებრთა გვარში შედის, მაგრამ სხვადასხვა სახეობაა.
შავი მოცვი ველური სახეობაა, რომელიც ჩვენთან ტყეებში გვხვდება, ხოლო ლურჯი მოცვის ის ჯიშები, რომლებიც საქართველოშია გავრცელებული, ყველა შემოტანილია.
- რატომ უნდა მოვაშენოთ ეს კულტურა ჩვენთან, რით არის უპირატესი?
- ამისთვის გვაქვს ხელსაყრელი კლიმატური პირობები და იაფი რესურსი - წყალი, ელექტროენერგია, მუშახელი. ამასთან, საქართველოს ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა აქვს, ადვილი და ხელმისაწვდომია ევროპის, აზიის, დსთ-ის ბაზრებისთვის. კენკროვანი კულტურების ინდუსტრია ქვეყანაში ძალიან მზარდია, ამას ხელს უწყობს დღეს მოქმედი სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამა: "შეღავათიანი აგროკრედიტი", "აწარმოე საქართველოში", "დანერგე მომავალი". ამ პროგრამებმაც შეუწყო ხელი კულტურის პოპულარიზაციასა და გაშენებას.
გარდა ამისა, მნიშვნელოვანია სხვადასხვა დონორი ორგანიზაციის მხარდაჭერაც. ევროკავშირთან სავაჭრო სივრცის შესახებ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებამაც კარგი წინა პირობა შექმნა, რათა კულტურა გავრცელებულიყო და განვითარებულიყო.
მცირე ფართობებზე (1 ჰექტრამდე) იყო პროგრამა "დანერგე მომავლის" ეგიდით, რომელიც სუბსიდიას გასცემდა. ეს ნამდვილი საჩუქარი იყო, 100%-იანი დაფინანსება. ამან კულტურით დაინტერესებას ხელი დიდად შეუწყო. თუმცა ეს შედარებით პატარა ფართობებზე, საოჯახო მეურნეობისთვის არის გამიზნული, რომელსაც ოჯახის წევრები კარგად უვლიან. ათასობით ფერმერს ჩაუტარდა ტრენინგებიც ჩვენი სამეცნიერო-კვლევით ცენტრისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ.
- ანუ გაამართლა ამ ფორმით დანერგვამ?
- რა თქმა უნდა. ლურჯი მოცვი ფართოდ გაშენდა, 2023 წლის ბოლოსთვის დაახლოებით 5 000 ტონის წარმოებას ვარაუდობენ, ფართობმა კი 2 000 ჰექტარს უნდა მიაღწიოს. ამ საექსპორტო ხილს, პანდემიის მიუხედავად, მოწინავე პოზიცია უკავია, - მსოფლიოს ქვეყნებში შარშან გაიყიდა 660 000 ტონა ლურჯი მოცვი, რომლის საერთო ღირებულებამ დაახლოებით 4 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.
- ნიადაგი როგორი სჭირდება?
- ნიადაგი მჟავე სჭირდება. PH 4,2-დან 5,5-მდე უნდა იყოს. თუ უფრო მაღალია, მცენარეს ქლოროზი ემართება რკინის დეფიციტის გამო - რკინას ვერ ითვისებს. ქლოროზი გამოიხატება ფოთლების გაყვითლებით, შეწითლებით, მცენარე სუსტდება და აღარ არის რენტაბელური და ვარგისი. ამდენად, საჭიროა ნიადაგის დამჟავება. ამისთვის უნდა ჩატარდეს ნიადაგის ანალიზი, რომელიც მისი მექანიკური შედგენილობის გარდა, PH-ის მაჩვენებელზე ინფორმაციას იძლევა.
- აღმოსავლეთში უჭირს გახარება?
- ერთმნიშვნელოვნად. ბევრი მოგვმართავს აღმოსავლეთ საქართველოდან და ვეუბნებით, რომ იქ მისი გაშენება არ შეიძლება. დასავლეთ საქართველოშიც კი მისი ყველგან გაშენება საფრთხილოა. სამეგრელოში, კერძოდ, სენაკსა და ჩხოროწყუში, ძირითადად, არ არის მჟავე ნიადაგები. გურიაში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, თითქმის ყველგანაა შესაძლებელი. ჩოხატაურში, ლანჩხუთში ნიადაგის ანალიზია საჭირო. აჭარაში თითქმის ყველგან კარგად ხარობს, იმერეთში ადგილი უნდა შეირჩეს ნიადაგის ანალიზის მიხედვით. თუ მოცვს პროექტის ფარგლებში აშენებენ, ნიადაგის ანალიზის კვლევა სავალდებულოა.
- კულტურა ყინვაგამძლეა?
- საკმაოდ და მოჰყავთ ისეთ რეგიონებში, სადაც დიდი ყინვა იცის, თუმცა ვეგეტაციის პერიოდში სითბოსაც მოითხოვს. გაზაფხულის წაყინვებს უძლებს, მაშინ როცა ჩვენი ხეხილი -2ოჩ-ზე იყინება, მოცვს -5ოჩ-ზეც ყვავილები არ უზიანდება. ქარიანი ადგილები არ უყვარს, მყუდრო ადგილას თავს კომფორტულად გრძნობს. არის ბუჩქისებრი მცენარე, ტოტებს ყოველწლიურად ივითარებს. მას განახლების უნარიც აქვს. მოსავალს დარგვიდან მესამე წელს იძლევა, სრულად მსხმოიარე კი 6-7 წლის მცენარეა. მისი ექსპლუატაციის პერიოდი 25-35 წელია. ნაყოფი არაერთდროულად მწიფდება. სულ 150-მდე ჯიში არსებობს, მათგან რამდენიმე ათეულია ჩვენთან შემოტანილი - სხვადასხვა სიმწიფის პერიოდის ჯიშები. ბაღის გაშენებისას საადრეო სიმწიფის პერიოდის ჯიშებს უნდა მივანიჭოთ უპირატესობა, რათა სამომავლოდ საექსპორტოდ გავიტანოთ და საადრეო სიმწიფის პერიოდის ნიშაც დავიკავოთ. ამ დროს უფრო ღიაა ბაზარი, სხვა პერიოდში კი ბაზარზე შემოსვლას სხვა მწარმოებელი ქვეყნები (პოლონეთი, სერბეთი) იწყებენ.
- რომელ ჯიშებს ურჩევთ, აქცენტი რაზე გააკეთონ?
- როდესაც ბაღის გაშენებას დავიწყებთ, უნდა გადაწყვიტოთ, რომელი სიმწიფის პერიოდის ჯიში გვინდა. თითო ჯიშის სიმწიფე 3-4 კვირას გრძელდება. სასურველია, რამდენიმე ჯიში ჰქონდეთ - სხვადასხვა სიმწიფის პერიოდის, რათა ერთმანეთს შეენაცვლოს. კრეფა საკმაოდ რთული და შრომატევადია, ეს ერთ-ერთი აგროტექნიკური ღონისძიებაა, რომელიც ამ კულტურასთან რთულად შესასრულებელია. მოითხოვს დიდი რაოდენობით მუშახელს. ფრთხილად, მარცვალ-მარცვალ უნდა დაიკრიფოს.
- მოვლის რა ღონისძიებები სჭირდება?
- თავდაპირველად საჭიროა ადგილის შერჩევა, ნაკვეთის მომზადება, გაშენება და აგროტექნიკა. ადგილი მზიანი, კარგი აერაციის, ტენიანობის მქონე უნდა იყოს. ასევე უნდა განისაზღვროს PH, ნიადაგის ტენიანობა. ნაკვეთის მომზადება გულისხმობს ადგილის გათავისუფლებას ნარჩენებისგან, ასევე მოხვნას, უნდა გაუმჯობესდეს დრენაჟი. იმის გამო, რომ მცენარეს ფესვთა სუსტი სისტემა აქვს, არ უნდა დაირგოს ძალიან ტენიან ადგილას. თუ წინასწარი ხვნა არ ჩატარდა, მცენარის გაშენება სასურველი არ არის. მოხვნისას მიწა 40 სანტიმეტრამდე უნდა ამობრუნდეს. თუ გაზაფხულზე ვაშენებთ, მიწა სამი-ოთხი თვით ადრე უნდა მოვხნათ და სასუქი ანალიზის შედეგის მიხედვით შევიტანოთ. თუ საჭიროება არის, სასუქი ნიადაგის ხვნის დროსაც შეაქვთ. თუ ამ დროს არ შევიტანთ, მაშინ დარგვისას უნდა შევიტანოთ.
- როგორ განვალაგოთ კვლები?
- რიგების დაშორება 3,3 მეტრი უნდა იყოს, 1,2 მეტრი კი მცენარეთა შორის მანძილი. დარგვა ხდება ადრე გაზაფხულზე ან შემოდგომაზე. ორმო დაახლოებით 30 სმ სიღრმის უნდა იყოს, რათა ფესვთა სისტემა კარგად გაიშალოს. დასავლეთ საქართველოში ბაზოკვლებზე, შემაღლებულ კვლებზე აშენებენ. ამ კვლებზე შემდგომ პოლიეთილენის მულჩი გადაეკვრება. მონტაჟდება წვეთოვანი სისტემა და ნერგი ირგვება. შემდეგ მიმდინარეობს გასხვლა, საჭიროა სარეველების კონტროლი, განოყიერება, მორწყვა, მავნებელი დაავადებებისგან დაცვა, მოსავლის აღება. პირველ და მეორე წელს ყვავილები უნდა შევაცალოთ, დამწიფების საშუალება არ უნდა მივცეთ, რათა მცენარის ღერო და ფესვთა სისტემა გამაგრდეს.
ლალი ფაცია