"მიშას თავისი ლეგენდარული მოტოციკლი მეორე მსოფლიო ომიდან ჰყავდა ჩამოყვანილი, რომლის მონაწილეც თავად იყო" - კვირის პალიტრა

"მიშას თავისი ლეგენდარული მოტოციკლი მეორე მსოფლიო ომიდან ჰყავდა ჩამოყვანილი, რომლის მონაწილეც თავად იყო"

„პირველი თიანეთელი ბაიკერი“

თიანეთში ბევრს დღემდე ახსოვს მიშა ხეთაგიშვილი (იგივე „პუჭურ მიშა“), რომელიც ამ დაბაში „ჰარლი-დევიდსონის“ ფირმის მოტოციკლით დადიოდა. მას სხვადასხვა პროფესიით უმუშავია: სტამბაში (ყაზბეგისა და თიანეთის რაიონული სტამბების გამგედ), ბუღალტრად, მაღაზიის გამგე-გამყიდველად და ა.შ. ინფორმაცია და ფოტომასალა „პირველ თიანეთელ ბაიკერზე“, თიანეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის სპეციალისტმა ვატო ურუშაძემ, მიშა ხეთაგიშვილის შვილთაშვილის, ირაკლი ჯანგირაშვილის ხელშეწყობით შეაგროვა. მე კი უფლება მომცა, ჟურნალის "გზა" მეშვეობით, მიხეილ ხეთაგიშვილი მეტი ადამიანისთვის გაგვეცნო.

გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან:

"მიხეილ გიორგის ძე ხეთაგიშვლი 1900 წელს თბილისში დაიბადა. ჯერ კიდევ 13 წლის იყო, როცა მუშაობა თბილისის რკინიგზის სტამბაში, მბეჭდავად დაიწყო. აღსანიშნავია, რომ სწორედ მან შემოიტანა თიანეთში პირველი სტამბა და თავადვე უძღვებოდა ამ საქმეს. მოგვიანებით მიშა ახალსოფლის სასოფლო საბჭოს თავმჯდომარედ აირჩიეს. ზოგადად, ის ძალიან ნიჭიერი და მრავალმხრივად განვითარებული ადამიანი იყო, რომელსაც კარგად სცოდნია ელექტრომოწყობილობების აწყობა და გამოყენება. მან საკუთარი ხელით, მანქანის მოტორით, ელექტროწისქვილი გააკეთა..."

"კარგად გაწვრთნილი, მონადირე ძაღლი ჰყავდა. მიშა ხორცის ნაჭერს დინგზე რომ დაადებდა, ძაღლი მანამ არ ჭამდა, სანამ პატრონი ნებას არ დართავდა. მიშა ხეთაგიშვილს (იგივე ,,პუჭურ მიშას“) ,,პირველი თიანეთელი ბაიკერი“ შეიძლება ვუწოდოთ, რომელიც არც მეტი და არც ნაკლები, თიანეთში ლეგენდარული HARLEY -DAVIDSON („ჰარლი-დევიდსონის“) მოტოციკლით დადიოდა. მას თავისი ლეგენდარული მოტოციკლი მეორე მსოფლიო ომიდან ჰყავდა ჩამოყვანილი, რომლის მონაწილეც თავად იყო..."

"მიშა ხეთაგიშვილი, გარდა პიროვნული თვისებებისა, გარეგნულადაც გამორჩეული და კოლორიტული ტიპაჟი იყო. მას ძალიან დამახასიათებელი ჩაცმის სტილი ჰქონდა - წლის ყველა სეზონზე, ყოველთვის ტყავის მაღალყელიან ჩექმას ატარებდა..."

სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 30 მარტის ნომერში წაიკითხავთ.

ანა კალანდაძე