"სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა უხერხულ სიტუაციაშია ჩავარდნილი: დააკავოს თუ არა ვლადიმერ პუტინი, თუკი ის პრეტორიაში ჩავა"
ფრანგული გაზეთი "ლე მონდი" (Le Monde) ბეჭდავს სტატიას სათაურით - "სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა უხერხულ სიტუაციაშია ჩავარდნილი: დააკავოს თუ არა ვლადიმერ პუტინი, თუკი ის პრეტორიაში ჩავა და BRICS-ის სამიტში მონაწილეობას მიიღებს?" (ავტორი - სტეფანი მოპა).
გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:
"აგვისტოში სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის დედაქალაქ პრეტორიაში BRICS-ის ქვეყნების - ბრაზილიის, რუსეთის, ინდოეთის, ჩინეთისა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ლიდერთა სამიტი უნდა გაიმართოს, რომელზეც ვლადიმერ პუტინიც მიწვეულია. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა კი, რომელიც რომის სტატუტის წევრია, ვალდებულია შეასრულოს ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება რუსეთის პრეზიდენტის დაპატიმრების თაობაზე. რასაკვირველია, ორდერის გაცემამ მსოფლიოში და განსაკუთრებით - სამხრეთ-აფრიკელებში მნიშვნელოვანი რეზონანსი გამოიწვია.
გაუშლის პრეტორია წითელ ხალიჩას ვლადიმერ პუტინს, თუკი ის BRICS-ის სამიტზე მონაწილეობის მიზნით სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკას ეწვევა?
"დიახ, დაპატიმრების ორდერის გაცემით ჩვენ ნამდვილად ვართ შეშფოთებულნი", - განაცხადა ამ კვირაში ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ნელადი პანდორმა.
ამ ფონზე, ალბათ, უპრიანი იქნება, გავიხსენოთ ერთ-ერთი პოლიტიკურ-დიპლომატიური ინციდენტი - დრამატული მოვლენა, რომელიც იმავე სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში მოხდა და რომლის ხელახლა გადატანა პრეტორიას არ სურს.
სუდანის პრეზიდენტი: "დიდება ალაჰს ჩემი გადარჩენისათვის!"
2009-2010 წლებში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ, პირველად თავისი არსებობის ისტორიაში, მოქმედი პრეზიდენტის დასაპატიმრებლად ორდერი გასცა - სამიზნე იყო სუდანის პრეზიდენტი ომარ ალ-ბაშარი, რომელსაც ბრალდებოდა: მოსახლეობის გენოციდი, იძულებით გადასახლება, მკვლელობები, წამება, გაუპატიურება და ა.შ.
2015 წლის ივნისში იოჰანესბურგში დაგეგმილი იყო აფრიკის კავშირის ქვეყნების ლიდერთა სამიტი. უმაღლესი დონის შეხვედრამდე ათი დღით ადრე სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მაშინდელმა პრეზიდენტმა - ჯეიკობ ზუმამ ყველა მიწვეულ კოლეგას წერილობითი გარანტია მისცა, რომ მათზე დიპლომატიური იმუნიტეტი - ხელშეუხებლობა ვრცელდებოდა, მაგრამ... როცა სამიტი გაიხსნა, 2015 წლის 14 ივნისს, ქვეყნის უმაღლესმა სასამართლომ დაადგინა, რომ სუდანის პრეზიდენტი ომარ ალ-ბაშარი უკან, თავის ქვეყანაში აღარ უნდა გაეშვათ. ცოტა ხანში უმაღლესმა სასამართლომ მეორე დადგენილება მიიღო მაღალჩინოსანი სტუმრის დასაკავებლად და ამ მიზნით შესაბამისი ორდერი გასცა.
ომარ ალ-ბაშარმა როგორღაც აეროპორტში მისვლა მოასწრო, სასწრაფოდ ჩაჯდა თავის თვითმფრინავში და პილოტებს ხართუმში გაფრენა უბრძანა. "დიდება ალაჰს ჩემი გადარჩენისათვის!" - შესძახა სუდანის მეთაურმა უფლისადმი მადლობის ნიშნად, როცა პრეზიდენტის თვითმფრინავი მშობლიური ხართუმის აეროპორტში დაეშვა.
ხელბორკილები სახელმწიფოს მეთაურისთვის?
დიახ, 2015 წელს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ხელისუფლება ძალიან უხერხულ სიტუაციაში ჩავარდა. სუდანის პრეზიდენტმა გულში ბოღმა ჩაიდო და მომენტს ხელიდან არ უშვებდა, თავისი კოლეგა ჯეიკობს ზუმა რომ არ გაეკრიტიკებინა. ჰააგის სასამართლომ პროტესტი განუცხადა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკას იმისთვის, რომ სუდანის პრეზიდენტი არ დააკავა. მოსახლეობამაც მთავრობა დაადანაშაულა იმაში, რომ ქვეყანა რომის სტატუტის წევრია და ამ დროს პატივს არ სცემს, როგორც ჰააგის, ისე საკუთარი სასამართლოს გადაწყვეტილებას... თავის მხრივ, მთავრობამ პრინციპულად განაცხადა, რომ სწორად მოიქცა, როცა სუდანის მოქმედი პრეზიდენტი არ დააკავა და უფრო მეტიც - ჰააგის სასამართლოს რომის სტატუტიდან გამოსვლით დაემუქრა.
ამას წინათ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკამ გადაწყვიტა, ჰააგის სასამართლოსადმი კეთილგანწყობილი პოზიცია გამოევლინა და ვლადიმერ პუტინის დაპატიმრების ორდერის გაცემამდე რამდენიმე დღით ადრე მიიღო გადაწყვეტილება, უკან გაეწვია კანონი რომის სტატუტიდან გასვლის შესახებ: "სამხრეთ აფრიკის პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირები ცალკეულ სახელმწიფოებთან და მათ ლიდერებთან არავითარ შემთხვევაში არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ბოროტმოქმედების წინააღმდეგ ბრძოლას".
ესე იგი, გამოდის, რომ მოქმედ პრეზიდენტებს, რომლებიც სტუმრად ჩადიან რომის სტატუტის წევრ სახელმწიფოებში, მასპინძლებმა ხელბორკილები უნდა დაადონ? ბევრი ქვეყნისთვის, თვით დემოკრატიულებისთვისაც კი, პრეზიდენტის დაპატიმრების იდეა კოშმარულად ითვლება იმ შემთხვევაშიც კი, თუნდაც ის ტოტალიტარული ქვეყნის ლიდერი იყოს. ეჭვგარეშეა, რომ სახელმწიფოს მოქმედი მეთაურის დაპატიმრება ყოველთვის ართულებს პოლიტიკურ და დიპლომატიურ ურთიერთობას. "ჩვენ, რა თქმა უნდა, გულთან ახლოს მიგვაქვს უკრაინელი ხალხის მდგომარეობა", - განაცხადა ნალედი პანდორმა, თუმცა იქვე ხაზი გაუსვა, რომ სამხრეთ აფრიკას სურს ურთიერთობა ორივესთან - უკრაინასთან და რუსეთთანაც გააგრძელოს და დაარწმუნოს მოსკოვი და კიევი მშვიდობის უპირატესობაში, ომთან შედარებით.
დაპატიმრება როგორც საშინაო პოლიტიკის საკითხი
რასაკვირველია, იურიდიულად სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა ვალდებულია, შეასრულოს რომის სტატუტის მოთხოვნა, მაგრამ ამის მიუხედავად, ორდერის რეალიზებასთან მიმართებით აფრიკელ იურისტებს საერთო აზრი არ აქვთ. ზოგიერთები თვლიან, რომ ქვეყანამ პატივი უნდა სცეს იმ სახელმწიფოთა მეთაურების ხელშეუხებლობას, რომლებიც რომის სტატუტის წევრები არ არიან, მათ შორის, რუსეთსაც, რომელსაც სტატუტის რატიფიცირება არ მოუხდენია.
კრემლმა ჰაგის სასამართლოს წინააღმდეგ საპასუხო ნაბიჯი გადადგა - აღძრა სისხლის სამართლის საქმე იმ პროკურორისა და სამი მოსამართლის წინააღმდეგ, რომლებმაც პუტინის დაკავების გადაწყვეტილება მიიღეს.
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში კი ამ სიტუაციასთან დაკავშირებით შიდაპოლიტიკური მძაფრი დისკუსია მიმდინარეობს. პარლამენტის დეპუტატმა ჯულიუს მალემამ ჰააგის სასამართლო ორმაგი სტანდარტების გატარებაში დაადანაშაულა და განაცხადა, "თუ ასეთი სამართლიანები ხართ, ორდერები დასავლელ ლიდერებზეც გამოწერეთო" (სხვათა შორის, ჯულიუს მალემა მრავალი წელი ხელმძღვანელობდა მმართველი პარტიის - აფრიკის ეროვნული კონგრესის ახალგაზრდულ ფრთას - იქაურ "კომკავშირს" და პრორუსული პოზიციით არის ცნობილი). მან პარლამენტის წევრებს შეახსენა, რომ მოსკოვი სამხრეთ აფრიკელებს მხარს უჭერდა აპარტეიდის წინააღმდეგ ბრძოლაში...
მოკლედ, ამ დავიდარაბის ფონზე ერთი რამ შეიძლება ითქვას: გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი ქვეყნის მეთაურის დაპატიმრების ორდერის გაცემის შემდეგ ჯერ მხოლოდ ათიოდე დღე გავიდა, ხმაური კი ისეთია ატეხილი, თითქოს BRICS-ის სამიტი უკვე იხსნება... დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. წყარო
მოამზადა სიმონ კილაძემ